ბაქოს ტურნირი: ვაჟებს შედეგებით ქალებმა აჯობეს

AutoSharing Option
ქართველმა ძიუდოისტებმა 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 4 ბრინჯაო მოიპოვეს ამ უქმეებზე ბაქოში ჩატარებულ "დიდ პრიზზე".

პირველად მოხდა, როცა ვაჟებს შედეგებით (ხარისხობრივად) ქალებმა აჯობეს - ის ერთადერთი ოქროც მძიმეწონოსანი ირინა ლეონიძის მონაგარია.

მართალია, ვაჟები შესუსტებული გუნდით გამოდიოდნენ და ძლიერ კონკურენციაში მოუწიათ ასპარეზობა, ლეონიძე კი ჩემპიონობამდე სულ ორი მოგებით მივიდა. ამდენად, ამ რანგის შეჯიბრებებზე ანგარიში ქალებმაც გახსნეს.

ვაჟთაგან ტურნირის ვიცე-ჩემპიონები გიორგი მესაბლიშვილი (60) და ბექა ბერძენიშვილი (100) გახდნენ, ბრინჯაოს მედლები კი ზებედა რეხვიაშვილმა (73), ლაშა ზურაბიანმა (81), ზვიად გოგოჭურმა (90) და
ალექსანდრე მსხალაძემ (100) მოიპოვეს.

შეჯიბრებაზე ტიტულოვანი ფალავნები მხოლოდ მასპინძელთა გუნდში იყვნენ. მონაწილეთა რაოდენობა კი იმდენად მცირე იყო, მედალოსანთა ნაწილი კვარცხლბეკამდე ერთი მოგებითაც კი მივიდა.

მესაბლიშვილმა მასპინძელ ვუგარ შირინლის ვაზარ-იუკოთი აჯობა, ნახევარფინალში კი გაფრთხილებებით მოუგო აფრიკის წლევანდელ ლიბიელ ჩემპიონ ელჰად მოჰამედ ელკავისენს.

მან ფინალი მასპინძელთა მსოფლიოს მედალოსან ილგარ მუშკიევთან წააგო - თავიდან ორი გაფრთხილება მიიღო, მერე კი ბეთქილ შუკვანისგან გამწარებულმა მასპინძელმა იპონიც მოიპოვა. მუშკიევმა ჩვენი ჯავრი მანამდეც იყარა - გიორგი ბროლაშვილსაც იპონით მოუგო. ჩვენებურს მეტი არც უჭიდავია, მეხუთეზე დარჩა.

ბერძენიშვილი და მსხალაძე ნახევარფინალში გავიდნენ, რასაც მხოლოდ თითო მოგება მოანდომეს - მსხალაძემ მასპინძელი ალიხან ჰასანოვი დააიპონა, ბერძენიშვილმა კი რუსი დავით ბიტიევი ბეჭებზე დააგდო. ნახევარფინალში მან სულ რაღაც 8 წამში ჩინებული ბრუნით უკრაინელ დმიტრო ლუჩინს დაახვია თავბრუ, მსხალაძე კი აზერბაიჯანელ ევროპის მედალოსან ელხან მამადლისთან დამარცხდა. მასპინძელთან ფინალი ბერძენიშვილმაც წააგო.

66-ში სანდრო იაკობაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა უკრაინელ ანატოლი ლასკუტასთან, შალვა ქარდავამ კი მასპინძელ სამირ ხანკიშიევს მოუგო და მომავალ ჩემპიონთან, იაპონელ მასაში კოდერასთან წააგო.

რეხვიაშვილმა აზერბაიჯანელ სამირ დადაშზადეს წმინდად მოუგო, უკრაინელ ანტონ ტიშჩენკოს - გაფრთხილებებით და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ძლიერ უზბეკ მირალი შარიპოვთან წააგო და მესამეზე დარჩა. ამავე წონაში ბრინჯაომდე ერთი მოგება დააკლდა ამბაკო ავალიანსაც - თურქ ჰასან ილმაზთან დამარცხდა, თუმცა ის წინა წრეებშიც თავისუფალი იყო და მეტი არც უჭიდავია.

ახალგაზრდა ლაშა ზურაბიანმა სლოვენიელ ევროპის პრიზიორ ალიაზ სედეის გაფრთხილებებით მოუგო, ნახევარფინალში კი უკრაინელ ვიტალი პოპოვიჩთან წააგო. მთლიანობაში, კარგად გამოვიდა გოგოჭურიც, რომელსაც ბუქარესტის მერე ხელის ტრავმის გამო არ უჭიდავია - ჯერ მასპინძელ მსოფლიოს პრიზიორ ელხან რაჯაბლის გაფრთხილებებით გასცდა, მერე კი უკრაინელი სტანისლავ რეტინსკი იპონზეც დასცა.

ქალთაგან წარმატებას ნამდვილად ველოდით, ოღონდ - უფრო მარიამ ჯანაშვილისგან (57), მაგრამ ის პირველივე წრეში დამარცხდა კანადელ ჟულიენ მელანკონთან.

მძიმე წონაში ოთხი მონაწილე გამოდიოდა და შეხვედრები პირდაპირ ნახევარფინალიდან დაიწყო - ჩვენებურმა ადგილობრივი რაფა იბადოვა დააიპონა, ფინალში კი ორი გაფრთხილებით ხორვატ ივანა მარანიცს აჯობა. ასევე, პირველივე შეხვედრა წააგო შორენა შარაძემ, რომელიც სლოვაკ რასა სრაკასთან დამარცხდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული