ძიუდოისტები იტალიურ შეკრებაზე გაემგზავრნენ

AutoSharing Option
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ეროვნული ნაკრები გუშინ საღამოს იტალიაში გაფრინდა და რომში 10-დღიან შეკრებას გაივლის.

გუნდის ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ადრევე შერჩეულ შემადგენლობაში ორიოდე ცვლილება შეიტანა - 81-ში გიორგი ბაინდურაშვილი დაამატა, მძიმეში კი ლაშა გუჯეჯიანი ადამ ოქრუაშვილით შეცვალა, რადგან მას ნეკნის ტრავმა აწუხებს. ბაინდურაშვილი მწვრთნელს თავდაპირველ განაცხადში კი ჰყავდა, მაგრამ მერე ფეხის ტრავმა მიიღო. ამ მიზეზით ის მსოფლიოს უნივერსიადაზე წამსვლელ გუნდსაც გამოაკლდა, მაგრამ როგორც გაირკვა, ტრავმა არც ისე საშიში ყოფილა და ზაიზენბახერმა მისი იტალიაში წაყვანა გადაწყვიტა. შედეგად, ბაინდურაშვილი ჯერ ისევ რჩება
23-28 აგვისტოს პარიზში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე წასვლის კანდიდატად.

ამათ გარდა, ზაიზენბახერმა იტალიაში ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), დავით ასუმბანი, შალვა ქარდავა (ორივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, თენგიზ პაპოშვილი (ორივე - 73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, (ორივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე - 90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (ორივე - 100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) წაიყვანა. ნაკრები თბილისში 12 აგვისტოს დაბრუნდება და პარიზში წასვლამდე მოკლე შეკრებას დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე გაივლის. ზაიზენბახერი პარიზში წამსვლელ გუნდსაც იტალიური შეკრების დასრულების შემდეგ დაასახელებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული