ირაკლი ცირეკიძე დისკვალიფიკაციის შემდეგ ნაკრებს უბრუნდება

AutoSharing Option
ვაჟ ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრები 19 აპრილს, საღამოს 17 საათზე, მონღოლეთიდან დაბრუნდა, სადაც მასპინძელთა მთავარ გუნდთან ერთად ერთკვირიანი ერთობლივი შეკრება გაიარა.

გუნდი უკვე დღეიდან დიღომში მდებარე ძიუდოს აკადემიაში გააგრძელებს მზადებას 26-29 აპრილს ჩელიაბინსკში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც ბოლო სალიცენზიო ტურნირია.

შეგახსენებთ, რომ ჩვენებს ლონდონის ოლიმპიადის საგზური მოსაპოვებელი მხოლოდ 66 კილოგრამში დარჩათ, რისი რეალური შანსიც ლაშა შავდათუაშვილს აქვს. საამისოდ მან არც ისე ძნელი ამოცანა უნდა გადაჭრას - ლატვიელ ევროპის პრიზიორ დენის კოზლოვსზე, მინიმუმ, ერთი წრით მეტი უნდა გაიაროს. თუ გავითვალისწინებთ, რომ კოზლოვსი
წლეულს არც ისე ძლიერად ასპარეზობს და ჩვენებურთანაც წააგო, ლიცენზია საკმაოდ რეალური ჩანს.

შავდათუაშვილი ამ წუთისთვის ევროპისთვის განკუთვნილ 2-კაციან კვოტაში შედის და სულ ორი ქულით ჩამორჩება კოზლოვსს. თუ თბილისისა და პრაღის მსოფლიოს თასების მომგები ქართველი ჩელიაბინსკში წარმატებით იასპარეზებს, არაა გამორიცხული, პირდაპირ სალიცენზიო 22-კაცშიც შევიდეს, თუმცა უფრო სავარაუდო ევროპულ კვოტაში მოხვედრაა.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ გვითხრა, გუნდმა მონღოლეთში წარმატებით ივარჯიშა და რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა, სამშობლოში ტრავმებისა და პრობლემების გარეშე ბრუნდება. ეგ კი არა, ევროპის ორგზის ვიცე-ჩემპიონმა ვალერი ლიპარტელიანმა (90) მუხლის ტრავმაც მოიშუშა. გუნდი თბილისში 24 აპრილამდე ივარჯიშებს, მერე კი ჩელიაბინსკში გადაფრინდება.

19 აპრილს სამთვიანი დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძესაც (100).

როგორც ფედერაციაში გვითხრეს, ის უკვე თბილისშია და დღეიდან ნაკრებსაც შეუერთდება. ამ სამი თვის განმავლობაში კი ქუთაისში ემზადებოდა იქაური მწვრთნელების მეთვალყურეობით და სათანადო ფორმაშია.

მეტოქეებიც თანდათან ირკვევიან
ვის წაიყვანს ევროპაზე ნაკრების ავსტრიელი თავკაცი პეტერ ზაიზენბახერი, ამას, სავარაუდოდ, ორშაბათს გავიგებთ ფედერაციაში საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე. ამასობაში მისი უცხოელი კოლეგები თანდათან ასახელებენ საევროპო გუნდებს. მაგალითად, უკვე გაირკვა რუსეთის, საფრანგეთის, უკრაინისა და კიდევ რამდენიმე გუნდის შემადგენლობა.

რუსთა ნაკრები, როგორც მასპინძელი, განსაკუთრებით საინტერესოა. სალიცენზიო რეიტინგში უმეტეს წონებში რუსები მოწინავეთა შორის არიან, თუმცა მათმა იტალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ეციო გამბამ დაწინაურებულთაგან ზოგიერთი ამჯერად დაასვენა, თუმცა ზოგ წონაში 3-4 ფალავანი მიჰყავს.

ეს იმიტომ, რომ ჩელიაბინსკში ტურნირის ბოლო დღე - 29 აპრილი გუნდურ პირველობას დაეთმობა. დასახელებულთაგან ორი კაცი პირად პირველობაში გამოვა, მესამე-მეოთხე ნომრებს კი მწვრთნელი გუნდურში გამოსცდის. გუნდური შეჯიბრება იმითაა კარგი, რომ, პირადისგან განსხვავებით, მოიგებ თუ წააგებ, იქ ოთხი-ხუთი შეხვედრის ჩატარება გარანტირებულია, ანუ საშეჯიბრო პრაქტიკას ნებისმიერ ვარიანტში მიიღებ.

რუსთა გუნდში ბესლან მუდრანოვი, რობერტ მშვიდობაძე (ორივე - 60), მსოფლიოს პრიზიორი მუსა მოგუშკოვი, ევროპის სამგზის პრიზიორი ალიმ გადანოვი, კამალ ხან-მაგომედოვი (სამივე - 66), მსოფლიოს პრიზიორი მანსურ ისაევი, ევროპის ვიცე-ჩემპიონი მურად კოძოკოვი, ზელიმხან ოზდოევი (73), ევროპის ჩემპიონი სირაზუდინ მაგომედოვი, ივან ვორობიოვი, არსენ პშმახოვი, მურატ ხაბაჩიროვი (ოთხივე - 81), კირილ ვოპროსოვი, კამილ მაგომედოვი, გრიგორი სულემინი (სამივე - 90), ზაფარ მახმადოვი, სერგეი სამოილოვიჩი (ორივე - 100), მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ალექსანდრ მიხაილინი, ანდრეი ვოლკოვი, რენატ საიდოვი და დმიტრი სტერხოვი (ოთხივე +100) მოხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ გუნდური პირველობა მხოლოდ ხუთ წონაში ტარდება - არ არის 60 კილოგრამი, ხოლო 90-ის ზევით სამი წონა +90-ში ერთიანდება. გამბას გადაწყვეტილებით, პირად პირველობაში მუდრანოვი, მშვიდობაძე, გადანოვი, ხან-მაგომედოვი, ისაევი, ოზდოევი, მაგომედოვი, ხაბაჩიროვი, ვოპროსოვი, სულემინი, სამოილოვიჩი, მახმადოვი, მიხაილინი და სტერხოვი გამოვლენ.

დანარჩენები გუნდურში იჭიდავებენ, თუმცა მწვრთნელს იმ შეჯიბრებისთვის რამდენიმე ინდივიდუალურიდანაც ჰყავს მონიშნული. გამბამ ისიც განაცხადა, ჩემი გუნდიდან ყველას შეუძლია მედლისთვის ბრძოლაო, რაც ცოტა გადამეტებული გვგონია.

როგორც ხედავთ, რუსთა გუნდს რამდენიმე ლიდერი აკლია. მაგალითად, 60-ში არ ჭიდაობს ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს პრიზიორი, სალიცენზიო რეიტინგში მეოთხე ადგილზე მყოფი არსენ გალსტიანი; 81-ში ევროპისა და მსოფლიოს პრიზიორი, ოლიმპიური რეიტინგის მეექვსე ნომერი ივან ნიფონტოვი არ გამოდის; 90-ში - მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და რეიტინგში მერვე კირილ დენისოვი; 100-ში - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, რეიტინგის მეხუთე ფალავანი ტაგირ ხაიბულაევი...

რუსთაგან განსხვავებით, ჩელიაბინსკში უძლიერესი შემადგენლობით გამოვლენ უკრაინელები. თან მათაც ეყოლებათ ქართველი - იქაურები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონ გიორგი ზანთარაიას (60) ლიდერობით იასპარეზებენ. ჩვენებურის გარდა, მათ გუნდში დენის ბილიჩენკო (60), სერგეი დრებოტი, გევორგ გევორქიანი (ორივე - 66), ევროპის ჩემპიონი ვლადიმირ სოროკა, კონსტანტინ ანანჩენკო (73), არტემ ვასილენკო, ვიტალი დუდჩიკი (81), ოლიმპიური ვერცხლ-ბრინჯაოსმედალოსანი და მსოფლიოს მესამე პრიზიორი რომან გონტიუკი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, 36 წლის ვალენტინ გრეკოვი (90), არტიომ ბლოშენკო, ვიაჩესლავ დენისოვი (100) და სტანისლავ ბონდარენკო (+100) შევიდნენ.

შესუსტებული შემადგენლობით გამოვლენ ფრანგებიც - არ ეყოლებათ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი და უპირველესი ვარსკვლავი ტედი რინერი (+100) და ალაინ შმიტი (81); ქალებში კი მსოფლიოს სამგზისა და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი, ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი ლუსი დეკოსი (70) დააკლდებათ. შმიტისა და დეკოსის არყოფნის მიზეზი ტრავმებია, რინერის კი ასვენებენ.

მათ გუნდში ევროპის ჩემპიონი სოფიენ მილო, ისაამ ნოური (ორივე - 60), დავიდ ლაროსე, დმიტრი დრაჟინი (66), ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორი უგო ლეგრანი, ჟილ ბონომე (73), აქსელ კლერჯე, ლუკ პიეტრი (81), მეთიუ დაფრევილი, რომაინ ბუფე (90), სირილ მარე, ტიერი ფაბრი (100), მსოფლიოს სამგზის ბრინჯაოსმედალოსანი მეთიუ ბატე და მეთიუ ტორელი (+100) მოხვდნენ.

ჩელიაბინსკში ლიდერები არც გერმანელებს მიჰყავთ - ოლიმპიური ჩემპიონი ოლე ბიშოფი (81) და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ანდრეას ტოლცერი (+100) ისვენებენ. მათ გუნდში რობერტ კოპისკე, სებასტიან ზაიდლი (ორივე - 60), იგორ ვანდტკე (73), ალექსანდრ ვიცერზაკი (81), კრისტოფ ლამბერტი (90), კარლ რიხარდ ფრაი (100) და დინო პფაიფერი (+100) შევიდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
60 კილოში 4 ქართველია იმედია 4 წარმატებულად დააასრულებს გამოსვლას
გიო
20:12 25-04-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული