წარუმატებლობა და უიმედო იმედი

AutoSharing Option
დასასრულს უახლოვდება ტოკიოში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატიც და ჩვენი უიღბლობაც - ტურნირზე სრული გუნდით წასული საქართველოს ნაკრები ჯერჯერობით უმედლოდაა. ჩვენებურთა საუკეთესო შედეგი მეხუთე ადგილია. დღეს აბსოლუტურ წონით კატეგორიაშია შეხვედრები და თეორიული შანსები კიდევ რჩება. ამიტომ საბოლოო დასკვნის გამოტანას ნუ ვიჩქარებთ, თუმცა გუნდის გამოსვლა რომ ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ცხადია.

უმედლობას ცირეკიძესთან დაკავშირებული სკანდალიც ემატება და მამლუქთა თემაც: უცხოეთის სახელით ორმა ქართველმა მოიპოვა მედალი - ილიას ილიადისმა (90) საბერძნეთში წაიღო ოქრო, გიორგი ზანთარაიამ (60) - უკრაინაში ვერცხლი, ჩვენ კი ბრინჯაოს სანატრელი
გაგვხდომია. დიდი ტრადიციების მქონე ჩვენი ძიუდოსთვის შვება არც ეს იქნებოდა, მაგრამ...

სკანდალებითა თუ შიდააშლილობებით გათანგულ ქართულ ძიუდოში წლევანდელი სეზონის ერთადერთი ნათელი წერტილი ახალგაზრდა ნუგზარ ტატალაშვილის (73) კარგი ასპარეზობაა. ბუნებრივია, ციდან ვარსკვლავები არც მას ჩამოუკრეფია, მაგრამ სადაც კი იჭიდავა, ყველგან დამაიმედებლად და არასოდეს წაუგია შემთხვევით მეტოქეებთან. მეტიც - ერთ-ერთ ტურნირზე კინაღამ კორეელი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი კი-ჩუნ ვანგიც გააგორა...

ტატალაშვილი ტოკიოშიც უმედლოდ დარჩა, მაგრამ სამადლობელი სიტყვებისთვის საბაბი ამჯერადაც მოგვცა და ვანგს კვლავაც გვარიანად გაუძალიანდა. ის პირველ წრეში ისვენებდა, მეორეში კი, შეიძლება ითქვას, დაგეგმილი იპონი მიითვალა - იემენელი ზეიად მატერი რა დონის მოჭიდავე იქნება, თავადაც მიხვდებით და აკი ჩვენებურმა იპონამდე ვაზარიც აუღო. აი, მომდევნო შეხვედრაში ჩეხი იერომირ იეზეკთან წმინდა გამარჯვება კი სიურპრიზი იყო - ჩეხი ბევრად გამოცდილიცაა და უფროსიც.

თან მეტოქე ვაზარსაც იგებდა, მაგრამ ტატალაშვილმა შესაშური ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა. ისეთი, რაც ჩვენი ნაკრების ბევრად გამოცდილი წევრებისთვისაც კი სანატრელია. მისი წინსვლა მომავალმა მსოფლიოს ჩემპიონმა, მასპინძელმა ჰიროიუკი აკიმოტომ შეაჩერა, მაგრამ არა გვგონია, ამისთვის ახალგაზრდა ფალავანი დასაძრახი იყოს - აკიმოტომ თანამემამულე და მომავალი ბრინჯაოს პრიზიორი იასუჰირო ავანო და იგივე ვანგი ბრწყინვალედ დააიპონა, ფინალში კი ჰოლანდიელი დექს ელმონტი შებოჭა.
ამ წონაში ჩვენი მეორე მონაწილე - ზაზა კედელაშვილიც მეოთხე წრეში გავიდა, თავიდან კი ისიც ისვენებდა.

მან ალჟირელი მუსტაფა ბულემია იოლად დააიპონა, კორეული მასტერსისა და აზიის წლევანდელ ჩემპიონს, კორეელ გიუ მან ბანგს კი ორი ვაზარი აართვა. მომდევნო წრეში ზაზა ყირგიზ აზატ კუბაკაევს ხვდებოდა, რომელსაც წლეულს სერიოზულ ტურნირებზე თითქმის არც უჭიდავია - იქაურ ფედერაციას ფინანსურად არ ულხინს და ამანაც მხოლოდ აზიის პირველობაზე იჭიდავა, სადაც ბრინჯაო მოიპოვა.

ახლანდელი შეხვედრა დამატებით დროში გაგრძელდა, ძირითადში კი მეტოქეებმა თითო ვაზარი და ორ-ორი იუკო მიითვალეს, ოღონდ კუბაკაევმა ერთი იუკო კედელაშვილის ორი გაფრთხილების ხარჯზე მიიღო, ზაზამკი ორივე გდებით მოიპოვა. სამწუხაროდ, მსაჯი რაღაც იოლად აფრთხილებდა ჩვენებურს და დამატებითშიც თანაბარ ბრძოლაში რატომღაც ეს გააფრთხილა... ტატალაშვილის არ იყოს, სანუგეშო წრეში ვერც ეს გადავიდა.

სიმართლე გითხრათ, 73-ში აკიმოტოზე მეტად საჩემპიონო კაცი ვანგი მეგონა, მთელი ტურნირი ისე ძლიერად ჭიდაობდა. ვიფიქრე, ფრანგ მძიმეწონოსან ტედი რინერის დარად, ესეც ზედიზედ მესამედ გახდებოდა მსოფლიოს ჩემპიონი - ის ამ ტიტულს 2007 და 2009 წლების პირველობებზეც დაეუფლა, შუალედში კი მესამე დიდი ტურნირის - ოლიმპიადის ფინალიც იჭიდავა პეკინში, მაგრამ აზერბაიჯანელ ელნურ მამადლისთან დამარცხდა. მან ამჯერად აკიმოტოსთან წააგო, მაგრამ საკუთარი კლასი არაერთხელ დაამტკიცა და მომავალშიც კიდევ მრავალ წარმატებას მოიპოვებს.

კვირას ოთხი ჩვენებური ჭიდაობდა, მაგრამ 66-ში სწრაფად დავამთავრეთ ჩვენებურთა ქომაგობა - მინდია ხომიზური პირველივე შეხვედრაში იუკოთი დამარცხდა სლოვენიელ ევროპის წლევანდელ პრიზიორ როკ დრაკშიჩთან, შალვა ქარდავამ კი უფრო უკეთ იჭიდავა - სერბ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მილოშ მიიალკოვიჩს ქულებით მუგო. მომდევნო შეხვედრაში ჩვენებური განწირული იყო - მის წინ მონღოლი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი, წლეულს მშვენივრად მოჭიდავე ჩაგანბაატარ ხაშბაატარი იდგა. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ძლიერთან მოგების გარეშე ვერაფერს მოიგებ, მაგრამ სადღეისოდ მონღოლი ბევრად ძლიერია არა მხოლოდ ახალგაზრდა ქარდავაზე და უპრობლემოდ აართვა ორი ვაზარი.

გუშინ ყველაზე კარგად დავით ასუმბანი (60) გამოვიდა - სანუგეშოში გააღწია და მეშვიდეზე დარჩა. მან ტურნირი ყაზახ ბაკიტზან ტურემბეკოვთან წმინდა მოგებით დაიწყო, რაც დიდად არ გაგვკვირვებია, მაგრამ ევროპის წლევანდელ ბრინჯაოს მედალოსანთან, ჰოლანდიელ ჟეროენ მოორენთან მოპოვებული სწრაფი იპონი კი მართლაც აღსანიშნავია - დავითს საამისოდ ერთი წუთიც არ დასჭირვებია. საინტერესოა, რომ ასუმბანმა ჰოლანდიელს წლეულს პარიზის ტურნირზეც მოუგო.

ამის შემდეგ ქართველმა კიდევ ერთი სწრაფი მოგება მიითვალა - კანადელ ვილ ფრეზერთან 45 წამში, მაგრამ მერე მისი წაგებების ჯერიც დადგა - ჯერ ისევ იმ რუსმა ბესლან მუდრანოვმა დაჯაბნა პირწმინდად, ვისთანაც ევროპის წლევანდელ პირველობაზე დამარცხდა, მერე კი იტალიელ მსოფლიოს პრიზიორ ელიო ვერდესთანაც გაუშვა იპონი. არადა, რუსისგან განსხვავებით, რომელმაც ასუმბანს ყველაფერში აჯობა, იტალიელთან ჩვენი დაწინაურდა იუკოთი. მერე მეტოქემ ანგარიში კი გაათანაბრა, მაგრამ მაინც მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა იყო, თუმცა ასუმბანს დაღლა მალევე დაეტყო.

ამირან პაპინაშვილი (60) თავიდან შედარებით სუსტებს გადაეყარა და იპონები არც გასჭირვებია - ტაივანელ ჰაო-ჰსუან ჩანგთან და კანადელ სერჯო პესოასთან. მას თითქოს ურიგოდ არც მსოფლიოს შარშანდელ ჩემპიონთან და ახლანდელ ფინალისტთან, თანამემამულე გიორგი ზანთარაიასთან უჭიდავია, იუკოსაც უგებდა, მაგრამ მეტოქემ შებოჭა...

სამწუხაროდ, ჩოქბჯენში ჭიდაობა ჩვენი ძიუდოისტებისთვის კვლავაც "აქილევსის ქუსლად" რჩება... ზანთარაია, რომელმაც იპონით ისეთი ძლიერი მეტოქეები დასცა, როგორებიც კორეელი მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი მინ-ჰო ჩოი, ავსტრიელი მსოფლიოსა და ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი ლუდვიგ პაიშერი და რუსი ევროპის ჩემპიონი არსენ გალსტიანი არიან, ფინალში ძალზე უღიმღამოდ ჭიდაობდა უზბეკ რიშოდ სობიროვთან. სობიროვმაც ძლიერად იჭიდავა - ექვსიდან ოთხი შეხვედრა წმინდად მოიგო. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში ის ასუმბანმა პარიზის ტურნირის ფინალში დაამარცხა.

66-ში ბრინჯაოსთვისაც საინტერესო შეხვედრა გაიმართა - ქარდავას მომგები მონღოლი ხაშბაატარი ესპანელ სუგოი ურიარტეს შეხვდა. შარშან მათ მსოფლიოს ფინალი იჭიდავეს და მონღოლმა დამაჯერებლად მოიგო. ხაშბაატარმა ამჯერადაც გაიმარჯვა, თუმცა შედარებით გაუჭირდა და შეხვედრაც დამატებით დროში გადავიდა. თუმცა ეს უფრო ესპანელი ბასკის დამსახურება მგონია, რომელიც ძალიან უფრთხოდა მეტოქეს, მაგრამ მონღოლმა ბოლოს მაინც შებოჭა.

მსოფლიოს წინა პირველობა ვახსენეთ და, ნაროტერდამალ ჩემპიონთაგან ზანთარაია აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც წლეულსაც ფინალში გავიდა, თუმცა ტიტულის შენარჩუნება მანაც ვერ შეძლო.
ამ ჩემპიონატზე თუ ვინმემ იხეირა ახალი წესის სიკეთით - წონაში ქვეყნიდან ორი კაცის გამოყვნით - უპირველესად, მასპინძელმა იაპონიამ, განსაკუთრებით კი მათმა ქალთა ნაკრებმა. ამ ჩემპიონატზე სამჯერ მოხდა, როცა ფინალში ერთი ქვეყნის ფალავნები გავიდნენ და სამივეჯერ იაპონელი ქალები - 48, 52 და 63 კილოწონებში.

აღსანიშნავია, რომ სამივე წყვილმა იაპონიის პირველობის ფინალიც იჭიდავა და მაშინდელი წაგებისთვის ჰარუნა ასამიმ (48) და იუკა მიშიდამ (52) რევანში აიღეს, შესაბამისად, ტომოკო ფუკუმისთან და მინატო ნაკამურასთან. აი, იოშიე უენომ (63) ორივეჯერ დაამარცხა მიკი ტანაკა. აქვე გეტყვით, რომ ასამი და მიშიდა პირველად გახდნენ მსოფლიოს ჩემპიონები, უენო კი - ზედიზედ მეორედ. 63-ში ერთ ბრინჯაოს აზერბაიჯანელი რამილა იუსუბოვა დაეუფლა - კარიერაში პირველად, ჯილდო კი ჰოლანდიელ ანიცკა ვან ემდენთან შეხვედრაში ბრწყინვალე გდებით მოიპოვა.

ახლა ტურნირზე მხოლოდ აბსოლუტური წონითი კატეგორიაა დარჩენილი, სადაც ოთხი ქართველი იჭიდავებს. სოსო მსხალაძის კანდიდატურა ადრევე იყო ცნობილი, დანარჩენები კი მწვრთნელს ადგილზე უნდა დაესახელებინა. მოველოდით, რომ მათ შორის ირაკლი ცირეკიძეც იქნებოდა, მაგრამ არაა. ვეჭვობთ, მან თავად იუარა გამოსვლა, რადგან იმ სამარცხვინო ფაქტის შემდეგ, როცა ტატამზე დროულად ვერ მიიყვანეს, აქ ჭიდაობა მისთვის მართლაც არაფრისმომცემი იქნებოდა.

საბოლოოდ, ამირან ტოტიკაშვილმა მსხალაძეს ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი და ლომერ ჟორჟოლიანი შეუამხანაგა. პირველ წრეში ოთხივე ჩვენებური ისვენებს, მეორეში კი მსხალაძე ამერიკელ ჯოშუა დაჰლის ეჭიდავება, გუჯეჯიანი - მონღოლ ტუგულდურ ბაიარსაიკხანს, ოქრუაშვილი - პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს, ჟორჟოლიანი კი - ესპანელ ანხელ პარას.

კვარცხლბეკი
ვაჟები. 60 კგ: 1. რიშოდ სობიროვი (უზბეკეთი), 2. გიორგი ზანთარაია (უკრაინა), 3. ჰიროაკი ჰირაოკა (იაპონია), არსენ გალსტიანი (რუსეთი).
66 კგ: 1. ჯუნპეი მორიშიტა (იაპონია), 2. ლეანდრო კუნა (ბრაზილია), 3. ჩაგანბაატარ ხაშბაატარი (მონღოლეთი), ლუის კორვალი (საფრანგეთი).
73 კგ: 1. ჰიროიუკი აკიმოტო (იაპონია), 2. დექს ელმონტი (ჰოლანდია), 3. იასუჰირო ავანო (იაპონია), კი-ჩუნ ვანგი (კორეა).

ქალები. 48 კგ: 1. ჰარუნა ასამი, 2. ტომოკო ფუკუმი (ორივე - იაპონია), 3. ალინა დუმიტრუ (რუმინეთი), სარა მენეზესი (ბრაზილია).
52 კგ: 1. იუკა მიშიდა, 2. მისატო ნაკამურა (ორივე - იაპონია), 3. ნატალია კუზუტინა (რუსეთი), ბუნდმაა მუნკბაატარი (მონღოლეთი).
57 კგ: 1. კაორი მაცუმოტო (იაპონია), 2. ტელმა მონტეირო (პორტუგალია), 3. იოულიეტა ბოუკოვალა (საბერძნეთი), საბრინა ფილმოზერი (ავსტრია).
63 კგ: 1. იოშიე უენო, 2. მიკი ტანაკა (ორივე - იაპონია), 3. იარიცა აბელი (კუბა), რამილა იუსუბოვა (აზერბაიჯანი).



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული