უპირველესად ის, თუ რატომ გაუგრძელდა მწვრთნელს კონტრაქტი ოლიმპიადამდე (საერთოდ, ეს კონტრაქტი სერიოზული განხილვის თემაა. უფრორე - მისი ჩუმად გახანგრძლივება), რას მიიჩნევს ხელმძღვანელობა წაგების მიზეზად, როცა გუნდს ადრინდელთან შედარებით მაღალი დაფინანსებაც ჰქონდა და მოსამზადებელი პირობების დეფიციტს ვერ დაიკვეხნიდა.
სიმართლე გითხრათ, ალექსიძეს ახალი არაფერი უთქვამს, თუმცა მთელ რიგ საკითხებში მისმა ხისტმა პოზიციამ მაინც გაგვაოცა. ბოლო ხანებში საქმეს ისე წარმოაჩენენ ხოლმე, თითქოს ავსტრიელი მწვრთნელის პეტერ ზაიზენბახერის
ჩვენთვის მთავარი შედეგია, ამ საქმეში კი უკვე ზაიზნებახერისა არ გვეიმედებოდეს, ვგონებთ, სრული უფლება გვაქვს. მას ქართული ძიუდოსთვის სასარგებლო საქმის კეთება სხვა კუთხით შეუძლია და მიგვაჩნია, აჯობებს, იმ განხრით გამოიყენონ (ფიზმომზადება, სტრუქტურული ცვლილებები ძიუდოს სამყაროში), მაგრამ სამწვრთნელო რეპუტაცია მნიშვნელოვნად შეერყა.
გარკვეული მიზეზების გამო, ფედერაციის პოზიციაში მარცხის მიზეზების მიჩქმალვის სურვილი უფრო დავინახეთ, ვიდრე - მდგომარეობის რეალური ანალიზისა და ჩვენთვის მიუღებელიც ესაა, რადგან სირაქლემას პოზას გვაგონებს. მათი მხრიდან ამის სურვილი თუ არ იქნება, მაშინ მნიშვნელობაც არ აქვს, ვის გაუშვებენ ან ვის მოიყვანენ - ოლიმპიადაზე შედეგი იგივე იქნება, რაც მსოფლიოზე. ალექსიძის პასუხებზე კომენტარი მკითხველისთვის მიგვინდია, აქ კი მხოლოდ ერთს დავამატებთ - ზოგიერთ საკითხზე მისი პოზიცია ამჯერად მაინც დიქტოფონში დავტოვეთ...
- პარიზში ნაჩვენები შედეგიდან გამომდინარე, თითქოს მწვრთნელთან კონტრაქტის გაგრძელების საბაბი არ უნდა გქონოდათ, მაგრამ მაინც გაუხანგრძლივეთ. საინტერესოა, რა მიზეზით?
- ჭიდაობის ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, რასაც ცალსახად ვადასტურებ და იგივე მოვისმინე რამდენიმე სპორტსმენისგანაც. ამასთან, მწვრთნელმა გააკეთა დასკვნები, ჩვენთან შეხვედრებში დადო თავისი მოსაზრებები და მისი სამომავლო გეგმების გათვალისწინებით, ჩვენც ვფიქრობთ, რომ გუნდმა უნდა შეძლოს ოპტიმალურად მომზადება. აქედან გამომდინარე გავუგრძელეთ ხელშეკრულება.
- რასთან დაკავშირებით დადო თავისი მოსაზრებები - წაგების მიზეზებზე? ან თქვენ, როგორც ფედერაციის პრეზიდენტს გაკმაყოფილებთ მის მიერ გამოტანილი დასკვნები?
- ყველაფერზე დადო დასკვნები, ჩვენ კი გვაკმაყოფილებს ზოგიერთი მათგანის განვითარების დონე. ცხადია, ყველაზე ვერ ვიტყვით ამას, მაგრამ ზოგიერთს აშკარად მომატებული აქვს ფიზიკურად, ტექნიკურად თუ ტაქტიკურად, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაზე პრობლემატურია და სწორედ ამაზე იყო ლაპარაკი იმ განხილვებისას.
- თუმცა გუნდის მიერ გავლილი ვარჯიშებიდან გამომდინარე ფიზიკურად ბევრად მეტს ველოდით. ბიჭები თითქოს გადაღლილები, შებოჭილები იყვნენ...
- როგორ იყვნენ შებოჭილები, როცა კაცი წმინდა ამოსმულით ბოლო წამებამდე იგებს ორ შეხვედრას და მერე აგებს, იქ დაღლილია თუ შებოჭილი? თუ ასეა, მაშინ როგორღა აკეთებდა იმ ილეთებს? პაპინაშვილი რომ ამბობს, გახევებული ვიყავიო, სინამდვილეში შეცდომით წააგო - ამოსმულს უკეთებდა მასზე მაღალს და იმან გადატეხა, თორემ დაიღალა, ძალა არ ეყო თუ რა? შეიძლებოდა ძალა არ ჰყოფნოდა რიშოდ სობიროვთან, რადგან ის სხვა მოვლენაა და თან 10 წელიწადი ემზადება იმ პროგრამით, რაც ამათ 6 თვეა დაიწყეს და იქიდანაც 2 თვე საკუთარ თავთან ბრძოლას, ადაპტაციას დასჭირდა. მე ვფიქრობ, მათ საკმაოდ ცოტა დრო ჰქონდათ მოსამზადებლად და ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა ყველას. მაგალითად, ახლო-მახლო რაიონებიდან ვერ დადიოდნენ ვარჯიშზე, რასაც მწვრთნელი ითხოვდა. ვფიქრობ, საძირკველი უკვე ჩაიყარა და ახალ ამაზე უნდა დაესენოს მომავალი წარმატება. რაც შეეხება ვალერი ლიპარტელიანს, იაპონელ დაიკი ნიშიამას ვერ მოუგო, რადგან მეტოქე ფიზიკურად ძლიერი იყო მასზე.
- ფაქტია ისიც, რომ ფიზიკურ მომზადებაში ასაკობრივმა ნაკრებებმა ბევრად უკეთეს შედეგებს მიაღწიეს იმის მიუხედავად, რომ ზაიზენბახერის პროგრამით არ მომზადებულან...
- ამ პროგრამის გარეშე არაფერი გამოვა. ახალგაზრდული ნაკრები იმავე შტანგებზე ემზადებოდა - აქამდე ფედერაციას არ ჰქონდა ამ სახის ინვენტარი, მაგრამ შევიძინეთ, რომელზეც ყველა ასაკის ძიუდოისტი ვარჯიშობს. თქვენ თუ მეუბნებით, რომ გუგავას გეგმა ჯობია ზაიზენბახერის გეგმას, მაშინ კითხვა არასწორად ყოფილა დასმული.
- მე იმასაც გეტყვით, რომ ზაიზენბახერის გეგმას ცირეკიძის გეგმამაც აჯობა - მასაც რომ ბოლომდე გაევლო ის შეკრებები, ვეჭვობ, მედალი მოეპოვებინა...
- ამაზე მე ასეთ პასუხს გაგცემთ - მაშინ ან ცირეკიძე დავნიშნოთ მთავარ მწვრთნელად, ან - შუკვანი. არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ცირეკიძის გეგმამ აჯობა ზაიზენბახერისას. ის ხაბარელის დროსაც ასე ვარჯიშობდა, მაგრამ ცირეკიძე და ზვიადაური ერთეულები არიან. ჯარჯი ზვიადაური იცით, როგორ ვარჯიშობს? თავისთვის ემზადება, ერთხელ წაივარჯიშებს და მერე რაღაც-რაღაცებს აკეთებს.
- საქმეც მაგაშია, რომ ჯარჯიმ მასეთი მიდგომით საკუთარი ვარჯიშები გართობად აქცია და იმიტომ არ იღლება, ინარჩუნებს ამდენი წელიწადი ფორმის პიკს და ამდენი ხანი არ ჩამოდის მწვერვალიდან...
- სახალისო ძიუდო ბავშვებში უნდა გააკეთო, სავარჯიშო და პროფესიონალური ძიუდო კი სხვაა. მე წამიკითხავს წიგნები, მხოლოდ ბიზნესმენი კი არ ვარ. სახალისოა, კაცი რომ არანაირ დიეტას არ იცავს? მაგრამ მაინც იგებს და ამიტომ ვამბობ, რომ ჯარჯიც და ცირეკიძეც ტალანტები არიან. ოღონდ ეგენი თუ დანიშნე მწვრთნელებად და თავიანთი სახალისო ძიუდო გააკეთეს, შედეგს ვერ მიაღწევენ. ერთი მიმართულებით ლაპარაკი იმაზე, ის იმიტომ იგებს და ეს ამიტომ აგებსო, არ შეიძლება.
- თქვენგან განსხვავებით, პარიზში მომზადებული გუნდი ვერ დავინახეთ. ამის საშიშროებას ყოველთვის ვგრძნობდით, თუმცა კრიტიკისგან თავს ვიკავებდით, რადგან ყველას აზრი იყო, რომ მსოფლიომდე გვეცლია. ვგონებ, დადგა შეცდომებზე ლაპარაკის დრო, თუმცა ხელმძღვანელთა მხრიდან რეალურ ანალიზს ვერ ვხედავ.
- გუნდი მოუმზადებელი იყოო, ეს თქვენი პირადი აზრია, მსოფლიო კი რა შუაშია, მომზადების რამდენხნიანი პერიოდი ჰქონდა მწვრთნელს.
- მაგრამ როცა მთელი ეს პერიოდი ძალისმიერ ვარჯიშებზე იყო გადატანილი, როგორ გგონიათ, ფორმის პიკში მიყვანაზე იმუშავა მწვრთნელმა? ადრე ასეთი დატვირთვით არ ვარჯიშობდნენ, მაგრამ ხომ გვქონდა შედეგები?
- მოკლედ, ახლა ასეთი სიტუაციაა - გადაწყვეტილება მიღებულია, რომ მან უნდა გააგრძელოს მუშაობა. მე ვერც მის გეგმას გავაკრიტიკებ და ვერც ავანსებს გავცემ.
- ვთქვათ და ოლიმპიადაზეც არ იქნა შედეგი, პასუხს ვინ აგებს?
- თუ არ იქნება შედეგი, ესე იგი, მართლა რაღაც ხარვეზია. პასუხისმგებლობას კი რაც შეეხება, ამაზე ოლიმპიადის შემდეგ ვილაპარაკოთ.
- მაგრამ მანამდე ის ვთქვათ, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას - მწვრთნელი, ფედერაცია თუ ვინ?
- ვნახავთ მაგას... თუმცა გავითვალისწინოთ, რომ მწვრთნელის დანიშვნაზე გადაწყვეტილებას ფედერაცია იღებს. მგონი, ჩემი პასუხიც ნათელია.
- შეცდომების დასანახავად რატომაა აუცილებელი ურემის გადაბრუნება? ხელის შეშველებაც ხომ შეიძლება, ასე რომ არ მოხდეს?
- ხელი შეშველებულია და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.
- ხელი შეშველებული მსოფლიომდეც იყო, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ...
- მსოფლიოზე შედეგს და ოქროს მედალს რატომ ელოდით?
- იმიტომ, რომ ამისი პირობა ზაიზენბახერმა დადო, როცა სოსო ლიპარტელიანსა და მას შორის არჩევანის გაკეთებაზე მიდგა საქმე. მერე ეს პირობა გლობალურ წინსვლამდე ჩამოახარისხეს, თუმცა ამაზეც თანახმა ვიყავით...
- მაგრამ არაა ოქროს მედალი და რა ვქნათ?
- რაღაც უნდა შევცვალოთ...
- ჰოდა, იცვლება ეს რაღაცები. გავითვალისწინებთ იმ შეცდომებს და იქნება შედეგი...
- როცა აქამდე არ შეიცვალა, სადაა გარანტია, რომ მომავალში გავითვალისწინებთ? პაპინაშვილს ახლა რომ ეუბნება, დამატებითი ვარჯიშები გჭირდება შებოჭვების მოსახსნელადო, აქამდე რატომ არ დაუნიშნა? რატომ არ დაინტერესდა, კიდევ სხვასაც ხომ არ სჭირდებოდა იგივე, მან ხომ მშვენივრად იცის საკუთარი სავარჯიშო სისტემის სირთულე და მისი თანამდევი მოსალოდნელი გართულებები?
- მე სამწვრთნელო პროცესზე განმარტებას არ გავაკეთებ. მე შემიძლია, ვილაპარაკო კონტრაქტის გაგრძელებაზე ან შეწყვეტაზე და არა ამაზე. ერთს კი ვიტყვი - ყველას ჰქონდა ინდივიდუალური გეგმა და იმის მიხედვით ვარჯიშობდა. რაც შეეხება ქართულ სტილში ჭიდაობას, ითქვა, რომ მის დასამუშავებლად სპეციალური დრო გამოიყოფა.
- იცოდით, ქართულ სტილში ჭიდაობას კატეგორიულად რომ უკრძალავდა? ეს ხომ იმავე ჩავლებების წინააღმდეგ ფრიად ეფექტურია?
- არა, ეს არ ვიცოდი. თუმცა, როგორც გითხარით, ამას ყურადღება მიექცევა. ქართული, რაც დაშვებულია, იმის გამოყენება აუცილებელია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"