ლომერ ჟორჟოლიანმა პირველივე შეხვედრა ვაზარით დათმო ესპანელ ანგელ პარასთან, ადამ ოქრუაშვილმა და სოსო მსხალაძემ კი თითო შეხვედრა მოიგეს. ოქრუაშვილმა დამატებით დროში გაფრთხილებით მოუგო მასზე ლამის ორჯერ უფრო მაღალ პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩს, მსხალაძემ
აბსოლუტური პირველობა იაპონელთა დიდი უპირატესობით წარიმართა - ნახევარფინალში სამი მათგანი გავიდა - სუძუკი, ჰოროკი ტაჩიამა და დაიკი კამიკავა, მსხალაძის მომგებ ტაკაჰაშის კი ფინალის გზა ფრანგმა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტედი რინერიმ გადაუღობა. ამდენად, გადამწყვეტ ეტაპზე ფრანგი მარტო დარჩა სამ იაპონელთან და ასეთ უთანასწორო ბრძოლაში შეეცადა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მეხუთედ მოპოვებას. მიზანთან ახლოსაც იყო - ტაჩიამას დამაჯერებლადაც მოუგო და ფინალშიც გავიდა.
მეორე ნახევარფინალში თბილისის წლევანდელ მსოფლიოს თასზე ნაჭიდავებმა და ჯერ ოქრუაშვილთან, მერე კი ზვიად ხანჯალიაშვილთან დამარცხებულმა კამიკავამ (თბილისში ის მეხუთეზე გავიდა, ხანჯალიაშვილთან კი პარიზშიც წააგო) სუძუკი დააიპონა, ფინალში კი "მამლის ყივილიც" შეწყვიტა - რინერი დამატებით დროში დაამარცხა და მეხუთედ გაჩემპიონების დიადი ოცნებაც ჩაუხშო. კამიკავა წლეულს ნამდვილად არ ატარებდა საუკეთესო სეზონს, თუმცა ჯერჯერობით კარიერის ყველაზე დიდ წარმატებას ახლა მიაღწია.
ქალთა ტურნირში კვლავ მოეცარა ხელი რუსეთის სახელით მოასპარეზე თეა დონღუზაშვილს - მესამეზე გავიდა, მსოფლიოს ჩემპიონობა კი ისევ აუხდენელ ოცნებად ურჩება.
კვარცხლბეკი
ვაჟები. აბსოლუტური: 1. დაიკი კამიკავა (იაპონია), 2. ტედი რინერი (საფრანგეთი), 3. კეიჯი სუძუკი, ჰიროკი ტაჩიამა (იაპონია).
ქალები. აბსოლუტური: 1. მიკა სუგომოტო (იაპონია), 2. ქიან ქინი (ჩინეთი), 3. მეგუმი ტაჩიმოტო (იაპონია), თეა დონღუზაშვილი (რუსეთი).