რეგიონებში ადგილობრივი, თუ საქვეყნო მასშტაბის შეჯიბრებების გამართვისას ჩვენ არა მხოლოდ ტექნიკურ შედეგების, ორგანიზაციული მხარის დადებით ასპექტსა თუ ნაკლოვანებებზეც ყოველთვის ვცდილობთ ყურადღების გამახვილებას.
ამ თვალსაზრისით ბოლო ხანს არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ გორში საკმაოდ ნორმალური ვითარება იყო, თუმცა ჩანს ადგილობრივი ხელისუფლება ცდილობს კიდევ უფრო დაიხვეწოს პროცესები, რაზეც ახლახან მათი მონდომებით "სპორტული ცენტრის" შექმნა მეტყველებს.
"სპორტული ცენტრის" ძირითადი საზრუნავი ადგილზე ჩატარებულ შეჯიბრებათა ორგანიზება იქნება. ამით გორის სპორტული სკოლების ხელმძღვანელებს და იქ მომუშავე სპეციალისტებს მეტი დრო გამოუთავისუფლდებათ შეგირდებთან სამუშაოდ.
აღსანიშნავია, რომ ცენტრის ხელმძღვანელი ოლიმპიური პრიზიორი,
ძიუდოში მოღვაწე გია თენაძე იქნება, რომელიც ყველასთვის და ყოველთვის იყო სიტყვით და საქმით აქტიური მხარდამჭერი და არა მხოლოდ ძიუდოში. გამოცდილება კი დიდი აქვს. შეგახსენებთ, რომ თენაძე 2005-2006 წლებში გორის მუნიციპალიტეტის სპორტული კომიტეტის ხელმძღვანელად მუშაობდა. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ გვერდში დგომით მისებრ გამორჩეულ სხვა ადგილობრივ მოხელეს ძნელად თუ გაიხსენებენ აქაური სპეციალისტები და სპორტსმენები.
დავით ასპანიძის ფოტო
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"