ქართველებმა ანტალია გაძარცვეს: 14 მედლით თურქეთიდან

AutoSharing Option
ამ უქმეებზე ანტალიაში დამთავრდა ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის თასი, სადაც ჩვენმა სპორტსმენებმა 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვეს.

აქედან 2 ბრინჯაო გოგოების მონაგარია, დანარჩენი - ბიჭებისა. ჩემპიონები ბექა ნათათრალიშვილი (55) და ზაზა მეგრელიშვილი (66) გახდნენ; ვერცხლის მედლები ერეკლე არხოზაშვილმა (55), კობა მჭედლიშვილმა (60), ბაჩანა ბოლქვაძემ (66), დავით რამაზაშვილმა (90) და ზაზა გოჯიაშვილმა (+90) მოიპოვეს; მესამეპრიზიორები კი ირაკლი კუპატაძე (50), გიორგი კაციაშვილი (55), ნიკა მოველიძე (81), გიორგი გველესიანი (90) და გიორგი ძებისაშვილი (+90) არიან.

ეს ტურნირი ერთ-ერთი შესარჩევი ეტაპია ეროვნული
ნაკრების დასაკომპლექტებლად. ამ მიზნით ჭაბუკებმა უკვე ჩაატარეს რამდენიმე შიდა შეჯიბრება, რომელთაგანაც უმთავრესი საქართველოს პირველობა იყო. ანტალია ჩვენებურთა კალენდარში სეზონის პირველი უცხოური შეჯიბრებაა, სადაც მწვრთნელებმა ქვეყნის პირველობის თითქმის ყველა მედალოსანი წაიყვანეს, თუმცა უარი არც იმ რამდენიმე ფალავანს უთხრეს, ვინც საკუთარი ხარჯით მოისურვა წასვლა.

ტრადიციულად, ანტალიის ტურნირი ამჯერადაც ძლიერი შემადგენლობისა გამოდგა და მით უფრო სასიხარულოა ჩვენებურთა ასეთი კარგი გამოსვლა. როგორც ვხედავთ, ორ წონაში - 55-სა და 66-ში, სულაც ქართული ფინალი გაიმართა. პირველში ნათათრალიშვილმა არხოზაშვილი დაამარცხა, მეორეში კი მეგრელიშვილმა ბოლქვაძეს სძლია.

კონკურენცია და მწვრთნელთა საფიქრალი იზრდება

ამ ტურნირის შემდეგ კიდევ უფრო დაიძაბა კონკურენცია 55-ში. ანტალიაში ნათათრალიშვილმა ბელარუს იაუჰენი პისარენკასთან, სომეხ არსენ გევორქიანთან, რუს ვილი ბაგადტინოვთან და აზერბაიჯანელ რამინ ალაკბაროვთან წმინდა მოგების მერე ნახევარფინალში კაციაშვილს მოუგო.

თანაგუნდელი დაინდო თუ რა იყო, ვერ გეტყვით, მაგრამ მას მხოლოდ იუკოთი აჯობა, რითაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალში წაგებისთვის რევანში აუღო.

მან არხოზაშვილსაც იუკოთი აჯობა, რაც ამ სეზონში უკვე მეორედ მოხდა - ქვეყნის პირველობაზე ნახევარფინალშიც მოუგო. ეს წელს მათი მესამე შეხვედრა იყო - სულ პირველში, გორში გამართულ შიდა სარეიტინგო ტურნირში, არხოზაშვილმა აჯობა, რომელმაც ახლაც კარგად იჭიდავა ანტალიაში და თავიდან სამი იპონი მიითვალა - აზერბაიჯანელ რაუფ ხალილოვთან, მასპინძელ ჰაკან ასლანთან და რუს რუსტამ ბაბუჩიევთან. მეორე რუსს, მომავალ ბრინჯაოსმედალოსან საბუხი გაჯიევს კი გაფრთხილებებით აჯობა ნახევარფინალში.

კაციაშვილს შედარებით გაუჭირდა, თუმცა საქართველოს ჩემპიონობის გარდა მის წლევანდელ აქტივში გორის ტურნირის მოგებაცაა. ამ წონაში მაინც ეს სამეული გამოიკვეთა. ახლა საკითხავი მხოლოდ ისაა, ვინ მოხვდება ევროპაზე წამსვლელ დუეტში. აქვე დავძენთ, რომ კაციაშვილი შარშან 50-ში ჭიდაობდა და ამ წონაში ახალი გადმოსულია, ადაპტაცია კი გარკვეულ სიძნელეებთანაა დაკავშირებული.

ანტალიის ტურნირმა საქართველოს ჩემპიონატის შედეგი 66-შიც თავდაყირა დააყენა, რადგან იქ ბოლქვაძემ მოუგო მეგრელიშვილს. თუმცა აქ რევანში ბოლქვაძის ტრავმამ განაპირობა - ამჯერადაც იგებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხელი მოიტეხა და ამიტომ ვერც კვარცხლბეკზე ავიდა. ამ წონაში ქვეყნის პირველობის სხვა მედალოსნებმა თავი ვერ გამოიჩინეს.

ბრინჯაოსმედალოსანთაგან ჯემალ ბუჩუნტელი პირველივე შეხვედრაში დამარცხდა, გიგა გიგაურს კი ბოლქვაძემ მოუგო და მერე სანუგეშოშიც მხოლოდ ერთხელ იმარჯვა. ამ წონაში ვერც საკუთარი ხარჯით წასულმა ფალავნებმა - ზვიად მრელაშვილმა (ამან მეგრელიშვილთან წააგო), ლევან ბექაურმა და ვაჟა ქოროღლიშვილმა გამოიჩინეს თავი. ამიტომ არაა გამორიცხული, მეგრელიშვილი-ბოლქვაძის დუეტს საევროპოდ კონკურენტი არც გამოუჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე შარშანაც გამოდიოდა ამ ნაკრებში და ევროპაზე მერვედფინალში აზერბაიჯანელ მომავალ ფინალისტ ისკანდერ ტალიშნისკისთან წააგო. ამ წონაში კი კონტინენტის ჩემპიონი ვანო მამისაშვილი გახდა, რომელიც უკვე გადავიდა ახალგაზრდებში. მეგრელიშვილი გორის ტურნირის ჩემპიონი და ამ წონაში შიდა რეიტინგის ლიდერია.

ჩემპიონთა უჩემპიონობა
ანტალიური ტურნირის სხვა მედალოსანთაგან კუპატაძე, მჭედლიშვილი, რამაზაშვილი და ძებისაშვილი საქართველოს ჩემპიონები არიან, გოჯიაშვილი - მეორე პრიზიორი, მოველიძე და გველესიანი - მესამე. ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება დააკლდა ქვეყნის კიდევ ერთ ჩემპიონ ვანო ჩურჩხელაშვილს (73).

როგორც ეტყობა, 50 კილოგრამი წლეულსაც ერთ-ერთი ყველაზე სუსტი იქნება ჩვენს ნაკრებში, რომელშიც შარშან ჩავარდნა გვქონდა. კუპატაძემ თურქეთში ნახევარფინალში აზერბაიჯანელ სადიგ გურბანოვთან, დამამშვიდებლის ფინალში კი რუს პაილაკ გალოიანთან მძიმე ბრძოლა მოიგო - ორივემ თითო ვაზარი მიითვალა, თუმცა კუპატაძემ მეტოქე ორჯერაც გააფრთხილებინა.

კარგად იჭიდავა მჭედლიშვილმაც - ბრიტანელ გეორგ გულუმს წმინდად აჯობა, აზერბაიჯანელ ბაირამ ჰუსეინოვს ვაზარ-იუკო აართვა, თურქ რეცეპ კილინჩს - ვაზარი და იპონი, ბექა შინჯიკაშვილის მომგები რუსი სამველ ჩაკრა კი დააიპონა. ფინალი აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვთან იუკოთი დათმო. შეგახსენებთ, რომ მჭედლიშვილი გორში მეორეზე გავიდა და ჯერჯერობით რეიტინგის ლიდერიცაა.

თაობათა ცვლაც ვერაფერს აკლებს

ეტყობა, ზედა ორი წონა წელსაც ძლიერი გვეყოლება იმის მიუხედავად, რომ აქ თაობათა ცვლა მოხდა. მაგალითად, 90-იდან ახალგაზრდებში გადავიდნენ მსოფლიოს ჩემპიონი გურამ თუშიშვილიც და ვიცე-ჩემპიონი შალვა ჩოჩელიც.

მძიმეში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გიორგი ლაზუაშვილი კი დარჩა, მაგრამ ამჯერად არ უჭიდავია და თან შარშანდელებიდან სხვებიც წავიდნენ.

ამჯერად 90-ში რამაზაშვილმა საქართველოს პირველობის შედეგი ვერ გაიმეორა, მაგრამ შიდა კონკურენციაში ფავორიტის იმიჯი კი გაიმყარა. მით უფრო, თურქ სამეტ დედემლისთან ვაზარ-იპონით მოგების შემდეგ მეორე წრეში საქართველოს ჩემპიონატის ფინალში დანამარცხებ თანაგუნდელ მიხეილ ახალაურსაც აჯობა წმინდად.

მან ნახევარფინალში რუსი პაველ ნოვიკოვიც იოლად დაჯაბნა, ფინალში კი რუსთა ქართველ კარლენ ფალიანთან წააგო, რომელმაც მანამდე გველესიანსაც მოუგო. არადა, იმ შეხვედრაში მეტოქეებს თითო ვაზარი ჰქონდათ, გველესიანი კი მანამდეც იპონებით მივიდა - აზერბაიჯანელი მაჰამად მახარამოვი, თურქი ფურკან კილიცარსლანი და რუსი ალექსანდრ ვორობიოვი ბეჭებით გააკრა ტატამზე.

მძიმე წონაში შიდა ტურნირებზე ძებისაშვილი სულ უგებს გოჯიაშვილს - საქართველოს ჩემპიონატის ფინალშიც აჯობა და გორშიც, თუმცა ამჯერად ანტალიაში ნახევარფინალში რევანში შედგა. აქ ორივემ ორ-ორი გაფრთხილება მიიღო, ამის შემდეგ კი გოჯიაშვილმა იპონი მიითვალა.

ფინალში ის მოჰამედ ხასიევთან დამარცხდა, ძებისაშვილმა კი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ქვეყნის მესამე პრიზიორ ბაქარ კუხიანიძეს წმინდად აჯობა. კუხიანიძე თურქ თურან კირილდოღანთან სუფთა გამარჯვების შემდეგ ხასიევთან დამარცხდა, დამამშვიდებელში კი თანაგუნდელ გიორგი ფარადაშვილს მოუგო.

ნაძვის ხის ნახტომი
ჭაბუკთა ნაკრებში შარშან ნამდვილი კოზირი გვყავდა - ბექა ღვინიაშვილი, რომელმაც მოიგო ევროპისა და მსოფლიოს პირველობები, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი. თუმცა ახლა ისიც ახალგაზრდებში გადავიდა.

ანტალიაში ამ წონაში რუსმა მიხაილ იგოლნიკოვმა იმარჯვა, რომელიც ევროპის შარშანდელი ჩემპიონია, ოღონდ... 66 კილოგრამში და ცოტა გასაკვირია, ერთ წელიწადში ამხელა ნახტომი, ერთბაშად ორი წონით ზევით გადასვლა. თურქეთში მან ელდარ მესხიშვილი დაგვიმარცხა, მოველიძემ კი პირველივე წრეში წააგო და მერე დამამშვიდებელში იყოჩაღა - ოთხივე შეხვედრა წმინდად მოიგო.

ჯანაშვილის მეორე თურქული
გოგოების ტურნირში ამჯერად მხოლოდ ოთხი ძიუდოისტი გამოდიოდა, ბრინჯაოს მედლები კი მარიამ ჯანაშვილმა და გურანდა შოთაძემ (ორივე - 57) მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ჯანაშვილი შარშან იქ ჩემპიონი გახდა. ამ წონაში მაშინაც ორი მედალი მოვიპოვეთ - მარიამ ციხელაშვილი მესამეზე გავიდა.

ჯანაშვილი ამჯერად მეოთხედფინალში რუს კარინა ბოლოტოვასთან დამარცხდა, მანამდე კი ორი იპონი მიითვალა - აზერბაიჯანელ ფარიდა ჰასანხანოვასთან და თურქ ემინე ტოკდემირთან.

დამამშვიდებელშიც სამი წმინდა მოგება ჩაიწერა აქტივში - თურქ მონე გოკოზთან, ხორვატ დორა მინალიევიჩთან და ისევ მასპინძელ აისეგულ ილმაზთან, რომელმაც პირველივე წრეში შოთაძეს მოუგო. ჯანაშვილს რევანშისთვის მადლობა შოთაძემაც ანალოგიურად გადაუხადა, როცა ბრინჯაოსთვის შეხვედრაში ბოლოტოვა დააიპონა, მანამდე კი მასპინძლებს - დენიზე ილმაზსა და მელიკე ბაკალოღლუსაც ახეხინა მშობლიური ტატამი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული