ქართველები პარიზის "დიდ მუზარადზე"

AutoSharing Option
ამ უქმეებზე პარიზში ძიუდოისტთა სეზონის პირველი "დიდი მუზარადის" ტურნირი იწყება, რომელშიც საქართველოდან 8 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას: ამირან პაპინაშვილი (60), შალვა ქარდავა (66), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური (90), ლომერ ჟორჟოლიანი (100), ზვიად ხანჯალიაშვილი, ადამ ოქრუაშვილი (+100).

4 თებერვალს ვაჟთაგან 60, 66 და 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი 5 თებერვალს იასპარეზებენ. ვფიქრობთ, ჩვენებურთაგან ყველაზე მეტად პაპინაშვილს გაუმართლა, რომელსაც იაპონელიც ასცდა, მონღოლებიც და უზბეკი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი რიშოდ სობიროვიც. მის მხარეს უკრაინელი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გიორგი ზანთარაია, აზერბაიჯანელი მსოფლიოს
პრიზიორი ილგარ მუშკიევი და ავსტრიელი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ლუდვიგ პაიშერი მოხვდნენ.

პაპინაშვილი თავიდან ისვენებს, მისი მეტოქე კი ლატვიელი ანდრეას მაჯერსისა და ფინელი იუჰო რაინვალის შეხვედრაში გაირკვევა. ამ ბარიერს თუ გაივლის, შესაძლოა, ბრიტანელი ეშლი მაკენზი ერგოს მეტოქედ, რომელიც იქ ყველაზე ძლიერი ჩანს, აი, ამ ბადიდან გასულს კი მუშკიევ-პაიშერის ზონის გამარჯვებული ელოდება ნახევარფინალში გასასვლელად.

ქარდავასთვის ამ ტურნირს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ერთ-ერთ ბოლო შანსს. ის პირველ წრეში ისვენებს, მისი მეტოქე კი უკრაინელ ჰევორ ჰევორქიანისა და ზამბიელ მეთიუ პუნზას პაექრობაში გაირკვევა. ალბათ, აქედანვე შეიძლება თქმა, რომ ჩვენებური თბილისის ტურნირზე დავით ასუმბანის მომგებ უკრაინელს შეხვდება.

მესამე წრემდე ისვენებს ჭრიკიშვილიც. მასთან შესახვედრად ჯერ უზბეკი სუნნათულა აზიმოვი და მონღოლი ტუვშინჯარგალ განი იჭიდავებენ, მოგებული თურქ აჰმეტ სარის შეხვდება, ამათში გამარჯვებული კი - ჭრიკიშვილს. ტიტულოვანთაგან მის მხარეს არიან ბელარუსი ევროპის ვიცე-ჩემპიონი ალექსანდრ სტიაშენკა და გერმანელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფი, უტიტულოთაგან კი იაპონელ იუკი ჰარუიამას გამოვარჩევთ.

ზვიადაურს თავიდან მონღოლი ენკბატ ერდენებილეგი ერგო, ხოლო მას თუ მოუგებს, მერე თბილისის წლევანდელი ტურნირის ლიტველ ვიცე-ჩემპიონ კაროლის ბაუზას შეხვდება. ლიპარტელიანიც მესამე წრეშია გასული, სადაც პოლონელ კრშიშტოფ ვეგლარცსა და ლიბერიელ ფრანკოის საადეს შორის მოგებულს ელოდება.

პოლონელი სალიცენზიო ქულებზეა დაგეშილი, ჩვენებური კი მასაც თუ მოუგებს, მერვედფინალში გავა, სადაც სავარაუდო მეტოქეთა შორის ალჟირელი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ამარ ბენიკლეფი და ის უკრაინული ეროვნების სერბი დმიტრი გერასიმენკო არიან, ვინაც წინა უქმეებზე თბილისში ჯერ ზვიადაურს მოუგო, მერე კი ლიპარტელიანთან დამარცხდა.

ჟორჟოლიანის პირველი მეტოქე კუბელი ხორხე არმენტეროსია, წილისყრამ კი მის სიახლოვეს ჰოლანდიელი ევროპის ჩემპიონი ჰენკ ხროლი და ბრაზილიელი ლეონარდო ლეიტე მოახვედრა.

შესაძლოა, ხანჯალიაშვილი ისევ ესპანელ ანგელ პარა შეხვდეს, ვისაც კვირას თბილისში მოუგო - ეს იმ შემთხვევაში, ჩვენი ტურნირის მესამე პრიზიორი ესპანელი არგენტინელ ორლანდო ბასინოს თუ მოუგებს. ხანჯალიაშვილთან ძალზე ახლოსაა უზბეკი მსოფლიოს ჩემპიონი ღია პირველობაში და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი აბდულო ტანგრიევიც, ოქრუაშვილს კი მეტოქედ ეგვიპტელი მოჰამედ მოტიე ერგო. მას თუ მოუგებს, ჰოლანდიელ ლუუკ ვერბიხს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ "დიდი მუზარადის" ჩემპიონი 300 სარეიტინგო ქულას მიიღებს, ვერცხლის მედალოსანი - 180-ს, ბრინჯაოსი - 120-ს, მეხუთეადგილოსანი - 60-ს და ასე შემდეგ.

ტურნირის დასრულების შემდეგ პარიზში ერთობლივი ვარჯიშებიც გაიმართება, რომელშიც ჩვენებიც მიიღებენ მონაწილეობას, მომდევნო უქმეებზე კი ავსტრიულ ობერვარტშია მსოფლიოს თასი, რომელიც ასევე სალიცენზიო სტატუსის შეჯიბრებაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული