ქართველმა ჭაბუკებმა კიევში მეორე დღეც უმედლოდ ჩაამთავრეს

AutoSharing Option
კიევში მიმდინარე ჭაბუკ ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობაზე 13 აგვისტოსაც უმედლოდ დავრჩით. ტატამზე გასული 6 ქართველიდან (4 ბიჭი, 2 - გოგო) მედლის მოპოვების რეალური შანსი მხოლოდ თამაზ კირაკოზაშვილს (60) მიეცა, სხვები კი ადრევე გავარდნენ.

კირაკოზაშვილი ჭაბუკებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიც ბრინჯაოს პრიზიორია. ის კიევში მეოთხედფინალამდე წმინდა მოგებებით მივიდა, ამ წარმატებულ სვლას კი სათავე მონღოლი მუნგუნშაგაი ბაატარის ძლევით დაუდო. მომდევნო მეტოქე ძიუდოსთვის აშკარად პერიფერიული ქვეყნიდან იყო - პალესტინელი აჰმედ ამირენი, თუმცა მან შეხვედრა აქტიურად დაიწყო და ჩვენებური მალევე გააფრთხილებინა. თუმცა
მსაჯის ეს გადაწყვეტილება აშკარად საჭოჭმანო იყო, როგორც მისი მთლიანი გარჯა ტატამზე. კირაკოზაშვილმა მალევე გამოასწორა მდგომარეობა და თავად იგდო ხელთ შეხვედრის სადავეები, მაგრამ არბიტრი ქალბატონი მას რატომღაც არ სწყალობდა.

ყველაზე ნათლად ეს იმ მომენტში გამოჩნდა, როცა კირაკოზაშვილმა გარესარმით მეტოქე ბეჭებზე დააგდო, მსაჯმა თავიდან იპონიც მისცა, მაგრამ მალევე შეცვალა გადაწყვეტილება და ვაზარი აჩვენა. საინტერესოა, რომ ამას დარბაზის უკმაყოფილო გუგუნი მოჰყვა, თუმცა ამ ეპიზოდს შეხვედრის საერთო შედეგზე დიდი გავლენის მოხდენა რომ არ შეეძლო, უკვე ჩანდა - ჩვენებური იუკოს იგებდა და სრულ უპირატესობასაც ფლობდა, რაც მალევე მეორე იპონში გამოიხატა. კირაკოზაშვილმა წმინდად მოიგო მომდევნო შეხვედრაც - ყაზახი ტაუბა რამაზანი შებოჭა.

ფიზიკურად კარგად მყოფი ყაზახი ჩინებულად იდგა ხიდზე და თავსაც იმდენად კარგად იცავდა, ერთი-ორჯერ კინაღამ გაექცა, მაგრამ ჩვენებურმა ფიზიკურად გაუძლო და შებოჭა. მას ამ შეხვედრიდან მალევე მოუწია იაპონელ იუმა ოშიმასთან საჭიდაოდ გასვლა. ვფიქრობ, მარცხის ერთ-ერთი მიზეზიც ესაა - ქართველი გადაღლილი ჩანდა, შებოჭილად მოძრაობდა. ბოლო წუთამდე იაპონელმა ორჯერ გააფრთხილებინა, რაშიც მსაჯს ვერ გავამტყუნებთ, კირაკოზაშვილის გადაღლა კი უფრო თვალშისაცემი სწორედ ამის შემდეგ გახდა, ბოლო წუთზე - ამ პერიოდში ტატამზე მხოლოდ იაპონელი ჩანდა, ეს კოლოსალური უპირატესობა კი უპრობლემოდ გარდასახა იპონში.

კირაკოზაშვილს დამამშვიდებელში უზბეკ ნიკიტა რახიმოვთან შეხვედრა ერთ საათში მოუწია და იქ ბევრად უფრო ენერგიულად გამოიყურებოდა, უტევდა და კონკურენტს არც აქტიურობაში ჩამორჩებოდა, თუმცა მიუტევებლად შეცდა - კისრულის გაკეთება დაუპირა, მაგრამ მეტოქემ გარესარმა დაასწრო და, უბრალოდ, გადაჩეხა ბეჭებზე. ასე სავალალოდ დამარცხდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი აბსოლუტურად თანაბარ ბრძოლაში. ამ წონაში ბრწყინვალედ გაისარჯა იაპონელი ოშიმა - ფინალში რუსი ელდარ გაზიმაგომედოვი ისე შებოჭა, გასაქანი არ მისცა. არადა, რუსი ევროპის წლევანდელი ჩემპიონია (ფინალი კირაკოზაშვილს მოუგო) და ახლაც ძალიან ძლიერად იჭიდავა, თუმცა იაპონელი მაინც სხვა დონე აღმოჩნდა.

სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წევრები სუსტად გამოვიდნენ. ბიჭებიდან პირველი წრის გავლა მხოლოდ გიორგი გუგულაშვილმა (60) მოახერხა - ამერიკელი უესლი დანცლერი დააიპონა, მერე უკრაინელ მაგომედ საგალოვს ვაზარს უგებდა, მაგრამ წმინდად წააგო.

66-ში ორივე მონაწილე პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - ფესტივალის მესამე პრიზიორმა გიორგი მუზაშვილმა ჩეხ ფრანტიშეკ სმელიკთან ვაზარ-იუკოთი დათმო, აპოლონ ზურაბიანმა - ყაზახ სალამატ ზურკაბაიევთან იუკოთი. ამ წონის ფინალიც რუსულ-იაპონური გამოდგა და რუსთაგან ოქროსთვის კვლავაც ევროპის წლევანდელი ჩემპიონი იბრძოდა - მიხაილ იგოლნიკოვი. განსხვავება მხოლოდ შედეგშია - იგოლნიკოვმა მოიგო. მან ჯერ შეხვედრის შაუწელში გაუკეთა იუკო, ბოლო წამებზე კი, როცა იაპონელი უკანმოუხედავად უტევდა, იპონიც მიითვალა.

პირველივე ორთაბრძოლები დათმეს ჩვენმა გოგოებმაც - გურანდა შოთაძემ (48) მონგოლ კულან ცერენბაატართან, მარიამ ციხელაშვილმა (52) - ფრანგ ევროპის მესამე პრიზიორ მეგან მატესთან.

კვარცხლბეკი. ბიჭები.
60. კგ. 1. იუმა ოშიდა (იაპონია); 2. ელდარ გაზიმაგომედოვი (რუსეთი); 3. რაშად რუფულაევი (აზერბაიჯანი), არსენ გაზარიანი (სომხეთი).
66 კგ. 1. მიხაილ იგოლნიკოვი (რუსეთი); 2. ნპრიჰიტო იშოდა (იაპონია); 3. ვიქტორ მაკუხა (უკრაინა), ჰუსეინ რაჰიმლი (აზერბაიჯანი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
აბსოლიტურად ვეთანხმები ავტორს კირაკოზაშვილთან მიმართებაში, მაგრამ ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ის 60 კილოში 7-8 კილოს იკლებდა. თან სამჯერ მოუწია თვენახევარში ამხელა წონის დაკლება 14 წლის ბავშვს. რადგან საქართველოს პირველობა 60 კილოში ჰქონდა ნაჭიდავები, მაშინ მეტი არც იყო, მწვრთნელებმა მას 66 კილოში ჭიდაობის საშუალება აგარ მისცეს. არადა 66-შიც ყველას თავისუფლად უგებდა. რომ არა მწვრთნელების ეს შეცდომა, ის 66 კილოში უფრო მეტ შედეგებს აჩვენებდა.
martyofi
02:11 13-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული