ქართველი ძიუდოისტების ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო პრაღიდან

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტებმა პრაღაში მსოფლიოს თასზე გამოსვლა გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს.

მათ თითო ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვეს, რასაც სამი მეხუთე და ერთიც მეშვიდე ადგილი დაუმატეს.

ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (66) გახდა, ბექა ღვინიაშვილი (81) მეორეზე გავიდა, ადამ ოქრუაშვილი (+100) - მესამეზე. ბრინჯაოს მედლისთვის ლევან წიკლაურმა (81), ნოდარ მეტრეველმა (100) და ზვიად ხანჯალიაშვილმაც (+100) იჭიდავეს, მაგრამ დამარცხდნენ, მეშვიდეზე კი სანდრო იაკობაშვილი (66) დარჩა.

ამ შეჯიბრებას ჩვენთვის უდიდესი სალიცენზიო მნიშვნელობა ჰქონ
და და კვლავაც დიდი ინტრიგა დაგვიტოვა - 66 კილოგრამში ამ ეტაპზე დავკარგეთ ლიცენზია და ახლა მთელი იმედები ევროპის პირველობას უკავშირდება, თუმცა ოქროც აქ მოვიპოვეთ. ამით გუნდის ლიდერიც შეიცვალა - შავდათუაშვილმა შალვა ქარდავას გადაუსწრო. ვნახოთ, შეძლებს თუ ვერა ის მორიგი გმირობის ჩადენას ევროპაზე. თუმცა ამჯერად შავდათუაშვილს არა ჩემპიონობა, არამედ ბევრად მოკრძალებული ამოცანა აკისრია - ქულებით აჯობოს ლატვიელ დენის კოზლოვს და საგზურსაც გაინაღდებს.

კარგი ასპარეზობით კვლავაც გაგვაოცა ადამ ოქრუაშვილმა, თუმცა დისკვალიფიკაციამოხდილი და სპორტში დაბრუნებული მეტრეველის ნახევარფინალში გასვლაც არანაკლები სიურპრიზი იყო. ასევე ქების ღირსია წიკლაურის ჭიდაობაც, რომელიც ქართული ჭიდაობისა და სამბოს გავლენით ჩვენი ძიუდოსთვის რამდენადმე უცხო სტილისაა.

აი, ღვინიაშვილის ჭიდაობა კი ყველა პარამეტრით აღსანიშნავი და სასიამოვნოა ფინალში მარცხის მიუხედავად - ამ ბიჭის სახით არა მარტო ქართულ, მსოფლიო ძიუდოს რომ ვარსკვლავი ეზრდება, ვგონებთ, ამ ტურნირის შემდეგ უცხოეთშიც ყველა აღიარებდა. მოზღვავებული ფიზიკური ძალის, ჩინებული მოქნილობისა და მდიდარი ტექნიკის ხარჯზე მან უბრალოდ კი არ დაამარცხა, დაანგრია მეტოქეები.

ფინალამდე ჩატარებული 5 შეხვედრიდან 4-ში პირდაპირ იპონით იმარჯვა, ერთში - ვაზარით. თუმცა აქ ერთი ნაკლიც გამოჩნდა, რაც ასაკის ბრალია - ნახევარფინალში გაუჭირდა ფიზიკურად ჯანიან და უხეშად მოჭიდავე მონღოლთან. ჩვენებურმა წმინდად კი მოუგო, მაგრამ ხელიც იტკინა, რაც ფინალში მისი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი გახდა უზბეკ იაკჰიო იმამოვთან, რომელმაც ნახევარფინალში წიკლაურს აჯობა.

უზბეკებიც კარგი ფიზმომზადებით გამოირჩევიან და იმის მიუხედავად, რომ ეს ღვინიაშვილისთვისაც ერთ-ერთი კოზირია, უფროსებში მისი ჭიდაობა ჯერ მაინც საშიში გვგონია. მართალია, რეალობაა, რომ ეს 16 წლის ბავშვი მასზე ბევრად უფროსებს წაღმა-უკუღმა არახუნებს ტატამზე (ზოგი პირდაპირ თავით დაარჭო ძირს), მაგრამ ყოველთვის არსებობს ასეთი "გალახვის" საშიშროება, რადგან ეს ჯერ მაინც ბავშვია, ისინი - კაცები. ცხადია, შიგადაშიგ კიდეც უნდა აჭიდაონ და შეაჩვიონ უფროსთა ტურნირებს, მაგრამ ჯერ მაინც თავის თანატოლებთან უნდა გამოიწრთოს. ბარემ აქვე ვიტყვით, რომ ხელის ტრავმის გამო გამოვარდა ავთანდილ ჭრიკიშვილი (81).

მწვრთნელთა შტაბმა დიუსელდორფიდან პრაღაში რამდენიმე ფალავანი სალიცენზიო ქულების ხათრით წაიყვანა, თორემ სხვა შემთხვევაში დაასვენებდნენ და ასეთი გრაფიკისთვის არ გაწირავდნენ - შალვა ქარდავა, ნუგზარ ტატალაშვილი, ვალერი ლიპარტელიანი.

ამ საკითხზე მთელი კვირის განმავლობაში დიდი ბჭობაც მიდიოდა მწვრთნელთა შტაბში, თუმცა ქარდავას ქულები ჰაერივით სჭირდებოდა, სალიცენზიო 22-დან გავარდნის გარკვეული საფრთხე ტატალაშვილსაც ემუქრებოდა, ლიპარტელიანისთვის კი მნიშვნელოვანი დაწინაურებულ ოქტეტში ადგილის განმტკიცება იყო, რათა ოლიმპიადაზე განთესვის უფლება მიეღო.

სამწუხაროდ, სამივე ადრევე გავარდა და იმდენად მცირე ქულები მიიღეს, რეიტინგში მაინც არაფერში წაადგათ. თანაც, ამ სამეულიდან მხოლოდ ქარდავა დამარცხდა ცნობილ ფალავანთან - კორეელ მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ მინ ჰო ჩოისთან, თორემ სხვებმა საშუალო დონის ძიოუდოისტებთან წააგეს. ქულების მხრივ მხოლოდ 66-ში დავზარალდით, დანარჩენებში კი ვერც ჩვენებურთა მდევრებმა ივარგეს და იქ პოზიციებს ვინარჩუნებთ.

შავდათუაშვილმა ამ გამარჯვებით დიდი სამსახური გაუწია საკუთარ თავსაც და ნაკრებსაც - ქარდავასაც გადაუსწრო და 6 ქულამდე შეამცირა ჩამორჩენა კოზლოვსთან. ახლა მის ანგარიშზე 240 ქულაა, ქარდავას კი ისევ 180 დარჩა. ევროპის პირველობის მერე კოზლოვს კიდევ 4 ქულა დააკლდება ანუ სხვაობა მინიმუმამდე დავა.

აქ ლიცენზიის მოპოვების კიდევ ერთი შანსია - 73-ში თუ ვინმე ებრაელ იოსებ ფალელაშვილს 22-დან გამოაგდებს, მაშინ ევროპული კვოტით ის მიიღებს საგზურს, 66-დან ებრაელი გოლან პოლაცკი ამოვარდება და შავდათუაშვილი ევროპიდან მეორე ნომერი ხდება, ჩვენებურმა პრაღაში პოლაცკისთან მოგებით ერთი კარგი საქმე კი გააკეთა, მაგრამ ახლა ევროპაზეც უნდა იყოჩაღოს, ოლიმპიადაზე მოხვედრა თუ უნდა, თორემ ფალელაშვილის იმ ზონიდან გამოგდება არარეალური ჩანს.

მძიმე წონაში, პრაქტიკულად, საკონტროლო შეხვედრა გაიმართა - ბრინჯაოსთვის ოქრუაშვილმა და ხანჯალიაშვილმა იჭიდავეს. ოქრუაშვილის კარგ გამოსვლაზე უკვე გითხარით და ხანჯალიაშვილი კარგი დასაწყისის შემდეგ ისევ იმ 20 წლის ტანდაბალ კორეელ გუჰამ ჩოსთან დამარცხდა, ვისთანაც წინა კვირას დიუსელდორფში წააგო. ოღონდ ამჯერად - ვაზარით. თუმცა ამით მწვრთნელთა საქმე გაკეთდა.

საკმაოდ უღიმღამო შეხვედრაში ოქრუაშვილმა გაფრთხილებებით დამსახურებულად მოიგო და დეკემბრიდან მოყოლებული, კონკურენტი პირად შეხვედრაში უკვე მესამედ დაამარცხა, ქულებით კი ჯერ კიდევ გერმანული შეჯიბრების შემდეგ გადაუსწრო დიდი სხვაობით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა გჭირთ ბიჭებო მიდით უფრო მონდომებით,,, აჩვენეთ შედეგი
nini
17:15 28-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული