ძიუდო. მედალთან ახლოს, მაგრამ მაინც უმედლოდ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი კოშმარული დღის და სამარცხვინო სკანდალის შემდეგ, როცა მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი ირაკლი ცირეკიძე (100) გასახდელიდან ტატამთან დროულად ვერ მიიყვანეს, ცოტა დააკლდა, გუშინდელი დღე დიდი წარმატების მომტანი ყოფილიყო.

ვალერი ლიპარტელიანი (90) ნახევარფინალში იპონებით გავიდა და ოქროს მედლის მოპოვების იმედიც გაგვიჩნდა. მართალია, წინა დღის სირცხვილს და თავსლაფის დასხმას ეს მაინც ვერ გადაფარავდა, მაგრამ აქაც ღარიბი გლეხისა და ქილა ერბოსავით მოგვივიდა - ლიპარტელიანმა ორივე დარჩენილი შეხვედრა წააგო და მეხუთეზე დარჩა.

ვალერის ტოკიოში გამოსვლა ორ განსხვავებულ ნაწილად უნდა
განვიხილოთ - შესვენებამდე და შესვენების შემდეგ. დილით ყველაფერი კარგად იყო - ჩვენებურმა ოთხი შეხვედრიდან სამი წმინდად მოიგო, საღამოს კი ყველაფერი თავდაყირა დადგა... ლიპარტელიანი დილით თუ მოწოდების სიმაღლეზე იყო, საღამოს თითქოს რაღაც აკლდა, რაღაც ბოჭავდა, რასაც მსაჯობის ფაქტორიც დაემატა...

ლიპარტელიანს თბილისში ჩატარებული ბოლო მოსამზადებელი შეკრება ლამის მთლიანად გაუცდა - წინა საწვრთნელ ეტაპზე ნატკენმა მხარმა ვარჯიშის საშუალება არ მისცა და იყო შიში, რომ სათანადოდ მომზადებული ვერ შეხვდებოდა ჩემპიონატს. ამას არც სპორტსმენი მალავდა, თუმცა დილის შეხვედრები ძალზე ყოჩაღად დაიწყო - ჯერ ინდოელი საჰილ პატანია დააიპონა, რაც სულაც არაა გასაკვირი. დიდად მოულოდნელი არც ბრიტანელ ევროპის პრიზიორ ვინსტონ გორდონთან ჩატარებული იპონი ყოფილა, თუმცა ეს მეტოქე ინდოელზე ბევრად მაღალი დონისაა.

ლიპარტელიანს ამ ორ შეხვედრაში გაფრთხილებაც არ მიუღია, პირველი ქულა კი ასლეი გონსალესთან დაკარგა - კუბელი იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ ჩვენებურმა მალევე ვაზარი აუღო და გაიმარჯვა. მას ყველაზე სერიოზული მეტოქე მეოთხედფინალში შეხვდა - უკრაინელი ევროპის სამგზის ჩემპიონი ვალენტინ გრეკოვი. მან ლიპარტელიანი ერთი-ორჯერ თითქოს ბეწვის ხიდზეც გაატარა, მაგრამ ქართველმა თავი მშვენივრად დაიცვა, თვითონ კი ისევ ვაზარით მოუთავა ხელი მეტოქეს.

ეს ყველაფერი დილის შეხვედრებში მოხდა, შესვენებამ კი ლიპარტელიანის ლაღი ჭიდაობაც თან გაიყოლა. ნახევარფინალში მისი მეტოქე მასპინძელი დაიკი ნიშიამა იყო, მეორე წყვილს კი ბერძენთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი და აზერბაიჯანელი ევროპის პრიზიორი ელხან მამადოვი შეადგენდნენ. ამდენად, ქართველებს ქართული ფინალის იმედიც ჩაგვესახა, მაგრამ ნიშიამამ, უფრო კი მსაჯებმა სხვანაირად განსაჯეს - ლიპარტელიანმა გაფრთხილებებით წააგო, თუმცა, ალბათ, სხვა ადგილას, სხვა მეტოქესთან ჩვენებურს არ გააფრთხილებდნენ.

მეტიც - იქნებ იაპონელი უფრო იმსახურებდა გაფრთხილებას. ამ დროს მასპინძლებს უკვე წაგებული ჰქონდათ ნახევარფინალი 81-ში და ოქროს მოპოვების ერთადერთ იმედად ეს წონა რჩებოდათ. ყოველ შემთხვევაში, როცა თანაბარ ბრძოლაში მსაჯებმა ჩვენებურს პირველი გაფრთხილება მისცეს, აშკარა გახდა - ისინი ნიშიამას წითელ ხალიჩას უფენდნენ ფინალისკენ. მერე ორივე რომც გაეფრთხილებინათ, იაპონელი იუკოს იღებდა და ანგარიშში დაწინაურდებოდა. აღსანიშნავია, რომ წლეულს ნიშიამამ ჩვენებურს დიუსელდორფის "დიდ პრიზზეც" ასევე გაფრთხილებებით მოუგო.

აი, რუს კირილ დენისოვთან კი ლიპარტელიანმა წლეულს მესამედ წააგო - ადრე კორეულ მასტერსსა და რიო დე ჟანეიროს "დიდ მუზარადზეც" დამარცხდა. ახლანდელ შეხვედრაში ორი დაახლოებით თანაბარი დონის გდება მსაჯებმა მეტოქეს ვაზარით შეუფასეს, ჩვენებურს - იუკოთი და ეს ანგარიში ბოლომდე დარჩა კიდეც ძალაში. სამწუხაროდ, ამ ორ წაგებულ შეხვედრაში ლიპარტელიანმა ტემპს ვერ მოუმატა, მეტოქეებს ვერაფერი შესთავაზა ახალი, ვერაფერი დაუპირისპირა მათ ფრთხილ ჭიდაობას.

რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ის ჯერ კიდევ ვერ იყენებდა თამამად ნატკენ ხელს, ანუ ტრავმის კვალი ჯერ ისევ ეტყობოდა, მაგრამ ცოტა სტილის, ტექნიკური არსენალის გამრავალფეროვნება მაინც დგას დღის წესრიგში. ფაქტია, რომ ამ წონაში გამოიკვეთა მოჭიდავეთა ჯგუფი, რომლებთანაც ის სისტემატურად აგებს, მათ წინააღმდეგ კი მზადების ინდივიდუალური გეგმაა შესამუშავებელი.
ილიას ილიადისმა, იგივე ჯარჯი ზვიადაურმა, როგორც იქნა, აისრულა საწადელი და მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

აქამდე მან ორჯერ იჭიდავა მსოფლიოს ფინალი, მაგრამ 2005-ში იაპონელ ჰიროში იზუმისთან წააგო, 2007-ში - ცირეკიძესთან, თუმცა, ღმერთი სამობითააო და მესამე ცდაზე მაინც მიაღწია თავისას. ამით მან წრე შეკრა - ევროპის და ოლიმპიური ჩემპიონი აქამდეც იყო, რითაც კარგი მაგალითი უჩვენა თავის ბიძაშვილს, ასევე ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს (90), რომელიც საკმაოდ ადრე წავიდა სპორტიდან და უდიდესი ტალანტის მიუხედავად, ასეთ წარმატებებს ვერ მიაღწია. მართალია, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ორჯერ მანაც იჭიდავა, მაგრამ ფაქტია - ის არც მსოფლიოს ჩემპიონია და არც - ევროპისა.

ილიადისის ახლანდელი ჭიდაობა ფინალში ნიშიამასთან ასევე მაგალითი უნდა იყოს ლიპარტელიანისთვისაც, როგორ უნდა აჯობო მსაჯებსაც და მეტოქესაც. ნიშიამა ამ შეხვედრაში უფრო მეტს დარბოდა ტატამზე, ვიდრე - ნახევარფინალში ჩვენებურთან, მაგრამ მსაჯები არა და არ აფრთხილებდნენ. ალბათ, არც ქულას მისცემდნენ, მაგრამ ილიადისმა ისე დაახეთქა ტატამზე, არბიტრებს სხვა გზა არც ჰქონდათ.

ილიადისმა ძალიან ძნელი ჯგუფი გაიარა - სერბი ნიკოლა მილოშევიჩი, ჩვენი მინდია ბოდაველი, იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი და წლეულს ძალზე ძლიერად მოჭიდავე ტაკაში ონო, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ტიაგო კამილო, ზემოხსენებული აზერბაიჯანელი ევროპის პრიზიორი მამადოვი და ნიშიამა. როგორი საქმეა - იაპონიაში მოუგო ორივე იაპონელს! თან ამათთან იპონი მხოლოდ ონოსთან და ბოდაველთან ვერ მიითვალა, სხვები კი, ეს ამხელა ტიტულების მქონე ხალხი ტომარასავით დააბერტყა ტატამზე. მისი გამარჯვება სავსებით დამსახურებულია და თუ ასე გააგრძელა, ლონდონის ოლიმპიადაზეც ფავორიტი იქნება.

ნიშიამას წლეულს ფრიად უცნაური სეზონი აქვს - მხოლოდ ვენის მსოფლიოს თასი მოიგო, სხვა ტურნირებზე კი ვერცხლს ან ბრინჯაოს სჯერდებოდა. "მარად მეორის" ტიტული კი ვერც ამჯერად მოიცილა. აღსანიშნავია, რომ ის იაპონიის ჩემპიონატზე ფინალში ონოსთან დამარცხდა. მთლიანობაში, ძალზე ძლიერად იჭიდავა მამადოვმაც, რომელმაც მეოთხედფინალში ჩინებული შეხვედრა მოუგო დენისოვს - პირდაპირ გააცამტვერა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი. ბრინჯაოსთვის კი გრეკოვსაც შავი დღე აყარა ორი ვაზარით. დენისოვის მედალი პირველი ჯილდოა რუსებისთვის, რაც ისევ ჩვენს ხარჯზეა მოპოვებული.

სამწუხაროდ, 81 კილოგრამზე არაფერია სათქმელი - ორივე ჩვენებური პირველივე წრეში გავარდა. ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური ამერიკელ ტრევის სტევენსთან იპონით დამარცხდა, გრიგოლ შინჯიკაშვილმა კი აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლის ორი ვაზარი დაუთმო. ამერიკელი დიდი ვერაფერი მოჭიდავეა და მალევე გავარდა, მამადლი კი რუსებსაც დაერია და ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ დამარცხდა.

ტიტულოვანთაგან მან პორტუგალიელ ევროპის ჩემპიონ ჟოაო ნეტოს და რუსთა შარშანდელ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ ივან ნიფონტოვს ორ-ორი ვაზარი აართვა, რასაც ბრაზილიელ ოლიმპიურ პრიზიორ ფლავიო კანტოსთან წაგება მოჰყვა, მერე კი, დამამშვიდებელში რუსთა წლევანდელი ევროპის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი ვაზარიზე დააგდო. ბრინჯაოსთვის შეხვედრა მან მასპინძელ მასაჰირო ტაკამაცუსთან წააგო.

ამ წონაში გამარჯვება კორეელმა ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ჯაე ბუმ კიმიმ იზეიმა, ნახევარფინალში კი საინტერესო წყვილი ვიხილეთ - ერთმანეთს ბრაზილიელები, კანტო და მასავით ოლიმპიური პრიზიორი (ოღონდ ორგზის) ლეანდრო გილეირო შეხვდნენ. გილეირო ადრე 73-ში ჭიდაობდა და ოლიმპიური მედლებიც იქ მოიპოვა, ახლა კი ახალ წონაში ახალ სიმაღლეებზე გადის. აღსანიშნავია ბრიტანელ ეუან ბარტონის ბრინჯაოც - კარიერაში მეორედ. ის თითქოს არ "ყვირის" შედეგებით, მაგრამ ასე წყნარ-წყნარად მსოფლიოს ორი და ევროპის სამი ბრინჯაო კი მოაგროვა.

ქალთა ტურნირზე გუშინ მხოლოდ 70 კილოგრამის წარმომადგენლები ჭიდაობდნენ და ფრანგი ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი ლუსი დეკოსე მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, უნგრელმა ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ანეტ მესაროშმა კი ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ფინალი! ცოტა გასაკვირია ჰოლანდიელ ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ედიტ ბოსხის მარცხიც ბრინჯაოსთვის ბრძოლაში (ნახევარფინალში მესაროშთან წააგო) სლოვენიელ რასა სრაკასთან, რომლისთვისაც ეს ამ რანგის მეორე მედალია.

ვაჟთა ტურნირზე დღეს მხოლოდ 73-ის ფალავნები იჭიდავებენ, ანუ ჩვენგან ტატამზე ზაზა კედელაშვილი და ნუგზარ ტატალაშვილი გავლენ. აღსანიშნავია, რომ ამ წონაში ყველაზე მეტი ძიუდოიტია - 83! ტატალაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი საკმაოდ სუსტი მეტოქე ჰყავს - იემენელი ზეიად მატერი. სამწუხაროდ, ორივე იაპონელი - ჰიროიუკი აკიმოტოც და იასუჰირო ავანოც ამ ჯგუფში მოხვდნენ. პირველ წრეში კედელაშვილიც ისვენებს, მეორეში კი ალჟირელ მუსტაფა ბულემიას შეხვდება.

ხვალ 60 და 66-ის ფალავნები იჭიდავებენ, ანუ ტატამზე ამ ქართულ კვარტეტს ვიხილავთ: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (60), მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა (66). ასუმბანის პირველი მეტოქე ყაზახი ბაკიტზან ტურემბეკოვია, პაპინაშვილის - ტაივანელი ჰსუან-ტაო ჩანგი. ქარდავა პირველად სეიშელის კუნძულების წარმომადგენელ ჯიმი ლაბროსეს ხვდება, ხომიზური - სლოვენიელ ევროპის ვიცე-ჩემპიონ როკ დრაკშიჩს.

კვარცხლბეკი. ვაჟები
81 კგ: 1. ჯაე ბუმ კიმი (კორეა), 2. ლეანდრო გილეირო (ბრაზილია), 3. მასაჰირო ტაკამაცუ (იაპონია), ეუან ბარტონი (ბრიტანეთი).
90 კგ: 1. ილიას ილიადისი (საბერძნეთი), 2. დაიკი ნიშიამა (იაპონია), 3. კირილ დენისოვი (რუსეთი), ელხან მამადოვი (აზერბაიჯანი).
ქალები
70 კგ: 1. ლუსი დეკოსე (საფრანგეთი), 2. ანეტ მესაროში (უნგრეთი), 3. რასა სრაკა (სლოვენია), იორიკო კუნიჰარა (იაპონია).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული