რუსები რუსეთში ავაყირავეთ - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია!

AutoSharing Option
ვიდეო
მესამე და სამართალიო, ვალერი ლიპარტელიანსაც (90) ასე დაემართა - ევროპის ჩემპიონატის ფინალი მესამე ცდაზე მოიგო, როცა 28 აპრილს, ჩელიაბინსკში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში რუსი გრიგორი სულემინი საიპონედ გადააგორა.

ლიპარტელიანი ამ ტურნირის ფინალში პირველად 2009 წელს გავიდა, როცა თბილისში გამართული იმ შეჯიბრების დღემდე ბურუსით მოცულ გადამწყვეტ შეხვედრაში ბელარუს ანდრეი კაზუსიონაკთან წააგო. ფინალში მომდევნო წელსაც გავიდა ვენაში, მაგრამ ისევ დამარცხდა - ამჯერად შვედ მარკუს ნიმანთან.

ქართული ძიუდოსთვის ეს პირველი ევროპული ოქროა 2008 წლის შემდეგ, თავად ლიპარტელიანისთვის კი მეოთხე ევროპული მედალი - შარშან
სტამბულში მესამეზე გავიდა.

90 კგ
ლიპარტელიანმა ჩელიაბინსკში ძველი "ლიპო" გაგვახსენა - ისეთი ჭიდაობა აჩვენა, როგორსაც მისგან ამდენი წელიწადი ველოდით. ფიზიკურადაც კარგ ფორმაში იყო, ტაქტიკურ-ტექნიკურადაც სწორად ირჯებოდა და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდა.

ცხადია, ოლიმპიადა ბევრად რთული ტურნირი იქნება, სადაც ახლანდელ მეტოქეებზე შეუდარებლად ძლიერ ფალავნებთან მოუწევს პაექრობა, მაგრამ წინასაოლიმპიადო რეპეტიცია ნამდვილად წარმატებული გამოუვიდა. რაკი მისი მომზადება, განვითარება, სპორტული ზრდა-ფორმირება სწორ კალაპოტში ჩადგა, იმედია, არც ოლიმპიადაზე შეირცხვენს თავს. მით უფრო, იქამდე ჯერ კიდევ რჩება გარკვეული დრო მოსამზადებლად, სპორტული ფორმის ასამაღლებლად.

რუსეთში ლიპარტელიანმა პირველ შეხვედრაში ესპანელი ევროპის ჩემპიონი დავიდ ალარზა სამი გაფრთხილებით დაამარცხა - კარიერაში უკვე მესამედ. მეორე ორთაბრძოლაში ალარზასავით ნაცნობი მეტოქე ელოდა - ბრიტანელი ევროპის მედალოსანი ვინსტონ გორდონი, ვისაც აქამდე ხუთჯერ შეხვედროდა და ყველა მოგებული ჰქონდა. ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და ბრიტანელს ჯერ ვაზარი აართვა, მალევე კი იპონზე დააგდო.

მომდევნო წრეში ჩვენებურმა აზერბაიჯანელი დებიუტანტი ტიმურ ალიხანოვი დაამარცხა, რომელიც აშკარად უთანასწორო ბრძოლაში აღმოჩნდა ჩაბმული - ის არაა ლიპარტელიანის დონის მეტოქე, რაც შეხვედრამაც დაადასტურა. ჩვენებურმა ქულაც აუღო, გაფრთხილებებიც მიაღებინა და იუკო-ვაზარით მოუგო.

ლიპარტელიანმა კიდევ უფრო იოლად აჯობა ფრანგ რომაინ ბუფეს - დაახლოებით ორ წუთში პირდაპირ იპონზე დასცა და ფინალში გავიდა. იქაც დებიუტანტი დაუპირისპირდა, სულემინი, რომელიც ცოტა ღვარძლიანი მეტოქე აღმოჩნდა - მილოცვაზე ზედმეტია ლაპარაკი და ბოლოს ხელიც არ ჩამოართვა წესიერად, არც კვარცხლბეკზე მიულოცა სხვა მედალოსნებს და როგორღაც მარტო, გარიყულივით იდგა თავისთვის. ის ვერ გამოდგა დიდი სპორტსმენი, მარცხი ღირსეულად რომ გადაეტანა.

არადა, წინა შეხვედრების მსგავსად, ლიპარტელიანი აქაც დომინირებდა, საიმედოდ კეტავდა რუსის შეტევებს, გააფრთხილებინა კიდეც და მისი გამარჯვება დროის ამბავი იყო. ეს დრო სასტვენამდე წუთნახევრით ადრე დადგა, როცა შეტევის სტილის შეცვლით სიურპრიზი შესთავაზა - რუსი დგომში ფანდებისთვის თუ მზად იყო, ვარდნაში კომბინაციაში შესრულებულ ცერულ-კისრულს აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა.

ლიპარტელიანმა ახალგაზრდულ ნაკრებში გამარჯვება არაერთხელ გამოსცადა, თორემ უფროსებში პირველხარისხოვან ტურნირში ეს სიხარული პირველად იგრძნო, რისი დამალვა არც უცდია. იმედია, ეს ახალი შეგრძნება საოლიმპიადედ დიდი სტიმული იქნება.

ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს სლოვაკ მილან რანდლისთან არ უჭიდავია.

100 კგ
ეს წონა ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, რადგან ოლიმპიურ გუნდში მოსახვედრად ორი ძლიერი ფალავანი იბრძვის - ევროპის აწ უკვე ორგზის ვერცხლისმედალოსანი ლომერ ჟორჟოლიანი და მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე, თანამედროვეობის ერთ-ერთი უძლიერესი ძიუდოისტი.

ინტერესს ისიც აძლიერებდა, რომ ცირეკიძე სამთვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ პირველად ჭიდაობდა. ერთი სიტყვით, ევროპის ჩემპიონატს ბევრი რამე უნდა გადაეწყვიტა. წინასწარ ვიტყვით, რომ ჟორჟოლიანი კვლავაც მეორეზე გავიდა, ცირეკიძე კი მეშვიდეზე დარჩა.

ჟორჟოლიანმა შარშანაც იჭიდავა ევროპირველობის ფინალში, მაგრამ მაშინ თუ უტიტულო ბოსნიელ ამელ მეკისთან წააგო, ამჯერად ტიტულოვან ებრაელთან, ევროპის ჩემპიონთან, მსოფლიოს ვერცხლის და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელ არიელ ზეევთან დამარცხდა.

ჟორჟოლიანს ქვეჯგუფში ფრიად მნიშვნელოვანი საქმე ბელარუსმა იაუჰენ ბიადულინმა გაუკეთა, რომელმაც დასაწყისში ჰოლანდიიდან ბელგიაში გადაბარგებული ევროპის ორგზის ჩემპიონი ელკო ფან დერ ხესტი გააგდო. საბედნიეროდ, ბელარუსმა ჟორჟოლიანს ვერაფერი დააკლო - ჩვენებურმა სამი გაფრთხილებით დაამარცხა.

საერთოდ, ქართველმა ჩვეულ სტილში იჭიდავა - უაღრესად პრაგმატულად, შედეგზე და არა სანახაობაზე გათვლით, ჩავლებებით, ძალისმიერ სტილში, შეუვალი დაცვით და გაფრთხილებების იმედად. ეს წესი მხოლოდ ორჯერ დაარღვია - ჯერ თავდაპირველ შეხვედრაში, როცა სუსტი პოლონელი პაფალ ფილეკი დააიპონა (თუმცა მანამდე ორჯერ გააფრთხილებინა), მერე კი ფინალში დაარღვევინა ზეევმა... აი, ნახევარფინალში ჟორჟოლიანი მშვენივრად აკონტროლებდა შეხვედრის მიმდინარეობას გერმანელ დინო პფაიფერთან და იოლად მიაღწია ორ გაფრთხილებას.

გვეგონა, ფინალი ჟორჟოლიანს ზეევთან აქამდე განცდილი სამი მარცხისთვის სარევანშოდ მეტ მოტივაციას მისცემდა, რომელთაგანაც ორი ევროპირველობებზე მოდის... ზეევი ტაქტიკაში, ჭიდაობის "დახურვა-ჩაკეტვაში" თვითონაა "მოდის კანონმდებელი" და გასაქანი არც ქართველს მისცა, რომელმაც ვერაფერი დაუპირისპირა მის "დამდგარ", ანუ ერთ ადგილზე გაჩერებული ჭიდაობის სტილს და მეოთხედაც დამარცხდა მასთან, ამჯერად - ვაზარით. ზეევი კი 35 წლის ასაკში მეოთხედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

არადა, მსაჯებს რომ ენამუსათ, ზეევის გზა მეოთხედფინალში უნდა ჩაეკეტა ცირეკიძეს - ჩვენებურმა ის შეხვედრა არბიტრთა გადაწყვეტილებით წააგო, რაც "შავოსანთა" ძალზე საკამათო განაჩენია. ამ ტურნირზე ებრაელთა წარმატებული გამოსვლა სერიოზულ ეჭვს იწვევს, მათ შორის - ეს შეხვედრაც. ვფიქრობ, მსაჯებმა ცირეკიძის გაფრთხილება იჩქარეს დასაწყისშივე. სამაგიეროდ, ებრაელისას აგვიანებდნენ, ვიდრე ზეევი ზედიზედ ოთხჯერ (!) არ დავარდა მუხლებზე.

ეს შეხვედრა ორი განსწავლული ტაქტიკოსის შერკინება იყო - გადავლება-ზედა ჩავლებით მეტოქის დისტანციაზე დაჭერა და მის შეცდომებზე დადარაჯება მათი სტილია. ოღონდ, რაც სხვასთან კარგად გამოსდით, ერთმანეთთან არ გამოუვიდათ, რადგან ხეზე ასვლის ტექნიკა ორივემ კარგად იცის. თუმცა მთელი შეხვედრის განმავლობაში ცირეკიძე ცოტა აქტიური იყო. ზეევს მისთვის რამე სერიოზული საფრთხე არ შეუქმნია და ნამდვილად გაუგებარია მსაჯთა გადაწყვეტილება, სამივემ მას რატომ მისცა მოგება.

ცირეკიძემ პირველი შეხვედრა გაფრთხილებებზე აგებული ძალოვანი სტილით ლატვიელ ევროპის ორგზის პრიზიორ ეუგენიუს ბოროდავკოს მოუგო, რითაც მასთან შარშანდელ ევროპირველობაზე განცდილი მარცხისთვის რევანში აიღო. მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ჩვეულ სტილში კი ჭიდაობდა, მაგრამ ვერ იყო ფორმაში - მოძრაობაც შენელებული ჰქონდა, ილეთზე შესვლაც ადრინდელზე უფრო უჭირდა და რაღაც სწორხაზოვანი ჭიდაობაც ჰქონდა.

ცირეკიძის ეს ნაკლოვანებები ყველაზე ცხადად ახალგაზრდებში ევროპის აზერბაიჯანელ ჩემპიონ ელმარ გასიმოვთან გამოჩნდა, რომელსაც ვერანაირი ხიფათი ვერ შეუქმნა და მეტოქემ ორი იუკო დამსახურებულად მიითვალა. ამდენად, ცირეკიძემ შარშანდელი მესამე ადგილი ვერ შეინარჩუნა.

ევროპის პირველობა ბოლო სალიცენზიო ტურნირია და ჟორჟოლიანმა კიდევ უფრო გაზარდა თავისი ისედაც დიდი უპირატესობა ცირეკიძესთან საოლიმპიადო ბრძოლაში - ქულებში სხვაობამაც მოიმატა და ჟორჟოლიანმა შედეგითაც ბევრად აჯობა.

+100 კგ
ამ წონაში ჩვენი ნაკრების ლიდერ ადამ ოქრუაშვილს ერთი მოგება დააკლდა ბრინჯაომდე - გადამწყვეტი შეხვედრა პოლონელ იანუშ ვოინაროვიჩთან დათმო და მეხუთეზე დარჩა. საიპონე გდება ცოტა საკამათო გამოდგა, რადგან ფანდი ოქრუაშვილმა დაიწყო, მაგრამ მთაკაცმა პოლონელმა კარგად დაუხურა ილეთი და გაგრძელება უკვე მისი იყო.

ოქრუაშვილმა ბოლო დროს ნაჩვენები პროგრესი ახლაც დაადასტურა, თუმცა მაინც უფრო მეტია საჭირო. წინა ტურნირებთან შედარებით, თითქოს ცოტა მოშვებულიც გვეჩვენა, მაგრამ თავიდან რუმინელ ვლადუტ გეორგე სიმიონესკუს გადაურბინა, ისეთ დღეში ჩააგდო - იუკოც აართვა, ვაზარიც და ბოლოს დააიპონა კიდეც.

ამის შემდეგ ლიტველ მსოფლიოსა და ევროპის მედალოსან მარიუს პასკევიჩიუსთან დამარცხდა, ვისთანაც აქამდე პირად შეხვედრებში თანაბარი ბალანსი ჰქონდა - 1:1. დამამშვიდებელში ოქრუაშვილმა კიდევ ერთი ხმაურიანი მოგება მიითვალა - ჰოლანდიელი ლუუკ ვერბიხი 40 წამში დააიპონა. ჩვენებური ორი გაფრთხილებით ვოინაროვიჩთანაც იგებდა, ვიდრე მეტოქის კონტრშეტევა არ გამოეპარა.

სამწუხაროდ, ზვიად ხანჯალიაშვილმა ჩელიაბინსკში მხოლოდ ახალგაზრდებში ავსტრიელ ევროპის ჩემპიონ დანიელ ალერსტოფერს სძლია - იპონით, სლოვენიელ მატიას სერაისთან კი წააგო.

გუნდური ზეობა
გუნდური ტურნირის პირველ წრეში ჩვენებმა თურქები გაანადგურეს მშრალი ანგარიშით - 5:0. ამ პაექრობაში ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურიც (90) გამოჩნდა და მოიგო კიდეც. მეორე შეხვედრაში ფრანგებთან ანგარიში დმიტრი დრაჟინმა (66) "დაასველა" - ლაშა შავდათუაშვილს მოუგო. ამის შემდეგ მეტოქეებმა მცირე ხნით პინგ-პონგი გამართეს, ანუ მოგება-წაგება მონაცვლეობით მიაყოლეს ერთმანეთს - ჩვენგან ნუგზარ ტატალაშვილმა (73) გაათანაბრა, რასაც ავთანდილ ჭრიკიშვილის (81) მარცხი მოჰყვა. მერე ვალერი ლიპარტელიანმა (90) ისევ გაათანაბრა - 2:2, მომგებიანი ქულა კი ადამ ოქრუაშვილმა (+90) მოგვიტანა სირილ მარესთან მოგებით.

რუსებთან ფინალი მოსალოდნელზე უფრო იოლი გამოდგა, იმის მიუხედავად, რომ შავდათუაშვილის მარცხით დავიწყეთ. სამაგიეროდ, ტატალაშვილმა, ჭრიკიშვილმა და ლიპარტელიანმა მოიგეს, რაც გადამწყვეტიც გამოდგა - ანგარიში 3:2 გახდა ჩვენს სასარგებლოდ და ბოლო შეხვედრამ აზრი დაკარგა.

ბრწყინვალედ იჭიდავა ტატალაშვილმა, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, პირად პირველობაში მსაჯთა საეჭვო გადაწყვეტილება რომ არა, ის იქაც გამოიჩენდა თავს.

საკმაოდ გაუჭირდა ჭრიკიშვილს არსენ პშმახოვის დამარცხება. საკუთარი ილეთების წარმატებით დაგვირგვინებაც უჭირდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიაღწია მიზანს და იუკოთი იმარჯვა, თუმცა ის გდება უფრო ვაზარი იყო. გადამწყვეტ მომენტში ლიპარტელიანიც საჭიროებისამებრ ცივსისხლიანი აღმოჩნდა და ვოპროსოვს, ვისთანაც მანამდე სამიდან ბოლო ორი შეხვედრა წაეგო, ამოსმულებში გაკვეთილი ჩაუტარა - იპონამდე ვაზარზეც დააგდო, თუმცა ბოლო გდება მართლაც რომ ქრესტომათიული გამოდგა. ოქრუაშვილი წინა დღეს გაჩემპიონებულ ალექსანდრ მიხაილინთან დამარცხდა, თუმცა ეს არაფერს ცვლიდა - ჩელიაბინსკში საქართველოს დროშა და ჰიმნი დაფასდა.

კვარცხლბეკი
ვაჟები
90 კგ. 1. ვალერი ლიპარტელიანი (საქართველო), 2. გრიგორი სულემინი (რუსეთი), 3. ანდრეი კაზუსიონაკი (ბელარუსი), კრისტოფ ლამბერტი (გერმანია).
100 კგ. 1. არიელ ზეევი (ისრაელი), 2. ლომერ ჟორჟოლიანი (საქართველო), 3. ელმარ გასიმოვი (აზერბაიჯანი), ზაფარ მახმადოვი (რუსეთი). 7. ირაკლი ცირეკიძე (საქართველო).
+100 კგ. 1. ალექსანდრ მიხაილინი (რუსეთი), 2. ბარნა ბორი (უნგრეთი), 3. იანუშ ვოინაროვიჩი (პოლონეთი), მარიუს პასკევიჩიუსი (ლიტვა). 5 ადამ ოქრუაშვილი (საქართველო).

ქალები
78 კგ. 1. აბიგელ იოო (უნგრეთი), 2. ოდრი ჩუმეო (საფრანგეთი), 3. მარინა პრიშჩეპა (უკრაინა), ანა ველენსეკი (სლოვენია).
+78 კგ. 1. ელენა ივაშჩენკო (რუსეთი), 2. ლუსია პოლავდერი (სლოვენია), 3. კარინა ბრიანტი (გერმანია), ბელკიზ ზერა კაია (თურქეთი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვულოცავ ჩვენს ნაკრებს ამ წარმატებას და ოლიმპიადის ზეიმსაც ვუსურვებ. ერთი მოკრძალებული შენიშვნა მინდა წარმოვთქვა: ჩემი აზრით, ასეთი მაპროვოცირებელი და ნიშნისმომგები სათაურები, - ავაყირავეთ, დავაყირავეთ, ვაბურთავეთ, - არაა საჭირო, ბოლობოლო, სპორტია და მეტოქეს პატივი უნდა სცე. მერწმუნეთ, რუსეთის პრესაში ასეთი სათაურები არც ჩვენ გვესიამოვნებოდა. რატომ ის ფაქტი არ ვახსენეთ, რომ მედლების საერთო რაოდენობით რუსეთის ნაკრები პირველი გახდა სიით? ანდა, ერთ-ერთი წინა სათაური გავიხსენოთ, - ლიპარტელიანმა მეტოქე (ბელორუსი) შავ დღეში ჩააგდო.. რა შავი დღე, - ღირსეული ჭიდაობა და სუფთა მოგება იყო. ასე თუ მივუდგებით, ვარლამზე უფრო შავი დღე არავის ჰქონია, კაზუსიონოკთან რომ წააგო ევროპის ფინალი თბილისში. ასე რომ, ჟურნალისტებო, მეტი პროფესიონალიზმი, ობიექტურობა და ბავშვური ემოციების მოთოკვა..
giorgi
09:53 01-05-2012
0
ოლიმპიადაზე ძალიან გაგვიჭირდება, იაპონელები და კორეელები რომ დაემატებიან. გუნდში გამორჩეული ლიდერი არ გვყავს. საბედნიეროდ, ლიპარტელიანი ამ ბოლო დროს სტაბილურად აჭიდავდა. აი, სხვებს სტაბილურობა აკლიათ. ჭრიკიშვილი აშკარად ნიჭიერია, მას მომატება შეუძლია. ოქრუაშვილს ბრძოლისუნარიანობა აკლია, გადამწყვეტ მომენტში ადვილად ნებდება, ფიზიკური გამძლეობა არ ყოფნის. ცირეკიძე უფრო გონივრულად მოქცეულიყო და ფორმა არ დაეკარგა კარგი იყო, მაგრამ რას იზავ. ფიზიკურ ფორმაში არაა. არა და მაგის ჭიდაობას ყოველთვის ეტყობა მაღალი კლასი. გულსატკენია, ცირეკიძე და ზვიადაური გყავდეს და არც ერთი არ იყოს ფორმაში.
David
18:35 30-04-2012
0

სიახლეები პოპულარული