იქამდე ჩვენებურმა ჯერ უკრაინელი ალექსანდრ სიზოვი დაამარცხა - ვაზარიც აუღო და იპონზე დასცა, მერე კი მონღოლი ალტანგერელ დავაანიამი დააგდო ბეჭებზე.
ნახევარფინალში რუს რენატ საიდოვს ხვდებოდა და როგორც გავიგეთ, ხელიც უტკენია. ჩვენი ინფორმაციით, რუსი ბოჭავდა და ამან ხელიც დაურტყა დანებების ნიშნად, მაგრამ საიდოვმა გააგრძელა ბოჭვა და ხელი მაგრადაც დაუზიანაო.
რაც შეეხება მერებაშვილს, მან პირველ წრეში პაკისტანელი გულამ ფარიდი იოლად კი დააიპონა, მაგრამ მეორეში თვითონ წააგო იპონით რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან. ორივე გორელია და მეგობრობენ კიდეც, თან კარგადაც იცნობენ ერთმანეთს. მერებაშვილმა მეგობარს 2009 წლის ევროპის 23-წლიანთა ფინალში მოუგო, ამჯერად კი მშვიდობაძემ რევანში აიღო და მერე ბრინჯაოც მოიპოვა.
ხვალ შენჟენში გუნდური პირველობა გაიმართება და ამით ძიუდოისტთა ტურნირიც დასრულდება.