ახალგაზრდულ ნაკრებში სოსო ლიპარტელიანისა და ოთარ კაიდარაშვილის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული გამოდგა - პირველისა მწვრთნელის რანგში, მეორე კი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონი გახდა. ეროვნული ნაკრების თავკაცად გამზადებული ლიპარტელიანი პირველ ოფიციალურ შეჯიბრებას ატარებდა, ჭაბუკებში ევროპის 2007 წლის ბრინჯაოს პრიზიორი, გორელი კაიდარაშვილი კი ამ ასაკში ასევე პირველად ჭიდაობდა კონტინენტის პირველობაზე. საბედნიეროდ, ორივეს დებიუტი ოქროსფერი გამოდგა.
ძიუდოს ევროპულ კავშირშიც კარგი ხვითოები სხედან - შარშანდლიდან მოყოლებული, კალენდარში ეწერათ, რომ ეს ტურნირი ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ჩატარდებოდა, ხუთშაბათ საღამოს კი საიტზე მის ნაცვლად სამოკოვო
კაიდარაშვილი წლეულს ჩინებულ სეზონს ატარებს - მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ხოლო ბოლო შესარჩევ ტურნირზე, ჩეხეთში მეორეზე გავიდა. სამოკოვოში ის პირველ წრეში ისვენებდა, მერე კი მალევე დააიპონა უკრაინელი ვალენტინ კოპილოვი. ალბათ, მეორე შეხვედრა ერთ-ერთი უმძიმესი გამოდგა მთელ ტურნირზე - აზერბაიჯანელ ელსევარ სადიგ-ზადეს გდება ვერ გაუკეთა, მაგრამ ორჯერ გააფრთხილებინა და იუკოთი აჯობა. ნახევარფინალში ჰოლანდიელ იანიკ კლაპროტთან იუკო თავად დაკარგა პირველივე წუთზე, მაგრამ მალევე ვაზარი აართვა და უპირატესობა შეხვედრის ბოლომდეც შეინარჩუნა. ფინალში ოქროსთვის ბრძოლა ჩვენებურს მეზობელთან, სომეხ გრიგორ ივანიანთან მოუხდა და ფრიად დაძაბულიც გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა - ორივემ ორ-ორი გაფრთხილება მიიღო, მაგრამ დამატებითში კაიდარაშვილმა იმარჯვა და ევროპის ჩემპიონიც გახდა.
კაიდარაშვილს ვულოცავთ ამ წარმატებას და სამომავლოდ კვლავაც გამარჯვებებს ვუსურვებთ, მაგრამ ეს ჩემპიონატი ისე დაიწყო, ვიფიქრეთ, ლიპარტელიანის ეროვნულის თავკაცად აღზევებას საფრთხე დაემუქრა-მეთქი - შმაგი ლაგაზაური (60) და ლაშა შავდათუაშვილი (66) პირველივე წრეში დამარცხდნენ. საქართველოს ვიცე-ჩემპიონმა ლაგაზაურმა ევროპაზე ჭიდაობა პრაღაში ვერცხლის მოპოვებით გაინაღდა. სამოკოვოში ის უფროსებში ბაქოს ტურნირის ვიცე-ჩემპიონთან, მსოფლიოს თასებზე გამოსვლებით საკმაოდ გამოცდილ აზერბაიჯანელ ვუგარ შირინლისთან იპონით წააგო. ასევე წმინდად დამარცხდა შავდათუაშვილიც ფრანგ ვინსენტ ვალესთან.
გუშინ გოგონათა ტურნირში ორი ჩვენებური გამოვიდა, მაგრამ დიდად ვერ გაგვახარეს. უფრო უკეთ დარინა აბულაძემ (48) იჭიდავა - ერთი შეხვედრა მაინც მოიგო. პირველ შეხვედრაში მან იტალიელი ანა ბარტოლე 29 წამში დააიპონა. მას ურიგოდ არც მომდევნო შეხვედრაში უჭიდავია ჰოლანდიელ მანდი ტჯოკროატმოსთან. ყოველ შემთხვევაში, ქულა არც მასთან დაუკარგავს და მხოლოდ გაფრთხილებებით წააგო. ეს მეოთხედფინალში მოხდა და ჩვენებურიც სანუგეშოში გადავიდა, თუმცა წარუმატებლად - პირველივე ორთაბრძოლაში მოლდოველ ტატიანა ოსოიანუსთან წმინდად დამარცხდა.
ნონა მერაბიშვილმა (52) პირველი შეხვედრა იპონით დათმო შვეიცარიელ კატრინ ფრეისთან. ამ წონაში ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა ალბანელი მაილინდა კელმენდი, რომელმაც შარშან ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონობაც მოიპოვა. მისი წარმატება არცაა გასაკვირი, რადგან უფროსთა ტურნირებშიც არაერთი მედალი მოუპოვებია, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ის პერიოდულად კოსოვოს სახელითაც გამოდის. იმ მედლების ნაწილიც ახალი ქვეყნის დროშით მოუპოვებია.
დღეს სამოკოვოში ვაჟებიდან 73 და 81, გოგოებიდან კი 57, 63 და 70 კილოგრამის წარმომადგენლები იჭიდავებენ. 73-ში ბეთქილ აფრასიძე პირველივე წრეში პიოტრ პლონსკის შეხვდება, 81-ში კი ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ავთანდილ ჭრიკიშვილიც ასევე თავიდანვე ჩაებმება ტურნირში თურქ ეფემგილ ბატუჰანთან შეხვედრით. 73-ში რომან მასტოპულოსის სახელით საბერძნეთის ღირსებას ევროპის ჩემპიონისა და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორ გიორგი რევაზიშვილის შვილი იცავს, რომელსაც ამ ტურნირისთვის თბილისში მამა ამზადებდა. ის აფრასიძეს ფინალამდე ვერ შეხვდება.
გოგოების ტურნირში დღეს ჩვენგან შორენა შარაძე (63) და თეა სუხიტაშვილი (70) იჭიდავებენ. შარაძე პირველივე წრეში დანიელ ნეტე დელენდორფს შეხვდება, სუხიტაშვილი კი მეორე წრიდან ჩაებმება ტურნირში ავსტრიელ ბერნადეტე გრაფთან შეხვედრით.
დანარჩენი წონების წარმომადგენლები ხვალ იასპარეზებენ და ამით ტურნირიც დასრულდება. კვირას გიორგი ნოზაძე (90) თავიდან ბოსნიელ ლიუბიცა მილანოვიჩს ხვდება, მიხეილ ნარიმანიძე (100) - ესტონელ მიკელ იომაგის, ლევან მათიაშვილი (+100) კი პირველ წრეში ისვენებს, ხოლო მერე უკრაინელ ანდრეი კოლესნიკს დაეჭიდება.
კვირას გოგოებიდან მხოლოდ ერთი ქართველი გამოვა - თამარ ლომიძე (+78) ჰოლანდიელ ჯანინე პენდერსთან იჭიდავებს.
კვარცხლბეკი. ვაჟები.
55 კგ. 1. ოთარ კაიდარაშვილი (საქართველო), 2. გრიგორ ივანიანი (სომხეთი), 3. მაქსიმ დუფონდი (საფრანგეთი), არამ გრიგორიანი (რუსეთი).
60 კგ. 1. იაკუბ შამილოვი (რუსეთი), 2. ადრიენ ბურგუიგნონი (საფრანგეთი), 3. გორ ჰარუთინიანი (სომხეთი), ვუგარ შირინლი (აზერბაიჯანი).
66 კგ. 1. გეორგიოს აზოიდისი (საბერძნეთი), 2. აზნაურ არდანოვი (რუსეთი), 3. ლუის კებლე (ბრიტანეთი), ენრიკო პარლატი (იტალია).
გოგოები.
44 კგ. 1. იულიანა სავიჩი (სერბეთი), 2. დიანა კოვაჩი (რუმინეთი), 3. კრისტინა ვრსიჩი (სლოვენია), ესმა დადემირი (თურქეთი).
48 კგ. 1. ალესია კუზნეცოვა (რუსეთი), 2. სკარლეტ გაბრიელი (საფრანგეთი), 3. კაროლინა პინკოვსკა (პოლონეთი), ფრეია დეჩასტელაინი (ბრიტანეთი).
52 კგ. 1. მაილინდა კელმენდი (ალბანეთი), 2. ტინა ტელნერი (ავსტრია), 3. ოლექსანდრა სტარკოვა (უკრაინა), ტუგბა ზეჰირი (თურქეთი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"