ჩვენი დელეგაცია გუშინ დაბრუნდა იაპონიიდან და საქმეში გასარკვევად რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით. ცხადია, უპირველესად თავად ირაკლი ცირეკიძეს შევეხმიანეთ, რომელიც გარეგნულად ახლაც ისეთივე მშვიდი და უემოციო იყო, როგორც დიდი გამარჯვებებისას გვინახავს ხოლმე, თუმცა მის გულში რა ხდება, იოლად წარმოიდგენთ. აი, რა გვითხრა მან:
- ჩვეულებრივი საშეჯიბრო ატმოსფერო იყო. მონირტორზე მეც ვადევნებდი თვალს და ვიცოდი, 3-4 შეხვედრის მერე რომ მიწევდა ჭიდაობა, თუმცა ის შეხვედრები ვადაზე ადრე დამთავრდა. ამ დროს ლაშა გუჯეჯიანი გამოდიოდა და მწვრთნელებიც იქ იყვნენ. ჩვენ რომ მივედით ტატამზე, უკვე დაგვიანებული იყო.
- მწვრთნელები გუჯეჯიანს რომ მიჰყვებოდნენ, თქვენ თუ გაგაფრთხილეს, რომ მალე გიწევდათ გამოსვლა და მომზადებულიყავით?
- არა, არავის გავუფრთხილებივარ.
- ამ დროს მოსათელ დარბაზში რომელი მწვრთნელი იყო დარჩენილი?
- არც ერთი არ ყოფილა, მხოლოდ ბიჭები ვიყავით და ვისვენებდით.
- ანუ არც ჩაძინებული ყოფილხართ, როგორც აქ თავდაპირველ ვერსიად გავრცელდა...
- არა, არ მეძინა. მეორე შეხვედრიდან რომ გამოვედი, დარბაზში კიმონო გამოვცვალე, წრე დავარტყი და მონიტორს შევხედე, როდის მომიწევდა ჭიდაობა. ვნახე, რომ რამდენიმე შეხვედრის მერე მიწევდა, მაგრამ, როგორც გითხარით, ორი ორთაბრძოლა ვადამდე დამთავრდა - ერთი 50 წამში, მეორე - კიდევ უფრო მალე. ამანაც იქონია თავისი გავლენა.
- იმ ჩატარებულ ორ შეხვედრაში თავს როგორ ატყობდით _ რამდენად კარგად იყავით მზად, რა შანსები გექნებოდათ კუბელ მეტოქესთან?
- წინასწარ რა გითხრათ, პირველი შეხვედრა ადვილად მოვიგე, მეორეს თავიდან კი ვაგებდი, მაგრამ ისიც ჩვეულებრივად ამოვქაჩე. ერთი სიტყვით, საბრძოლო ეშხში ვიყავი შესული. თან იქ არც ერთი ყოფილა ისეთი მოწინააღმდეგე, რომელთანაც ბრძოლა და მოგება არ შეიძლებოდა.
- ამ უსიამოვნების მერე როგორ განვითარდა მოვლენები - მოგიბოდიშათ ვინმემ მომხდარის გამო ან აღიარა საკუთარი პასუხისმგებლობა?
- ზოგადად კი ითქვა იქ, ამის და იმის ბრალი იყოო, ჩემთან პირადად კი მოსაბოდიშებლად არავინ მოსულა. სიმართლე გითხრათ, არც მე ჩავძიებივარ - კამათს აზრი არ ჰქონდა. ჩემთვის მთავარი იყო, ტურნირში მონაწილეობა მიმეღო და წარმატებით გამოვსულიყავი. მერე რაც მოხდა, იქ კამათს აზრი ეკარგებოდა.
- მაგრამ სინანული, გულის დაწყვეტა? მომხდარს ხომ ვერასოდეს დაივიწყებთ...
- ცხადია, გული ძალიან მწყდება, მაგრამ ეს ამბავი გაგრძელდება საქართველოში, ამით არ დასრულდება.
ბუნებრივია, ნაკრების თავკაც ამირან ტოტიკაშვილის აზრიც ძალიან გვაინტერესებდა, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი არც ტურნირის არასახარბიელო ორგანიზებას უარყოფს, მაგრამ უმთავრეს მიზეზს მაინც მწვრთნელებში ხედავს. აი, რა განაცხადა მან:
- ისეთი კურიოზული ამბავი მოხდა, მოსაყოლადაც ძნელია. იქ რომ არ ვყოფილიყავი, მეტოქეთა მხრიდან ათასნაირ პროვოკაციას ვიეჭვებდი და ამას ვერ დავიჯერებდი.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ მოსათელი და საშეჯიბრო დარბაზები მართლა ძალიან შორს იყო ერთმანეთისგან, ასეთი რამე სხვაგან არ მინახავს. თან რაღაცნაირი ლაბირინთი იყო - ხან ზევით ასასვლელი, ხან - დაბლა ჩასასვლელი, კიბეებზე სასიარულო და ასე შემდეგ. მე თვითონ პირველივე ჩასვლისას ბიჭების ნახვა რომ მოვისურვე, ნახევარი საათი ვეძებდი ამ დარბაზს. რეალობა ისიც, რომ პირველ დღეს იმ დარბაზში არ აცხადებდნენ მოჭიდავეთა გამოსვლის შესახებ, ეს მხოლოდ მეორე დღიდან დაიწყეს, თუმცა ამას რა მნიშვნელობა აქვს - ასეთი რამე პირველ შეხვედრაზეც არ უნდა მოგივიდეს, ეს კი მესამე ორთაბრძოლა იყო.
მოვლენები ასე განვითარდა - გუჯეჯიანი ამთავრებს ჭიდაობას, რომელსაც სეკუნდანტად უზის პირადი მწვრთნელი გურამ მოდებაძე, ტოტიკაშვილი კი ზევით ზის და ჩანაწერებს აკეთებს. ეს ჩვეულებრივი ამბავია და ამაში დასაძრახი არაფერია. ამ დროს აცხადებენ ცირეკიძეს, საჭიდაოდ უხმობენ. შემოდის კუბელი, ცირეკიძე კი არ ჩანს. ამ დროს მე ზევბით ვიჯექი - ოფიციალურ პირთა ლოჟაში და ჯერ ვიფიქრე, რომ კიმონოს იცვლიდა ან რამე ამდაგვარი, რადგან მანამდე სხვებთან დაკავშირებით იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა კიმონოს გამოსაცვლელად გააბრუნეს სპორტსმენი. უცებ ვხედავ, რომ ტოტიკაშვილმა რაღაც უცნაური მოძრაობა და სირბილი დაიწყო. მაშინვე მივხვდი, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა და აღარც ეტიკეტს მოვერიდე, ლამის გადავახტი იარუსებს და სასწრაფიოდ ჩავედი დაბლა, გამოსასვლელთან. ვხედავ, იქ ცირეკიძე საერთოდ არაა. არადა, სულ მცირე, 20 წუთით ადრე მაინც უნდა იდგეს, ორი შეხვედრით ადრე... ჯერ ვერც მივხვდი, რა ხდებოდა და იქვე ალექსიძეს შევეფეთე, რომელიც ჩემსავით ზედა იარუსიდან, თავისი ლოჟიდან ჩამოვიდა. ის სასწრაფოდ მსაჯთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ესპანელ ხუან ბარკოსთან გავაგზავნე, რომ როგორმე დრო გაეწელათ, მე კი ისეც ცირეკიძეც ვეძებდი. ის და ტოტიკაშვილი ქვევიდან ამოდიან, ცირეკიძეს კი კიმონოც არ აცვია, მხოლოდ შარვალი. იქვე მიყრილ ვიღაცის კიმონოს დავავლეთ ხელი და ცირეკიძეს ჩავაცვი, რომ როგორმე ტატამზე შესვლა მოესწრო, იქ კი თუ გამოაბრუნებდნენ გამოსაცვლელად, წაგება მაინც არ ჩაეთვლებოდა. ამასობაში ცირეკიძეს რამდენჯერმე უხმეს, თან ბოლოს დაამატეს, სასწრაფოდ გამოცხადდესო. იქით ბარკოსი ცდილობს, დრო გააწელინოს ორგანიზატორებს, მაგრამ იაპონელებიც რატომ გაუშვებდნენ ამ შანსს ხელიდან - მათ ტაკამასა ანაი საჩემპიონიოო კაცი ჰყავდათ, რომელსაც ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტი ეცლებოდა ბრძოლიდან.
სიმართლეს არ შეესაბამება ხმები იმის შესახებ, რომ ცირეკიძეს ჩაეძინა. თუმცა ასეც რომ მომხდარიყო, მაინც არ იქნებოდა მისი დანაშაული. თუ ეძინა, ძალიან მაგარი ნერვების პატრონი ყოფილა, მაგრამ არ იყო ასე. ნეტავ, ყველას გააჩნდეს ისეთი ნერვები, ასეთ დროს დაძინება შეძლოს - ეს უკეთესია, უკეთ დაისვენებს. იქ მწვრთნელი იმისთვისაა, რომ გააფრთხილოს სპორტსმენი, მოამზადოს, მოთელვა ჩაუტაროს...
ეს ინციდენტი უპასუხისმგებლობის მწვერვალია, მაგრამ ჩემთვის, როგორც ოლიმპიური კომიტეტისდ პრეზიდენტისთვის, უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა. წმინდა მათემატიკური გათვლებით რომ ვილაპარაკოთ, ამით ჩვენ ერთი მედალი დავკარგეთ, მაგრამ დანარჩენი 14 კაციდან მხოლოდ ორი რომ მოხვდა რვა კაცში, უფრო მთავარი საფიქრალი ესაა. საგანგაშოა, რომ გუნდი ოლიმპიადამდე ორი წლით ადრე ასე სუსტად გამოვიდა და ვერ შეძლო მედლის მოპოვება. საქმე მხოლოდ მედალშიც არაა - ეს არც უნდა იყოს ჩვენი იდეა-ფიქსი, გუნდი არ იყო მზად. მთლიანი ნაკრების გამოსვლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონკრეტული სპორტსმენის ამბავი, თუნდაც ისეთი ტრაგიკული, როგორიც ეს ინციდენტია. ადრე შვიდი კაცით მივდიოდით და ბევრად უკეთესი მაჩვენებლი გვქონდა, ვიდრე დღეს - 15-კაციანი გუნდით.
აზრის გამოთქმა ძიუდოს ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ გიორგი ალექსიძესაც ვთხოვეთ, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელი იყო ტოკიოში და აკი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა პირველ დღეს თავის კომენტარში მის პასუხისმგებლობაზეც ილაპარაკა. ალექსიძის კომენტარი ასეთია:
- იმ ზონაში, სადაც მხოლოდ მწვრთნელები და სპორტსმენები არიან დაშვებული, ფედერაციის არც ერთ წევრს არ გვქონდა შესვლის უფლება. იქ თავიდან ბოლომე ყველაფერი მწვრთნელებს უნდა გაეკონტროლებინათ - სპორტსმენის მომზადება ტატამზე გასაყვანად, რაც მინიმუმ, ორი შეხვედრით ადრე უნდა მოხდეს, დაახლოებით 20-25 წუთით ადრე. სპორტსმენი პროფესიონალია და თავისით გახურდება, მაგრამ მწვრთნელმა უნდა უთხრას, რა ფერის კიმონო უნდა ჩაიცვას, გაატაროს სათანადო შემოწმება და დააყენოს ტატამზე გასასვლელთან, სადაც მას წინ ადგილობრივი წარმომადგენელი უდგება. კუბელმა როცა ეს ყველაფერი გააკეთა და ტატამზე დადგა, ჩვენებმა მხოლოდ ამის შემდეგ მოიძიეს ცირეკიძე, იმ პროცედურების გავლას კი იმდენი დრო დასჭირდა, რაც საკმარისი გახდა ჩვენებურის დისკვალიფიკაციისთვის. მას სამჯერ უხმეს ტატამზე. თან მეორე გამოცხადებას დააყოლეს, სასწრაფოდო... პირველ და მეორე გაფრთხილებას შორის ორწუთნახევრიანი შუალედია. ამდენად, საკმარისი დრო გავიდა და მყისიერად არ მოუხსნიათ.
- მწვრთნელები რას ამბობდნენ ამასთან დაკავშირებით?
- სიმართლე გითხრათ, მათთან ამაზე მაშინვე არც მილაპარაკია, რადგან თვითონ არ მოსულან ჩემთან, მოგვიანებით კი თავი იმართლეს, გუჯეჯიანს ვუყურებდით და იმის შეხვედრა რომ დამთავრდა, მერე მოვიკითხეთ ცირეკიძეო. ამაზე კომენტარი არ მაქვს - როცა სამი მწვრთნელი ხარ, ასე არ უნდა დაგემართოს. ორი ქართველი რომ ჭიდაობდეს ერთად, მაინც არ უნდა მოგივიდეს მსგავსი რამ.
- როცა გუჯეჯიანი გაჰყავდათ საასპარეზოდ, მაშინ იცოდნენ, ცირეკიძესაც მალევე რომ უნდა ეჭიდავა?
- მაგ დროს მხოლოდ ორი სპორტსმენი იყო დარჩენილი და ეს უნდა სცოდნოდათ. თან იქ ყველგან ეკრანებია, აწონვის ოქმებიც ხელში უნდა ეჭიროთ... როგორც მითხრეს, თურმე ისევ იაპონელი მოხალისე ეძებდა და ის შევარდნილა დარბაზში, ცირეკიძე რატომ არ გამოდის საჭიდაოდო.
- დამნაშავედ თქვენც დაგასახელეს, დელეგაციის ხელმძღვანელის ბრალიცააო.
- დელეგაციის ხელმძღვანელის მოვალეობა გუნდის გაგზავნა, დაბინავება და პატრონობაა, იმ ზონაში კი, სადაც მწვრთნელი უნდა იყოს ნაკრების ბატონ-პატრონი, ჩვენ შესვლის უფლება არ გვქონდა. დელეგაციის ოფიციალური წევრებისთვის სპეციალური ადგილებია გამოყოფილი, საიდანაც ჩვენ ხმამაღლა ქომაგობის უფლებაც არ გვაქვს - საამისოდ ჩვეულებრივ ტრიბუნაზე უნდა გადავინაცვლოთ.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი კიდევ ერთხელ გააკეთა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა: `ამ შემთხვევაში სპორტსმენის დანაშაული არ იკვეთება. ცირეკიძე პროფესიონალია, რომელიც მოგებული ორი შეხვედრის დროს მოსათელ დარბაზში იმყოფებოდა და თავის რიგს ელოდებოდა, მისი გაფრთხილება კი იმათ ევალებოდათ, ვინც სპორტსმენს უშუალოდ ახლავს საშეჯიბრო ტერიტორიაზე და ტატამზე მის გასვლას აკონტროლებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ცირეკიძე ასეთი დაუდევრობისთვის მოიხსნა. მსოფლიოს ჩემპიონატი წესების მკაცრი დაცვით მიმდინარეობდა და ჩვენთვის გამონაკლისს არავინ დაუშვებდა. ტოკიოში ყოფნისას დავინახე არასერიოზულობა და საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულება, რაც ფედერაციაში ბოლო დროს არაერთხელ მომხდარი არეულობისა და დაპირისპირების შედეგია. ძიუდოს ფედერაციის აღმასკომზე ყველა დეტალს განვიხილავთ, მას პირადად დავესწრები, სამინისტროს კი მომზადებული აქვს კონკრეტული რეკომენდაციები და შენიშვნები ფედერაციის მიმართ. აღმასკომზე ყველაფერი გაირკვევა და კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც აუცილებლად დადგება.
ვფიქრობთ, წარმოდგენილ კომენტარებში მომხდარის ზოგადი სურათი კარგად დაიხატა. ითქვა ისიც, რომ თითქოს სპორტსმენის გაფრთხილება სულიკო ფეიქრიშვილს ევალებოდა, მაგრამ როგორც ცირეკიძემ განაცხადა, იმ დროს დარბაზში არც ერთი მწვრთნელი არ იყო. ამასთან, როგორც გავარკვიეთ, ფეიქრიშვილი იაპონიაში საკუთარი ხარჯით წავიდა და საკითხავია, რამდენად იყო პასუხისმგებელი? ან თუ საჭირო იყო მისი დახმარება, მაშინ რატომ არ დააფინანსა ფედერაციამ?
მსგავსი კითხვები კიდევ მოიძებნება და, იმედია, მათზე პასუხს აღმასკომზე მივიღებთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"