პრაღისთვის ქართველი ძიუდოისტების გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
გამოქვეყნდა ვაჟ ძიუდოისტთა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა, რომელიც 25-26 თებერვალს პრაღაში მსოფლიოს თასზე იასპარეზებს: პაატა მერებაშვილი (60), შალვა ქარდავა, ლაშა შავდათუაშვილი, სანდრო იაკობაშვილი, მინდია ლილუაშვილი (ოთხივე - 66), ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი, ზურაბ ნოზაძე (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური, ბექა ღვინიაშვილი (სამივე - 81), ვალერი ლიპარტელიანი, ზურაბ ზვიადაური, ლაშა გურული (90), ლევან ჟორჟოლიანი, ირაკლი ქობლიანიძე, ალექსანდრე მსხალაძე, ნოდარ მეტრეველი (ოთხივე - 100), ადამ ოქრუაშვილი, ზვიად ხანჯალიაშვილი (+100).

როგორც ვხედავთ, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უმეტეს წონებში მსოფლიოს თასებზე დაშვებული 4-კაციანი კვოტა გამოიყენა, ეს
კი ძირითადად აქამდე უცნობი იმ ხალხის ხარჯზე შეძლო, რომლებიც საქართველოს პირველობის მედალოსნები გახდნენ, თუმცა საერთაშორისო ტურნირებზე გამოსვლა არა და არ ეღირსათ - ნოზაძე, ქობლიანიძე, ლილუაშვილი.

ოლიმპიური რეიტინგის წკიპურტებიდან გამომდინარე, პეტერ ზაიზენბახერს ქარდავა და ტატალაშვილიც მიჰყავთ, რომლებსაც სარეიტინგო ქულები სჭირდებათ. ეს უფრო ქარდავაზე ითქმის, რომელსაც დიდ საფრთხეს არა ჩეხეთის ტურნირი, არამედ კონტინენტური პირველობები უქმნის. ის ევროპული კვოტით ჯერ კიდევ იღებს საგზურს, მაგრამ, სავარაუდოდ, პანამერიკის პირველობა ბევრ რამეს შეცვლის.

სხვა კონტინენტებს უკვე ჰყავთ წარმომადგენლები 22-ში და მათ რეგიონულ პირველობებს დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება, ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი კი სერიოზულ თავსატეხად გვექცა. გერმანული შეჯიბრების შემდეგ მან დაკარგა ადგილი 22-ში, თუმცა თუ პოლაცკიმ პრაღაში ქულები ვერ მოიპოვა, ორშაბათიდან ანუ ჩეხეთის ტურნირის შემდეგ მას 4 ქულა განულებით დააკლდება და ამერიკელი ისევ გადაუსწრებს.

ამასთან, ბრედფორდს ისევ გადაუსწრებს, რადგან ებრაელს 4 ქულა დააკლდება. თანაც, დიდი შანსია, ამერიკელი პანამერიკის პირველობაზეც წარმატებით გამოვიდეს და პოლაცკისთან უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდოს. ამ შემთხვევაში ევროპული კვოტით პოლაცკი ხდება მეორე კაცი, ხოლო ჩვენებური მესამეზე გადავა.

თანაც, ისრაელის გუნდში პოლაცკი ყველაზე მაღალქულიანი ულიცენზიო გახდება ანუ კვოტის საკითხში თანაგუნდელებთან შედარებით უპირატესობა ექნება. თავის მხრივ, 22-ში მოხვედრა ბოლენსაც ჰაერივით სჭირდება, რადგან კვოტით ვერ იღებს საგზურს. ვიქონიოთ იმედი, რომ გარკვეულ ქულებს ქარდავაც დააგროვებს და საქმე სამკითხაოდ არ გაუხდება. თან ამით მდევარ ევროპელებსაც გაექცევა, თუმცა როგორც ვხედავთ, დღეს მისი მთავარი პრობლემა არა ევროპელთაგან დაწევა, არამედ პოლაცკის 22-ში შენარჩუნებაა.

ტატალაშვილი ჯერჯერობით 360 ქულით XVIII ადგილზეა სალიცენზიო ჩათვლაში. 22-დან მისი გავარდნის შანსი ნაკლებია, მაგრამ მაინც აჯობებს, ცოტა ქულებს თუ დააგროვებს. ის კიდეც, რომ გავარდეს 22-დან, ევროპის კვოტაში მაინც მოხვდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ქარდავა ვერ მიიღებს საგზურს.

პრაღაში არ მიდის გიორგი ბაინდურაშვილი (81), რომელმაც ძიუდოს სამბო არჩია და კვირის ბოლოს მინსკში მათთან ერთად იჭიდავებს. ამ ფაქტზე ყურადღებას არც გავამახვილებდით, რომ არა ერთი გარემოება - სპორტსმენმა გვარი შეიცვალა და ბაინდუროვად გადაიკეთა. ეს ნებისმიერი ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ ჩვენთან ასე მაშინ იქცევიან, როცა სხვა ქვეყანაში სურთ გადასვლა და სპორტული კარიერის გაგრძელება.

არ გამოვრიცხავთ, მან გაბრაზებულ გულზე მართლაც გადაწყვიტა სხვაგან წასვლა - ალბათ, ყველას გახსოვთ პეკინის ოლიმპიადასთან დაკავშირებული ამბავი, როცა სალიცენზიო ქულები მან დააგროვა, მაგრამ თამაშებზე მაინც სხვა წაიყვანეს. არაა გამორიცხული, ამას წლევანდელიც დაემატა - ბაინდურაშვილი საქართველოს ჩემპიონატზე მეორეზე გავიდა, მაგრამ აქამდე არც ერთ საერთაშორისო ტურნირზე არ გამოსცადეს ანუ ოლიმპიადაზე მოხვედრის შანსიც არ მიეცა.

ამასობაში კულუარებში ხმები კიდევ ერთ მოსალოდნელ დოპინგ-სკანდალზე ვრცელდება - ამბობენ, რომ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძის შემთხვევა შეიძლება სულაც არ იყოს გამონაკლისი. ჯერჯერობით ამას ოფიციალურად არავინ ადასტურებს, რადგან საქმეზე მოკვლევა მიმდინარეობს.

აქვე გეტყვით, რომ ამჯერად ლაპარაკია არა ცირეკიძის ყალიბრის, არამედ საშუალო რანგის ძიუდოისტზე. თან აქცენტი ამჯერადაც დაუდევრობაზე კეთდება - ამბობენ, რომ გაციებისას თვითნებურად მიიღო წამლები. ნუგეშად ისღა გვრჩება, რომ ლაპარაკია არა ძლიერმოქმედ სტიმულატორზე, რასაც ჩვეულებრივ იყენებენ პროფესიულ სპორტში. უბრალოდ, რაღაც ნივთიერების კვალი დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა და ახლა სწორედ იმას იკვლევენ, საიდან გაჩნდა ის ორგანიზმში.

საქმის მასალების მოკვლევამდე და ოფიციალურ განცხადებამდე გვარ-სახელს არც ჩვენ დავაკონკრეტებთ, ამ ფაქტის აღნიშვნით კი მხოლოდ იმის ხაზგასმა გვსურს, რომ სპორტსმენებს მეტი დაკვირვება და მეტი წინდახედულება მოეთხოვებათ - დოპინგს ბევრი ფართოდ გავრცელებული და ყველასთვის ხელმისაწვდომი პრეპარატი შეიცავს.

ოღონდ ის დოპინგად და სტიმულატორად სპორტსმენისთვის მიიჩნევა და არა რიგითი ადამიანისთვის. ამიტომ არ იკრძალება მათი თავისუფლად გაყიდვა, მაგრამ, პარალელურად, აკრძალულთა სიაშიც შედის. ასეთ პირობებში თავად სპორტსმენებს უნდა ეყოთ გონიერება, გუნდის ექიმის დაუკითხავად არ მიიღონ არანაირი წამალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ra dacerot agar icit kide..iraklize didi carmatebuli tu vinme yavt gundshi davinaxavt aba..imxela vinmem gaaketos rac irakli,midit kide bevri mougonett da ceret
tiko
13:20 22-02-2012
0

სიახლეები პოპულარული