ლომერ ჟორჟოლიანის ჩინური გაელვება

AutoSharing Option
ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ლომერ ჟორჟოლიანმა (100) ჩინეთში კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი საოლიმპიადო ამბიციების რეალურობა - ქინგდაოში დამთავრებულ "დიდ პრიზზე" ფინალში გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა, რითაც სალიცენზიო რეიტინგში 120 ქულა მიიღო და პოზიციაც გაიმყარა.

თან ოლიმპიურსა და მსოფლიოს ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძესაც გადაუსწრო და მასთან კონკურენციაში ადრინდელი სტატუს-კვო აღადგინა. თავად ცირეკიძემ ერთი წრე გაიარა და მარაგი 24 ქულით გაიმდიდრა, რითაც 16 საუკეთესოში ადგილიც შეინარჩუნა და 14-15 იანვარს ალმატიში მასტერსზე გამოსვლაც გაინაღდა, როგორც - ჟორჟოლიანმა.

ამდენად, ჩინეთის ტურნირმა წონის მთავარი შიდა სანაკრებო ინტრიგა
ვერც ამჯერად გადაჭრა - დაძაბული კონკურენცია კვლავაც გაგრძელდა, თუმცა ეს მისასალმებელია და საოლიმპიადოდ მისი შენარჩუნება, შეიძლება ბოლო წუთებამდე ვისურვოთ. ამ დაძაბულ კონკურენციას დიდი შედეგი უკვე მოაქვს, რაც ლონდონში წარმატების წინაპირობაა.

ჟორჟოლიანმა ფინალამდე პირველი სამი შეხვედრა იპონით მოიგო - ამერიკელ შინტარო ჰიგაჩისთან, ფრანგ სირილ მარესთან და უზბეკ უტკურ ყურბანოვთან.

ამით ნახევარფინალში გავიდა, სადაც უკრაინელ არტემ ბლოშენკოს ვაზარ-იუკოთი სძლია, ფინალში კი კორეელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ჰე-ტაე ჰვანგთან ვაზარით დამარცხდა.

ჟორჟოლიანი ამერიკელს პირველად შეხვდა, მარესთან კი მეშვიდე ორთაბრძოლა გამართა და მეექვსედ იმარჯვა. ფრანგთან ის ერთადერთი პაექრობაც არა რომელიმე პირველხარისხოვან შეჯიბრებაზე, არამედ შედარებით ნაკლებად პრესტიჟულ გუნდურ პირველობაზე წააგო, თუმცა კი ევროპის ჩემპიონატის ფინალში.

ოღონდ სტატუსის მიუხედავად იმ ტურნირს მაინც ვერ შევადარებთ ინდივიდუალურებს, რომლებსაც გუნდურები თავისი არსით ბევრად ჩამორჩებიან - ფორმის პიკს სპორტსმენები პირადი შეჯიბრებისთვის აღწევენ, ის ასპარეზობა კი სულაც მსოფლიოს შემდეგ ჩატარდა, ანუ დასვენების პერიოდში.

თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ის წაგებული შეხვედრა კონკრეტულ მომენტში ძალიან პრინციპული ორთაბრძოლა იყო - ფრანგებს ფინალის გადარჩენის შანსი მიეცათ, თუმცა ლაშა გუჯეჯიანმა საბოლოო გამარჯვება მოგვიტანა. იმ ერთი შემთხვევის გარდა, ჟორჟოლიანი ფრანგს ყოველთვის იოლად უგებდა და არც ახლა გასჭირვებია გამარჯვება - სულ რაღაც 2 წუთში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ წლეულს ეს მათი მეორე შერკინება იყო - ჩვენებურმა ევროპის ჩემპიონატზეც აჯობა.

ჟორჟოლიანს მომდევნო მეტოქის - უზბეკი ყურბანოვის დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირვებია, რითაც რევანშიც აუღო მსოფლიოს შარშანდელ პირველობაზე განცდილი წაგებისთვის. ისინი ერთმანეთს მეტად არ შეხვედრიან.

სამწუხაროდ, ჩინეთიდან ძალიან ცუდი ხარისხის პირდაპირი რეპორტაჟი იყო და პაექრობებისთვის თვალის სრულად მიდევნება ჭირდა, მაგრამ ამ კონკრეტულ შეხვედრაში რისი დანახვაც მოვასწარი (საიტის მორიგ გაჭედვამდე), ჩვენებურმა შებოჭა ის. ერთი წრით ადრე უზბეკმა ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში დაამარცხა, რითაც კარგი სამსახური გაუწია ჟორჟოლიანს - უხერხული მეტოქე ჩამოაშორა.

ჩვენებურისა და ბლოშენკოს ურთიერთობა აქამდე ორ ტურნირს ითვლიდა - 2004 წელს ჟორჟოლიანმა მსოფლიოს ახალგაზრდულ პირველობაზე დაამარცხა ის, თუმცა უკრაინელმა 2009 წელს, თბილისში ევროპის ჩემპიონატის პირველივე წრეში აუღო რევანში. არადა, ჩინეთში უკრაინელმა ძალიან ძლიერი ბადე გაიარა - ბრაზილიელ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ლუსიანო კორეას, მონღოლ ტემუულენ ბატულგას და რუს აშხაბ კოსტოევს მოუგო, ვინც წინა წრეში ბელგიელი ორგზის ევროპის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი დაამარცხა. სამწუხაროდ, ჟორჟოლიანს ჰვანგი უხერხულ მეტოქედ ექცა - კარიერაში მესამედ წააგო მასთან. ჩვენებურმა ფინალში მხოლოდ იუკოს აღება მოახერხა, რაც გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ტოკიოდან ჩინეთში ტრავმებით ჩასულმა ცირეკიძემ, რომლის ჭიდაობაც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, უნგრელ ბალინტ ფარკაშს იპონით აჯობა, მეორე წრეში კი იაპონელ რიუნოსუკე ჰაგასთან დამარცხდა.

ამ ტურნირის შემდეგ ჩვენებურებმა შეინარჩუნეს ადრინდელი მყარი მდგომარეობა რეიტინგებში - საერთაშორისოში ჟორჟოლიანი მე-13 საფეხურზეა, ცირეკიძე მას ჯერჯერობით ორი საფეხურით ჩამორჩება, მაგრამ ახალი რეიტინგის გამოქვეყნების შემდეგ თანაგუნდელებს შორის ჩამდგარ ბატულგას ჩამოიტოვებს და მე-14-ზე გადავა, რადგან მონღოლს შეჯიბრებათა ნაწილი გაუნულდება, ნაწილი - გაუნახევრდება.

ოლიმპიურში ორივე ჩვენებური თითო ადგილით წინ დგას, რადგან რუსებს ორი კაცი ჰყავთ. საერთაშორისო ფედერაციას ჯერჯერობით ახალი სიები არ გამოუქვეყნებია და ჟორჟოლიანს არც გასანულებელი შეჯიბრების (შეგახსენებთ - ეს 2009 წელს გამართული ძიგორო კანოს მემორიალია) შედეგი აქვს დაკლებული, თუმცა მარტივი მათემატიკით რომ დავიანგარიშოთ, ანუ დასაკლები დავაკლოთ, მისამატებელი კი დავუმატოთ, მას 662 ქულა გამოუდის.

ცირეკიძეს გაისადაც საკმაო ხანს არ დააკლდება არაფერი, რადგან ორი წლის წინათ თითქმის არც ჭიდაობდა, ჟორჟოლიანს კი განულების საფრთხე ისევ ემუქრება - გაისად 2010-ის მასტერსის შედეგი ჩამოაკლდება, თუმცა სალიცენზიო ზონაში მაინც დარჩება.

ჩინური "დიდი პრიზის" შემდეგ საბოლოოდ გაირკვა წონების 16-16 საუკეთესონი, ანუ მასტერსის მონაწილენი. ჩვენგან ალმატიში 4 ფალავანი იასპარეზებს - ამირან პაპინაშვილი (60 კგ; ჯერჯერობით VI ადგილი), ვალერი ლიპარტელიანი (90 კგ; XI), ჟორჟოლიანი და ცირეკიძე.

კვარცხლბეკი
ვაჟები
60 კგ. 1. გიორგი ზანთარაია (უკრაინა), 2. ნაოჰისა ტაკატო (იაპონია), 3. ისამ ნოური (საფრანგეთი), იელდოშ სმეტოვი (ყაზახეთი).
66 კგ. 1. ალიმ გადანოვი (რუსეთი), 2. ტომაშ კოვალსკი (პოლონეთი), 3. დიმიტრი დრაგინი (საფრანგეთი), სერჰიუ დრებოტი (უკრაინა).
73 კგ. 1. კი-ჩუნ ვანგი (კორეა), 2. ტაკენორი ნაკამურა (იაპონია), 3. მიშაელ ელდრედი (აშშ), ნიამ-ოჩირ საინჯარგალი (მონღოლეთი).
81 კგ. 1. კეიტა ნაგაშიმა (იაპონია), 2. ალაინ შმიტი (საფრანგეთი), 3. სირაზუდინ მაგომედოვი, ივან ნიფონტოვი (ორივე - რუსეთი).
90 კგ. 1. მასაში ნიშიამა (იაპონია), 2. ჰეშამ მესბანი (ეგვიპტე), 3. კირილ დენისოვი (რუსეთი), ენკბატ ერდენებილეგი (მონღოლეთი).
100 კგ. 1. ჰეე-ტაე ჰვანგი (კორეა), 2. ლომერ ჟორჟოლიანი (საქართველო), 3. არტემ ბლოშენკო (უკრაინა), არიელ ზეევი (ისრაელი).
+100 კგ. 1. იჰარ მაკარაუ (ბელარუსი), 2. სუნგ-მინ კიმი, 3. გუჰამ ჩო (ორივე - კორეა), რაფაელ სილვა (ბრაზილია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
გილოცავ ლომერი მაგარი კაცი ხარ მალე ოლიმპიადის უმაგლესი ჯოლდო მოგველოცოს
giorgi
20:29 19-12-2011
0
ძიუდო და კარგი გვარი-ცოტა გაუგებარია.ქართული ჭიდაობაში ვერ არიან ძლიერები დღევანდელი ნაკრების წევრები-ერთეულების გარდა.ბრინჯაოზე მეტს არ მოველი მათგან-ისიც უკეთეს შემთხვევაში.
mimino
18:49 19-12-2011
0

სიახლეები პოპულარული