ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის შარშანდელი ბრინჯაოს პრიზიორია, ამ ტურნირზე კი ფავორიტად ჩავიდა. ის საქართველოს მასშტაბით ამ წონაში უკონკურენციოა, მალე კი მსოფლიოში გახდება ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი ფალავანი. მან საქართველოს ჩემპიონატი ხომ იოლად მოიგო, მერე ასევე დამაჯერებლად გაიმარჯვა თანატოლთა ევროპის თასებზე ბერძნულ მუდანიასა და პრაღაში.
ერთი სიტყვით, წლეულს სადაც კი გამოვიდა, ყველგან ფავორიტი იყო და წინ ვერავინ დაუდგა. სამოკოვოშიც ასე მოხდა, თუმცა სტატისტიკას თუ გადავხედავთ, მთლად ასე შთამბეჭდავი არ მოგვეჩვენება, რადგან ხუთი ბრძოლიდან მხოლოდ ორი მოიგო იპონით - მეოთხედფინალში უკრაინელ დენის გრიგორიანთან და ფინალში სერბ ალექსანდარ კუკოლისთან, ავსტრიელ კრისტიან ზახარს მხოლოდ გაფრთხილებებით მოუგო, მაგრამ, როგორც ამ შეხვედრებში, ასევე პირველ წრეში თურქ ეფემგილ ბატუჰანთან და ნახევარფინალში რუს ალბერტ კოსტოევთან ვაზარით მოგებულ ორთაბრძოლებში ის აშკარა უპირატესობას ფლობდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ტაბლო სრულად ვერ გამოსახავს შეხვედრის მიმდინარეობას. ბულგარეთში მან ყველა თვისება გამოავლინა, რაც კი დიდი სპორტისთვისაა საჭირო - კარგი ფიზიკური მომზადება და გამძლეობა, მრავალფეროვანი ილეთები, მკაფიო საჭიდაო სტილი... რაც მთავარია, ტატამზე არ იღლებოდა და ყველა მეტოქეს უტევდა, სულ მოძრაობდა, არ ცდილობდა დროის გაყვანას, ანგარიშის შენარჩუნებას. კოსტოევთან შეხვედრას ძიუდოს ფედერაციაში ვუყურე მისსავე დამრიგებელ გურამ მოდებაძესა და კიდევ რამდენიმე მწვრთნელთან ერთად. ორთაბრძოლის მიწურულს, როცა უკვე ვაზარის იგებდა იუკოს წინააღმდეგ, ერთ მომენტში რუსმა შებოჭვა მოუნდომა, მაგრამ მწვრთნელებმა მაშინვე თქვეს, ეგ ისეთი მოქნილია, ვერ დაიჭერს, გაექცევაო. ისე ყველაფერი აგიხდეთ, როგორც მათი მოლოდინი გამართლდა... მწვრთნელებმა საჭიდაო თვისებებთან ერთად პიროვნულიც შეუქეს და დაახასიათეს როგორც ზრდილობიანი, წესიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდა. ჭრიკიშვილზე საუბარს იმით დავასრულებ, რომ ფინალი 57 წამში მოიგო!
მთლიანობაში, საკმაოდ კარგად იჭიდავა ნოზაძემაც, რომელმაც ნაკრებიდან ახალგაზრდებში მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი არჩილ შინჯიკაშვილი ამოაგდო. პირველ წრეში დასვენებულმა ნოზაძემ მომდევნო ორი შეხვედრა სწრაფად მოიგო - გერმანელ სიმონ გლოკნერს სამ წუთში ორი ვაზარი აართვა, უკრაინელი ვიტალი კოვტუნოვი კი 2,16-ში იპონზე დააგდო. ნახევარფინალში თავიდან გაუჭირდა ფრანგ ალექსანდრ იდირთან - მეტოქემ ორჯერ გააფრთხილებინა და იუკოთი დაწინაურდა, მაგრამ ნოზაძემ მოახერხა ვაზარის მოპოვება. სამწუხაროდ, ფინალში ძალზე ძლიერად მოჭიდავე და ფიზიკურად მშვენივრად მომზადებული რუსი მაგომედ მაგომედოვი შეუჩერებელი იყო - ჯერ იუკო აართვა ჩვენებურს, მერე კი მტკივნეულზეც დაიჭირა.
ეს ფინალი ძალზე მნიშვნელოვანი იყო გუნდური პირველობისთვის. ამ დროს ვაჟებში პირველზე ვიყავით და რუსებს ერთი ოქროთი ვუსწრებდით. რუსებს 100-შიც ჰყავდათ მონაწილე და ისიც მაგომედოვი - შამილ მაგომედოვი, რომელიც საბოლოდ მეორეზე გავიდა. ნოზაძე თუ მოიგებდა, პირველზე გავდიოდით და იმის ანგარიშს მნიშვნელობა ეკარგებოდა - ჩვენ სამი ოქრო გვექნებოდა, იმათ - ორი. სამწუხაროდ, ნოზაძემაც წააგო და - შამილმაც, რის შემდეგაც ორივეს ორ-ორი ოქრო დაგვრჩა, მაგრამ რუსებმა ერთი ვერცხლით გვაჯობეს. ამდენად, გუნდურ ჩათვლაში ვაჟთა შორის მეორეზე გავედით, საერთოში - მესამეზე, რუსეთს და ჰოლანდიას ჩამოვრჩით.
სამწუხაროდ, ჩვენი ვაჟთა გუნდის სხვა წევრებმა ვერ გაგვახარეს - ბეთქილ აფრასიძემ (73) მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო, მიხეილ ნარიმანიძე (100) და ლევან მათიაშვილი (+100) კი პირველივე ორთაბრძოლიდან გამოეთიშნენ ტურნირს. მათიაშვილი გივი ონაშვილის შვილიშვილია, ანუ სპორტისა და ახალაგზრდობის საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილის ნათესავიც. არ ვამბობთ, რომ ლიპარტელიანს ვინმემ დააძალა ნაკრებში მისი დაყენება, მაგრამ მსგავსი ეჭვი ნამდვილად გაჩნდა, როცა მწვრთნელმა მისი კანდიდატურა ბოლო შეკრებაზე დაასახელა. ის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია, თუმცა უცხოეთში არსად უჭიდავია. სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ლიპარტელიანი ყოველთვის უკმაყოფილო იყო ამ წონის ლიდერთა გამოსვლით და იქნებ ექსპერიმენტი მის გეგმებში შედიოდა. მით უფრო, კანდიდატთაგან ერთმა - ჭაბუკ სამბისტთა შორის ევროპის ჩემპიონმა სლავა რეზესიძემ ფეხიც მოიტეხა.
საბედნიეროდ, სამოკოვოში ჭიდაობის გაუმჯობესებული ხარისხით გოგოებმაც გაგვახარეს და იმედები ჩაგვისახეს. მართალია, ისინი უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ პროგრესი აშკარაა - უკვე შეხვედრებსაც იგებენ და ნამდვილად არაა ლაპარაკი იმაზე, რომ როგორმე პირველივე წამებზე არ წააგონ და ფიზიკურადაც გაცილებით უკეთესად გამოიყურებიან. ერთი სიტყვით, გუნდს უკვე მკვეთრად დაეტყო გია თენაძის ხელი. ლიპარტელიანის არ იყოს, მასაც მხოლოდ ქება ეკუთვნის ამ გამოსვლისთვის.
შაბათ-კვირას თენაძის სამი შეგირდი გავიდა ტატამზე და შორენა შარაძემ (63) სწრაფად დააიპონა დანიელი ნეტე დელენდორფი, მერე კი თანაბარ ბრძოლაში გამოუცდელობით წმინდად დამარცხდა ავსტრიელ კატრინ უნტერვურზახენთან. ერთი შეხვედრის მოგებამდე სულ ცოტა დააკლდა მძიმეწონოსან თამარ ლომიძეს - მომავალ ჩემპიონს, ჰოლანდიელ ჯანინე პენდერსს იუკოსაც კი უგებდა, მაგრამ გამოუცდელობით შეცდა და მეტოქემ უკან გადაჩეხა. თეა სუხიტაშვილმა (70) გერმანელი ბერნადეტე გრაფი ერთხელ კიდეც გააფრთხილებინა, მაგრამ თვითონ ორი მიიღო და წააგო.
იმედია, ჩვენი ახალგაზრდები 21-24 ოქტომბერს მაროკოულ ადაგირში გასამართ თანატოლთა მსოფლიოსს ჩემპიონატში უფრო მეტი თუ არა, ასეთივე წარმატებით მაინც გამოვლენ.
კვარცხლბეკი
ვაჟები
73 კგ. 1. ანდრეა რეჯისი (იტალია), 2. ჯონათან ალარდონი (საფრანგეთი), 3. ჰანეს კონრადი (გერმანია), ადამ გაზო (სლოვაკეთი).
81 კგ. 1. ავთანდილ ჭრიკიშვილი (საქართველო), 2. ალექსანდარ კუკოლი (სერბეთი), 3. ალბერტ კოსტოევი (რუსეთი), მაქს მუნსტერბერგი (გერმანია).
90 კგ. 1. მაგომედ მაგომედოვი (რუსეთი), 2. გიორგი ნოზაძე (საქართველო), 3. გრიგორი მინასკინი (ესტონეთი), იაკუბ ჟარჟეცნი (პოლონეთი).
100 კგ. 1. კარლ-რიხარდ ფრეი (გერმანია), 2. შამილ მაგომედოვი (რუსეთი), 3. დანიელ დიჩევი (ბულგარეთი), დმიტრო ლუჩინი (უკრაინა).
+100 კგ. 1. როი მაიერი (ჰოლანდია), 2. ტამა ენსარი (თურქეთი), 3. დომენიკო დი გუიდა (იტალია), სვენ ჰაინლე (გერმანია).
გოგოები
57 კგ. 1. ელენ რეცევე (საფრანგეთი), 2. იველინა ილიევა (ბულგარეთი), 3. ფაბიენ კოჩერი (შვეიცარია), ლორედანა ოჰაი (რუმინეთი).
63 კგ. 1. ნინა მილოშევიჩი (სლოვენია), 2. ანდრეა დაკოვიჩი (ხორვატია), 3. ტერეზა პატოკოვა (ჩეხეთი), ეკატერინა ვოლკოვა (რუსეთი).
70 კგ. 1. კიმ პოლინგი (ჰოლანდია), 2. დარია დავიდოვა (რუსეთი), 3. მირიამ დუნკელი (გერმანია), ოლენა პეტრეჩენკო (უკრაინა).
78 კგ. 1. ტერეზა ჯუროვა (ბულგარეთი), 2. გუუსხე შტეენჰუისი (ჰოლანდია), 3. ივანა მაკუხა (უკრაინა), ივანა მარანიჩი (ხორვატია).
+78 კგ. 1. ჯანინე პენდერსი (ჰოლანდია), 2. მარინა სლუცკაია (ბელარუსი), 3. კრისტინ ბუსოვი (გერმანია), ურსკა ურეკი (სლოვენია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"