ცირეკიძე: თუ სპორტში ხარ, ბოლომდე უნდა მოინდომო

AutoSharing Option
პარიზში დამთავრებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძე (100) ჩვენი გუნდის ერთადერთი ნათელი წერტილი აღმოჩნდა - გუნდის აქტივში მხოლოდ მის მიერ მოპოვებული ბრინჯაოს მედალია.

ქართული ძიუდოს ყველაზე წარმატებული ფალავანი, ქართველთა შორის ორი უმაღლესი ტიტულის ერთადერთი მფლობელი. მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი პარიზში ძალზე ძლიერად გამოვიდა და რომ არა მსაჯთა მიკერძოება მეოთხედფინალში ბელგიელ ელკო ფან დერ ხესტთან, დიდი შანსი იყო, ქუთაისელი ძიუდოისტი ახლა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონად მოგვეხსენიებინა.

ამის თქმის უფლებას მის მიერ დამარცხებული ფალავნები და, რაც მთავარია, ჭიდაობის დემონსტრირებული ხარისხი გვაძლევს - ცირეკიძემ პირველ
წრეში ბრაზილიელი მსოფლიოს ექს-ჩემპიონი ლუსიანო კორეა პირწმინდად დაჩაგრა და იოტისოდენა შანსიც არ მისცა, მერე ირანელი ჯავად მაჰჯოუბი იოლად, გართულებების გარეშე შებოჭა, რასაც იაპონელ მსოფლიოს ჩემპიონ ტაკამასა ანაის გაბითურება მოჰყვა.

დამამშვიდებელ წრეში ცირეკიძემ რუსი სერგეი სამოილოვიჩი და ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში დაამარცხა. ცირეკიძე რომ უშეცდომო არ იყო, ამას თვითონაც გეტყვით დღევანდელ ინტერვიუში, მაგრამ მაინც იმდენად ძლიერად იჭიდავა, თითქოს მეორე სუნთქვა გაეხსნა... საოლიმპიადოდ თუ ვინმემ დაგვიტოვა წარმატების იმედი, უპირველესად - მან.

ჩვენებურისთვის ეს ახალ წონაში მსოფლიოზე მოპოვებული პირველი მედალია, რითაც სკეპტიკოსებსაც დაუმტკიცა, რომ 100-შიც შეუძლია დიდი წარმატებების მიღწევა. მით უფრო, პარიზში დანამარცხები მეტოქეების ფონზე. არადა, ამ მედალს წინ დიდი ისტორიები უძღოდა, როცა მისი სპორტული კარიერა ბეწვზე ეკიდა - ერთ-ერთ შეკრებაზე ის მწვრთნელმა არც კი წაიყვანა, თუმცა ახლა ეს ბედნიერი შემთხვევაც კი ჩანს.

- პარიზში თქვენს გამოსვლას როგორ აფასებთ, გულიც ხომ არ გწყდებათ, რომ მიზეზთა გამო უკეთეს შედეგს ვერ მიაღწიეთ?
- წილისყრამ ძალიან ძლიერი ჯგუფი მარგუნა, თუმცა ამან საბრძოლო განწყობაზეც მომიყვანა. ფსიქოლოგიურადაც კარგად ვიყავი მომზადებული და კენჭისყრის შედეგებზე არ მინერვიულია. ანაისთან რევანშის სურვილი მომეცა, რამაც დადებითადაც კი იმოქმედა. მასთან შეხვედრის შანსი შარშანაც მქონდა, მაგრამ მოვლენები ისე განვითარდა, საბოლოოდ ამის საშუალება არ მომეცა. ამიტომ კარგად ვიყავი განწყობილი, ის დღეები არც მინერვიულია და ვემზადებოდი ამ ორთაბრძოლისთვის.

მეტის მიღწევაც რომ შეიძლებოდა, ესეც ფაქტია. თუნდაც ელკო ფან დერ ხესტთან შეხვედრის დასაწყისში მსაჯებს ის გადაწყვეტილება რომ არ შეეცვალათ, როცა იპონი ვაზარად გადამიკეთეს. შედეგით კმაყოფილი ვარ იმიტომ, რომ შრომა წყალში არ ჩამეყარა და უმედლოდ არ დავრჩი, მაგრამ მეტის მიღწევაც რომ შეიძლებოდა, ესეც აშკარაა.

- ამით დაამტკიცეთ, რომ 100 კილოგრამშიც ლიდერთა შორის ხართ, რასაც ბევრი სკეპტიკურად უყურებდა.
- ნელ-ნელა შევეჩვიე ამ წონას, ლიდერებს. ოლიმპიადამდე ჯერ საკმაო დროა დარჩენილი და ვნახოთ, კიდევ შეიძლება მომატება და იმის დახვეწა, რაც დასახვეწია. სიმართლე გითხრათ, არ ვფიქრობ, რომ ვინმესთან განსაკუთრებული პრობლემები შემექმნება. მთავარია, კარგი მომზადებით და კარგი განწყობით შეხვდე შეჯიბრებას, თორემ ყველას დამარცხება რომ შეიძლება, ეს უკვე დამტკიცდა.

- ყველაზე რთული შეხვედრა რომელი იყო?
- ყველაზე უფრო ბრინჯაოსთვის შეხვედრა გამიჭირდა - ისეთი კარგი სტარტის შემდეგ იმგვარი წაგებით და მსაჯთა მიკერძოებით ცოტა დათრგუნულიც ვიყავი, მაგრამ მაინც გავიმარჯვე.

- ფან დერ ხესტთან ძალიან დასანანი შეხვედრა წააგეთ. თქვენ რა მიგაჩნიათ მარცხის მიზეზად?
- ის ძალიან ჭკვიანი მოჭიდავეა და მასთან ანგარიშის შენარჩუნებაზე ფიქრი ძნელია - ტაქტიკურადაც კარგადაა მომზადებული და ტექნიკურიცაა. შენ თუ არ კარნახობ შეხვედრის მიმდინარეობას, გაგიჭირდება. ამიტომ ვუტევდი და ვცდილობდი ქულის გაკეთებას, თორემ ახლაც იყო ლაპარაკი, რატომ არ გავჩერდი და არ დავიწყე ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობა. არ მქონდა იმედი, საქმე ჰანტეიმდე რომ მისულიყო, მწვრთნელები მე მომცემდნენ მოგებას. ამიტომ არ გავრისკე და არბიტრთა იმედზე არ დავდექი. თან დროც იწურებოდა და ორივე დაღლილებიც ვიყავით.

- თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რის ხარჯზე მოიპოვეთ ეს მედალი? მით უფრო, იდეალურ პირობებში ნამდვილად არ ემზადებოდით.
- თუ სპორტში ხარ, ბოლომდე უნდა მოინდომო. მაჩანჩალად ყოფნა არავის სიამოვნებს. მათ შორის - არც მე, მით უფრო, ამხელა წარმატებების შემდეგ. თან მსოფლიოს შარშანდელი გამოტოვებული პირველობის მერე, როცა კარგი დასაწყისით აზარტში შესული ისე უაზროდ გამოვეთიშე ბრძოლას. ძალიან დიდ როლს თამაშობს განწყობა და ფსიქოლოგიური მომზადებაც.

- ფაქტია, რომ მომზადების თქვენეულმა ინდივიდუალურმა გეგმამაც გაამართალა.
- არსებითად, მხოლოდ ერთი შეკრება გამოვტოვე - იაპონიაში, თუმცა ცოტა გადაღლა ბიჭებსაც ეტყობოდათ.

- საინტერესოა, შეხვედრის შემდეგ ანაი ან იაპონელები თუ გამოგელაპარაკნენ? ის ძალიან დაჩაგრეთ - ორი ვაზარის ტოლფასი გდება გაუკეთეთ.
- არა, არ გვილაპარაკია. არც იყო ამის დრო - ჩვენი გამოსვლის შემდეგ მხოლოდ გუნდური შეჯიბრება იყო დარჩენილი და იქაც ბიჭებს ვქომაგობდით.

- ახალ წესებზე ბევრი კამათი იყო, თუმცა შენთვის მისწრება აღმოჩნდა და გადავლებას მშვენივრადაც იყენებდი... პირიქით - იმის შიში აღარ გაქვს, რომ ფეხში შემოვლენ.
- სხვათა შორის, პარიზში წასვლამდეც იყო ლაპარაკი, რომ გადავლებებზე აფრთხილებენ და სხვა მომენტებზეც ვსაუბრობდით, რაც შეიძლებოდა, ჩემთვის საფრთხილო ყოფილიყო, მაგრამ იქ რომ დავაკვირდი, მთლად ასე არ იყო და მეც უფრო თამამად ვჭიდაობდი.

- ალბათ, საოლიმპიადოდ მოსამზადებელ გეგმას ჯერ ვერ განიხილავდით დროის სიმცირიდან გამომდინარე, მაგრამ თქვენ როგორ მიგაჩნიათ, რა კომპონენტში გჭირდებათ მომატება, რაში უნდა გაძლიერდეთ?
- ჯერ ორი კვირით დასვენების ნება მოგვცეს და, ალბათ, ამის შემდეგ შეიკრიბება ფედერაცია, მწვრთნელთა საბჭო, გეგმას განიხილავენ და ალბათ, ჩვენც მერე გაგვაცნობენ.

მე რაც შემეხება, 90-ში ფიზიკური მომზადების პრობლემა არ მქონია, მაგრამ აქ ცოტა მომატება მჭირდება.

- ფან დერ ხესტთანაც დაგეტყოთ დაღლა... საერთოდ, მასთან მეორედ წააგეთ და როგორ ფიქრობთ, რის ხარჯზე შეიძლება მისი დამარცხება?
- ბელგიელთან შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა და დაღლაც ამიტომ დამეტყო. მასთან მეტი ტაქტიკური ჭიდაობაა საჭირო.

- გუნდზეც მინდა გკითხოთ. თქვენი აზრით, რა აკლდა ნაკრებს, ბიჭები რატომ ვერ გამოვიდნენ უკეთესად? ზემოხსენებული დაღლილობის გარდა, კიდევ რა იყო ამის მიზეზი?
- ცოტა ტაქტიკური მომზადებაც აკლდათ ბიჭებს, რაც გუნდურში მეტ-ნაკლებად გამოვასწორეთ. იქ სხვანაირი დავალებები მივეცით ბიჭებს და უკეთაც გამოვიდნენ. მაგალითად, ვალერი ლიპარტელიანს დაიკი ნიშიამასთან შეხვედრის წინ ვურჩიეთ, უფრო ქართულ სტილში ეჭიდავა, რითაც ვჩაგრავთ მათ - ზევიდან გადავლებით, ზევიდან დატვირთვით.

რაც ჩვენ უპირატესობას გვაძლევს და რასაც ისინი ვერაფერს უპირისპირებენ, სწორედ ესაა, თორემ იაპონელს თავისი ილეთით, თავისივე ჩავლებით მოუგო, მართლაც უნიკალური მოჭიდავე უნდა იყო. ლიპარტელიანი ბოლოს ცოტა დაიღალა, თორემ გაოცებული იყო, ისე იჭიდავა. გუნდურში მათი შეხვედრა აბსოლუტურად განსხვავებული იყო, ვიდრე - პირადში.

ამის გარდა, ფსიქოლოგიურადაც მეტი სიმყარეა საჭირო. შესაძლებლობა ყველას მეტი აქვს, მაგრამ საკუთარი თავის რწმენა აკლიათ, მეტი რწმენა სჭირდებათ. იმედია, ამას გამოიმუშავებენ. ამასთან, თითქოს "მოხარშულივით" იყვნენ ბიჭები და ბოლომდე ამიტომაც ვერ გამოავლინეს შესაძლებლობები.

P.S. ნაკრებს ავსტრიელი მწვრთნელი პეტერ ზაიზენბახერი თბილისში არ ჩამოჰყოლია - გუნდს ორკვირიანი შვებულება მისცა და თვითონ ავსტრიაში, ოჯახში დაბრუნდა. ამიტომ ფედერაციის პრეზიდენტ გიორგი ალექსიძეს დავუკავშირდით. გვაინტერესებდა, რას მიიჩნევდა მარცხის მიზეზად, იყო თუ არა მოსალოდნელი ავსტრიელის კონტრაქტის გადასინჯვა...

- ალბათ, ტურნირის შედეგებზე ზაიზენბახერთანაც ისაუბრებდით. როგორია მისი და თქვენი აზრი ამ მარცხზე?
- რამდენიმე მიზეზი მგონია. ერთ-ერთი ბეთქილ შუკვანისა და შალვა ქარდავას ტრავმებიცაა. შუკვანს ანთებითი პროცესი ჰქონდა, რამაც იქ იჩინა თავი. იყო ფსიქოლოგიური მომენტიც. ბიჭებმა მაგრად იმუშავეს და ეგონათ, პრობლემა არ ექნებოდათ, თუმცა როცა წინააღდეგობას წააწყდნენ, დაიბნენ. წილისყრამაც იმოქმედა მათზე.

- ანუ მიგაჩნიათ, რომ გუნდი სწორად მოემზადა?
- მე მიმაჩნია, რომ აქ ადაპტაციის პრობლემა იყო. ბიჭები თებერვლიდან მოყოლებული ემზადებოდნენ და ეს ვარჯიშები ვერ მიიღეს, ხოლო რაც მიიღეს, ეგონათ, რომ ეს მოიტანდა მედლებს. ვერ ვიტყვი, რომ გუნდი გადაღლილი იყო.

- ამ შედეგის შემდეგ ზაიზენბახერის კონტრაქტის გადახედვა ხომ არ იგეგმება?
- ამ ტურნირზე ზაიზენბახერმა ძალიან ბევრი რამე დაინახა ქართველებში. თვითონაც მესაუბრა და მეც დარწმუნებული ვარ, რომ კორექტივებს შეიტანს და შედეგი იქნება. ის ოლიმპიადისთვის გააგრძელებს მუშაობას. ჯერჯერობით კონტრაქტის გადახედვაზე არაა ლაპარაკი.

- დასასრულს, თქვენი, როგორც პრეზიდენტის აზრით, ხომ არ აჯობებდა, ნაკრები გამოსულიყო საერთაშორისო ტურნირებში - იქნებ იქაც გამოჩენილიყო ეს ნაკლოვანებები და მსოფლიოსთვის გამოგვესწორებინა?
- ტურნირებში აუცილებლად გამოვლენ.

- ანუ შეცდომა იყო, აქამდე რომ არ გამოვედით?
- რაღაც დონეზე მართლაც აჯობებდა, გამოვსულიყავით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გაუმარჯოს საქართველოს -- რუსები უნდა განადგურდეს დღეს კალაბურთში ჩვენთან
vato
13:05 01-09-2011
0
საქართველოს ნაკრები დღეს რუსეთისაზე უკეთ გამოიყურება,,, და აუცილებლად გაიმარჯვებსსს ჩვენი ნაკრები, გ ა უ მ ა რ ჯ ო ს ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ოს
Achi
13:01 01-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული