ლონდონი ლაშა შავდათუაშვილმაც გაინაღდა?

AutoSharing Option
მაროკოულ აგადირში მიმდინარე აფრიკის ძიუდოისტთა პირველობაზე 66 კილოგრამში მოვლენები ისე განვითარდა, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებმა ლამის ბოლო ლიცენზიაც გაინაღდა.

ბევრისთვის მოულოდნელად აფრიკის შარშანდელი ჩემპიონი და სალიცენზიო 22-კაციან სიაში მყოფი ამ კონტინენტის ერთადერთი წარმომადგენელი, ეგვიპტელი აჰმედ ავადი მეორე წრეში ტუნისელ ჰოუცემ ჰალფაუისთან დამარცხდა ანუ შარშანდელი შედეგის გამეორების შანსი დაკარგა. ამით მას ქულებიც დააკლდება, რაც საბოლოოდ 22-კაციანი სიიდან გამოვარდნად დაუჯდება, მის ნაცვლად კი იქ ებრაელი გოლან პოლაცკი შევა.

დღეს ევროპულ კვოტაში პირველი სწორედ ებრაელია და მისი 22-ში შესვლით პირველზე ლატვიელი დენის კოზლოვსი
გადადის, მეორეზე - სადღეისოდ ევროპელთაგან მესამე ლაშა შავდათუაშვილი ანუ ჩვენებური ევროპისთვის განკუთვნილ ორკაციან სალიცენზიო კვოტაში ხვდება.

შავდათუაშვილი აქამდეც ინარჩუნებდა ლიცენზიის მოპოვების კარგ შანსს - საამისოდ ევროპის პირველობაზე კოზლოვსისთვის უბრალოდ გასწრებაც კი, დაკავებული ადგილის მიუხედავად, საგზურს მოუტანდა, ეს კი მათი წლევანდელი პაექრობებიდან გამომდინარე, სავსებით რეალური ჩანდა.

ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი შავდათუაშვილი წელს გადმოვიდა უფროსებში და ჯერ მხოლოდ ოთხ სალიცენზიო ტურნირში იჭიდავა, ჯერ რეიტინგისთვის აუცილებელი ხუთი შეჯიბრებაც არ ჩაუმთავრებია, თუმცა კარგი ასპარეზობით ლიცენზიის მოპოვების მშვენიერი შანსი მაინც გაუჩნდა.

თბილისისა და პრაღის მსოფლიოს თასების მოგების გარდა, მან წელს თბილისში პირად შეხვედრაშიც დაამარცხა ლატვიელი და 6-ქულიანი სხვაობით მიუახლოვდა. თუმცა ესეც დროებითია, რადგან საევროპოდ კოზლოვსს კიდევ დააკლდება 4 ქულა და მხოლოდ 2-ით იქნება წინ. 2 ქულას ქართველი ევროპაზე მხოლოდ მონაწილეობისთვისაც კი მიიღებს, თუმცა ახლა მოვლენები ისე განვითარდა, ეს კალკულაცია ლამის აზრს კარგავს.

აფრიკა გამონაკლისია
კონტინენტთა რეგიონული პირველობები ბოლო სალიცენზიო შეჯიბრებებია, რომლებიც საერთაშორისო ფედერაციის მოთხოვნით, ყველა კონტინენტზე ერთსა და იმავე დროს - 26-28 აპრილს ტარდება, თუმცა აფრიკა გამონაკლისია და იქ ახლა მიმდინარეობს.

ავადი აფრიკის პირველობაზე საბოლოოდ მესამეზე გავიდა და რეიტინგში მხოლოდ 72 ქულა შეიმატა. მას შარშან მოპოვებული 180 ქულა გაუნახევრდება და დარჩენილი 90 ქულა 50%-იანებში გადავა, ბოლო ერთწლიან მონაგარში კი საუკეთესო ხუთეულში იმ 180-ის ნაცვლად ახლანდელი 72 შევა. ამდენად, ახალი კალკულაციით მისი შედეგი 288-დან 270-მდე დავა და 10 ქულით ჩამორჩება პოლაცკის.

მოვლენათა ასეთ განვითარებას ძნელად თუ წარმოვიდგენდით, რადგან აფრიკაში ძიუდო ახლა იკიდებს ფეხს, თუმცა ეგვიპტე გამონაკლისია და არც მსოფლიოსა და ოლიმპიადის მედალოსნები უკვირს. ავადი თითქოს ლიდერი ჩანდა იქაურებში, მაგრამ, ეტყობა, ტუნისელს ბევრად მეტი მოტივაცია გააჩნდა - ეგვიპტელს თუ რეგიონული კვოტა განაღდებული აქვს, მას აფრიკის ჩემპიონობა კონტინენტური კვოტით მოუტანდა საგზურს.
ის ფინალში კი გავიდა, მაგრამ ჩემპიონობამდე მასავით აფრიკულ კვოტაზე მონადირე ლიბიელმა აჰმედ იოუსეფ ელკავისენმა არ მიუშვა.

აფრიკული ტურნირის შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ ჩვენებურის ლიცენზიაზე პან-ამერიკისა და ოკეანიის პირველობები ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. პან-ამერიკიდან 22-ში ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი შედის, რომელიც ავადის გამოვარდნის შემდეგ 21-ზე გადავა, თუმცა რაკი პოლაცკიც სალიცენზიო ზონაშია, მისი შედეგი ჩვენთვის ინტერესს კარგავს.

სამაგიეროდ, მას შეიძლება, ოკეანიიდან ავსტრალიელმა სტივენ ბრაუნმა გადაუსწროს და 22-ში შევიდეს, ოღონდ საამისოდ ჩემპიონი უნდა გახდეს. ამ შემთხვევაში პოლაცკი ისევ გამოვარდება, თუ ევროპაზე წარმატებით არ იასპარეზა და ქულები არ შეიმატა.

ბრაუნი ზედიზედ ორი წელიწადია, ოკეანიის პირველობაზე მეორეზე გადის. შარშანწინდელი 54 ქულა წლეულს გაუნულდება, თუმცა მის ნაცვლად შარშანდელის განახევრებით ისევ იმდენივე გადაუვა, წლევანდელ მონაგარს კი მხოლოდ ჩემპიონობის შემთხვევაში თუ გააუმჯობესებს. აი, ამ ვარიანტში გაუსწრებს ამერიკელს, რომელიც წარუმატებლობის შემთხვევაში ქულებს დაკარგავს.

თეორიები და საფრთხე
თუმცა, რაც ზემოთ ითქვა, ეს მაინც თეორიებია, შავდათუაშვილის მთავარი საფრთხე კი ისევ ევროპიდან და... საკუთარი თავიდან თუ ემუქრება - უნდა შეძლოს მობილიზება და ევროპაზე არც ისე ძნელი ამოცანა წარმატებით გადაჭრას, რაც კოზლოვსზე მინიმუმ, ერთით მეტი წრის გავლას ნიშნავს.

ჩვენებურს კიდევ ერთი საფრთხე ჰოლანდიელ იესპერ დე იონგისგან ელოდება, რომელსაც მხოლოდ 12 ქულით უსწრებს, თუმცა ჰოლანდიელი ბოლო თვეებში ძალზე ცუდად ირჯებოდა. მთავარია, შავდათუაშვილმა იჭიდაოს წარმატებით და დე იონგი დიდი შედეგის მომპოვებელი არ ჩანს.

აი, სხვა საქმეა, რომ ევროპის ძიუდოს კავშირის მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარე იან სნაიდერსიც ჰოლანდიელია - ეს გასათვალისწინებელი ფაქტორია.

მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი ახლა გერმანიაში ნაკრებთან ერთად ერთობლივ შეკრებაზე და როგორც გუნდის ხელმძღვანელობისგან ვიცით, გულმოდგინედ ემზადება ჩელიაბინსკისთვის. მის შანსებს ისიც ზრდის, რომ 22-ის ახლოს ძირითადად არაევროპელები ან ევროპის ის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც უკვე ჰყავთ წარმომადგენლები სალიცენზიო ზონაში. ამდენად, ისინი იქიდან პოლაცკის ვერ გამოაგდებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული