ქართველთა კიევური წილი

AutoSharing Option
დღეს კიევში მსოფლიოს პირველობა იწყება ჭაბუკ ძიუდოისტთა შორის, რომელშიც ჩვენი ნაკრები სრული შემადგენლობით გამოვა. ზაფხულის განმავლობაში ამ ასაკის ძიუდოისტებმა ორ მნიშვნელოვან შეჯიბრებაში იასპარეზეს - ევროპის ჩემპიონატსა და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში.

შეიძლება ითქვას, კიევში წილისყრამ ჩვენებს გაუმართლა, რადგან იშვიათი გამონაკლისის გარდა, საწყის ეტაპებზე არც ამ შეჯიბრებების მედალოსნებს ხვდებიან, არც - იმ ტურნირებიდან უკვე ნაცნობ მეტოქეებს და არც ისეთი ძლიერი საჭიდაო ქვეყნების წარმომადგენლებს, როგორიცაა იაპონია, კორეა, ჰოლანდია და ამგვარები. თუმცა ეს ჩვენებურთა მაღალმა რეიტინგებმაც განაპირობა - გიორგი ვაზაგაშვილის შეგირდები ყველა ტურნირში
ფავორიტები იყვნენ.

გუნდის დებიუტანტი გიორგი კაციაშვილი (50) პირველ შეხვედრას ოლიმპიური ფესტივალის სომეხ ბრინჯაოს პრიზიორ ვაჰან ჰოვსეპიანს ხვდება, ამათში გამარჯვებულს კი მეორე წრეში მოლდოველი დუმიტრუ მიტროფანი ელოდება. ამავე ჯგუფში არიან ფრანგი ევროპის პრიზიორი ლუის მასი და აზერბაიჯანელი სადიხ მაჰარამოვი, რომელიც ორივე შეჯიბრებაში მეხუთეზე გავიდა.

ზვიად ხუბულური უზბეკ ჰოჯიაკბარ ოლიმოვს ხვდება, მასთან წარმატების შემთხვევაში კი ეგვიპტელ ალი აიდის დაეჭიდება. მის ჯგუფშია ფრანგი ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი ვალიდ ხიარი, ოღონდ ის მეოთხედფინალამდე ვერ შეხვდება ჩვენებურს.

ევროპის ჩემპიონი ივანე მამისაშვილი (55) ყაზახ იერლან სერიკზანოვთან დაწყვილდა, ხოლო თუ მას მოუგებს, კანადელ გუეორგიუ პოკლიტარს შეხვდება. ამ გჯუფშია ოლიმპიური ფესტივალის ბრიტანელი ვიცე-ჩემპიონი სამუელ ჰალი, ვისაც ჩვენებურმა ევროპაზე მოუგო. ამავე წონაში გივი აფაქიძეს მეტოქედ ტაჯიკი კომრონ მამადნაზაროვი ერგო.

60-ში ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი თამაზ კირაკოზაშვილი პირველივე წრიდან ჩაებმება ტურნირში მონღოლ მუნგუნშაგაი ბაატართან შეხვედრით, ხოლო თუ მოუგო, ძიუდოსთვის ეგზოტიკური ქვეყნის - პალესტინის წარმომადგენელ აჰმედ ამირენს შეხვდება.

გიორგი გუგულაშვილის მეტოქე ამერიკელი უესლი დანცლერია. ოლიმპიური ფესტივალის ბრინჯაოსან გიორგი მუზაშვილს (66) პირველ მეტოქედ ჩეხი ფრანტიშეკ სმელიკი ერგო, ხოლო აპოლონ ზურაბიანს ამავე წონაში - ყაზახი სალამატ ჟურკაბაიევი. ამათში მოგებულს მეორე წრეში აზერბაიჯანელი ევროპის ბრინჯაოს და ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი აზერბაიჯანელი ჰუსეინ რაჰიმლი ელოდება. 73-ში ევროპისა და ფესტივალის მესამე პრიზიორი ლევან გუგავა უკრაინის სახელით მოასპარეზე თანამემამულე თამაზ მუთოშვილს ხვდება, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ ჩვენი სახელით ჭიდაობდა. აქ ბექა დონღვანი ამერიკელ რიკარდო მენდესთან დაწყვილდა.

81-ში ჩვენი მთავარი იმედი ბექა ღვინიაშვილი გამოდის, ვინაც წლეულს ორივეგან ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის, კიევში ბიჭებში ერთადერთია, ვინც დუბლით დაიკვეხნის. ის პირველ წრეში თავისუფალია და ყაზახი აბდრახმან მირზაკმეტისა და კორეელ იონგილ კიმის შეხვედრას დაელოდება.

ჯაბა კაპანაძე ასპარეზობაში მეორე წრიდან ჩაებმება და რუს ოლიმპიური ფესტივალის პრიზიორ ალექსანდრ პეტრუნიას შეხვდება. ამათ სიახლოვესაა უკრაინელი ბოგდან ზუსკოც, ვისაც ღვინიაშვილმა ევროპის ფინალში მოუგო. 90-ში ევროპის ვიცე-ჩემპიონ შალვა ჩოჩელს სერბი ნემანია ნიკოლიჩი ერგო, ამავე ჯგუფშია რუსი ფესტივალის მესამე პრიზიორი აჰმედ მაგომედოვი. ნიკოლიჩს ევროპაზე გურამ თუშიშვილმა მოუგო, რომელიც მერე მესამეზე გავიდა. თუშიშვილი ამ ჩემპიონატსაც რუს ალექსანდრ გრაჩევთან შეხვედრით იწყებს, ვისაც ევროპაზეც პირველ წრეში მოუგო.

მძიმე წონაში ზაზა ხუბულური კორეელ ჰიუნბინ ჩოს შეხვდება, ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ფესტივალის ბრინჯაოს მედალოსანი გიორგი ლაზუაშვილი მეორე წრეშია გასული, სადაც ფრანგ სიმონ ჰამელს შეხვდება, ჯგუფში კი ერთი ნაცნობი მეტოქეც ჰყავს - ევროპაზე დანამარცხები რუსი ალექსეი საპუნოვი.

გოგოების ტურნირში ოთხი მონაწილე გვყავს. გურანდა შოთაძე (48) მეორე წრეშია, სადაც თურქი ნაზლი კარაკაიასა და მონგოლი კულან ცერენბაატარის შეხვედრის გამარჯვებულს დაელოდება. მარიამ ციხელაშვილი (52) ფრანგ ევროპის პრიზიორ მეგან მატეს ეჭიდავება, ამ გუნდის მთავარი იმედი მარიამ ჯანაშვილი (57) კი - ეგვიპტელ ნოურან ოსამას მეორე წრეში. ანი მინდიაშვილს (63) მეტოქედ თურქი ჰულია უილანცი ერგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული