ავსტრიული შეკრება და გაყოფილი ნაკრები

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები უკვე ავსტრიის ალპებშია, სამთო კურორტ მიტერსილში, სადაც 20 იანვრამდე სეზონის პირველ შეკრებას გაივლის, მთლიანად ფიზმომზადებისთვის დათმობილს.

საქართველოს ნაკრების გარდა იქ ევროპის რამდენიმე გუნდიც აპირებს ჩასვლას და მოელიან, რომ საკმაოდ დიდი შეკრება გამოვა. ვინაიდან ჩვენი მთავარი ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი ისედაც ავსტრიაშია, გუნდი მიტერსილში ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა წაიყვანა, რომელმაც დეკემბერში, ჩინურ ქინგდაოში გამართულ "დიდ პრიზზე" ერთხელ უკვე უთავკაცა ჩვენს 2-კაციან ჯგუფს.

ავსტრიაში 12 სპორტსმენი გაემგზავრა: ბეთქილ შუკვანი (60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი (66),
ნუგზარ ტატალაშვილი, ამბაკო ავალიანი, ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ბექა ღვინიაშვილი (81), ზურაბ ზვიადაური (90), ზვიად ხანჯალიაშვილი, ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი (+100). წინასწარვე იყო ცნობილი, რომ ამ შეკრებაზე არ წავიდოდა ის ოთხეული, რომელმაც 14-15 იანვარს ალმატიში მასტერსზე უნდა იჭიდაოს: ამირან პაპინაშვილი (60), ვალერი ლიპარტელიანი (90), ირაკლი ცირეკიძე, ლომერ ჟორჟოლიანი (ორივე - 100). მიზეზი შეკრებისა და ტურნირის არახელსაყრელი ვადები და ჩატარების ადგილია - მასტერსი იმ დროს ტარდება, ამ კვარტეტს შუა შეკრების მიტოვება მოუწევდა. თან შეჯიბრება რომ სადმე ევროპაში იყოს, კიდევ ჰო, მაგრამ ავსტრიიდან ყაზახეთში გადაფრენ-გადმოფრენა და მერე ისევ თბილისში დაბრუნება არ იქნებოდა გამართლებული.

ამიტომ ზაიზენბახერმა ამ ოთხეულის თბილისში დატოვება და მის მიერ შემუშავებული გეგმით აქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით ვარჯიში განიზრახა.

სწორედ მასტერსის გამო არ გვეყოლება ავსტრიაში მონაწილე 100 კილოგრამში, რადგან აქ ოლიმპიადაზე მოხვედრის ორივე კანდიდატი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ცირეკიძეც და ევროპის ვიცე-ჩემპიონი ჟორჟოლიანიც ალმატიში უნდა გამოვიდნენ. თუმცა აქ ერთი საყურადღებო ნიაუნსიცაა - ამ კვარტეტს საბაზო შეკრება არ გაუვლია, თუ პაპინაშვილს არ ჩავთვლით, რომელიც მწვრთნელს დეკემბერში იაპონიაში ჰყავდა წაყვანილი. ოღონდ ის ცოტა სხვა სტილის შეკრება იყო და თან ამასაც ტრავმის გამო ადრე მოუწია თბილისში დაბრუნება, დანარჩენები კი მსგავს შეკრებაზე ერთი დღითაც არ ყოფილან.

რას ვიზამთ - ავსტრიელს მზადების საკუთარი გეგმა აქვს, რომელიც ბევრ კითხვას გვიჩენს, თუმცა ხელმძღვანელობა ყველაფერში ეთანხმება. გაამართლებს თუ არა ასეთი მიდგომა, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ სწორედ ამ ხარვეზის შესავსებად ლიპარტელიანი საკუთარი სურვილით ბაკურიანში წავიდა სავარჯიშოდ, თუმცა უკვე დაბრუნდა და კვლავ დიღომში, ძიუდოს აკადემიაში ემზადება დანარჩენებთან ერთად.

ავსტრიაში წასული შემადგენლობიდან საყურადღებოა ქარდავას დაბრუნება - წელის ტრავმის გამო მას მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ არც უჭიდავია, მაგრამ დეკემბერში ვარჯიში განაახლა. ასევე ხანგრძლივი შესვენების შემდეგ გამოჩნდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი შუკვანიც, რომელიც სალიცენზიო რეიტინგში ჯერჯერობით ინარჩუნებს ადგილს საუკეთესო 22-ში. ნიშანდობლივია 81-ში 16 წლის ღვინიაშვილის გამოჩენაც - ასეთ ასაკში ეროვნულ ნაკრებში მიწვევა მისთვის დიდი პატივია.

შარშან "ტაისონამ" ჭაბუკებში ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა - მოიგო ევროპისა და მსოფლიოს პირველობები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, თან სამივე ტურნირში უკლებლივ ყველა შეხვედრაში წმინდად იმარჯვა, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა და როცა ახალგაზრდული მწვრთნელებიც ენდნენ, იქაც მსოფლიოს მესამე პრიზიორი გახდა, თუმცა ეროვნული ნაკრები შეუდარებლად დიდი სიმაღლეა და ამიტომაა სასიამოვნო, მისი იქაც რომ ეიმედებათ.

ასევე სასიხარულოა ახლო წარსულში ტალანტად შერაცხული, მაგრამ შემდეგ ცოტა შეფერხებული კიდევ ერთი ახალგაზრდის, ჭაბუკებში ევროპის ჩემპიონისა და ახალგაზრდებში მსოფლიოს პრიზიორის, 20 წლის რეხვიაშვილის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება. ახალგაზრდა თაობაზე ლაპარაკი შავდათუაშვილით დავასრულოთ, რომელიც შარშან თანატოლებში ევროპის ჩემპიონი გახდა, მსოფლიოზე კი ბრინჯაო მოიპოვა. ის მართლაც კარგი მონაცემების ბიჭია, რომლის გამოჩენაც ორმაგად სასიხარულოა, რადგან ამ წონაში ულიცენზიოდ დარჩენის საფრთხის წინაშე ვდგავართ.

ასაკის გამო შავდათუაშვილმა სალიცენზიო შეჯიბრებეში მხოლოდ ერთხელ იჭიდავა - შემოდგომაზე როტერდამის "დიდ პრიზზე", სადაც 24 მოინადავლა. ამ მონაგარით ჯერჯერობით ის 129-ე ადგილზეა მსოფლიოს რეიტინგში. ცხადია, მისგან ლიცენზიის მოპოვება იოლი არ იქნება, მაგრამ არც - შეუძლებელი. ვნახოთ, როგორ ჩაერთვება ის ნაკრებში და როგორ იჭიდავებს უახლოეს ტურნირებში.

თუმცა ნაკრებში ყველაზე დიდი მოულოდნელობა ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის დაბრუნებაა. მოგეხსენებათ, ის შარშან თბილისის მსოფლიოს თასზე საზეიმოდ გააცილეს დიდი სპორტიდან, თუმცა ცდუნებას ვერ გაუძლო და გულმა ისევ ტატამისკენ გაუწია. მან გუნდთან უკვე გაიარა ერთი შეკრება - დეკემბერში იაპონიაში, სადაც აკვირდებოდა, რამდენად იყო მზად მისი ნატანჯი და არაერთგზის ნაოპერაციები სხეული დატვირთვებისთვის.

ზვიადაურმა პირველი გამოცდა წარმატებით ჩააბარა - ისევე იტვირთებოდა, როგორც გუნდის დანარჩენი წევრები, დღეში გადაბმულად ჭიდაობდა 12-მდე შეხვედრას და დაამტკიცა, რომ დაბრუნება შეიძლება. მაგრამ ერთია საშეკრებო ატმოსფერო და მეორე - საშეჯიბრო ანუ ნამდვილი ორთაბრძოლა. ზვიადაური დაბრუნებას ისევ თბილისის მსოფლიოს თასზე გეგმავს, რომელიც 28-29 იანვარს ჩატარდება. აი, სწორედ იქ გაირკვევა, გააგრძელებს თუ არა ის გამოსვლას მომდევნო შეჯიბრებებში, გაუძლებს თუ ვერა საშეჯიბრო დატვირთვას.

ალბათ მიაქცევდით ყურადღებას, რომ ავსტრიაში წასულ გუნდში ბოლო წლებისთვის უჩვეულო ხალხმრავლობაა მძიმე წონაში, სადაც ერთბაშად სამი კანდიდატია - ამდენი ხალხი მხოლოდ 73-შია. ამ ტრიოდან სალიცენზიო რეიტინგში მხოლოდ ხანჯალიაშვილია - მე-17 ადგილზე, თუმცა ოქრუაშვილიც ახლოსაა 22-კაციან ზონასთან. აი, მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორ გუჯეჯიანს კი ხანგრძლივი ტრავმებისა თუ არეულობების შემდეგ თავიდან უწევს ყველაფრის დაწყება. ჯერჯერობით ის მსოფლიოს რეიტინგში 67-ე ადგილზეა.

დასასრულს, ისევ მასტერსს დავუბრუნდეთ, სადაც გუნდს ოთხშაბათს ეროვნულში ჭაბუკებიდან გადმოყვანილი გიორგი ვაზაგაშვილი წაიყვანს, ხოლო ზაიზენბახერი ავსტრიიდან ჩაფრინდება იქ, მერე ისევ მიტელსილში დაბრუნდება, 21-ში კი თბილისში ჩამოჰყვება ნაკრებს და აქაური მსოფლიოს თასისთვის მოამზადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული