ოლიმპიადა: წყალგამყოფი ქართულ ძიუდოში

AutoSharing Option
ხუთშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ თოქ-შოუ "არენაში" საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა გია ნაცვლიშვილმა სპორტულ მედიასთან შეხვედრისას ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების ავსტრიელ მთავარ მწვრთნელ პეტერ ზაიზენბახერს კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული და არა ლონდონის ოლიმპიადის დასრულებამდე, როგორც აქამდე გვიმტკიცებდა ძიუდოს ფედერაცია.

ნაცვლიშვილმა იქვე დაამატა, რომ ავსტრიელთან თანამშრომლობა ლონდონის ოლიმპიადამდე ახალი ხელშეკრულებით გაგრძელდება, თუმცა შედეგის მიუხედავად, ოლიმპიადის დამთავრებისთანავე ის პოსტს დატოვებს და ჩვენს გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება.

შიშს დიდი თვალები აქვს...
შეგახსენებთ, რომ ზაიზენბახერს კონტრაქტი ივნისში გაუფორმეს, როგორც
ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიალზე გვითხრეს, მართლაც - წლის ბოლომდე, თუმცა განმსაზღვრელი მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგი იქნებოდა.

ამის მიუხედავად, ზედ პარიზში წასვლის წინ ფედერაციამ სატყუარა შემოაგდო და განაცხადა, რომ ზაიზენბახერთან კონტრაქტი ოლიმპიადამდე დადეს და მსოფლიოს შემდეგ ის თავის პოსტზე მუშაობას გააგრძელებდა. ეს რომ სიმართლეს არ შეეფერებოდა და ფედერაცია კონტრაქტით მანიპულირებდა, დაახლოებით ჩემთვისაც იყო ცნობილი და ფედერაციის ზოგიერთი ვიცე-პრეზიდენტისთვისაც, თუმცა ფედერაცია კონტრაქტის მუხლების გახმაურებაზე უარს ამბობდა.

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სიმართლეს იმიტომ მალავდნენ, რომ ახალი არეულობის ეშინოდათ - ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში მთავარმწვრთნელობის სურვილს ქართველებიც გამოთქვამდნენ, რაც ადრინდელ დაჯგუფებებს შორის შეხლა-შემოხლას გამოიწვევდა. მათ მოსალოდნელი არეულობის თავიდან აცილება ზაიზენბახერის ფაქტორით სცადეს, თუმცა საკითხავია, რამდენად სამართლიანად. ვფიქრობთ, ეს ფედერაციის სისუსტეზე უფრო მიუთითებს, რადგან მსგავსი საშიშროება ყოველთვის იარსებებს, მის ასაცილებლად კი მუდმივად არც ზაიზენბახერი გვეყოლება და ვერც უცხოელებს მოვიწვევთ.

ფედერაციამ ერთხელ უკვე დაუშვა დიდი შეცდომა, როცა ვერ აღკვეთა შიდა არეულობა (მეტიც - ბევრი ფაქტი მიანიშნებს, რომ წაახალისა კიდეც ის არეულობა), რის შედეგსაც დღემდე, რამდენიმე წლის შემდეგაც კი ვიმკით და დროა, ახლა მაინც დადგეს თავის სიმაღლეზე. თუ ფედერაცია სწორად შეარჩევს კანდიდატურას და მიზანსაც სწორად დაუსახავს, მაშინ არავის აქვს უფლება, საერთო ინტერესზე მაღლა პიროვნული დააყენოს - ასეთების ასალაგმავად მრავალი მეთოდი არსებობს და ფედერაციამ წესრიგის დასამყარებლად ნაწილი მაინც უნდა გამოიყენოს. წინააღმდეგ შემთხვევაში "მცოცავი ქაოსი" ნებისმიერ სეზონში გარანტირებულია, ფედერაცია კი მუდმივად ხელფეხშეკრული იქნება.

რას უნდა ველოდოთ ზაიზენბახერისგან საოლიმპიადოდ?
იმავე თოქ-შოუში ნაცვლიშვილმა უარყო ჩემი მოსაზრება იმის შესახებ, რომ ზაიზენბახერი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ მარიუს ვიზერის პროტეჟეა, თუმცა მოგვიანებით დაადასტურა, რომ ავსტრიელის კანდიდატურა მართლაც განიხილეს ვიზერთან. მეტიც - ვიზერის რჩევაც ყოფილა, თუ ახალ წესებთან ადაპტაცია გინდათ, ეს კაცი წაიყვანეთო.

მეც ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს იმის სათქმელად (მათ შორის, ისეთი ხალხისგან, ვისაც საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის საქართველოში ბოლო სტუმრობისას მასთან უშუალოდ ჰქონდა ურთიერთობა), რომ აქ მართლაც ვიზერის მხრიდან პროტეჟეობაზეა ლაპარაკი და არა უბრალოდ კონსულტაციების გაწევაზე. ახლა ჩემთვის გასაგებია, მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნების შემდეგ რატომ არ შეფასდა ზაიზენბახერის მუშაობა უფრო კრიტიკულად, რატომ ახსენებდნენ მაშინ ისე ხშირად ვიზერის სახელს და რატომ ამბობდნენ, მასთან საქმე არ უნდა გავიფუჭოთო.

ასევე გასაგებია, თავის დროზე რატომ გაქრა ასპარეზიდან მავანი კორეელი მწვრთნელის კანდიდატურა, რომელთანაც ლამის შეთანხმებულები იყვნენ (ყოველ შემთხვევაში, ქართული ძიუდოს ოჯახში მაშინ ისე იცოდნენ, რომ კორეელი მოჰყავდათ), ხოლო ზემოთქმულიდან გამომდინარე ისიც ცხადია, რატომ არ შეცვალეს ავსტრიელი.

თუმცა საკითხავია, რას უნდა ველოდოთ ზაიზენბახერისგან საოლიმპიადოდ? რაც დღემდე ვნახეთ, ალბათ, წარმატების დიდი იმედი არ უნდა გვქონდეს, მაგრამ მთავარი უბედურება ისაა, რომ უკვე აღარც ცვლილებების დროა - ოლიმპიადამდე რვა თვე დარჩა ანუ ცაიტნოტში ვართ, ამ დროს კი ძალზე საეჭვოა, ვინმე დათანხმდეს გაფუჭებული საქმის გადაბარებას, მაგრამ რომც მოიძებნოს ასეთი კაცი, მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.

ბუნებრივია, ფედერაცია ჩემს პათოსს არ დაეთანხმება, მაგრამ, ვგონებთ, მედიასაც და ქომაგსაც გვაქვს სრული უფლება, ეჭვი შევიტანოთ იმ მწვრთნელის პროფესიონალიზმში, რომელსაც სპორტსმენთა პიკში მიყვანის მომენტი გამოეპარა. ან რა პიკზეა ლაპარაკი, როცა მსოფლიოს პირველობამდე თვენახევრით ადრე, როცა ყველა ნაკრები ცდილობს, სადმე დაბანაკდეს და მშვიდად, წყნარად მოემზადოს უმთავრესი შეჯიბრებისთვის, ამან გუნდი ბედუინებივით არბენინა ევრაზიის კონტინენტის ერთი თავიდან მეორე ბოლომდე, ტოკიოდან პარიზამდე. თან ლამის შეუჩერებლად ტვირთავდა შტანგებზე სრულძალოვანი ვარჯიშით.

წარსული ჯანდაბას, მაგრამ უცნაური ექსპერიმენტები დღესაც რომ გრძელდება?! ამის მაგალითად იაპონიაში ახლა შეკრებაზე ხუთი კაცის წაყვანა მიგვაჩნია - საინტერესოა, თუ ეს საბაზო შეკრებაა, სხვებს არ სჭირდებათ ის? საგულისხმოა, რომ იმ ხუთეულიდან ორმა ტრავმა მიიღო და ნაადრევად დაბრუნდა თბილისში. ტრავმისგან დაზღვეული არავინაა, მაგრამ ხუთ კაცში ორის დაშავებაც საკმაოზე მაღალი პროცენტია და ეს გაზრდილი დატვირთვების ბრალი ხომ არაა?

ვიმეორებთ - იქნებ აქ ზაიზენბახერის სავარჯიშო სისტემა არაფერ შუაშია, მაგრამ, როცა დატვირთვების სიმძიმე მუდამ კამათის საგანია, ეჭვი თავისთავად ჩნდება.

შექმნილ ვითარებაში საოლიმპიადოდ ერთადერთ იმედს ის გვაძლევს, მწვრთნელი თავის სავარჯიშო სისტემაში კორექტივებს თუ შეიტანს და ცოტ-ცოტას ახალ სამწვრთნელო შტაბსაც დაუჯერებს, თორემ მას სპორტსმენებთან კონტაქტის პრობლემაც შეექმნა.

ფედერაცია გვპირდება, რომ ამას უკვე აკეთებს, მაგრამ რამდენად სანდოა ეს ინფორმაცია? ზაიზენბახერის ხისტი ხასიათიდან გამომდინარე, ცოტა გვეეჭვება, ვინმეს დაუჯეროს.

"დავარდნილი ცხენის" პრინციპით?
საერთოდ, ფედერაციის მხრიდან ყველაზე სწორი იქნებოდა, მსოფლიოს პირველობის შემდეგ მოეწვიათ პრესკონფერენცია და პუნქტებად ჩამოეყალიბებინათ, რას ან ვის მიიჩნევდნენ მარცხის მიზეზად, რისი გამოსწორება დაავალეს მწვრთნელს მომავალში იმავე შედეგის თავიდან ასაცილებლად. ამაზე მათგან პასუხები მეტ-ნაკლებად კი მივიღეთ, ოღონდ თუ ჩავეძიებოდით, ჩვენ კი ოფიციალურად დადასტურებული გვაინტერესებდა - პრესკონფერენციაზე ამ საკითხების დასახელება ფაქტობრივი დოკუმენტი იქნებოდა.

ანუ დაახლოებით ისეთ ნაბიჯს ველოდით, რაც რაგბის კავშირმა გადადგა - მათ ილაპარაკეს მიზეზებზეც, ძველ მწვრთნელს გაკეთებულისთვის მადლობაც გადაუხადეს, მაგრამ ისიც უთხრეს, რომ უკვე უფრო მაღალ მიზნებზე ფიქრობდნენ და შესაბამისად, მწვრთნელიც უფრო მაღალი კვალიფიკაციისა სჭირდებოდათ. მათ არც მარცხის გამართლება დაუწყიათ და არც რიჩი დიქსონს მოქცევიან უმადურად - ჩააბარეს ის საქმე, რაც ნაკრების გაწვრთნაზე უფრო უკეთ იცის. მათ დემოკრატიული მართვის მასტერკლასი ჩაუტარეს სხვა ქართულ ფედერაციებს, უპირველესად კი - ძიუდოსას.

პროცესები, რაც უფრო გამჭირვალე იქნება, მით უკეთესი საქმისთვის. გამჭვირვალობა დემოკრატიული მართვის საძირკველი უნდა იყოს და არა საფარველი, ხოლო დემოკრატიული სისტემა ნებისმიერ სფეროში განვითარების უმთავრესი წინაპირობაა - უამისოდ პროგრესი და თანამედროვე სისტემა არ აეწყობა. ძიუდოისტები კი ამბობენ, რომ ზაიზენბახერს ელაპარაკნენ და განიხილეს ყველაფერი, მაგრამ სადაა გარანტია, რომ ან მართლაც ყველაფერი განიხილეს, ან ჩვენ, საზოგადოებას სიმართლეს გვეუბნებიან?

ფედერაცია მსოფლიოს ჩემპიონატამდეც ბევრჯერ ელაპარაკა ზაიზენბახერს და მთლად "ოქროს მთებს" თუ არა, ბევრად უკეთეს რეალობას გვპირდებოდნენ, თუმცა სრულიად განსხვავებული რეალობა მივიღეთ. ახლა სრული უფლება გვაქვს, მათ საუბარს დახურულ კარს მიღმა გარიგება ვუწოდოთ, რადგან არც ამჯერად ვიცით სიმართლე, პრესკონფერენციაზე ღიად ლაპარაკი კი ამ კითხვებსაც მოსპობდა და ვერც ასეთ დასკვნას გავაკეთებდით.

ახლა ფედერაცია "ორსახა იანუსს" დაემსგავსა - ერთი მხრივ, მართლაც საჭირო რეფორმები ბავშვთა ძიუდოს განვითარების, მწვრთნელთა გადამზადების თუ ბევრი სხვა კუთხით, მაგრამ მეორე მხრივ, ეროვნულ ნაკრებში შექმნილი კრიზისი, რომლის დაძლევის გარეშეც ყველა რეფორმა განწირულია.

მწვრთნელი რომ თავის საქმეში დამოუკიდებელი უნდა იყოს, ამაზე დავას არც ვაპირებთ, მაგრამ ზაიზენბახერის სავარჯიშო პროგრამა თავიდანვე დასაშვებზე მეტ კითხვას იწვევდა, ასეთ დროს კი ეს გეგმა ბევრად უფრო ვრცელი განხილვის საგანი უნდა გამხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, ავსტრიელისთვის სრული კარტ-ბლანშის მიცემა მთლად გამართლებული არ დარჩა, ხოლო ვინც შემოგვედავება, მაშინ აგვიხსნას, რატომ ექცათ ეს გეგმა სპორტსმენებს "პროკრუსტეს სარეცელად", რომლის არსიც მარტივია, მაგრამ ულმობელი - ვინც მის ზომებს ვერ ერგება, უნდა მოიკვეთოს! არადა, ფედერაცია ზუსტად ასე ეუბნებოდა ძიუდოისტებს, ამ გეგმით ვარჯიშს ვინც გაუძლებს, ხომ კარგი, ვინც - ვერა, სადაც დაეცემა, იქ დავტოვებთ და უიმისოდ წავალთ ოლიმპიადისკენო.

რატომ ვექცევით ბიჭებს ასე "დავარდნილი ცხენის" პრინციპით? ქანცგაწყვეტილ ცხენებს ხომ კლავენ და ეს განცხადებაც ასეთად მიგვაჩნია. ნუთუ არ შეიძლება ამ დატვირთვების იმგვარად გადანაწილება, სპორტსმენები არ დაზარალდნენ და შეძლონ ძალების მობილიზება. ან დაცემულებს მართლაც რომ გადავაბიჯოთ, ვისი იმედით მივდივართ ოლიმპიადაზე, როცა წონების უმეტეს ლიდერებთან მისაუბრია და ისინი უკმაყოფილონი იყვნენ არსებული დატვირთვით?

ღმერთმა ქნას, მართლაც სიმართლეს შეეფერებოდეს სიტყვები დატვირთვების შემცირებისა და ახლებური სისტემის შესახებ, თორემ არსებული რეალობით ოლიმპიადაზე სულ მთლად უშანსოდ წავალთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
2სიგლახეს შორის საერთოდ უკეთესს ირჩევენ ხოლმე-ზაიზენბახერის მოყვანით ჩვენ მე მგონი უარესი ავირჩიეთ.ვნახოთ,მოვა ოლიმპიადა,მაგრამ პასუხიმგებელი არავინ იქნება-წარუმატებლობის შემთხვევაში.ატლანატაში-ხახალეიშვილის კურიოზის გამო არავინ აგო პასუხი.ნაცვლიშვილიც ეგრე გადარჩება.
mimino
22:00 17-12-2011
0
მთლიანად ვუყურე მაგ გადაცემას. გამოდის, რომ ნაცვლიშვილია ყველაფრის უფროსი და ფორმალურად არსებობენ ფედერაციები. იმდენად უსუსური იყო მისი მტკიცება, რომ რაღაცა შეიძლება შეიცვალოს და ამიტომ ასე გავაკეთეთო არადამაჯერებელია. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ამ მწვრთელის მოყვანით 3 სპორტსმენი(პაპინაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკაშვილი) აზრზე მოვიდნენ რა არის თანამედროვე ძიუდოო. ჩემი აზრით სეოკის თავმჯდომარე უფრო გლობალური საკითხებით უნდა იყოს დაკავებული. უკვე ლოზუნგი უკეთ ვიდრე პეკინში თურმე მოიხსნა დღის წესრიგიდან, იმიტომ რომ პეკინის წარმატებები ომმა გამოიწვია. ღმერთმა ნუ ქნას მედლებისთვის კიდევ რაღაც უბედურება გახდეს საჭირო
თემური
13:35 17-12-2011
0

სიახლეები პოპულარული