უჩიშიბა სექსუალურ სკანდალში

AutoSharing Option
ორგზის იაპონელი ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოში მასატო უჩიშიბა (66) სექსუალურ სკანდალში გაეხვა, რის გამოც თანამდებობის დათმობაც მოუხდა.

სპორტიდან წასვლის შემდეგ ის კუმამოტოს პრეფექტურის უნივერსიტეტის ქალთა სტუდენტური გუნდის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.

ინციდენტიც ამ ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე მომხდარა. როგორც იაპონური საინფორმაციო საშუალებები წერენ, თურმე უჩიშიბა ერთ-ერთ შეგირდს, რომელიც ჯერ 20 წლისაც არაა, ალკოჰოლური სასმელების მიღებას აძალებდა. იმავე წყაროს ცნობით, ინციდენტის სხვა დეტალები ცნობილი არაა, თუმცა ესეც საკმარისი საბაბი გახდა ოლიმპიური ჩემპიონის სექსუალურ ძალადობაში დასადანაშაულებლად.

შედეგად, მან დატოვა უნივერსიტეტის მთავარი მწვრთნელის თანამდებობა. იაპონური მედია
ასევე წერს, რომ უჩიშიბამ ამ საქციელით "დაადასტურა თავისი არაკვალიფიციურობა ახალ თანამდებობაზე, შელახა დაწესებულების სახელი და იმიჯი". ინციდენტთან დაკავშირებით თავად უჩიშიბამ მხოლოდ ის განაცხადა, რომ სპორტსმენი შეგირდი ალკოჰოლს საკუთარი ნებით სვამდა და მისი მხრიდან არავითარი დაძალება არ ყოფილა.

დღეს უკვე 33 წლის უჩიშიბამ პირველ სერიოზულ წარმატებას ათენის ოლიმპიადაზე მიაღწია, სადაც ფინალში სლოვაკ იოზეფ კრნაჩს მოუგო. ამას მოჰყვა ვერცხლის მედალი მსოფლიოს პირველობაზე 2005 წელს, ქაიროში, სადაც ფინალი ბრაზილიელ ჟოაო ჟუნიორთან დათმო, მერე კი მისი კარიერა დაღმა წავიდა, ვიდრე პეკინის ოლიმპიადა არ მოვიდა. შუალედში იყო ვერცხლის მედლები სხვადასხვა პრესტიჟულ შეჯიბრებებში - კანოს მემორიალზე, "დიდი მუზარადისა" თუ "დიდი პრიზის" შეჯიბრებებზე, იაპონიის პირველობაზე, თუმცა მაშინ პეკინში მისი წასვლაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა.

2008 წელს ის თბილისშიც ჩამოვიდა მსოფლიოს თასზე, მაგრამ გერმანელ ადრიან კულიჩთან დამარცხდა და ადრიანად გავარდა.

ტურნირის შემდეგ, როცა ჟურნალისტებმა ოლიმპიურ პერსპექტივაზე ვკითხეთ, ლამის ატირდა და სასწრაფოდ გაგვეცალა, თუმცა მანამდე გვიპასუხა, ალბათ, ამით ჩემი პეკინში მოხვედრის იმედიც გადაიწურაო. თუმცა უჩიშიბამ დიდი სულიერი სიმტკიცე გამოიჩინა, თბილისიდან პარიზში გადაფრენილმა იქ მაშინდელი მსოფლიოს სუპერთასის ფინალშიც გააღწია და თუმცა კორეელ ჯო-ჯინ კიმთან დამარცხდა, იაპონელთაგან საუკეთესო შედეგი მაინც მან აჩვენა და ოლიმპიური შანსი ისევ დაიბრუნა. არა მხოლოდ დაიბრუნა, გამოიყენა კიდეც - პეკინშიც წავიდა, იქაც წარმატებით იასპარეზა, ნახევარფინალში კუბელი იორდანის არენსიბია დაამარცხა, ფინალში ფრანგ ბენჟამინ დარბელესაც აჯობა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. ის სპორტიდან 2010 წლის ოქტომბერში წავიდა.

სხვათა შორის, მაშინ ანალოგიური გადაწყვეტილება მან და კიდევ ერთმა სახელოვანმა იაპონელმა ძიუდოისტმა, ოღონდ ქალბატონმა, მძიმე წონაში მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მაკი ცუკადამ ერთად გამოაცხადეს. უჩიშიბა დიდხანს არ დარჩენილა უმუშევარი - უკვე იანვარში ზემოაღნიშნული კუმამოტოს პრეფექტურიდან მიიღო შეთავაზება იქაური უნივერსიტეტის გაწვრთნაზე. დათანხმდა კიდეც და მუშაობასაც შეუდგა, თუმცა აგერ, ლამის ერთი წლის თავზე სკანდალურად დაასრულა იქ საქმიანობა. აღიძრა თუ არა მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე, ამაზე იაპონურ წყაროებში არაფერი წერია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული