ირაკლი ცირეკიძეს იაპონური ბრინჯაო

AutoSharing Option
მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს (100) ტოკიო ცუდად დაებედა - მსოფლიოს შარშანდელი პირველობის მსგავსად, კარგად დაწყებული საქმის ბოლომდე წარმატებით დაბოლოება და პრინციპულ შეხვედრაში საჭიდაოდ გასვლა თურმე არც ამჯერად ეწერა.

მაშინ ეს თუ მესამე წრეში კუბელ ორეიდის დესპაინთან შეხვედრისას მოხდა, ახლა ნახევარფინალში რუს სერგეი სამოილოვიჩს არ გამოუცხადდა და უბრძოლველად დაუთმო ფინალის საგზური, თვითონ კი ბრინჯაოს დასჯერდა. დარწმუნებული ვარ, მისმა გამოუცხადებლობამ ბევრს ძველი ამბავი გაახსენა, თუმცა ამ შემთხვევაში მიზეზი არა მაშინდელივით გაუგებრობა, არამედ ნეკნის ტრავმა ყოფილა, რომელიც ჩვენებურს მეორე წრეში იაპონელ
ტაცუკი მასუბუშისთან შეხვედრაში მიუღია.

ამის შემდეგ ცირეკიძემ კიდევ ერთი შეხვედრა მოიგო - უზბეკ რამზიდინ საიდოვთან, რომელთანაც გამაყუჩებლებით უჭიდავია. ქომაგს კი არა, თურმე მისი ტრავმისა ძიუდოს ფედერაციაშიც არ სჯეროდათ და კატეგორიულად სთხოვდნენ ჭიდაობას, მაგრამ დაშავებული რომ იყო, დაჯილდოების დროსაც, კვარცხლბეკზე ასვლა-ჩამოსვლისას ნამდვილად ეტყობოდა.

სამედიცინო ჟარგონზე რომ ვთქვათ, ნეკნი ნეკნზეა "გადამჯდარი", თუმცა რამდენად სერიოზულია, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. ცირეკიძეს გუშინვე გამოიკვლევდნენ ტოკიოში, ოღონდ საბოლოო შედეგები ფედერაციაში არ იცოდნენ, ისე კი თავად სპორტსმენს მათთან საუბარში იმედი გამოუთქვამს, რომ ერთ კვირაში გასამართ ჩინეთის "დიდ პრიზამდე" გამოჯანმრთელდება და იქაც იჭიდავებს.

ცირეკიძემ ახლა ტოკიოში ბრინჯაოს მედალთან ერთად 1500-დოლარიანი პრემია და 120 ქულა მიიღო, რამაც რეიტინგში დიდად ახეირა.

მათემატიკური ძიუდო
ტრავმა რომ არა, სხვა მხრივ ცირეკიძემ მშვენივრად იასპარეზა. რაც მთავარია, ისეთი შედეგს მიაღწია, ამ წონაში აქამდეც მძაფრი შიდა სანაკრებო კონკურენცია კიდევ უფრო დაძაბა - 14 დეკემბრიდან ლომერ ჟორჟოლიანსაც გადაუსწრებს, მანამდე კი საერთაშორისო რეიტინგში ტოპ-16-ში შევიდა. ამით 16-18 იანვარს ალმატიში მასტერსის სერიის ტურნირზე გამოსვლის შანსიც მიიღო, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ მომავალ უქმეებზე ჩინეთში გაირკვევა თუ ქინგდაოში "დიდ პრიზზეც" წარმატებით იჭიდავებს (გამოვა საერთოდ?!). ახლა კი იმის თაობაზე, რატომ გადაუსწრებს ჟორჟოლიანს 14 დეკემბრიდან და არა დღესვე.

საქმე ისაა, რომ დრო ჟორჟოლიანის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რომელსაც სულ მალე ლიცენზიების განაწილების წესი აზარალებს - 14-დან რეიტინგში გაუნულდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეჯიბრების, 2009 წელს გამართული კანოს მემორიალის შედეგი, რადგან იმ დღიდან ის უკვე სამი წლით ადრე გამართული გამოვა, ორ წელიწადზე ადრინდელები კი ნულდება.

ტოკიოში მოპოვებული 120 მას უკვე გაუნახევრდა, 14 დეკემბრიდან კი, ანუ ჩინურ შეჯიბრებამდე ორი დღით ადრე, საერთოდ გაუნულდება. მოგვწონს თუ არა ეს წესი, უნდა დავემორჩილოთ. მით უფრო, ჟორჟოლიანი არათუ გამონაკლისია, ზოგიერთს ერთბაშად ორი შეჯიბრების შედეგი უუქმდება. მაგალითად, კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ ჰე-ტაე ჰვანგს 200 ქულა აკლდება. ასევე ორი შედეგი ჩამოეწერება ჩეხ ლუკაშ კრპალეკსაც, თუმცა კორეელთან შედარებით მას ცოტა ქულები აქვს და დიდად არ დაქვეითდება.

ამდენად, ჟორჟოლიანს 14 დეკემბრამდე რეიტინგში ისევ 620 ქულა ექნება, თუმცა მერე 60 გამოაკლდება, სანაცვლოდ კი 18 დაემატება (საკონკურსოდ დარჩენილთაგან საუკეთესოს განახევრებული ვარიანტი მეტი არაა) და 578 ქულა გაუხდება, ცირეკიძეს კი ახლა მოპოვებული 120 ქულით მონაგარი 598-მდე გაეზრდება.

მან წლეულს სულ ოთხ სალიცენზიო ტურნირში იჭიდავა. აქედან მსოფლიოზე მოპოვებული ბრინჯაოსთვის 200, ევროპული ბრინჯაოსთვის კი 72 ქულა მიიღო, რასაც ორჯერ 24-24-იც დაუმატა. მისი მდგომარეობა უკეთესი იმითაცაა, რომ რომელიმე შედეგის განულება არ ემუქრება - ყველაზე ბოლოს სალიცენზიო შეჯიბრებაში შარშან მაისში გამოვიდა რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზე".

მოკლედ, უკვე ორივე ჩვენებური მყარად დამკვიდრდა ამ წონის სალიცენზიო რეიტინგის სანუკვარ 22-კაციან ზონაში, რაც ლონდონის ოლიმპიადის საგზურს ავტომატურად იძლევა, მაგრამ ცირეკიძემ თუ გაიუმჯობესა მდგომარეობა, ახლა ჟორჟოლიანი გაგვიხდა სადარდებელი. მართალია, მას სალიცენზიო 22 კაციდან გავარდნა არ ემუქრება, მაგრამ 16-ეულში დარჩენა კი გაუხდება საბრძოლველი.

14 დეკემბრიდან ის ზუსტად მე-16 იქნება, ხოლო ოლიმპიურში მე-14-ზე გადაინაცვლებს. თუმცა ამჯერად ჩვენთვის საინტერესო არა ოლიმპიური რეიტინგი, არამედ 16-ეულში დარჩენა და მასტერსზე გამოსვლაა. ახლა ჟორჟოლიანის ბედი მისსავე ხელში და ჩინურ ტურნირზე წარმატებით გამოსვლაშია.

ცირეკიძემ რეიტინგში დიდი ნახტომი გააკეთა - საერთაშორისოში ახლა მე-15-ეა, მაგრამ 14 დეკემბრიდან ჟორჟოლიანის ადგილს დაიკავებს. ოლიმპიურ ჩამონათვალშიც მას გაუცვლის ადგილს და მე-12 გახდება.

ცირეკიძის ფენომენი

ცირეკიძე სამოილოვიჩს აქამდე ორჯერ შეხვედრია და ორივეჯერ დაუმარცხებია - შარშან ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე მოუგო.

ტრავმა რომ არა, ვფიქრობთ, მისი დამარცხება არც ახლა გაუჭირდებოდა იმის მიუხედავად, რომ რუსი ჩემპიონი გახდა. ჩვენებურმა ტურნირი ჩვეულად ძლიერად დაიწყო და ზედიზედ ორი იპონი მიითვალა - არგენტინელ კრისტიან შმიდტთან და ზემოხსენებულ მასუბუჩისთან, სადაც ნეკნიც იტკინა. როგორც გითხარით, საიდოვთან გამაყუჩებლის ზემოქმედებით იჭიდავა და ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ, რომ ილეთი ვერ გააკეთა და მსაჯთა გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.

ფიზიკურად საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, ხოლო ტაქტიკური ჭიდაობა არასოდეს უჭირდა. მოგებებსაც ამის ხარჯზე მიაღწია, მაგრამ ტრავმამ მეტის საშუალება არ მისცა. ბედის მუხთლობა რომ არა, ვინ იცის, იქნებ ნავსიც გაეტეხა და ქართველთაგან პირველს გაემარჯვა კანოს ტურნირზე, როგორც მსოფლიო და ოლიმპიადა მოიგო ჩვენებურთაგან პირველმა. ამის მიუხედავად, მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ განსაკუთრებული ფენომენია და ლამის მწვრთნელის გარეშეც შეუძლია წარმატების მოპოვება. დაამტკიცა ისიც, რომ 100 კილოგრამშიც ფავორიტი იქნება, როგორც 90-ში იყო.

სამოილოვიჩი რეიტინგში აქამდე მეხუთე იყო, თუმცა, ალბათ, მის გამარჯვებას არავინ ელოდა, ლიდერებად უფრო ცირეკიძე, ჰვანგი და იაპონელი მსოფლიოს ჩემპიონი, რეიტინგის ლიდერი ტაკამასა ანაი იყვნენ. ჰვანგი და ანაი მეორე ნახევარფინალში შეხვდნენ ერთმანეთს და კორეელმა ვაზარით დამაჯერებლად იმარჯვა. ის თითქოს არ იყო საუკეთესო ფორმაში, თითქოს მოძრაობა უჭირდა, მაგრამ მონღოლ ოლიმპიურ ჩემპიონ ნაიდან ტუვშინბაიარის მომგები ანაი კიდევ უფრო მოშლილი ჩანდა. შეგახსენებთ, რომ მათ შარშანაც დიდი ომი გააჩაღეს ერთმანეთში - კანოზე ჰვანგმა ფინალში საკუთარი მაყურებლის თვალწინ დაამარცხა იაპონელი, რომელმაც რევანში მასტერსის ფინალში აუღო.

ჰვანგი ამჯერადაც იგებდა ფინალს სამოილოვიჩთან - ვაზარ-იუკოთი, მაგრამ დამთავრებამდე 11 წამით ადრე ფეხში ხელით შევიდა, რისთვისაც მოხსნეს. იმ მომენტში კორეელმა ფეხის გარედან გამოდება სცადა, თუმცა არ გამოუვიდა. გამეორებაზე კარგად არ ჩანდა ის ეპიზოდი, საერთოდ გამოსდო ფეხი თუ ააცილა, მაგრამ, ეტყობა, ეს შეტევის დასაწყისად მიიჩნია და ფეხშიც ამიტომ შეუვარდა, მაგრამ მსაჯებმა სხვანაირად განსაჯეს.

ალბათ, მათ ის ფანდი ცრუ-შეტევად მიიჩნიეს, რითაც რუსს ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს - წაგებული შეხვედრა მოაგებინეს. ამით სამოილოვიჩმა მსოფლიოს წლევანდელ ჩემპიონ თანაგუნდელ ტაგირ ხაიბულაევსაც გადაუსწრო რეიტინგში.

ახლა წინ ჩინეთის "დიდი პრიზია", რომელიც მომავალ უქმეებზე ჩინეთში გაიმართება. იქ ჩვენგან მხოლოდ ცირეკიძე და ჟორჟოლიანი იასპარეზებენ.

კვარცხლბეკი. ვაჟები.
73 კგ. 1. ჰიორიუკი აკიმოტო (იაპონია), 2. მანსურ ისაევი (რუსეთი), 3. რიკი ნაკაია (იაპონია), დირკ ვან ტიხელტი (ბელგია).
81 კგ. 1. ტომოჰირო ტავაკამი (იაპონია), 2. ლეანდრო გილეირო (ბრაზილია), 3. სვენ მარეში (გერმანია), კეიტა ნაგაშიმა (იაპონია).
90 კგ. 1. მასაში ნიშიამა (იაპონია), 2. ეშლი გონსალესი (კუბა), 3. კიუ-ვონ ლეე (კორეა), კირილ ვოპროსოვი (რუსეთი).
100 კგ. 1. სერგეი სამოილოვიჩი (რუსეთი), 2. ჰე ტაე ჰვანგი (კორეა), 3. ირაკლი ცირეკიძე (საქართველო), ტაკამასა ანაი (იაპონია).
+100 კგ. 1. ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი), 2. გუჰამ ჩო (კორეა), 3. რაფაელ სილვა (ბრაზილია), აბდულო ტანგრიევი (უზბეკეთი).

ქალები.
57 კგ. 1. კაორი მაცუმოტო, 2. აიკო სატო, 3. ანზუ იამამოტო (სამივე - იაპონია), რაფაელა სილვა (ბრაზილია).
63 კგ. 1. ურსკა ზოლნირი (სლოვენია), 2. იოში უენო, 3. მიკი ტანაკა (ორივე - იაპონია), ელიზაბეტ ვილბოდერსი (ჰოლანდია).
70 კგ. 1. ტომოე უენო (იაპონია), 2. სესილია ბლანკო (ესპანეთი), 3. კატარინა კლიში (პოლონეთი), ჰარუკა ტაჩიმოტო (იაპონია).
78 კგ. 1. აკარი ოგატა (იაპონია), 2. კაილა ჰარისონი (აშშ), 3. მაირა აგუიარი (ბრაზილია), ჰაიდე ვოლერტი (გერმანია).
+78 კგ. 1. მიკა სუგიმოტო, 2. მეგუმი ტაჩიმოტო (ორივე - იაპონია), 3. ნა-იოუნგ კიმი (კორეა), ლუსია პოლავდერი (სლოვენია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
სამწუხაროდ,ცირეკიძე ერთადართი სერიოზული დონის ძიუდოისტია ჩვენს ნაკრებში და ამას რომ ცოტა ხელი სეუწყონ,მეორე ოლიმპიურ ოქროს შემთხვევით თუ დაკარგავს.მაგრამ საქართველოში ისე,როგორც სხვა Yველაფერი,ძიუდოც ან დილეტანტების,ან ნაკლებკომპეტენტური,მაგრამ ნაცების მხარდამჭერთა ხელშია.ეტყობა კიდეც მათი მზრუნველი ხელი ყველაფერს.
gerchi
21:07 12-12-2011
0
ერთადერთი ქართველი რომელმაც კანოს ტურნირი მოიგო არის დავით ბოდაველი ასე რომ მკითხველი შეცდომაში ნუ შეგყავთ
giorgi
16:57 12-12-2011
0

სიახლეები პოპულარული