ტოპმიოლერიდან ზაიზენბახერამდე

AutoSharing Option
დღეს, როცა საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიოს მორიგი პირველობა ჩააგდო, ყველაზე ადვილი მწვრთნელისა და ხელმძღვანელობის კრიტიკაა.

ამას არც ვაპირებთ და არა გვგონია, ვინმემ ჩასაფრებული კაცის პოზიცია დაგვწამოს, რადგან ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოვთქვით ეჭვი, რამდენად მართებული იყო პეტერ ზაიზენბახერის სავარჯიშო სისტემა, ხომ არ გადაღლიდა ეს ბიჭებს და ხომ არ აჯობებდა, ფიზიკური დატვირთვები თანდათან გაზრდილიყო და არა ასე ერთბაშად. მაშინ წერილს სათაურად ასე დავარქვით - "ვიდრე ურემი გადაბრუნებულა" და გაზეთის პირველ გვერდზე ურმის ფოტოც დავბეჭდეთ...

ახლა, როცა პარიზული ტურნირი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, ურემი
გადაბრუნებულიცაა და ამოყირავებულიც. ამიტომ პრობლემების დამალვა სირაქლემას პოზა იქნება, ეს კი არც ლონდონის ოლიმპიადაზე მოგვიტანს ხეირს.

იმავე წერილში ისიც ვთქვით, რომ რადგან მწვრთნელს კარტ-ბლანში მივეცით, ახლა კიდეც უნდა ვაცალოთო. ამ პრობლემებზე ღია დისკუსიასაც აქამდე ამიტომ ვერიდებოდით - მწვრთნელის ჩათვლით, ყველა ამბობდა, რომ მსოფლიოს პირველობა გამოაჩენდა ყველაფერს. აბა, ასეთ პირობებში წინასწარ როგორ დაგვეჩემებინა მწვრთნელისთვის, გინდა თუ არა, წააგებო! სხვათა მსგავსად, ჩვენც ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენოდა.

ეგ კი არა, პირადად მე ერთხელ სპორტული მედიცინის წრეებში ძალიან ცხარე კამათი გამიმართეს, შენ რა იცი, როგორ ამზადებს გუნდს ზაიზენბახერიო, ეს ყველაფერი კი ჩემს ფრთხილად გამოთქმულ ეჭვს მოჰყვა, ვაითუ, სპორტსმენები გადაიღალნონ-მეთქი. რატომღაც მსგავს გამონათქვამს ადრე ყველა ისე აღიქვამდა, თითქოს ევროპელთა მოწვევის წინააღმდეგნი ვიყავით. არადა, ზაიზენბახერის თეორიულ რჩევებს თუ ვინმე მიესალმებოდა, მათ შორის - მეც.

პარიზულმა შეჯიბრებამ მართლაც გამოაჩინა ყველაფერი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთვის მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. თავიდან შეპირებული ოქროს მედალი ხომ არსად ჩანს, არა გვგონია, გუნდის გამოსვლაში ვინმეს საერთო პროგრესი დაენახა, რასაც უკვე მოგვიანებით შეგვპირდნენ, როგორც ზაიზენბახერის მუშაობის შეფასების კრიტერიუმი.

მსოფლიოსთვის მოსამზადებელ პერიოდში გუნდმა ფიზმომზადების გაძლიერებული კურსი გაიარა, მაგრამ, სამწუხაროდ, საფრანგეთში უმეტესობას მსგავსი არაფერი ეტყობოდა - უმრავლესობას კვლავაც არ ჰყოფნიდა გამძლეობა, მალევე იღლებოდნენ და ვერ უძლებდნენ შეჯიბრების დარტვირთვას.

ამ მხრივ შედარებით უკეთესი სურათი ბოლო დღეს იყო, როცა ტატამზე გასული ოთხივე ქართველი "ფიზიკაში" მეტ-ნაკლებად კარგად გამოიყურებოდა, თუმცა არა უნაკლოდ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის ერთადერთი მედალოსანი, ბრინჯაოს პრიზიორი ირაკლი ცირეკიძე (100) იყო, თუმცა მასაც ჯერ კიდევ პირველივე შეხვედრაში შეეტყო ბრაზილიელ ექს-ჩემპიონ ლუსიანო კორეასთან, რომ ამ კომპონენტში მეტოქეს ჩამორჩებოდა, ორჯერ ჩახვეული ფეხით ისეთი მყარი პოზიციიდან ვერ "გადატეხა".

მანამდე ნაჭიდავებ ქართველთაგან ამ მხრივ მხოლოდ ავთანდილ ჭრიკიშვილი (81) მოგვეწონა. სამწუხაროდ, პროგრესი ვერც წმინდა საჭიდაო კომპონენტებში დავინახეთ - ტექნიკაში, ტაქტიკურ ჭიდაობაში, ახალ წესებზე გადაწყობაში... თუმცა, როცა ფიზიკურად ვერ ხარ მზად, არც არაფერი გამოგივა.

აი, სწოედ აქ გვგონია "ძაღლის თავი" დამარხული! საკითხავია, რატომ იყო გუნდი ასე მოშვებული, როცა უცხოეთში რამდენიმე შეკრება გაიარეს, არ აკლდათ სპარინგ-პარტნიორები და სამედიცინო გამოკველევები.

რა მოხდა სინამდვილეში, რა გამოეპარა მწვრთნელს? რაც უნდა იყოს, ის სამედიცინო კვლევები სრულ სურათს მაინც აჩვენებდა და არ გვგონია ზაიზენბახერი იმდენად უჭკუო კაცი, ეს ვერ გაეთვალა; თან ის ყოველთვის ამბობდა, რომ ბიჭები მის ვარჯიშებს ალღოს უღებდნენ და თანდათან აუმჯობესებდნენ კონდიციებს.

გავბედავთ და ჩვენს ვარაუდს გამოვთქვამთ: ალბათ, ამდენი ფიზიკური დატვირთვისგან ბიჭები გადაიღალნენ... ძალიან უცნაურად მოგვეჩვენა მზადების ბოლო ეტაპი, განსაკუთრებით კი იტალიაში გავლილი შეკრება. იქ ჩვენებმა სულ 10 დღე დაჰყვეს და განა რა შეიძინეს ამდენი, რა აუცილებელი იყო იქ წასვლა იმ დროს? რამდენადაც სხვადასხვა სფეროს მწვრთნელებისგან ვიცი, 10 დღე შეკრებისთვის ძალიან ცოტაა და ყველა 2-კვირიანს ამჯობინებს.

თუმცა ის შეკრება ყველაზე შეუფერებელი ვადების გამო გვგონია. მოგეხსენებათ, იტალიამდე ჩვენები 1 თვით იაპონიაში იყვნენ ერთობლივ ვარჯიშებზე, სადაც დღეში ორჯერ ფიზიკურად გვარიანად იტვირთებოდნენ, რასაც იაპონელებთან სპარინგიც ემატებოდა. ცხადია, ამან დიდი ენერგია წაიღო, მერე კი ასე ძალუმად ნავარჯიშები გუნდი თბილისში დაბრუნდა - 24 ივლისს.

ცხადია, ამან აკლიმატიზაციის პრობლემაც მოიტანა. აქაურობას შეეჩვივნენ და 1 კვირაში იტალიაში გადაფრინდნენ ანუ ისევ განსხვავებული სასაათო სარტყელი და ისევ აკლიმატიზაცია. იქაურობას შეეგუვნენ და მერე ისევ თბილისში გადმოფრინდნენ ანუ ისევ ახალ სასაათო სარტყელში გადაინაცვლეს. ამას შეეგუვნენ და მალე საფრანგეთში გადაფრინდნენ ანუ ისევ აკლიმატიზაცია...

პრაქტიკულად, ჩემპიონატამდე 1 თვით ადრე გუნდმა ლამის მთელი ევრაზია გადასერა - იაპონიიდან საფრანგეთამდე.

იქნებ აჯობებდა, ფიზიკურად მთელი სეზონის დატვირთულებს ის ბოლო თვეები შედარებით მშვიდად ევარჯიშათ, ძალ-ღონე მოეკრიბათ და ამდენ მოგზაურობას, ტურნირს ისე შეხვედროდნენ? თანამედროვე მედიცინა აკლიმატიზაციის შედარებით უმტკივნეულოდ გადატანის საშუალებას კი იძლევა, მაგრამ მთლად უკვალოდაც არ ქრება ხოლმე, რასაც ამდენი გადაფრენ-გადმოფრენაც ემატებოდა - მგზავრობაც ხომ იწვევს დაღლილობას! თუ მაინც აუცილებელი იყო იტალიაში ვარჯიში, მწვრთნელს ისე მაინც დაეგეგმა, საფრანგეთშიც იქიდან გადასულიყვნენ, თბილისში რომ არ დაებრუნებინა და მერე ისევ უკან არ წაეყვანა.

თავის დროზე ზაიზენბახერმა სალიცენზიო ტურნირებში გამოსვლა იმიტომ იუარა, რომ აკლიმატიზაცია სჭირდებათ და თან წასვლა-ჩამოსვლაში (რასაც დაბრუნებისას ერთდღიანი დასვენებაც ემატებოდა - გამთენიიისას ჩამოვდივართ და დასვენებას ვერ ასწრებენო) დღეები მეკარგებაო, მაგრამ განა იტალიაში წასვლა-წამოსვლას არ სჭირდებოდა ეს დღეები? ამიტომ მოგვეჩვენა ის ხანმოკლე შეკრება უცნაურად.

ფიზიკური დატვირთვები რომ გასაზრდელია, ამას არავინ უარჰყოფს. პირიქით - თავის დროზე შოთა ხაბარელის ნაკრებს ამას ვსაყვედურობდით, ამ კუთხით ზაიზენბახერის მცდელობასაც მივესალმებოდით და ეს სამომავლოდაც აუცილებელი გვგონია, მაგრამ ხომ არ შეცდა მწვრთნელი მოსამზადებელი ეტაპის დაგეგმვისას? იქნებ ბოლოს ცოტა დასვენება სჯობდა?

ყოველ შემთხვევაში, ბიჭები გადაღლილები ჩანდნენ, უჭირდათ მოძრაობა, რაღაც მოშვებულები ჩანდნენ... იქნებ ისინი ფიზიკურად კარგად მოემზადნენ და სამედიცინო შემოწმებამაც აჩვენა კარგი შედეგები, მაგრამ ხომ არ იყვნენ გამოფიტულები? კარგი მომზადებიდან გადაღლა-გამოფიტვამდე ხომ ერთი ნაბიჯია, ამ დროს კი ყველაფერი, მთელი მზადება წყალში იყრება-ხოლმე.

წარუმატებლობის მეორე მიზეზად ტურნირებში გამოუსვლელობა მიგვაჩნია. სპარინგ-შეხვედრები საჭიროა, მაგრამ ვეჭვობთ, მას სატურნირო დანიშნულების შეცვლა შეეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთაშორისო შეჯიბრებები საჭირო არც იქნებოდა და არც გაიმართებოდა. ვგონებთ, არავინ შეგვედავება შემდეგში - უცხოურ ტურნირებში პრაქტიკულად უნდა გამოიცადოს ის, რასაც სპორტსმენები ვარჯიშებზე სწავლობენ.

ცხადია, ამის შემოწმება სპარინგებზეც შეიძლება, მაგრამ სულ სხვაა საშეჯიბრო დატვირთვა, იქ გამეფებული ატმოსფერო. ხშირად სწორედ ისაა გადამწყვეტი, ვინ როგორ შეეგუება ამ გარემოს, მაყურებლის ფაქტორს, მოლოდინის იმ დამქანცველ რეჟიმს შეხვედრებს შორის შუალედებში, ვინ როგორ აიტანს და გადაიტანს "სისხლის სუნს"... ეს სულ სხვა განზომილება და დარბაზში, უმაყურებლოდ, მშვიდ ვითარებაში გამართული საკონტროლო შეხვედრა - სულ სხვა, ბევრად უმნიშვნელო.

ჟურნალისტებს და კონკრეტულად ამ სიტყვების ავტორს მწვრთნელ-ჩინოვნიკებიანად ხშირად გვსაყვედურობენ მწვრთნელთა საქმეების ჩარევაში.

არ გვინდა, ზემოთქმული ვარაუდი ახლაც ასე გაგვიგოთ. უბრალოდ, ამ საკითხებზე კარგად ვიცი ისეთი პროფესიონალის აზრი, როგორიც ხაბარელია - ხან ინტერვიუებში, ხანაც - პირად საუბრებში, ზოგჯერ დაგეგმილად და ხშირად სპონტანურადაც ბევრი მისაუბრია მასთან და ვიცი, როგორ ანაწილებდა შეჯიბრებამდე დარჩენილ ყოველ თვეს, ყოველ კვირას, დღესა თუ საათს...

გვესმის, რომ წარსულს უკვე ვერაფრით შევცვლით, ვერც - არსებულ რეალობას თუ პარიზში დაფიქსირებულ შედეგს, მაგრამ წინ კიდევ ოლიმპიადაა და გვინდა, გამოვფხიზლდეთ, ისევ არ გავიმეოროთ დაშვებული შეცდომები და ლონდონამდე დარჩენილ მცირე დროში მაქსიმუმი გავაკეთოთ, რომ ეგებ მთლად უმედლოდ არ დავრჩეთ.

დღეს, როცა ჩვენი ურემი არა სადმე ორღობეში, თვით შანზ-ელიზზე ამოყირავდა, კიდევ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, რაც მთელი ეს თვეები თავში მიტრიალებდა - ხომ არ აჯობებდა, ზაიზენბახერი ისევ იმ საქმით დაეკავებინათ, რის გამოც თავის დროზე უცხოელ მწრთნელს ეძებდნენ და რა კრიტერიუმითაც მისი კანდიდატურა შეირჩა?

მაშინ ისეთი კაცის მოყვანა სურდათ, რომელსაც სამწვრთნელო გამოცდილებაც ექნებოდა და მართვის სტრუქტურაშიც გარკვეული იქნებოდა, რომელიც მიხედავდა ფიზიკურ მომზადებასაც და იზრუნებდა ძიუდოს მთელ მეურნეობაზე - ბავშვთა სპორტიდან დაწყებული, ეროვნული ნაკრებით დამთავრებული.

მოკლედ, თან ფუნქციონერიც უნდა ყოფილიყო, სტატუსი კი დაახლოებით ისეთი ექნებოდა, რაც სახელმწიფო მწვრთნელი იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ზაიზენბახერამდე რამდენიმე ვარიანტი მოისინჯა და მავანი კორეელის მოწვევაც ლამის გადაწყვეტილი იყო, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ავსტრიელზე შეჩერდა.

მიზეზი შემდეგი იყო - სახელოვანი სპორტსმენი (ორგზის ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონი) სპორტიდან წასვლის შემდეგ მუშაობდა ავსტრიის სპორტის სამინისტროში, მოგვიანებით კი მწვრთნელადაც მუშაობდა. ანუ ჰქონდა ფუნქციონერის გამოცდილებაც და ამ მიზნით ჩამოიყვანეს. მაშინ ლაპარაკი იყო მწვრთნელ-კონსულტანტის თანამდებობაზე და არა მთავარ მწვრთნელობაზე, თუმცა მოგვიანებით ვითარება შეიცვალა.

დღესაც მგონია, რომ მისი რჩევები ფედერაციისა თუ ნაკრების სტრუქტურული რეორგანიზაციის, ძიუდოს შიდა მეურნეობის რეფორმირების თაობაზე საჭიროა და დროული. ასევე საჭიროდ მიმაჩნია ის სამედიცინო რეფორმებიც, რაც ამ ჩავარდნის ფონზე უკვე სამასხარაოდ იქცა, თუმცა ზაიზენბახერი რამდენადაც კარგი თეორეტიკოსია, იმდენაც სუსტი პრაქტიკოსი მწვრთნელი აღმოჩნდა.

სხვათა შორის, ამის ნიშნები პირველად ევროპის ჩემპიონატის წინ დავინახეთ. გემახსოვრებათ, მაშინ ის ლიდერთა დასვენებას აპირებდა (თუმცა კიდევ კარგი, ასე არ გააკეთა), მაგრამ ბოლო დღეებში გადაწყვეტილება შეცვალა და ყველა წაიყვანა, მიზეზად კი... სპორტსმენთა სურვილი დაასახელა. არადა, მანამდე წარმოდგენილ გეგმაში (რაც მასთან კონტრაქტის დადების მთავარი წინაპირობა გახდა და სოსო ლიპარტელიანთან შედარებით უპირატესობაც მოაპოვებინა) ამბობდა, რომ მსოფლიოსთვის უკეთ მოსამზადებლად ლიდერებს დაასვენებდა.

შეთანხმების ასე მალე დარღვევა წმინდა ქართული ფუნქციონერობა იყო - გუნდში თუ დისციპლინაა, იქ მწვრთნელმა სპორტსმენების ჭკუაზე არ უნდა იაროს.

ამ დღეებში ერთ-ერთ ინტერნეტ ფორუმზე ზაიზენბახერი კლაუს ტოპმიოლერს შეადარეს. ძნელია, ავტორს არ დაეთანხმო. ასევე გაძლიერდა ლაპარაკი ქართულ მენტალიტეტთან ევროპელ მწვრთნელთა შეუთავსებლობაზეც... ისე, სამომავლოდ წერილისა და დისკუსიისთვის კარგი თემაა, რატომ ვერ აღწევენ რეკლამირებული ევროპელი მწვრთნელები წარმატებას საქართველოში და რატომ აქვთ შედეგები უცხოეთში მომუსავე ქართველ მწვრთნელებს, თუმცა ამაზე სამომავლოდ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ესენი ძუდოისტები არიან თუ მოგზაურები?!
ესეთ რამეებს ვინ აკეთებს ეტყობა ამ პაესტკებში ფული იჭრება და რარბიან წინ და უკან.იაპონიაში და მერე იტალიაში რომ დარბიან საქართველოში ერთმანეთს ესპარინგონ და დაზოგავენ ენერგიასაც და ფულსაც
karlo
21:17 02-09-2011
0
ბატონო ირაკლი მარტლაც ყველაფერს კარგად წერთ,მაგრამ სიმართლე ყველას რომ არ სიამოვნებს, რას გვასწავლის უცხოელი თუ ძლიერები არიენ ნოლიდან მოამზადონ სპორტსმენები სხვის აღზრდილებზე რომ იკეთებენ რეკლამას. მადლობთ ყურადღებისატვის.
Tamaz
21:02 02-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული