ვინ გახდება ძიუდოისტთა ახალი მწვრთნელი?

AutoSharing Option
ვიდრე ქართული ძიუდო ხვალ გასამართი აღმასკომის მოლოდინშია, ლამის გარკვეულია მწვრთნელთა გათავისუფლების საკითხი. შესაბამისად, სულ უფრო აქტუალურია ახალი მწვრთნელის ვინაობა. "ლელო" რამდენიმე დღის წინ წერდა ამაზე, მაგრამ გაკვრით, დღეს კი უფრო კონკრეტულად შეგვიძლია კანდიდატურებზე საუბარი. თუმცა ბოლომდე გარკვეული არც ახლაა ყველაფერი. შედარებით დანამდვილებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ ფედერაციაში მართლაც ამუშავდება ტექნიკური დირექტორის თანამდებობა, რომელსაც იქნებ ოდნავ განსხვავებული სახელიც დაარქვან, მაგრამ სამივე ასაკობრივი ნაკრების კურატორის ფუნქცია უეჭველად ექნება. ლამის დაზუსტებით შეიძლება იმის თქმაც, რომ ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად ახალგაზრდულის ახლანდელი თავკაცი სოსო ლიპარტელიანი
ჩაიბარებს. მთლად ასე ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, ახალგაზრდულში მას გიორგი გუგავა შეცვლის.
დაგვეთანხმებით, უმთავრესი მაინც კურატორ-დირექტორის ვინაობაა, რომელიც მავანი ევროპელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონიაო. ასეთი ევროპაში ვინაა? ჰოლანდიელი ვილემ რუსკა, ავსტრიელი პეტერ ზაიზენბახერი, პოლონელი ვალდემარ ლეგინენი და ფრანგი დავიდ დუიე! ზუსტად არ ვიცით, ამათგან რომელთან მიმდინარეობს მოლაპარკება, მაგრამ თავიდან დუიე ვიფიქრე, რომელიც საფრანგეთში ამ თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა მისი კანდიდატურა გადაჭრით გამორიცხეს. დანარჩენთაგან ასაკის გამო 70 წლის რუსკაც გამორიცხული გვგონია. დარჩა ზაიზენბახერი და ლეგინენი, თუმცა გარკვეული დეტალების გათვალისწინებით, რატომღაც მაინც უფრო ავსტრიელი გვგონია.

ჯერჯეობით გადაჭრილი არაფერია და ინკოგნიტო კანდიდატთან მხოლოდ მოლაპარაკება მიმდინარეობს. იმედია, ეს საკითხიც უახლოეს დღეებში გაირკვევა. არადა, ცოტა ხნის წინათ მართლაც ყოფილა ლაპარაკი კორეელ სპეციალისტზე, ოღონდ ის ვარიანტი რატომ ჩაიშალა, ვერ გეტყვით და დიდად არც გვიკვლევია, ვინაიდან აღარაა აქტუალური.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული