ხაბარელი ნაკრებში დაბრუნდა

AutoSharing Option
ძიუდოს ქართველ ქომაგთა ოცნება ასრულდა და შოთა ხაბარელი ვაჟთა ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა.

ჯერ ყველა დეტალი საბოლოოდ გარკვეული არაა, მაგალითად, რა ფუნქციას შეასრულებს ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, მაგრამ ცნობილია, რომ გუნდში ისიც დარჩება და სავარაუდოდ, უფრო ფიზმომზადებას გაუძღვება, სავარჯიშო პროცესს კი ხაბარელი წარმართავს. ახლა სწორედ ამ ფუნქციათა გადანაწილებაზე მიდის მსჯელობა, თუმცა გადაწყვეტილია, რომ ავსტრიელი მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება.

ეს ამბები გუშინ, 19 სექტემბერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის თბილისში სტუმრობისას გაირკვა. ის საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მოიწვიეს,
თუმცა მიზეზი სწორედ ეს იყო - კონსულტაციები ზაიზენბახერის შეცვლის თაობაზე.

პარიზში, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაკრების წარუმატებელმა გამოსვლამ და უსახურმა ჭიდაობამ სპორტის მმართველ წრეებში შოკისმაგვარი რეაქცია გამოიწვია და ზაიზენბახერის შეცვლის საკითხიც მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, თუმცა რატომღაც ანგარიშს უწევდნენ ვიზერის ფაქტორს. თავის დროზე ავსტრიელის კანდიდატურა მასთანაც შეათანხმეს - კონსულტაციები გაიარეს, თუმცა ახლა რატომ ხდებოდა მისი ფაქტორი ამდენად მნიშვნელოვანი, ცოტა გაუგებარია. ოღონდ ასეა თუ ისე, წუხელ საღამოს, როცა ვიზერს ამ თემაზე სასაუბროდ შეხვდნენ, წინააღმდეგი არც ის წასულა და საქმესაც მსვლელობა მიეცა.

ამდენად, მას შემდეგ ქართული ძიუდოს იაპონურ თარგზე მოჭრის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, ის კვლავაც მშობლიურ საწყისს დაუბრუნდა და მოსავლელად ისევ ძველ გამზრდელს ჩააბარეს.

ქომაგი ხაბარელის დაბრუნებას აქამდეც ითხოვდა, რადგან ჩვენი საქმეც ზუსტად ისე იყო, "თურაშაულის პატრონი ტყეში დაეძებს პანტასაო". ჰოდა, ისიც დაბრუნდა და გვჯერა, ლონდონის ოლიმპიადაზე შედეგსაც დადებს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, "მეორედ მოსვლა" ახალი პოლიტიკურ-სპორტული დაპირისპირების საგანი არ გახდეს.

სამწუხაროდ, ფედერაციაშიც და სამინისტროშიც ჯერ ისევ მძლავრობს სპორტული სამყაროს ის ნაწილი, რომელმაც თავის დროზე ხაბარელი ნაკრებიდან გაუშვა. არაა გამორიცხული, მათ ახლაც მოინდომონ დინების საწინააღმდეგოდ ცურვა, მაგრამ იმედია, სახელმწიფო სტრუქტურები ამჯერადაც თავის სიმაღლეზე დადგებიან.

მოკლედ, ასეთია სადღეისო ვითარება, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც თავი მახსოვს ამ კაცს სულ აგდებდნენ და შემდეგ ისევ აბრუნებდნე. როცა მთავარი იყო სულ ოქროს მედალს ვიგებდით. ის რომ მოჭიდავეებს მოგების შემდეგ წილს თხოვდა ვფიქრობ ეკუთვნოდა და მართალიც იყო. გავიხსენებ ერთ ფაქტს, რომელიც ცხონებულ ნოდარ ახალკაცს ეხება. მას აბრალებდნენ რომ ფულს ღებულობ და კორუფციაში ხარ ჩაფლულიო, იმ ცხონებულმა კი უთხრა, რომ მაგ ფულით ფეხბურთელების საჭირო საკვებს ვყიდულობ და მადლობა თქვით რომ ლობიოს არ ჭამენ ყოველდღე დინამოელებიო. ასეა ახლაც, ხაბარელს აძახებენ ფულს ნუ აკეთებო და თვითონ მილიონებს აკეთებენ.
nodar
12:22 21-09-2011
0
კაცი სამართლიანად უნდა გაუშვა და არა პირადი ინტერესით.თუ ვერ შეძლებს თვითონაც წავა მაგხელა მიხვედრა აქვს. ამ ეტაბზე წარმატებას უსურვებ.ისე სიჭინავა გადმოვიყვანოთ ისხომ ყველგან პროფესიონალია.
zaza sigu
10:07 21-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული