ქართველ ძიუდოისტსა და მის მწვრთნელს სასჯელი ემუქრებათ

AutoSharing Option
ამ უქმეებზე პრაღაში ჩატარებული ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასი ჩვენი ნაკრებისთვის მედლების რაოდენობით ნამდვილად წარმატებული გამოდგა - 2-2 ოქრო-ბრინჯაო და 3 ვერცხლი მოიპოვეს, მაგრამ, შესაძლოა, გარკვეული დროით სპორტსმენიც დაგვაკარგინოს. საუბარია საქართველოს ჩემპიონ ზურაბ ეპიტაშვილის (81) დისკვალიფიკაციაზე, რომელმაც პორტუგალიელ სელიო დიასთან ბრინჯაოსთვის შეხვედრაში, მსაჯთა ქცევებით გაგულისებულმა, კიმონო გაიხადა და ტატამიდან გავიდა.

ევროპული ფედერაცია სწორედ ამიტომ მოითხოვს მის დასჯას, თუმცა არა მხოლოდ მისას - ისინი მიიჩნევენ, რომ თავისი ქცევით სპორტსმენი მწვრთნელმა გიორგი გუგავამაც წაახალისა, კიმონო არ ჩააცვა და არ შემოაბრუნაო. ამიტომ სადამსჯელო სანქციების
გატარებას მის წინააღმდეგაც ითხოვენ.

ამასთან დაკავშირებით გუგავა ასეთ განმარტებას აკეთებს: "ეპიტაშვილი მუცელზე დაეცა, მაგრამ მეტოქეს ვაზარი მისცეს. რაღაც მიახლოებული გდება რომ ყოფილიყო, მაგალითად, იუკო და ვაზარად შეეფასებინათ, კიდევ ჰო, მაგრამ არაფერი მსგავსი! საერთოდ, მეორე დღეს დიდი ზეწოლა იყო ჩვენზე. პირველ დღეს კარგად გამოვედით - 2-2 ოქრო-ვერცხლი მოვიპოვეთ. ამიტომ მეორე დღეს მსაჯთა მიკერძოებას მოველოდი კიდეც, მაგრამ ასეთს ვერ წარმოვიდგენდი. თეთრზე შავს რომ ამბობდნენ, ისეთი არაობიექტურობა იყო. ეპიტაშვილს მეც ვეჩხუბე კიმონოს გახდისთვის - ეს დაუშვებელია და არ უნდა ექნა, მაგრამ მეტი რა უნდა მეღონა - ბიჭი ისე იყო გამწარებული, რომ გამოვიდა, დაწვა და ღრიალებდა, ლამის გაგიჟდა".

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, უფრო აქტიურად სპორტსმენის საკითხი დგას. კიმონოს გახდა და ტატამიდან გასვლა მართლა დარღვევაა, მაგრამ ეს სხვებსაც გაუკეთებიათ, თუმცა ვერ ვიგონებთ, ვინმე ასე მკაცრად დაესაჯოთ. დისკვალიფიკაცია მით უფრო მკაცრი სასჯელი ჩანს, თუ ეპიტაშვილი მართლაც ასე უმოწყალოდ დაიჩაგრა - მაშინ არბიტრებიც დასაჯონ! სავარაუდოდ, მწვრთნელს გაფრთხილებას აკმარებენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავთ, სექტემბრეში, როცა ამ ინციდენტის განხილვაა განზრახული, მისი საკითხი არც განიხილონ.

ძალზე ცუდია, რომ ეპიტაშვილს დისკვალიფიკაცია ემუქრება. ამით ის სექტემბერში ბელგიურ ლომელში გასამართ ეცროპის ახალგაზრდულ პირველობასაც გამოაკლდება. არადა, იქ წასვლის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი იყო. ამ წონაში ფრიად გაურკვეველი ვითარებაა, რის გამოც გუგავამ პრაღაში ერთბაშად 4 კანდიდატი წაიყვანა, იმათგან კი ეპიტაშვილი ყველაზე უკეთ გამოვიდა. გუგავა მისი ჭიდაობის ხარისხითაც კმაყოფილია, მაგრამ ეს მუქარა მათ გეგმებს ჩაშლით ემუქრება.

ფოტოზე: ზურაბ ეპიტაშვილის მწვრთნელი გიორგი გუგავა
მკითხველის კომენტარები / 1 /
როდემდე უნდა იჩაგრებოდნენ ჩვენი სპორტსმენები მსაჯების გამო? პირიქით თქვენ დასვით იქით მსაჯების საკითხი და დისკვალიფიკაციას მოითხოვეთ მატი. სამართალი აღარ არის? გაიხსენეთ იტალიაში როგორ ჩამოართვეს ჩვენს გოგოებს პირველი ადგილი და მედლები
khatuna
04:12 04-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული