ძიუდოს აღამასკომმა მწვრთნელები მოხსნა, ინტრიგა დაგვიტოვა

AutoSharing Option
შაბათს გამართულმა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. თუმცა საკამათო და სადავიდარაბოც რა იყო - შედეგები წინასწარვე გახდა ცნობილი. მაგალითად, ეროვნული ნაკრების თავკაცმა ამირან ტოტიკაშვილმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ტოკიოში, მსოფლიოს ჩემპიონატზე მომხდარზე თავად იღებს პასუხისმგებლობას და თანამდებობას ტოვებს.
ტოკიოში კი ისეთი რამ მოხდა, რაც რატომღაც მხოლოდ ქართველებს გვემართება - 1996 წლის ატლანტის ოლიმპიადის სირცხვილი გაგვიმეორდა და სპორტსმენი შეხვედრაზე დროულად მეორე დიდ ტურნირზე, ოღონდ ამჯერად მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მივიყვანეთ. ბედის ირონიით, დაზარალებული კვლავაც ქუთაისელი ოლიმპიური ჩემპიონი აღმოჩნდა - დავით
ხახალეიშვილი ირაკლი ცირეკიძემ შეცვალა. ორგანიზატორთა ხარვეზებზე რამდენიც უნდა ვილაპარაკოთ, მომხდარის შემდეგ მოვლენათა ასეთი განვითარება, ანუ მწვრთნელთა დათხოვნა მოსალოდნელიც იყო - პრობლემები ერთია, მაგრამ ის თანაბრად აწუხებდა ჩემპიონატის უკლებლივ ყველა მონაწილეს, ანუ 111 ქვეყნის 847 სპორტსმენს, ასეთი სამარცხვინო ფაქტი კი მხოლოდ ჩვენ დაგვემართა.

ცხადია, აღმასკომის უმთავრესი საკითხიც იაპონური ინციდენტის განხილვა და დამნაშავეთა დასახელება იქნებოდა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო თავად ფედერაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის განხილვა. სხდომას აღმასკომის 15 წევრიდან 13 ესწრებოდა - ახლანდელ პრეზიდენტ დილარ ხაბულიანს, როგორც გვითხრეს, პარლამენტში გამოსჩენია საქმე (!), ვიცე-პრეზიდენტი თემურ ხუბულური კი ბულგარულ სამოკოვოში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მივლინებულ დელეგაციას ხელმძღვანელობს.

სხდომამ პირველი ამოცანა ძირეულად გადაჭრა - ინციდენტი მწვრთნელთა დანაშაულად ჩაითვალა და აღმასკომის წევრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მთელი შტაბი გათავისუფლდა, მეორე საკითხზე კი ინტრიგა დაგვიტოვა - ფედერაციის ხელმძღვანელთა ბედს ორშაბათს პრეზიდენტი დილარ ხაბულიანი საგანგებო განცხადებით გაგვაცნოსო, გვითხრეს სხდომიდან გამოსულებმა და ვნახოთ, რა მოხდება. თუმცა სპორტის მმართველებმა პირდაპირ განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ფედერაციაში უკვე რამდენიმე წლის მანძილზე მიმდინარე არეულობების გამოძახილია, რაც აუცილებლად უნდა დასრულდეს და ამ ყველაფრისთვის ხელმძღვანელობამ პასუხი უნდა აგოს. აქედან გამომდინარე, ხაბულიანის ხვალინდელი მოსალოდნელი განცხადების შინაარსი გასაგებია, მაგრამ ის ბოლო წუთამდე აქტიურად იბრძოდა პოსტის შესანარჩუნებლად და ახლაც გაჩნდა ეჭვი, რომ ორშაბათამდე ვადაც დროის მოსაგებად ითხოვა - მას სწორედ ასე გაჰყავდა დრო, როცა თითქოს გადადგომის შესახებ განცხადება უნდა დაეწერა. სახელისუფლებო წრეებში ხაბულიანთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა უფრო მომწიფებულია აზრი, რომ ფედერაციას ურჩევენ მის გაშვებას. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო დღეებში მან უმაღლეს სახელისუფლებო წრეებში კიდევ სცადა რამდენიმე მომგებიანი ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მისი ბედი მაინც გადაწყვეტილი გვგონია - მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომ მასზე კომპრომატების შეგროვება ეგრეთ წოდებული სახელისუფლებო მედიის სოლიდურმა წარმომადგენლებმა დაიწყეს, ეს კი რისი ნიშანიცაა, ყველამ კარგად ვიცით.
დასამალი არაა, რომ ზემდგომთ მწვრთნელთა შეცვლა ადრეც სურდათ, რადგან გუნდი ვერ აჩვენებდა სასურველ შედეგებს, შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან, რასაც დისციპლინის დეფიციტიც დაემატა. ამასთან, ეს არ იყო დაგვიანების, უცხოეთში სპორტსმენთა შეგნებული თუ უნებლიე დატოვების ან გზაში ჩამორჩენის პირველი შემთხვევა. აღმასკომზე კონკრეტული დამნაშავე არ დასახელებულა. ყოველ შემთხვევაში, სხდომიდან გამოსულებს პიროვნულად არავინ დაუსახელებიათ და ზოგადად ლაპარაკობდნენ მწვრთნელთა მთელი კორპუსის დანაშაულზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სადღაც ტოტიკაშვილიც მართალი ყოფილა - გუჯეჯიანის ჭიდაობაზე მიმავალს სულიკო ფეიქრიშვილისთვის მართლაც დაუვალებია ცირეკიძის მეურვეობა, თუმცა მომხდარს ისიც იმით ხსნის, რომ მოსაცდელი დარბაზი ტატამიდან შორს იყო. აი, რა გვითხრა ამასთან დაკავშირებით ფეიქრიშვილმა: "ტოტიკაშვილმა ნამდვილად მითხრა, მე და მოდებაძე ახლა გუჯეჯიანის ჭიდაობაზე გავალთ და ყურადღებით იყავი, რომ არ გამოიძახონო. მეც ვაქცევდი ყურადღებას, მაგრამ გუჯეჯიანის ჭიდაობას არენაზე გასასვლელიდან ვუყურებდი. მონიტორზე ცირეკიძის გვარი რომ დაიწერა, მაშინვე გავიქეცი მოსაცდელ დარბაზში, მაგრამ შორი მანძილი იყო. მივედი და ცირეკიძეს ვუთხარი, ახლა ჭიდაობ და მოემზადე-მეთქი. მან კიმონო მოიძია, მაგრამ ამის დროც არ იყო და ვუთხარი, შენ გაიქეცი და მე ჟორჟოლიანის კიმონოს წამოგიღებ-მეთქი. ისიც წავიდა და ტოტიკაშვილი და მოდებაძეც გზაში შეხვდნენ. მათ მიიყვანეს ადგილზე, მაგრამ კიმონოს ძებნაში შეგვაგვიანდა და არ დაუშვეს".

აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ რამდენიმე კომენტარი ჩავიწერეთ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი: "აღმასკომისადმი ჩვენი წინადადება და რეკომენდაცია ის იყო, რომ ძიუდოზე ვინც პასუხისმგებელია, მწვრთნელით დაწყებული და ფედერაციის ხელმძღვანელობით დამთავრებული, მიეღოთ სათანადო გადაწყვეტილება მომხდარზე. პასუხისმგებლობა მთავარმა მწვრთნელმა აიღო და გამოთქვა თანამდებობის დატოვების სურვილი, რაც აღმასკომმა დააკმაყოფილა. გუნდური წარუმატებლობა მწვრთნელთა საბჭომ თავის დანაშაულად მიიჩნია და აღმასკომის გადაწყვეტილებით ისინიც გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან. ეროვნული ნაკრების ახალ მწვრთნელს უახლოეს დღეებში წარვადგენთ, კანდიდატურაზე მუშაობა კი უკვე დაწყებულია. რაც შეეხება ფედერაციის პრეზიდენტს, მას ორშაბათს შევხვდები და თავის გადაწყვეტილებას პირადად გაგაცნობთ. არ მინდა, მოვლენებს დავასწრო და ამაზე წინასწარ ვილაპარაკო".

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი: "გადადგა მთავარი მწვრთნელი და მთელი მწვრთნელთა საბჭო. აღმასკომზე ისაუბრეს არა მხოლოდ ცირეკიძესთან დაკავშირებულ ამ ინციდენტზე, არამედ გუნდის საერთო შედეგზე, მთლიანად ძიუდოს ფედერაციაში არსებულ ვითარებაზე. ყველამ აღნიშნა, რომ იქ მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თუმცა ეს ყველაფერი ახლა არ დაწყებულა და დიდი ხანია, გრძელდება. ამიტომ, უპირველესად დაისახა გზები, რომ ფედერაციაში ეს ყველაფერი დამთავრდეს და შეიცვალოს ატმოსფერო, რათა კვლავ გაგრძელდეს ის წარმატებები, რაც ქართულ ძიუდოს ჰქონდა. ვითარების მთლიანობაში გაუაზრებლად და ადრინდელი სიტუაციის შეუფასებლად მხოლოდ ამ ინციდენტზე ყურადღების გამახვილება სწორი არ იქნებოდა. ფედერაციის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით ჯერ ვერაფერს გეტყვით, რადგან ამაზე ხაბულიანი ორშაბათს აპირებს განცხადების გაკეთებას. რაც შეეხება ნაკრების თავკაცს, ეს აღმასკომის გადასაწყვეტია".

საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ასანიძე: "ის გულახდილი საუბარი, რაც ფედერაციის შიგნით გაიმართა, გვაიმედებს, რომ ვითარება სასიკეთოდ შეიცვლება. რაც მოხდა, ეს ძალზე ცუდია, მაგრამ ვიმედოვნებ, აღმასკომის დღევანდელი წევრები ამ ენთუზიაზმის, მდგომარეობის გამოსწორების ამ სურვილით გააგრძელებენ მუშაობას და წარმატებებსაც მიაღწევენ. მათ წლეულს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ტურნირი ელით და მომავალს იმედის თვალით ვუყურებ".

ნაკრების ექს-თავკაცი შოთა ხაბარელი: "მწვრთნელთა საკითხის გარდა, აღმასკომზე ფედერაციის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზეც იყო ლაპარაკი, რაც, ჩემი აზრით, უმთავრესია. ალბათ, ეს საკითხი ორშაბათს დაკმაყოფილდება, როცა ფედერაციის პრეზიდენტი თავად გააკეთებს განცხადებას. აღმასკომზე ჩემ მიერ მოყვანილ დარღვევებზე, რასაც მთელი ეს წლები ხაბულიანი ფედერაციაში აკეთებდა, დამსწრეთაგან კომენტარები არ ყოფილა. ძალიან ცუდია, თვითონ ხაბულიანი რომ არ ესწრებოდა სხდომას, მაგრამ მისი წასვლით ფედერაციაში არსებული შიდა დაპირისპირებები აუცილებლად დასრულდება.

რაც შეეხება ნაკრების თავკაცად სოსო ლიპარტელიანის კანდიდატურას, მივესალმები. ის ჩამოყალიბებული სპორტსმენი და ასეთივე პიროვნებაა. გული მხოლოდ იმაზე მეთანაღრება, რომ ის დიდი ხანია, ჩამოშორებულია სპორტს. თუმცა მას შეუძლია მოსმენა და გვერდით პროფესიონალების დაყენება. ამიტომ მგონია, რომ ის 1-2 წელიწადში კარგი მწვრთნელი დადგება. ასევე სიამოვნებით გავუწევ რეკომენდაციას გია გუგავასაც, ახალგაზრდულ ნაკრებში თუ დანიშნავენ".

ხაბარელი ლიპარტელიანის კანდიდატურას კი მიესალმება, მაგრამ შაბათ საღამოსვე ტელევიზიებმა ლამის ის გამოაცხადეს ნაკრების მთავარ მწვრთნელად. ჩემი ინფორმაციით, ხაბარელის კანდიდატურა ამ ეტაპზე არ განიხილება, რადგან ეს პოლიტიკური დავის საგანია, თუმცა არის მეორე მოსაზრებაც, რომ მის საკითხზე შესათანხმებლად კონსულტაციები სწორედ სახელისუფლებო დაჯგუფებებს შორის მიმდინარეობს. დასამალი არაა, თავის დროზე ხაბარელის გათავისუფლება პოლიტიკური ზეწოლის შედეგად მოხდა - ხაბულიანის გარდა, მას ურთიერთობა იმხანად სპორტის მმართველ გუნდთანაც დაეძაბა, თუმცა არსებითად, ესეც ხაბულიანის გუნდია, რომელიც ხშირად ასრულებდა მის დაკვეთებს. ამდენად, არ გამოვრიცხავ, ეს დაპირისპირებაც ისევ ხაბულიანის ფაქტორიდან გამომდინარეობს. ამის პარალელურად, ვარძელაშვილის მინისტრად მოსვლისთანავე გავრცელდა ხმა, რომ მან ხაბარელი მოიკითხაო, ხოლო მსოფლიოს ჩემპიონატამდე ითქვა, რომ ხაბარელთან შეხვედრას ნაცვლიშვილიც აპირებსო... თავად ხაბარელი მათთან შეხვედრის კი არა, სატელეფონო საუბრის ფაქტსაც უარყოფს, მაგრამ არ გამოვრიცხავთ, მის ირგვლივ მართლაც ხდებოდეს რაღაც. ან კი რა გასაკვირია, ევროპის ოთხგზის საუკეთესო მწვრთნელით მის სამშობლოშიც ინტერესდებოდნენ. ამ დღეებში, როცა ხაბარელს ვესაუბრე, ვკითხე, თუ რატომ არ მიდიოდა უცხოეთში სამუშაოდ. პირდაპირ პასუხზე უფრო მნიშვნელოვანი მის სიტყვებში დაჭერილი ტონი იყო - მომეჩვენა, რომ ის ჯერ კიდევ ელოდება მოვლენათა განვითარებას საქართველოში და საზღვარგარეთ წასვლას ამიტომ არ ჩქარობს. შაბათს აღმასკომიდან გამოსულმაც ერთ ნაცნობს შინაურულად გადაულაპარაკა, მალე საინტერესო რამეს გაიგებთო... არა მგონია, ამაში ხაბულიანის მოსალოდნელი განცხადება ეგულისხმა... თუმცა საქმეში ჩახედულმა რამდენიმე პიროვნებამ პირდაპირ მითხრა, მისი დაბრუნება ამ ეტაპზე გამორიცხულიაო... ყურადღება მიაქციეთ ფორმულირებას - ამ ეტაპზეო და არა საერთოდ! ამ ეტაპზე ეს მართლაც არაა იოლად გადასაჭრელი საქმე - აქეთ ხელისუფლების ერთი შტოს ცხვირისაბზუება, იქით ნაკრების ის აბუნტებული წევრები, რომლებიც მაშინ ხაბარელს დაუპირისპირდნენ. თუმცა მეორე პრობლემა ბევრად იოლად მოგვარებადია - საამისოდ სულ ორი კაცია გასაჩუმებელი, რასაც ხელისუფლება იოლად შეძლებს, თუ საამისო სურვილი ექნება.

მაგრამ ისე არ გაგვიგოთ, თითქოს ხაბარელის დანიშვნა გადაწყვეტილად მიგვაჩნია - სულაც არა. თან აქ ლიპარტელიანის საკითხიც გასარკვევია, რომელმაც ამ უქმეებზე სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე კარგი გამოსვლით. აქ საქმე მხოლოდ ორ ოქროსა და ერთ ვერცხლში როდია - ნაკრებმა ჭიდაობის ძალიან კარგი ხარისხი აჩვენა. ეტყობა, ერთი სიტყვით, მწვრთნელის რანგში ფრიად წარმატებული დებიუტი გამოუვიდა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული