ჩემპიონები ბეთქილ შუკვანი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი (90) და ადამ ოქრუაშვილი (+100) გახდნენ. სანდრო იაკობაშვილმა (66), თენგიზ პაპოშვილმა (73), ბექა ღვინიაშვილმა (81), იოსებ მსხალაძემ (100) და ზვიად ხანჯალიაშვილმა (+100) ვერცხლი მოიპოვეს, ხოლო ზებედა რეხვიაშვილი (73), ლევან წიკლაური (81), ზურაბ ზვიადაური (90) და ირაკლი ქობლიანიძე (100) მესამეზე გავიდნენ. 7 წონიდან 6 ოქრო, 7-ვე ფინალში
ძველების დაბრუნება
წლევანდელი მსოფლიოს თასის მთავარი ინტრიგა ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურის (90) დაბრუნება იყო, თუმცა არანაკლებ ყურადღებას იმსახურებდა მსოფლიოს ორგზის მედალოსან ლაშა გუჯეჯიანის (+100) თემაც, რომელიც რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდებოდა ძიუდოს.
გუჯეჯიანი უმედლოდ დარჩა, ზვიადაური მესამეზე გავიდა, თუმცა არის კი ეს სპორტში დასაბრუნებელი უვერტურა ანუ შარშანდელი გაცილების შემდეგ ღირდა კი ეს ნაბიჯი ბრინჯაოდ? თუმცა მთავარი ხომ ხარისხია და პირველი შეხვედრა ორივემ აღმავლობით ჩაატარა - ზვიადაურმა ესპანელი ევროპის ჩემპიონი სერგეი აშვანდენი ბრწყინვალედ დააიპონა, გუჯეჯიანმა კი ესტონელ ევროპის ჩემპიონ მარტინ პადარს ჯერ სიქა გააცალა, მერე კი მძლავრად დაახეთქა ბეჭებზე.
პირველი შეხვედრებით ისე ჩანდა, რომ ორივე ჭიდაობას იყო მოწყურებული, თუმცა მომდევნო წრეში ეს შემართება გაუნელდათ - გუჯეჯიანმა ჩინელ ჰაო ვანგთან წააგო წმინდად, ზვიადაურმა კი სერბ დმიტრი გერასიმენკოსთან გაატარა ორი ვაზარი.
ვფიქრობთ, მან ცოტა იჩქარა. ალბათ, აჯობებდა, უფრო ჩაეკეტა ჭიდაობა და მეტოქის შეტევები ასე გაენეიტრალებინა. ყოველ შემთხვევაში, ალარზასთან მოგების შემდეგ გერასიმენკოსთან თითქოს არ უნდა წაეგო. დამამშვიდებელში გუჯეჯიანმა ტრავმის გამო ვერ იჭიდავა, ზვიადაურმა კი საკმაოდ ადვილად აართვა ორი ვაზარი უკრაინელ ქუდჯაუ ნჰაბალის, ხოლო ბრინჯაოსთვის ბრძოლაში მოლდოველი ივან რემარენკოც უპრობლემოდ დააიპონა.
მთლიანობაში ცუდად არ უჭიდავია, თუმცა ჯერ გაცდენილი თვეები მაინც ეტყობა, მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ მისი ბედისწერა - ტრავმა დაბრუნებისთანავე ფეხდაფეხ შეჰყვა ტატამზე. ამჯერად ბეჭი იტკინა, ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ტატამიდან პირდაპირ საავადმყოფოში გააქანეს გადასაღებად. შიშობდნენ, რომ 4-5 თებერვალს ვერც პარიზში შეძლებდა ჭიდაობას, მაგრამ ქართველთა გერმანელმა ექიმმა ალბერტ გუზბახერმა დაგვაიმედა, 3-4 დღეში შეძლებს ვარჯიშსო.
ახალი თაობა - იმედი ხვალის
ეს ტურნირი თაობათა შორის ბრძოლის ასპარეზიც უნდა ყოფილიყო, რადგან ბოლო წლებში ახალგაზრდული ნაკრები მშვენიერ შედეგს აჩვენებს.
საბედნიეროდ, ამ ახალგაზრდებმა იმედებიც გაამართლეს - შავდათუაშვილმა, ტატალაშვილმა, რეხვიაშვილმა, ჭრიკიშვილმა, ღვინიაშვილმა. ამათ ქობლიანიძეც დაემატა, რომელიც საქართველოს ბოლო პირველობის შემდეგ გამოჩნდა, თორემ აქამდე არც ახალგაზრდულიდან ვიცნობდით.
კიდევ ერთხელ გაგვაოცა შავდათუაშვილმა - ამ წონაში კარგი კადრი გვეზრდება. მან ორი ისეთი მეტოქე დაამარცხა, რომლებიც ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტები არიან ევროპული კვოტისთვის ბრძოლაში - ლატვიელი დენის კოზლოვსი და ჰოლანდიელი იესპერ დე იონგი.
ლატვიელს იუკოთი აჯობა და საბოლოოდაც გააგდო, ჰოლანდიელს კი გაფრთხილებებით გასცდა, თუმცა ის ბრინჯაოს მაინც დაეუფლა და სალიცენზიო მარაგი გაიმდიდრა. ამ შეხვედრებამდე შავდათუაშვილმა აზერბაიჯანელი სამირ ხანკშიევი იოლად დაჯაბნა - ორი იუკოს შემდეგ დააიპონა, ნახევარფინალი კი კიდევ უფრო თამაშ-თამაშით მოუგო უკრაინელ ჰევორჰ ჰევორჰიანს - სამივე სინჯის გდება ჩაუტარა.
ფინალამდე ხომ საკმაოდ მომქანცველი გზა გაიარა, იაკობაშვილმა იქაც დიდი ბრძოლა გაუმართა, თუმცა შეხვედრის მიწურულს შავდათუაშვილს მაინც ეყო ძალა, მეტოქე ორჯერ აეტაცებინა ტატამიდან. მართალია, შედეგიანად ვერც ერთი ვერ დაასრულა, მაგრამ კიდევ ერთხელ გამოავლინა კარგი ფიზიკური მომზადება. ბოლო ორწუთიანი მონაკვეთი ქართველებისთვის "აქილევსის ქუსლია", შავდათუაშვილი კი საპირისპიროს ამტკიცებს.
დაღლა არც ტატამიდან გასულს ეტყობოდა, სუნთქვაც კი არ აჩქარებია. ფიზიკური მომზადება აქამდეც მისი კოზირი იყო და ეს ფორმა თუ შეინარჩუნა, სერიოზულ შედეგებს მიაღწევს. მით უფრო, თავსაც კარგად იცავს და გდებებს იშვიათად ატარებს - ამ ტურნირზე ერთი ქულაც არ დაუკარგავს.
გაგვახარა და საკუთარ თავსაც დიდი სამსახური გაუწია ტატალაშვილმა - ის სალიცენზიო 22-კაციან ზონაში შევიდა და ახლა XX ადგილზეა. მან საწყისი ორი შეხვედრა წმინდად მოიგო, მერე ჩინელ ვეი ლიუს იუკოთი აჯობა, ნახევარფინალში კი თავად დადგა წაგების საფრთხის წინაშე ზებედა რეხვიაშვილთან. რეხვიაშვილი მთელი შეხვედრა შესამჩნევად აქტიური იყო და ვაზარითაც დაწინაურდა, მაგრამ ფეხში არასწორი შესვლისთვის მოხსნეს.
ფინალში ტატალაშვილმა გაფრთხილებებით მოუგო პაპოშვილს. რეხვიაშვილიც ქებას იმსახურებს კარგი ჭიდაობისთვის. მან თავიდან სულ იპონებით იმარჯვა. მათ შორის - იტალიელ მარკო მადალონისთან და თურქ სეზერ ჰიუზუსთან, დამამშვიდებლის ფინალში კი ესტონელი კინტერ როტბერგი დაჯაბნა. წაგება ყოველთვის ცუდია და მით უფრო - ასეთ საკამათო ვითარებაში, მაგრამ მისი ჭიდაობის ხარისხი გვაიმედებს, რომ კრიზისი უკან მოიტოვა და ამ წონაში კონკურენცია გაიზრდება.
მაყურებლის სიმპათიები კიდევ ერთხელ დაიმსახურა ღვინიაშვილმა, რომელმაც ჩინებული ფიზიკური მომზადებაც გამოავლინა და ლამაზი გდებებითაც არაერთი ოვაცია დაიმსახურა. ოღონდ პირველ შეხვედრაში ფრანგ ჟულიენ კერმარეკთან თვალნათლივ გამოჩნდა, რა ცუდი შედეგი შეიძლება მოჰყვეს უფროსებში მის დატვირთვას - მეტოქე ასაკითაც და ფიზიკურადაც ბევრად აღემატებოდა და ღვინიაშვილი ფრიად "გაილახა", თუმცა დამატებითში მაინც მოუგო.
ბელარუსი ტსიმაფეი იემელიანაუ იოლად შებოჭა, აზერბაიჯანელ ელხან რაჯაბლი კი თავისი კოზირით - ქამარში ჩავლებით დააიპონა, ნახევარფინალში წიკლაურთან ვაზარს აგებდა, თუმცა საბოლოოდ უნაკლოდ მოცელა. ჭრიკიშვილმა უფრო აკადემიურად იჭიდავა - იქნებ ასე ეფექტური გდებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ყველა შეხვედრაში დომინირებდა, ჭკვიანური ჭიდაობით შეხვედრის სადავეები მუდამ ხელთ ეპყრა და ასე მივიდა ფინალამდე.
ორი გამორჩეული იპონი მანაც გვაჩვენა - მეოთხედფინალში ბელარუს ალექსანდრ სტიაშენკასთან და ფინალში ღვინიაშვილთან. ფინალის შედეგი ალბათ, ლოგიკურიცაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჭრიკიშვილი რამდენიმე წლით უფროსია ღვინიაშვილზე, ბევრად გამოცდილიც და თან ტატამზეც უფრო მოაზროვნეა. რაც მთავარია, ორივემ მაღალი დონე აჩვენა.
ეს განსაკუთრებით ჭრიკიშვილისგან გაგვიხარდა, რომელსაც შარშან ჩავარდნა ჰქონდა, თორემ ღვინიაშვილმა იმ სეზონში ყველაფერი მოიგო. უბრალოდ, მას ცოტა უნდა გაუფრთხილდნენ და ნიჭს ექსპლუატაცია არ უნდა გაუწიონ, კანონზომიერად განვითარების საშუალება უნდა მისცენ. მით უფრო, მას ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი თითქმის არ აქვს და ამ წონაში საგზური არც გვიჭირს - ჭრიკიშვილმა ამ 100 ქულით ლამის საბოლოოდ გაინაღდა.
სტაჟიანების გამოღვიძება
ამ კატეგორიაში ნაკრების ხუთ სტაჟიან წევრს შევიყვანთ - შუკვანს, იაკობაშვილს, პაპოშვილს, მსხალაძესა და ოქრუაშვილს. შუკვანმა თავიდან ბოლომდე დიდი შემართებით, ენერგიულად იჭიდავა და ხუთივე შეხვედრა იპონით მოიგო. უფრო გამოცდილი მეტოქეები დასაწყისშივე შეხვდნენ - აზერბაიჯანელი ვუგარ შირინლი და აზერბაიჯანური წარმომავლობის ესტონელი ელნურ ალიევი. შირინლი ჩვენებურს ლამის ბოლომდე გაუძალიანდა, ალიევი და რუსი აი-კერელ ბალჩაკპანი კი 1 წუთში დააიპონა. წუთზე ცოტა მეტი მოანდომა ნახევარფინალში ჩინელ იუნლონგ ჰეს ძლევას და დიდხანს არც ფინალში გაახარა ებრაელი არტიომ არშანსკი. ნამდვილად სასიამოვნო იყო მისი ლაღი, სწრაფი და ტექნიკური ჭიდაობა.
იმედია, ასეთი კარგი სტარტი მთელ სეზონზე გაჰყვება. ის უცხოეთშიც თუ შეინარჩუნებს იმ შემართებას, რაც ახლა გვაჩვენა, წარმატებული სეზონი ექნება. მან ამ წარმატებისთვის მოპოვებული 100 ქულით სალიცენზიო რეიტინგში XV ადგილზე გადაინაცვლა.
ოქრუაშვილმა ბოლო შეჯიბრებები ყველგან მოიგო - ძიუდოშიც და ქართულ ჭიდაობაშიც და იქნებ ახლანდელი გამარჯვება მოულოდნელი არც იყო. უბრალოდ, ფინალამდე ძალიან კარგი ჭიდაობა გვაჩვენა.
აზერბაიჯანელ ემილ ტაჰიროვის დაიპონება არც გაგვკვირვებია, მაგრამ მერე პოლონელ გჟეგოჟ ეიტელსა და გუჯეჯიანის მომგებ ჩინელ ვანგს ისეთი გდებები უკისრა, ნებისმიერი ტიტულოვანი ფალავანი სიამოვნებით მოაწერდა ხელს. ამ წონაში საქართველოს ჩემპიონატის ფინალი განმეორდა და იმავე შედეგით დასრულდა.
განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ოქრუაშვილმა მაშინ თუ გდებით იმარჯვა, ამჯერად მსაჯთა გადაწყვეტილებით მოიგო. არადა, შეეძლო საქმე აქამდე არ მიეყვანა, რადგან დამთავრებამდე 13 წამით ადრე გაფრთხილებებით იუკოს იგებდა, მაგრამ თვითონაც მუხლებზე ჩაუხტა, რისთვისაც მსაჯებმა გააფრთხილეს. ამით ანგარიშიც გათანაბრდა და შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა.
მისასალმებელია იაკობაშვილის, პაპოშვილისა და მსხალაძის წარმატებებიც, თუმცა ახლა მათ წინაშე მორიგი რთული ამოცანა დგას - უცხოეთშიც დაამტკიცონ პროგრესი, თორემ ადრე ძალიან უჭირდათ იქ ჭიდაობა. იაკობაშვილის შეხვედრებიდან ერთს გამოვარჩევთ - ყირგიზ ისლამ ბაიალინოვთან ბეწვზე გადაურჩა წაგებას, რადგან დამთავრებამდე 19 წამით ადრე ვაზარს აგებდა, თუმცა მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდა, შეტევას არ მოუკლო და მიზანსაც მიაღწია მორიგი იპონით.
უბრალოდ, ლიდერები!
ისინი აქამდეც ლიდერები იყვნენ და ახლაც ასეთებად დარჩნენ - წიკლაური, ლიპარტელიანი, ხანჯალიაშვილი... ვინ პირველი, ვინ მეორე ან მესამე რიგის ლიდერებად, მაგრამ მაინც წამყვან ფალავნებად რჩებიან. ამათგან ყველაზე მეტად მაინც ლიპარტელიანმა იყოჩაღა, რომელსაც თურმე გაბრაზებაც შეუძლია - მეოთხედფინალში ზემოხსენებულ უკრაინელ ნჰაბალთან და ნახევარფინალში იმავე გერასიმენკოსთან მსაჯებმა შეფასებები გაუუქმეს, თუმცა მიბრუნდა და ორივეჯერ მეტოქე ისეთ იპონზე დაახეთქა, თითქოს მსაჯებს ეუბნებოდა, ახლა რაღას იტყვითო.
მათაც იპონის ნიშნად ხელის ზეაღმართვის მეტი არაფერი დარჩენოდათ. ლიპარტელიანი ამჯერად მხოლოდ ამოსმულის იმედად არ იყო, თუმცა უცხოეთში მაინც მეტი მართებს. მან ფინალში მსაჯთა გადაწყვეტილებით იმარჯვა, რაც, ალბათ, მართებულია - ლიტველ კაროლის ბაუზასაც არაფერი გაუკეთებია ისეთი, გამარჯვება მისთვის მიეცათ. ეგ კი არა, მეტოქეს მანამდე გაფრთხილებაც ეკუთვნოდა.
წიკლაური კვლავაც ქართული სტილის ტექნიკურ მოჭიდავედ რჩება, თუმცა ღვინიაშვილმა სწორედ ქართული ჭიდაობის ილეთით მოცელა ნახევარფინალში, ხანჯალიაშვილმა კი უფრო ძალისმიერი ჭიდაობა გვაჩვენა.
ყველაზე დასანანი მარცხი
წაგება ყველა დასანანია, მაგრამ ამ ტურნირზე იყო სამი მარცხი რამაც განსაკუთრებით დაგვწყვიტა გული - შალვა ქარდავას (66), დავით ასუმბანის (66) და ამბაკო ავალიანის (73). მათი გავარდნა დასანანია არა მხოლოდ წაგების გამო, არამედ იმიტომ, რომ ამ წონებში გამარჯვებები ჰაერივით გვჭირდებოდა, ხოლო ავალიანის გარდა, სხვების მარცხს არაფერი მოასწავებდა, რომ არა მათივე დაუკვირვებლობა და უიღბლობა.
ქარდავაზე ამბობდნენ, რომ ტრავმის შემდეგ მოუმატა და კარგ ფორმაში იყო. ყაზახ აზამატ მუკანოვთანაც ურიგოდ არ უჭიდავია და ვაზარიც აართვა, მაგრამ სწორედ იმ გდებისას უხერხულად დაეცა, მეტოქემ მისი ხელი საიმედოდ ჩაბღუჯა და მტკივნეულით მოუგო. ქარდავამ 12 ქულა კი მიიღო, მაგრამ ეს მის მდგომარეობას არ ცვლის. კიდევ უფრო დასანანი იყო დავით ასუმბანის მარცხი.
პროგრესი მის ჭიდაობაშიც იგრძნობოდა, ადრინდელზე უფრო სწრაფიც მოგვეჩვენა და ამერიკელი ბრედფორდ ბოლენის შემდეგ აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ნიჯატ შიხალზადე სულაც დააიპონა და უკრაინელ ჰევორჰ ჰევორჰიანსაც ვაზარს უგებდა. შეხვედრის მიწურულს წარბი გაუსკდა, თუმცა წაგების მიზეზი სულ სხვა რამე გახდა - დამთავრებამდე 19 წამით ადრე ამხელა უპირატესობის პატრონი რატომღაც ილეთზე შევიდა და წმინდა გდება მოინდომა, მეტოქემ კი კონტრშეტევით დააიპონა. მისი გამოცდილების პატრონს ასეთი შეცდომა არ უნდა დაეშვა. იმ მომენტში ყველაზე მეტად რაც არ სჭირდებოდა, ეს რისკი და შეტევა იყო - დრო მის სასარგებლოდ მუშაობდა, ამ ფაქტორს კი გამოყენება უნდოდა.
ავალიანმა თავიდან სწორედ იმ მეტოქეებს მოუგო, რომლებიც შარშანაც დაამარცხა ამავე ტურნირზე - ბელარუს ალექსეი რამანჩიკსა და ებრაელ იოსებ ფალელაშვილს, თურქ ჰასან ვანლიოღლუსთან შეხვედრაში უდაოდ სათქმელია მსაჯის სიჯიუტე, რომელმაც თურქი მესამედ არა და არ გააფრთხილა, თუმცა ავალიანიც ძალიან ინერტული იყო. არ ვიცით, დასვენება ვერ მოასწრო თუ რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ წინანდელზე ბევრად შებოჭილი იყო, თითქოს მოძრაობა უჭირდა. მან მოგვიანებით არც სანუგეშოში იჭიდავა როტბერგთან.
კვარცხლბეკი
60 კგ. 1. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), 2. არტიომ არშანსკი (ისრაელი), 3. ლუდოვიკ ჩამარტინი (შვეიცარია), აშხატ ტელმანოვი (ყაზახეთი).
66 კგ. 1. ლაშა შავდათუაშვილი, 2. სანდრო იაკობაშვილი (ორივე - საქართველო), 3. იესპერ დე იონგი (ჰოლანდია), გოლან პოლაცკი (ისრაელი).
73 კგ. 1. ნუგზარ ტატალაშვილი, 2. თენგიზ პაპოშვილი, 3. ზებედა რეხვიაშვილი (სამივე - საქართველო), ვეი ლიუ (ჩინეთი).
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი, 2. ბექა ღვინიაშვილი, 3. ლევან წიკლაური (სამივე - საქართველო), იოახიმ ბოტიე (ბელგია).
90 კგ. 1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 2. კაროლის ბაუზა (ლიტვა), 3. ზურაბ ზვიადაური (საქართველო), დმიტრი გერასიმენკო (სერბეთი).
100 კგ. 1. დმიტრი პეტერსი (გერმანია), 2. იოსებ მსხალაძე, 3. ირაკლი ქობლიანიძე (ორივე - საქართველო), მარტინ პაცეკი (შვედეთი).
+100 კგ. 1. ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (ორივე - საქართველო), 3. გრჟეგოჟ ეიტელი (პოლონეთი), ანგელ პარა (ესპანეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"