ზაიზენბახერი ექსპერიმენტული გუნდით ბაქოში

AutoSharing Option
8-9 ოქტომბერს ბაქოს "სერხედჯის" საჭიდაო კომპლექსში ძიუდოისტთა მსოფლიოს თასი გაიმართება, რომელშიც, წინასწარი მონაცემებით, 21 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას: ყაზახეთი, ესტონეთი, რუსეთი, ეგვიპტე, კანადა, ინგლისი და სხვები.

მათ შორის საქართველოს ნაკრებიც იქნება, თუმცა მისმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა მორიგი ექსპერიმენტით გაგვაოცა, შემადგენლობაში ისეთ ფალავნებს უხმო. თავად განსაჯეთ: პაატა მერებაშვილი და უშანგი კუზანაშვილი (ორივე - 60), ლევან ჩუბინიძე და გიორგი მკალავიშვილი (ორივე - 66), თენგიზ პაპოშვილი და ამბაკო ავალიანი (ორივე - 73), პაატა ღვინიაშვილი და შოთა ჯავახაძე (ორივე - 81), ლევან ჟორჟოლიანი (100), ადამ
ოქრუაშვილი (+100).

მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მონაწილე არ გვეყოლება 90 კილოგრამში. წარმოდგენილ გუნდში რამდენიმე სამბისტია და აქამდე ძიუდოში არც გამოსულა, ხოლო ძიუდოისტთაგან უმეტესობას მწვრთნელი დღემდე არც ენდობოდა, არც სათანადო გამოცდილება გააჩნიათ და პირდაპირ ვიტყვით - გვეეჭვება, ამ დონეზე საასპარეზოდ მზად იყვნენ.

შესაძლოა, ასეთი ექსპერიმენტული შემადგენლობა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ პარიზში ნაჭიდავებ ლიდერთა უმეტესობა გადაღლილია და ასვენებენ, თუმცა საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ისინი ერთი პერიოდი არც ვარჯიშობდნენ მწვრთნელის გაზრდილი დატვირთვებისადმი პროტესტის ნიშნად. ამდენად, ამ ეტაპისთვის ვერც იქნებოდნენ ფორმაში.

არადა, ეს შეჯიბრება სალიცენზიო ქულებს იძლევა, რაც ჩვენებს ჰაერივით სჭირდებათ - ზაიზენბახერის კიდევ ერთი უცნაური გადაწყვეტილებით, მათ წლეულს ყველა ანალოგიური ტურნირი გამოტოვეს, რის შემდეგაც ამ ეტაპისთვის ყველაზე კარგი მდგომარეობა მხოლოდ ორ წონაში გვაქვს - 60-ში ამირან პაპინაშვილი ოლიმპიურ რეიტინგში მე-5-ეა, 90-ში კი ვალერი ლიპარტელიანი - მე-8. მართალია, ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) სალიცენზიო 22-კაცში შედიან, მაგრამ მათთვის მშვიდი ძილი ჯერ ძალზე ადრეა. 66-სსა და 73-ში კი ძალიან რთული მდგომარეობაა. მსოფლიოს თასზე გამარჯვება მხოლოდ 100 ქულას იძლევა და ამ მხრივ კოლეგა-ტურნირებში ყველაზე დაბალანაზღაურებადია, მაგრამ ჩვენთვის ახლა ესეც მნიშვნელოვანია, თუმცა ლიდერებს ამის საშუალებაც არ ეძლევათ.

სავარაუდოდ, ისინი "დიდ პრიზებსა" და "დიდ მუზარადებზე" გამოვლენ, სადაც ბევრად მეტი ქულები დაერიცხებათ, თუმცა იქ ბევრად ძლიერი შემადგენლობაც იქნება.

ბაქოს ტურნირზე მსაჯიც გვეყოლება - ძიუდოს ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ნუცუბიძე. ამავე უქმეებზე მინსკში ქალთა მსოფლიოს თასიც ტარდება, თუმცა იქ წარმომადგენელი არ გვეყოლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული