ჩემპიონი ვალერი ლიპარტელიანი (90) გახდა, ადამ ოქრუაშვილი (+100) მეორეზე გავიდა, ბეთქილ შუკვანი (60) - მესამეზე. ამასთან, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100) მეხუთეზე დარჩნენ. რაც ყველაზე სასიხარულოა, ჩვენმა ნაკრებმა კვლავაც ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხი გვაჩვენა, რაც ზემოდასახელებულთა გარდა, სხვების მაგალითზეც ითქმის. ვგულისხმობთ შალვა ქარდავას (66), რომელიც უმედლოდ კი დარჩა, მაგრამ ადრინდელზე ბევრად უკეთ იჭიდავა.
უთუოდ მისასალმებელია, რომ შუკვანი, ლიპარტელიანი და ოქრუაშვილი შეჯიბრებიდან
აშკარაა, რომ გუნდს ქართველ მწვრთნელთა ხელიც დაეტყო (სულ უფრო იკვეთება ქართული საჭიდაო ხელწერა ტექნიკურ, ლამაზ მანერაში) და პეტერ ზაიზენბახერის მიერ ფიზიკური დატვირთვების, შტანგების შემცირებაც, რამაც ბიჭებს სული მოათქმევინა. სამაგიეროდ, ფიზიკური მომზადება შერჩათ, რის დასტურადაც თუნდაც ქარდავას, ტატალაშვილის, ლიპარტელიანის, ოქრუაშვილის მაგალითი გამოდგება. ბუნებრივია, ამ მხრივ კიდევ ბევრია სამუშაო, მაგრამ წინსვლაც საგრძნობია. ერთი სიტყვით, მთელ რიგ კომპონენტებში შარშანდელ დონესთან შედარებაც არაა.
მართალია, ლიპარტელიანმა ამჯერად 5-დან 4 შეხვედრა წმინდად მოიგო, მაგრამ უკვე მერამდენე შეჯიბრებაა, ბოლომდე ჭიდაობს და ადრინდელივით აღარ ეტანება წმინდა მოგებებს. ბუნებრივია, როცა შანსი მიეცემა, ხელიდან არ უშვებს, თუმცა ახლა უფრო იგრძნობა, რომ ძალებს მთელ შეხვედრაზე ანაწილებს, სუნთქვა და გამძლეობაც გაუმჯობესებულია, ტექნიკური არსენალიც - უფრო შევსებული. ამიტომ ამჯერად ლამაზი ილეთების სიმრავლითაც დაგვამახსოვრა თავი.
ყველაზე საცოდავ დღეში მოლდოველი ივან რემარენკო ჩააგდო, რომელიც 37 წამში წამოიღო კისრულზე (იხილეთ ვიდეო). არც მონღოლი ენკჰბატ ერდენებილეგის დაიპონება გასჭირვებია და არც აზერბაიჯანელ ევროპის მედალოსან ელხან მამადოვისა. უბრალოდ, მამადოვი თავისი უხერხული სტილი მოჭიდავეა, თუმცა იპონამდე ვაზარიც აართვა. ფრანგ მეთიუ დეფრევილს ორი წუთიც არ აცალა, ისე ააღლიტა ტატამს, ქულებით კი მხოლოდ ფინალი მოიგო კორეელ დაე-ნამ სონგთან - ორჯერ გააფრთხილებინა. გერმანიაში მოპოვებული 200 ქულით ლიპარტელიანი სალიცენზიო ჩათვლაში მოწინავე ოქტეტში შევიდა, რაც ოლიმპიადაზე განთესვის წინაპირობაა, თუმცა წინ კიდევ ორი სალიცენზიო ტურნირია - ჩეხეთის მსოფლიოს თასი და ევროპის პირველობა. მამადოვის დამარცხებით ჩვენებურმა მერვე ადგილის მოცილე ჩამოიცილა გზიდან, მის ბედზე კი ვერც უახლოესმა მდევარმა შვედმა მარკუს ნიმანმა ივარგა.
ოქრუაშვილის წლევანდელ სეზონს თამამად შეიძლება ვუწოდოთ "მეორე სიცოცხლე". მართალია, ტოპ-კლასამდე ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა, რაც თუნდაც დიუსელდორფულ ფინალშიც გამოჩნდა მასპინძელ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ანდრეას ტოლცერთან უშანსოდ წაგებით, მაგრამ შარშან ამ დროს მისგან ასეთ სახეცვლილებას იფიქრებდა ვინმე? ძალიან კარგია, რომ ოქრუაშვილი გდებებით იგებს და არა ბღლარძუნა ჭიდაობით. მისასალმებელია სპორტსმენის საქმისადმი მიდგომა, რამაც შედეგი უკვე მოიტანა - სალიცენზიო რეიტინგში ზვიად ხანჯალიაშვილს გადაუსწრო.
ხანჯალიაშვილის მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მას გაუნულდება გერმანიასა და ჩეხეთში ორი წლის წინ მოპოვებული 46 ქულა (ევროპის პირველობის მერეც გაუნულდება ქულები), ოქრუაშვილს კი განულება-განახევრება საერთოდ არ ემუქრება. ახლა ოქრუაშვილის ანგარიშზე 456 ქულაა და სალიცენზიო რეიტინგში XV ადგილზე გადაინაცვლებს, ხანჯალიაშვილის მონაგარი კი სეკვესტრის შემდეგ 336 გახდება (ჩეხეთის ტურნირის ორი წლის წინანდელი მაჩვენებლის ჩათვლით) და რეიტინგში XVII გახდება.
ოლიმპიადამდე საკმაო დრო რჩება და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ ეტაპზე ოქრუაშვილი აშკარად უკეთეს ფორმაშია. ამას გერმანული შედეგიც ადასტურებს - მასპინძელი მატიას შმუნკი, მაროკოელი მეჰდი ელ მალკი, ძონძროხა პოლონელი იანუშ ვოინაროვიჩი და მობერებული იაპონელი სამგზის მსოფლიოს ჩემპიონი კეიჯი სუძუკი წმინდად დაჯაბნა. ფინალში ტოლცერთან ძალები აშკარად არათანაბარი იყო - ეს ის შემთხვევაა, როცა ძალა აღმართს ხნავს.
სარეიტინგო მდგომარეობის გამოსწორება ხანჯალიაშვილსაც შეეძლო, რადგან ჰოლანდიელ ხრიმ ვიუჯსტერსსა და ბრაზილიელ დანიელ ჰერნანდესს მოუგო, მაგრამ მესამე შეხვედრაში კორეელ გუჰამ ჩოსთან დამარცხდა. კორეელი წლეულს ახალგაზრდებში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა, მას შემდეგ რამდენიმე ტურნირი კი მოიგო, მაგრამ ასაკობრივი ან თუნდაც ფიზიკური სხვაობიდან გამომდინარე, ჩვენებურს მასთან მაინც არ უნდა წაეგო. განსაკუთრებით - ისეთი მეტოქეების დამარცხების შემდეგ.
შუკვანმა წლეულს პირველი ორთაბრძოლაა წააგო და სულ ცოტა დააკლდა სეზონში მესამე ტურნირის მოგებამდე, თუმცა ლამაზი, ტექნიკური და თვალსასეირო სტილისთვის არც ამჯერად უღალატია. თბილისის ტურნირის ფინალის მსგავსად ებრაელი არტიომ არშანსკი ამჯერადაც დამაჯერებლად დაამარცხა -, თუმცა ყველაზე საცოდავ დღეში მაინც აზერბაიჯანელი მსოფლიოს პრიზიორი ილგარ მუშკიევი ჩააგდო. ჩვენებურმა მას წლეულს ავსტრიული შეჯიბრების ფინალშიც მოუგო, წინა წლებში კი კიდევ ორჯერ ჰყავდა დანამარცხები. ახლაც ბრუნით ისე უზადოდ დააბერტყა ტატამზე, მგონი, მუშკიევს წამოდგომისა შერცხვა, ისე გახედა მსაჯს, თავის ადგილას მისულმა კი თავზე წაივლო ხელები. შუკვანსაც ვითომ ნუგეშისცემა უნდოდა, მაგრამ ისე გამოუვიდა, პატარა ბავშვს რომ თავზე ხელს წამოუთათუნებენ.
ჩვენებური კორეელ გვანგ-ჰიეონ ჩოისაც ჭკვიანურად ეჭიდავა და ორი ვაზარით დაამარცხა, თავად კი ნახევარფინალში მონღოლ ბოლდბაატარ განდბატთან იუკოთი წააგო.
წინა ტურნირებთან შედარებით ქარდავა უფრო გამოცოცხლებული ჩანდა და ფიზიკურადაც უკეთ იყო მომზადებული, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ იტალიელ ფრანჩესკო ფარალდოსთან პარიზში წაგებული შეხვედრის რევანშისთვის ეყო. ეტყობა, ის მარცხი ქარდავას მწარედ დაამახსოვრდა და ახლა ისეთი მოგვერდით დასცა იპონზე, მუშკიევის შემდეგ ამ ტურნირზე მეორედ მოხდა, როცა ქართველთან დამარცხებულს ტატამიდან წამოდგომისა შერცხვა.
ქარდავამ მანამდეც წმინდად მოიგო ანდორელი დანიელ გარსია გონსალესთან და მონღოლ მსოფლიოს ჩემპიონთან, ოლიმპიურ პრიზიორ ცაგანბაატარ ხაშბაატართანაც ყოჩაღად დაიწყო ჭიდაობა. ყოველ შემთხვევაში, საწყის წუთებში ტოლს არ უდებდა, თუმცა კლასის ნაკლებობაც აქვე გამოჩნდა - ორჯერ ფეხიდან აყვანილი მეტოქე ისეთი პოზიციიდან ვერ გადააგდო შედეგიანად, როცა ქულის მოპოვება, უბრალოდ, ევალებოდა. განსაკუთრებით - პირველ შემთხვევაში, ხაშბაატარი კი ის დონე არაა, ვინმეს ამდენი აპატიოს.
წაგების მიუხედავად, მაინც დადებითად მიგვაჩნია, რომ ამდენი მოლოდინის შემდეგ ჩვენებურმა რაღაც დადებითიც გვაჩვენა. კარგი იქნება, პროგრესს სამომავლოდაც თუ გააგრძელებს.
ფრანგ უგო ლეგრანდთან შეხვედრამდე ტატალაშვილმა მარჯვედ კი იქნია ფეხი და დომინიკელ ფაუსტო ბივიეკას თუ გერმანელ რენე შნაიდერთან ერთად ძლიერი ბელგიელი დიკ ვან ტიჩელტიც შედეგიანად ჩეხა აქეთ-იქით, მაგრამ ლეგრანდთან ბოლო 15 წამში ორი გაფრთხილებით მიღებული უპირატესობა გაანიავა - ჯერ თვითონ მიიღო გაფრთხილება, 9 წამით ადრე კი იუკოც დაკარგა. სამწუხაროდ, მობილიზება ვერც დამატებითში შეძლო და მეორე გაფრთხილებით ოქროს ქულა მეტოქეს გადაულოცა.
ჟორჟოლიანი ორი მოგების შემდეგ ყაზახ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ მაქსიმ რაკოვთან გაფრთხილებებით დამარცხდა. სამწუხაროდ, ამჯერად შესაძლებლობებზე ბევრად სუსტად გამოვიდნენ ამირან პაპინაშვილი (60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ზებედა რეხვიაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე - 81), ზურაბ ზვიადაური (90) და ნოდარ მეტრეველი (100) - ისინი ან პირველივე წრეში დამარცხდნენ, ანაც მალე გამოვარდნენ.
ვაჟები
60 კგ. 1. ინ-მინ იანგი (კორეა), 2. ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი), 3. ბეთქილ შუკვანი (საქართველო), ტობიას ენგლმაიერი (გერმანია).
66 კგ. 1. ალიმ გადანოვი (რუსეთი), 2. ცაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი), 3. მინ-ჰო ჩოი (კორეა), ჯუმპეი მორიშიტა (იაპონია).
73 კგ. 1. კი-ჩუნ ვანგი (კორეა), 2. ნიამ-ოჩირ საინჯარგალი (მონღოლეთი), 3. დექს ელმონტი (ჰოლანდია), უგო ლეგრანდი (საფრანგეთი). 5. ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო).
81 კგ. 1. ოლე ბიშოფი (გერმანია), 2. ალაინ შმიდტი, 3. ლოის პიეტრი (ორივე - საფრანგეთი), ელნურ მამადლი (აზერბაიჯანი),
90 კგ. 1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 2. დაე-ნამ სონგი, 3. კიუ-ვონ ლეე (ორივე - კორეა), მეთიუ დეფრევილი (საფრანგეთი).
100 კგ. 1. მაქსიმ რაკოვი (ყაზახეთი), 2. ჰე-ტაე ჰვანგი (კორეა), 3. რამადან დარვიში (ეგვიპტე), ზაფარ მახმადოვი (რუსეთი). 5. ლომერ ჟორჟოლიანი (საქართველო).
+100 კგ. 1. ანდრეას ტოლცერი (გერმანია), 2. ადამ ოქრუაშვილი (საქართველო), 3. გუჰამ ჩო (კორეა), კეიჯი სუძუკი (იაპონია). 5. ზვიად ხანჯალიაშვილი (საქართველო).
ქალები
48 კგ. 1. კარლინე ვან სნიცკი (ბელგია), 2. ჰირომი ენდო (იაპონია), 3. დაიარის მესტრე ალვარესი (კუბა), ლაეტიტია პაიეტი (საფრანგეთი).
52 კგ. 1. იუკი ჰაშიმოტო (იაპონია), 2. ნატალია კუზიუტინა (რუსეთი), 3. იანეტ ბერმოუ აკოსტა (კუბა), ბუნდმაა მუნკბაატარი (მონღოლეთი).
57 კგ. 1. კაორი მაცუმოტო, 2. ანზუ იამამოტო (ორივე - იაპონია), 3. სუმიია დორჯსურენი (მონღოლეთი), რაფაელა სილვა (ბრაზილია).
63 კგ. 1. და-ვოონ იოუნგი (კორეა), 2. კლარისე აგბეგნენოუ (საფრანგეთი), 3. იარდენ გერბი (ისრაელი), კლაუდია მალზანი (გერმანია).
70 კგ. 1. რასა სრაკა (სლოვენია), 2. მარია პორტელა (ბრაზილია), 3. ონიხს კორტეს ალდამა (კუბა), იორიკო კუნიჰარა (იაპონია).
78 კგ. 1. კაილა ჰარისონი (აშშ), 2. ხიული იანგი (ჩინეთი), 3. მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია), ჰაიდე ვოლერტი (გერმანია).
+78 კგ. 1. ლუსია პოლავდერი (სლოვენია), 2. ნა-იოუნგ კიმი (კორეა), 3. ელენა ივაშენკო (რუსეთი), იდალის ორტისი (კუბა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"