უნივერსიადაზე კვლავაც უმედლოდ

AutoSharing Option
ჩვენმა ძიუდოისტებმა უმედლოდ დაამთავრეს გამოსვლა ჩინურ შენჟენში მიმდინარე მსოფლიოს უნივერსიადაზე. გუშინ მორიგი ქართული დუეტი გავიდა ტატამზე და წააგეს, თუმცა შეჯიბრების მიმდინარეობაში პირველად მივუახლოვდით მედალს - აბსოლუტურ წონით კატეგორიაში იოსებ მსხალაძე ნახევარფინალში გავიდა.

იქამდე ჩვენებურმა ჯერ უკრაინელი ალექსანდრ სიზოვი დაამარცხა - ვაზარიც აუღო და იპონზე დასცა, მერე კი მონღოლი ალტანგერელ დავაანიამი დააგდო ბეჭებზე.

ნახევარფინალში რუს რენატ საიდოვს ხვდებოდა და როგორც გავიგეთ, ხელიც უტკენია. ჩვენი ინფორმაციით, რუსი ბოჭავდა და ამან ხელიც დაურტყა დანებების ნიშნად, მაგრამ საიდოვმა გააგრძელა ბოჭვა და ხელი მაგრადაც დაუზიანაო.

ცხადია, ამ ტრავმის გამო მსხალაძემ ვერც დამამშვიდებლის ფინალში იჭიდავა იაპონელ მასარო მომოსესთან და უბრძოლველად დაუთმო მედალი, მაგრამ გვაეჭვებს შემდეგი გარემოება: შეხვედრის ოქმში ჩვენებურის გვარი არც დამამშვიდებლის ფინალში წერია, როგორც მომოსეს მეტოქე, ხოლო მედალოსანთა გრაფაში მეხუთე ადგილოსანთაგან მონღოლი წერია თავის ადგილას, მსხალაძისთვის განკუთვნილი გრაფა კი ცარიელია! წაგება წაგებად, მაგრამ კარგია, დისკვალიფიკაციაც თუ არ მიიღო...

რაც შეეხება მერებაშვილს, მან პირველ წრეში პაკისტანელი გულამ ფარიდი იოლად კი დააიპონა, მაგრამ მეორეში თვითონ წააგო იპონით რუსეთის სახელით მოასპარეზე რობერტ მშვიდობაძესთან. ორივე გორელია და მეგობრობენ კიდეც, თან კარგადაც იცნობენ ერთმანეთს. მერებაშვილმა მეგობარს 2009 წლის ევროპის 23-წლიანთა ფინალში მოუგო, ამჯერად კი მშვიდობაძემ რევანში აიღო და მერე ბრინჯაოც მოიპოვა.

ხვალ შენჟენში გუნდური პირველობა გაიმართება და ამით ძიუდოისტთა ტურნირიც დასრულდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
:) ჭOჭ!
teohm
03:13 17-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული