ქართველი ძიუდოისტების ბრინჯაო გასამდა

AutoSharing Option
კეიპტაუნში, ჩვენმა ნაკრებმა ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს პირველობაზე გამოსვლა ბრინჯაოს სამი მედლით დაამთავრა - პირველ დღეს პრიზიორი გიორგი მესაბლიშვილი (55) გახდა, მეორე დღეს - ლაშა შავდათუაშვილი (66), შაბათს კი კვარცხლბეკზე ბექა ღვინიაშვილი (81) ავიდა. იყო შანსი, გუშინდელი ანუ ჩემპიონატის მეოთხე დღეც ბრინჯაოთი დაგვემთავრებინა, მაგრამ მძიმეწონოსანმა ლევან მატიაშვილმა სანუგეშოში ვეღარ იყოჩაღა და მეშვიდეზე დარჩა.

ღვინიაშვილი 26 ოქტომბერს 16 წლის გახდა და ეს წარმატება ამ ფონზე მით უფრო დასაფასებელია, რადგან რამდენიმე წლით უფროსებთან მოუწია პაექრობა. თან დებიუტი ჰქონდა ახალგაზრდებში - აქამდე საერთაშორისო ტურნირიც
კი არ უჭიდავია ამ ასაკში, თუმცა ყოველგვარი ადაპტაციის გარეშე მოიპოვა მედალი. თავის ასაკში სპორტსმენი რაც უნდა წარმატებული იყოს, უფროსებში გადასვლას მუდამ თან ახლავს სირთულეები - გაზრდილი დატვირთვები, აბსოლუტურად უცხო მეტოქეები, უფროსებში - გაზრდილი საჭიდაო დრო, ამ ყველაფერს კი შეჩვევა სჭირდება. თანაც ეს უფრო თვალშისაცემი ჭაბუკებიდან ახალგაზრდებში გადასვლისასაა, ვიდრე - ახალგაზრდებიდან დიდებში.

ჭაბუკებს ჯერ კიდევ ბავშვური აღნაგობა აქვთ, ძვალ-კუნთოვანი სისტემა არაა იმდენად კარგად განვითარებულ-ჩამოყალიბებული, ახალგაზრდებში კი ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია. ყოველ შემთხვევაში, კაცებთან იმდენად დიდი სხვაობა უკვე აღარაა. ერთ წონაში მოასპარეზე ჭაბუკი და ახალგაზრა ფალავანი საერთო ფიზიკური მასით თანაბარნი კი არიან, მაგრამ ძალის, ღონის თვალსაზრისით მათ შორის მაინც საგრძნობი განსხვავებაა.

ამდენი წინააღდეგობის ერთბაშად დაძლევა ასე ერთი ხელის დაკვრით მხოლოდ ტალანტებს შეუძლიათ და ღვინიაშვილიც ასეთია. ის ევროპის ძიუდოს კავშირის ვებ-გვერდმაც ზუსტად ამ სიტყვით მოიხსენია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენებურის წლევანდელ ჩინებულ სეზონს - 16-წლამდელებში გახდა ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, მოიგო ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, თან ეს ყველაფერი გააკეთა სულ რაღაც თვენახევრიან მონაკვეთში და რაც ყველაზე მთავარია - ამ ტურნირებში გამართული 17-ვე შეხვედრა წმინდად მოიგო! ამითაც ცხადია, რომ თავის ასაკში ის მკვეთრად გამორჩეულია, ახლა კი წინ ახალი ასპარეზია, რომელიც არანაკლებ წარმატებას გვპირდება.

ამის თქმის საბაბს კეიპტაუნში მოპოვებული მედალი და ნაჩვენები ჭიდაობის ხარისხი გვაძლევს - ღვინიაშვილი მომავალი ვარსკვლავია. ახლა მთავარია, მან საკუთარი თავი მოთოკოს, არ შეეყაროს "ვარსკვლავური ავადმყოფობა" და თავაუღებლად იმუშაოს, თორემ უამისოდ არაფერი გამოვა.

ღვინიაშვილმა ჩემპიონატი უნგრელების შემუსვრით დაიწყო და დაამთავრა - პირველ შეხვედრაში პეტერ ჰაიმი დაამარცხა წმინდად, ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლაში კი - ევროპის წლევანდელი მესამე პრიზიორი კრიასტიან ტოტი ასევე სუფთად. ფიზიკურად კარგად მომზადებულს წმინდა მოგებები არც ჭაბუკებში უჭირდა და არც - აქ გაძნელებია - 5-დან 4 ბრძოლა მოიგო და ყველა იპონით. ჰაიმის შემდეგ, ვიდრე წააგებდა, ღვინიაშვილმა ძირითადში კორეელი ჯაეჰიუნ ლეე დაამარცხა, სანუგეშოს პირველ წრეში კი მონღოლ ოტგონბაატარ ლჰაგვასურენს დააყრევინა ფარ-ხმალი, რასაც ტოტთან მცირე ფინალში გამარჯვება მოჰყვა.

ჩვენებურმა ერთადერთი შეხვედრა მეოთხედფინალში დათმო ევროპის გერმანელ ვიცე-ჩემპიონ მაქს მუნსტერბერგთან, რომელმაც პირველ წრეში რუს ხასან ხალმურზაევს აუღო რევანში ევროპის პირველობის ფინალში მარცხისთვის და კონტინენტის ჩემპიონი საერთოდ უმედლოდ დატოვა. მართალია, საბოლოოდ გერმანელიც ჯილდოს გარეშე დარჩა, მეხუთეზე გავიდა, თუმცა ურიგო მოჭიდავე ნამდვილად არაა.

სანუგეშოში ღვინიაშვილმა მონღოლს ვაზარ-იუკოთი მოუგო ანუ ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა. ვაზარი შეხვედრის შუაწელში მოიპოვა, როცა ქამარში ჩავლება წარმატებით გამოიყენა, იპონზე კი შეხვედრის მიწურულს დააგდო.

კრისტიან ტოტი ჩვენებურზე ერთი წლით უფროსია და წლეულს თბილისშიც იასპარეზა - ავთანდილ ჭრიკიშვილთან წააგო მეოთხედფინალში, თუმცა ღვინიაშვილმა გასაქანი არ მისცა. ჩვენებური ჭკვიანური ტაქტიკით ეჭიდავებოდა, ახლო დისტანციიდან და მუდმივად აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას, თუმცა ორთაბრძოლის მიწურულს იუკოთი მაინც ჩამორჩა. საბედნიეროდ, არ შედრკა და ანგარიშში მალევე დაწინაურდა - ქამარში ჩავლებით ჩახვეული ფეხით ვაზარზე ჩაჩეხა უნგრელი, ოღონდ მთავარი ამბავი ამის შემდეგ მოხდა, როცა კვლავ ქამარში ჩავლებით ამჯერად გარეფეხით იუკოზე გადაჩეხა მეტოქე და თვითონაც ზედ გადაემხო.

აქ ორივემ მსაჯს გახედა, ალბათ, "მატეს" მოლოდინში, მაგრამ არბიტრმა შეხვედრა არ გააჩერა და ტოტი ტატამზე გადაწვა. ღვინიაშვილიც მთელი სხეულით ზედ გადაეფარა და ცოტა კურიოზული იპონი მიითვალა, მაგრამ დროც იწურებოდა და ისედაც იგებდა.

შაბათ-კვირას მოასპარეზე ქართული ოქტეტიდან მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ მატიაშვილს მიეცა, რომელიც, ეტყობა, ამ წონისთვის ცოტა დაბალიცაა და არც მასა ჰყოფნის. ყოველ შემთხვევაში, ეგვიპტელი მაისარა ელნაგარიც და რუსი ანტონ კრივოკოვიც ამ მხრივ აღემატებოდნენ მას.

მათთან ჩვენებურს გადავლება არ გამოსდიოდა და რაღაც არაეფექტური ჩავლებებით უწევდა დაკმაყოფილება (ეგვიპტელთან მეორე გაფრთხილებაც, ვგონებთ, ამისთვის მისცეს). ვერც ილეთზე წამოღება მოუხერხა ვერც ერთს, რადგან მასზე მძიმეები ტატამიდან ვერ აზიდა.

ასეთ პირობებში გაფრთხილებებზე ჭიდაობა უფრო მისაღები ვარიანტი ჩანდა, თუმცა ამან მხოლოდ აფრიკელთან გაამართლა, რომელიც ორჯერ გააფრთხილებინა, მერე კი კისრულითაც გაშხლართა ტატამზე. ვინძლო, კრივოკოვთანაც მიეღწია წარმატებისთვის, მაგრამ ბოლო წამებზე თავისივე შეცდომით დამარცხდა.

ეს შეხვედრაც წინას ანალოგიურად წარიმართა - ჩვენებური ისევ უშედეგოდ ცდილობდა კისრულზე იმხელა მეტოქის წამოკიდებას, მაგრამ ვერაფერს გახდა. თან საკმაოდაც დაიღალა, რადგან წინა ორთაბრძოლის შემდეგ მალევე მოუწია საჭიდაოდ გასვლა, თუმცა რუსი უფრო მეტად იყო ქანცგაცლილი.

შეხვედრაც მთავრდებოდა, როცა კრივოკოვმა კისრული სცადა, მაგრამ ისიც ჩვეულებრივად უხეიროდ გაისარჯა და ძირს გვერდულად დაეცა, მატიაშვილი კი ზევიდან მოექცა. აი, აქ საჭირო იყო, ჩვენებურს თვითონ დაეწყო შებოჭვისმაგვარი რაღაც, რომ შეტევის იმიტაცია შეექმნა - ამასობაში დროც ამოიწურებოდა, თუ არადა მსაჯი გააჩერებდა შეხვედრას, რადგან იქ შეტევის გამწვავების შანსიც არ იყო. ამის ნაცვლად ჩვენებური გაჩერდა, რუსი კი უბრალოდ, გადაგორდა და მატიაშვილიც გადაიყოლა, რომელიც იუკოს შესაფერისად შეეხო ტატამს.

საწყენია ასეთი წაგება. მით უფრო, ქანცგაცლილი კრივოკოვი, ალბათ, უფრო ანგარიშმიუცემლად გადაგორდა გაქცევის მიზნით, თორემ ის მოძრაობა არც წინასწარგანზრახულ ქმედებას ჰგავდა და არც რაიმეს გამკეთებელი ჩანდა.

დამამშვიდებელში მატიაშვილი ფიზიკური პარამეტრებით იმდენად არ ჩამორჩებოდა მომავალ ბრინჯაოს მედალოსანს, გერმანელ სვენ ჰაინლეს, მაგრამ ქულა ვერც იმას აართვა, კისრულების მცდელობა არც ამჯერად გამოუვიდა. შეხვედრა დამატებითში გაგრძელდა და აი, სწორედ იქ თვითონ გახდა კისრულის მსხვერპლი, როცა მეტოქემ იუკო მიითვალა.

სამწუხაროდ, შაბათ-კვირას მოჭიდავე ჩვენებურებიდან უმეტესობა პირველივე შეხვედრაში დამარცხდა - გიორგი მერმანიშვილმა (90) დანიელ დილან ვან ნუფელთან წააგო, დავით მერაბიშვილმა (100) - ეგვიპტელ მოჰამედ აბდელრახმანთან, გურამ თუშიშვილმა (100) - იტალიელ დომენიკო დე გიუდასთან, უშანგი კოკაურმა (+100) - მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკეში ოჯიტანისთან. შალვა ნინიძემ (81) და გიორგი ქავთარაძემ (90) თითო წრე გაიარეს.

ნინიძემ ინდოელი ავტარ სინგჰხი გაფრთხილებებით მოახსნევინა, მერე კი წმინდად წააგო რუს მომავალ ვიცე-ჩემპიონ ალბერტ კოსტოევთან, რომელიც ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს მედალოსანი და რუსთა ეროვნული ნაკრების ლიდერ აშხაბ კოსტოევის ბიძაშვილია. ქავთარაძემ ავსტრალიელ ბრანდონ ბამინის სუფთად მოუგო, მაგრამ წააგო უკრაინელ მომავალ მესამე პრიზიორ სტანისლავ პეტინსკისთან.

ამათგან ყველაზე გულდასაწყვეტი მერმანიშვილის ასე ნაადრევად წაგება და უსახელო გამოვარდნაა, რადგან ის ნამდვილად ნიჭიერია და შეუძლია წარმატებით ჭიდაობა. ვერც თუშიშვილს დავძრახავთ, რომელიც ჭაბუკებში მსოფლიოს ჩემპიონია, მაგრამ ღვინიაშვილისგან განსხვავებით, უცხოურ ტურნირებში ასპარეზობის გამოცდილება აკლია და აქ მასაც დებიუტი ჰქონდა. თუმცა მის მიმართ ლმობიერების მთავარი მიზეზი ისაა, რომ დე გუიდა ევროპის წლევანდელი ჩემპიონია და კეიპტაუნშიც ფინალი იჭიდავა.

სხვათა შორის, ევროპის ჩემპიონთაგან მხოლოდ მან და რუსმა ხუსეინ ხალმურზაევმა (ეს ზემოხსენებულ ევროპის ჩემპიონ ხასან ხალმურზაევის ძმაა) შეძლეს ფინალში გასვლა, მაგრამ ამჯერად ორივე ვერცხლს დასჯერდა.

მთლიანად ჩემპიონატმა იაპონელთა სრული უპირატესობით ჩაიარა - ბიჭებსა და გოგოებში 16 წონიდან 12-ში გაიმარჯვეს! საინტერესოა, რომ მათ ორი მონაწილე არც ერთ წონაში არ ჰყავდათ! იქაურთა უპირატესობა განსაკუთრებით საგრძნობი გოგოებში იყო, სადაც 8-დან 7 ოქრო მოიპოვეს - მათი ჰეგემონიის დამხობა მხოლოდ ავსტრიელმა ბერნადეტე გრაფმა შეძლო 70-ში, რომელიც წლეულს ევროპის ჩემპიონიც გახდა ანუ დუბლი მიითვალა (ერთადერთმა ევროპელმა ბიჭებშიც და გოგოებშიც), იაპონელები კი ამ წონაში საერთოდ უმედლოდ დარჩნენ.

ცხადია, მათ ვერც გუნდურ პირველობაში გაუწია ვინმემ კონკურენცია - ბიჭებშიც გაიმარჯვეს, გოგოებშიც და საერთოშიც ანუ გაერთიანებულ ჩათვლაში. ბიჭებს შორის გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ნაკრები მეშვიდეზე გავიდა, საერთოში - მეთოთხმეტეზე.

კვარცხლბეკი. ბიჭები.

81 კგ. 1. გოკი მარუიამა (იაპონია), 2. ალბერტ კოსტოევი (რუსეთი), 3. ბექა ღვინიაშვილი (საქართველო), კავამბაი კოვდალი (ყაზახეთი).
90 კგ. 1. კაზბეგ ზანკიშიევი, 2. ხუსეინ ხალმურზაევი (ორივე - რუსეთი), 3. ბენ ფლეტჩერი (ბრიტანეთი), სტანისლავ რეტინსკი (უკრაინა).
100 კგ. 1. ხოსე არმენტეროსი (კუბა), 2. დომენიკო დე გუიდა (იტალია), 3. ტაკუმი ასანუმა (იაპონია), ალიხან ძარმოტოვი (რუსეთი).
+100 კგ. 1. ტაკეში ოჯიტანი (იაპონია), 2. გუჰამ ჩო (კორეა), 3. სვენ ჰაინლე (გერმანია), ანტონ კრივოკოვი (რუსეთი), 7. ლევან მატიაშვილი (საქართველო).

გოგოები.
63 კგ. 1. ჰარუნა ოტა (იაპონია), 2. ჰალიმა მოჰამედ-სეგირი (პოლონეთი), 3. კლარის აგბეგნენო (საფრანგეთი), კატერინა ლიალინა (უკრაინა).
70 კგ. 1. ბერნადეტე გრაფი (ავსტრია), 2. ნარანჯარგალ ცენდ აიუში (მონღოლეთი), 3. რონგ ჩენი (ჩინეთი), ლიზა შნაიდერი (გერმანია).
78 კგ. 1. მამი უმეკი (იაპონია), 2. ჰიუნჯი იოონ (კორეა), 3. ხუუსიე სტეენხუისი (ჰოლანდია), ჯულია ტილმანსი (გერმანია).
+78 კგ. 1. მანამი ინოუე (იაპონია), 2. კაროლინ ვაისი (გერმანია), 3. არა იო (კორეა), ტესიე საველკოულსი (ჰოლანდია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამი ბრინჯაო, აქედან ორი გორის ე. წ. თენაძეების დარბაზისაა. შორს არაა ის დრო, როცა სხირელის გორელების, ანუ თავისუფალი სტილის მოჭიდავეების მსაგავსად ქვეყნის პირველ ნაკრების ნახევარს ამ სახეობაშიც გორის დარბაზელები დააკომპლექტებენ. გაიხარეთ ბიჭებო!
dachi
12:01 07-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული