მეტოქე: ტაგირ ხაიბულაევი და მანსურ ისაევი ვერ დაგვიდგებიან

AutoSharing Option
რუსეთის ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ხელმძღვანელობას ჯერ არ დაუსახელებია 26-28 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობა, თუმცა დაღესტნური ინტერნეტსაიტების ცნობით, ტურნირში არ იჭიდავებენ იქაურები: მსოფლიოს ბრინჯაოს მედალოსანი მანსურ ისაევი (73) და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი (100).

ისაევი 900 ქულით ოლიმპიურ რეიტინგში მეოთხეა და ვინაიდან ლონდონის ოლიმპიადის საგზური განაღდებული აქვს, თამაშებისთვის ინდივიდუალურად მომზადება გადაუწყვეტია. ის მსოფლიოს პრიზიორი 2009 წელს როტერდამში გახდა, შარშან კი მასტერსის, იაპონიის "დიდი მუზარადისა" და ამსტერდამის "დიდი პრიზის" ვიცე-ჩემპიონი გახდა; ხოლო წლევანდელ მასტერსზე მეს
ამე იყო.

ამ წონაში ლონდონის ოლიმპიადის საგზურს ჩვენგან ნუგზარ ტატალაშვილი ინაღდებს, რომელიც მანსუროვს არასოდეს შეხვედრია. თავის მხრივ, ავარელ ფალავანს ორჯერ უჭიდავია ქართველებთან და ორივეჯერ დამარცხდა - 2007 წელს თბილისის ტურნირზე მინდია ხომიზურთან დამარცხდა, იმავე წელს კი ბაქოს მსოფლიოს თასზე ზაზა კედელაშვილთან წააგო.

ხაიბულაევიც ავარელია, რომლისთვისაც თბილისი ფეხბედნიერი ქალაქი გამოდგა - 2009 წელს აქ გახდა კონტინენტის ჩემპიონი, მსოფლიოს პირველობა კი შარშან მოიგო პარიზში. აი, იქაურობა კი ცუდად დასცადა - ცოტა ხანში ტრავმა მიიღო და მას შემდეგ არსად უჭიდავია.

ამასობაში სალიცენზიო რეიტინგში თანაგუნდელმა სერგეი სამოილოვიჩმა გადაუსწრო და ოლიმპიადაზე წასვლის უფლების მოსაპოვებლად ჩელიაბინსკში ჭიდაობა ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ დღემდე ვერ გამოჯანმრთელდა. ხაიბულაევი ჩვენებისთვის უხერხული მეტოქეა - მას ხუთჯერ მოუგია ჩვენებურებთან და მხოლოდ ერთხელ დამარცხებულა.

იმ ხუთიდან ორი მოგება ლომერ ჟორჟოლიანთან მიითვალა, რომელიც სადღეისოდ ჩვენგან ოლიმპიადაზე წასვლის უმთავრესი კანდიდატია - 2009-ში თბილისის ტურნირზე და 2010-ში სან პაულუს მსოფლიოს თასზე. მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძეა ერთადერთი ქართველი, რომელმაც ხაიბულაევის დამარცხება მოახერხა. ეს 2006 წელს ისევ თბილისის ტურნირის ფინალში მოხდა, ოღონდ მაშინ ორივე 90-ში ჭიდაობდა.

სამაგიეროდ, ევროპაზე იასპარეზებს კიდევ ერთი ავარელი, კონტინენტის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი (81). მან ამ წარმატებას ორი წლის წინ ვენაში მიაღწია. შარშან კი ამავე რანგის შეჯიბრებაზე სტამბულში ფეხში ხელით შესვლისთვის ვლადიმერ ნუცუბიძემ მოხსნა და მერე მესამეზე გავიდა. ის ქართველებს მრავალჯერ შეხვედრია. წონის ლიდერებიდან ლევან წიკლაურთან მოუგია, გიორგი ბაინდურაშვილთან კი ერთი მოგება და ორი წაგება აქვს.

მართალია, ხაიბულაევიც დაღესტნელია და მან მაგომედოვზე ერთი წლით ადრე მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა, მაგრამ ის სამარაში ცხოვრობს და ამიტომ დაღესტნელები მაგომედოვს მიიჩნევენ თავიანთი რესპუბლიკის პირველ ძიუდოისტად, რომელმაც პირველხარისხოვანი შეჯიბრების მოგება შეძლო. საინტერესოა, რომ მაგომედოვიც და ისაევიც ერთი ქალაქიდან - ყიზილ-იურტიდან არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული