სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საჭიდაო სახეობებში, როგორც სტრატეგიულებში, გაცილებით ფართო და გლობალურ რეფორმას გეგმავს. სამწვრთნელო შტაბის შეცვლა-განახლებაზე სამივე ნაკრებშია ლაპარაკი, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილი მხოლოდ ძიუდოშია, თუმცა, სავარაუდოდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩავარდნას არც სხვებს
მიზეზთა გამო, დღემდე ისე ხდებოდა, რომ მწვრთნელი ზრუნავდა შეკრების მოწყობაზე, მენიუს შედგენაზე, მერე თვითონვე დადიოდა ბაზარში ხორცის საყიდლად, თავადვე ზრუნავდა საკონსულოებში საბუთების შეტანაზე, ვიზების მიღებაზე და ათასგვარ ამგვარ დეტალზე. ამ სისტემამ სათავე იმ ძნელბედობის პერიოდიდან აიღო, როცა ხელისუფლებას სპორტისთვის არ ეცალა და ცალკეული სახეობის ბედი ენთუზიასტებზე იყო დამოკიდებული. მაშინ ფედერციებში პრეზიდენტები ნომინალურად არსებობდნენ, თორემ მათ უმეტესობას თვიდან თვემდე თვალითაც ვერ ხედავდნენ და საქმის მთელი სიმძიმე, მთელი მუშა პროცესი მწვრთნელების მხრებზე გადადიოდა.
მას შემდეგ, რაც ნაციონალურმა ხელისუფლებამ ფედერაციების სათავეში საკუთარი ხალხი მოიყვანა, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა, მაგრამ მწვრთნელებს მაინც ბევრი საფიქრალ-საზრუნავი რჩებოდათ, ვინაიდან ჩვენთან მენეჯერის ინსტიტუტი არ არსებობს. ამას ისიც დაემატა, რომ დროთა განმავლობაში მწვრთნელების ირგვლივ კლანურ-ახლობლური წრე შეიკრიბა, სადაც უცხოსთვის ან განსხვავებულად მოაზროვნისთვის შეღწევა შეუძლებელი ხდებოდა. ცხადია, ეს ყველაზე არ ითქმის, მაგრამ ბევრგან ნაკრებში სპორტსმენის დაყენებაც ამ კლანის კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, ანუ წინა პლანზე გამოდიოდა სუბიექტური მომენტი.
დღევანდელმა სამინისტრომ სწორედ ამ სისტემის მოშლა მოინდომა და განიზრახა, ამიერიდან შემოიღოს ტექნიკური დირექტორის თანამდებობა, რომელიც იქნება ყველა ასაკობრივი ნაკრების კურატორი, ცალკეულ გუნდებთან კი კვლავაც მთავარი მწვრთნელები იმუშავებენ, ოღონდ ისინი ამ დირექტორთან შეთანხმების გარეშე, ანუ ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ. ამით მწვრთნელებს სამეურნეო საქმეებს და მართვის სისტემას ჩამოაშორებენ და მათი ერთადერთი მოვალეობა სავარჯიშო პროცესის სრულყოფილად წარმართვა იქნება, ანუ იმ ვიზებზე, შეკრების მოწყობასა და მენიუს შედგენაზე სწორედ ის დირექტორი იზრუნებს და არა მწვრთნელი.
ცხადია, ერთპიროვნულ მმართველობას არც დირექტორს ჩააბარებს ვინმე - ის ერთდროულად იქნება პასუხისმგებელი აქეთ მწვრთნელთა საბჭოსა თუ მსგავს გაერთიანებასთან, იქით – ფედერაციასთან, ანუ შედეგები თუ არ იქნება, მასაც მოეთხოვება პასუხი. ეს რეფორმა მიმართულია მიკერძოების, სუბიექტური მომენტის გამოსარიცხად და იდეაში მართლაც კარგია, ხოლო პრაქტიკულად როგორ განახორციელებენ, ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ცხადია, სახელმწიფოს საზოგადოებრივი ფედერაციის საქმიანობაში ჩარევის უფლება იურიდიულად არ გააჩნია, მაგრამ საამისოდ მაინც მოიძებნება ბერკეტები.
მაგალითად, იმ შემთხვევისთვის, თუ ფედერაცია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს, ანუ არ ხდება სახეობის განვითარება, არაა მედლები, ნაკრები ვერ აღწევს წარმატებას. ამასთან, ვიდრე ფედერაციები ფინანსურად ცენტრალურ ბიუჯეტზე იქნებიან დამოკიდებულნი, მთავრობა ჩასარევად მუდამ მოძებნის საჭირო გზას. ესეც არ იყოს, საქართველოში ყველაფერი როგორც ხდება, ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ, მე თუ მკითხავთ, განვითარების ამ საწყის ეტაპზე ცენტრალიზებული ჩარევა ნამდვილად საჭიროა, თორემ ხშირ შემთხვევაში ფედერაციები თუ ნაკრებები მართლაც ფეოდალურ სამფლობელოებად გადაიქცნენ. ოღონდ აქ ხელისუფლებამაც უნდა დაიცვას ოქროს შუალედი - ჩარევა არ უნდა გადაიზარდოს დიქტატში.
რაც ბოლოს ვთქვით, ეს მხოლოდ საჭიდაო სახეობებს არ ეხება და მთავრობა სხვაგანაც აპირებს ძირეულ რეფორმებს. კერძოდ, ბევრი ფედერაციის "უძრაობის ეპოქიდან" გამოყვანა განუზრახავს და სულ მალე ზოგიერთ ფედერაციაში ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებსაც ვიხილავთ. ერთ-ერთი უპირველესი მძლეოსნობის ფედერაციაა, სადაც, საკმაოდ სანდო წყაროს ცნობით, უკრაინაში მოსაქმე ქართველი ბიზნესმენი მოდის, რომელსაც თავად გამოუთქვამს ქართულ მძლეოსნობაში ფულის დაბანდების სურვილი.
მძლეოსნობა ის სახეობაა, სადაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, ოლიმპიადაზე რაოდენობრივად სხვებზე გაცილებითმეტი მედალი თამაშდება, ჩვენში კი "სპორტის დედოფალი" ყოველმხრივ პატივაყრილი და გერის როლშია. ამასთან, მძლეოსნობა, საფუძველია სპროტის სხვა სახეობებისთვის. გავიხსენოთ ფეხბურთელ ლევან ყენიას მაგალითი, რომელიც ესპანურ "ლევანტეში" ერთი შეხედვით უჩვეულო მიზეზით დაიწუნეს - სწორად ვერ დარბისო!
სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ ბევრია ისეთი ფედერაცია, რომლებიც ოლიმპიურ ციკლში ისეთ სპორტსმენს ვერ ზრდიან, დამოუკიდებლად რომ მოიპოვოს ოლიმპიადის ლიცენზია. უახლოეს მომავალში ასეთი "უძრავი" ფედერაციების ჯერიც დადგება.
ისევ ძიუდოს დავუბრუნდეთ, სადაც აქტიურად განიხილება ახალ მწვრთნელთა საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, ამაზე ჯერ გამოკვეთილი პოზიცია არც ხელისუფლებაშია, თუმცა საკმაოდ სანდო წყაროებიდან ორი ზოგადი ინფორმაცია მაინც მივიღეთ. ერთია უშუალოდ ხელისუფლებიდან, ანუ "ზევიდან" მიღებული ცნობა, მეორე კი ძიუდოს სამყაროში გავრცელებული, ანუ "ქვევიდან" მიღებული.
"ზევიდან" მოსული ცნობით, ტოტიკაშვილის შემცვლელად ევროპელი სპეციალისტი განიხილება, ოღონდ ვინაობა არც ჩვენ ვიცით. ამბობენ, რომ ის ოლიმპიური ჩემპიონია. სხვა წყარომ ჩემპიონობის საკითხი კიდევ უფრო დაგვიკონკრეტა და მისი ვინაობის გამოცნობა ლამის 10-პროცენტიანი ცდომილებით შეგვეძლო, მაგრამ, რადგან გარკვეულ დეტალებში ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია, აჯობებს, ჯერ დაკონკრეტებისგან თავი შევიკავოთ. სამაგიეროდ, გაცილებით ზუსტია "ქვემოდან" მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ტოტიკაშვილის შემცვლელად, სხვებთან ერთად, ახალგაზრდულის თავკაცის, დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ოლიმპიურ მედალოსნის სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურა განიხილება.
ვიმეორებთ - განიხილება, მაგრამ გადაჭრით არაფერია ცნობილი. ცხადია, ამ ვარიანტის გასვლის შემთხვევაში დღის წესრიგში ახალგაზრდულის ახალი თავკაცის საკითხიც დგება - ძიუდოს სამყაროში გავრცელებული ხმებით, ამ პოსტზე გია გუგავას კანდიდატურა მოიაზრება. ინფორმაციის გადამოწმება ლიპარტელიანთან ვცადეთ, რომელმაც განგვიცხადა, რომ ამაზე მას არავინ დალაპარაკებია, თუმცა ეს ხმები მასაც სმენია.
დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას, მაგრამ გუგავას ვარიანტი რეალური გვგონია ერთი მიზეზის გამო - ისაა ერთადერთი სპეციალისტი, რომელიც ჩოქბჯენში ჭიდაობაში ავარჯიშებს. ჩვენთვის "აქილევსის ქუსლად" ქცეულ ამ კომპონენტში, რაც განსაკუთრებით საგრძნობი ევროპელებთან ჭიდაობაშია (თუმცა არც აზიელები გვაკლებენ ხელს), უკვე ზრდასრული სპორტსმენების ვარჯიში ძალზე არაეფექტურია, აი, ახალგაზრდებთან კი სხვაა - ეს მაინც ზრდა-განვითარების და ჩამოყალიბების ეტაპია. ასეა თუ ისე, გუგავა ნაკრებში საჭირო კაცი გვგონია.
თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და ეს კანდიდატურები განხილვის დონეზეა, ვითარება კი ნებისმიერ წამს შეიძლება შეიცვალოს. ჩვენი ნაკრები იაპონიიდან 16 სექტემბერს დაბრუნდება და ბევრი რამ ამის შემდეგ გაცხადდება.