ჩვენებური მეოთხედფინალშია გასული და ჯერ არც ტურნირი დამთავრებულა, თუმცა ლიცენზიის საკითხი უკვე გაირკვა, რადგან საგზურისთვის ბრძოლაში მისი მთავარი კონკურენტები უკვე გავარდნენ - შავდათუაშვილი ევროპული კვოტით იღებს საგზურს.
მეტოქეთაგან ჯერ ებრაელი გოლან პოლაცკი დამარცხდა სლოვენიელ ევროპის პრიზიორ როკ დრაკშიჩთან და შავდათუაშვილის ამბავიც იქ გაირკვა - ამით ებრაელი ვერც სანუგეშოში გადავიდა, ანუ მ
საქმე ისაა, რომ ებრაელთაგან ევროპული კვოტით ლიცენზიას ფალელაშვილი იღებს, პოლაცკის კი მხოლოდ მასზე მეტი ქულის დაგროვება თუ უშველიდა.
მოგვიანებით დამარცხდა შავდათუაშვილის კიდევ ერთი კონკურენტი - ლატვიელი დენის კოზლოვსი და სანუგეშოში ვერც ის გადავიდა.
როგორც უნდა დაამთავროს შავდათუაშვილმა გამოსვლა ჩელიაბინსკში, ის საგზურს ევროპული კვოტით ყველა ვარიანტში მიიღებს - ახლა კოზლოვსსაც გადაუსწრებს ქულებით და რეგიონულ კვოტაში სულაც პირველი ნომერი გახდება.
მას საფრთხეს ვერც პარალელურად მიმდინარე სხვა კონტინენტების პირველობები შეუქმნის. სხვა კონტინენტებიდან 22-ში შესვლის შანსებს ამერიკელი ბრედფორდ ბოლენი და ავსტრალიელი სტივენ ბრაუნიც ინარჩუნებენ, მაგრამ 22-ში ბოლო სამ ადგილზე არაევროპელები არიან, ანუ ისინი იქიდან ევროპელებს ვერ გამოაგდებენ. აზიელთაგან 22-ის ახლოს ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები არიან, რომლებსაც უკვე ჰყავთ წარმომადგენლები სალიცენზიო ზონაში. ამდენად, შავდათუაშვილს საგზურს ვერავინ წაართმევს.
შავდათუაშვილმა პირველ წრეში გაფრთხილებებით სერიოზულ მეტოქეს მოუგო - სომეხ ევროპის ჩემპიონს, აგრეთვე, ვერცხლ-ბრინჯაოს მფლობელ არმენ ნაზარიანს, ვისაც მერე ჩინებული იპონით უკრაინელი სიარჰეი დრებოტიც მიაყოლა.
მეოთხედფინალში ჩვენებურს ძლიერი მეტოქე ელოდება - რეიტინგსიის მეორე ნომერი, რუსთა ევროპის სამგზის მედალოსანი ალიმ გადანოვი.
მეოთხედფინალშია ამ წონაში ჩვენი მეორე წარმომადგენელი შალვა ქარდავაც. ცხადია, ისიც ინარჩუნებს საგზურის მოპოვების შანსს ასევე ევროპული კვოტით, მაგრამ ის ქულებით ჩამორჩება შავდათუაშვილს, ანუ მისი შანსი ცოტათი ნაკლებია. ქარდავამ რუსი კამილ ხან-მაგომნედოვი და აზერბაიჯანელი ტარლან კარიმოვი დაამარცხა, ახლა კი ფრანგ დავიდ ლაროსეს შეხვდება.
ნახევარფინალშია ამირან პაპინაშვილი (60) - სლოვენიელ მატიას ტრბოვიჩს, ებრაელ არტიომ არშანსკის და ჰოლანდიელ ჟეროომ მოორენს იპონებით მოუგო. მისი მომავალი მეტოქე რუსი ბესლან მუდრანოვია.
ნახევარფინალში გასასვლელად იბრძვის ბეთქილ შუკვანიც (60) - საამისოდ ძლიერ სომეხ ჰოვანეს დავთიანს უნდა მოუგოს. მანამდე კი რუსთა რობერტ მშვიდობაძეს ვაზარით, ხოლო ესტონელ ელნურ ალიევს იპონით მოუგო.