ასე ამბობს ევროპის ჩემპიონი ოთარ კაიდარაშვილი

AutoSharing Option
ბულგარეთის ქალაქ სამოკოვოში, ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ძიუდოისტებს შორის საქართველოს ნაკრებს ორი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი ერგო. ქართველთა წარმატებულ გამოსვლას სათავე 55 კგ-ში მოასპარეზე გორელმა ძიუდოისტმა ოთარ კაიდარაშვილმა დაუდო. პირველი სწორედ ის დადგა საპატიო კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე. შინ დაბრუნებულ ოთარს გუშინ გურამ პაპიტაშვილის სახელობის ძიუდოს დარბაზში მწვრთნელებმა და თანაქალაქელმა ფალავნებმა შეხვედრა მოუწყვეს.

_ ასეთი მნიშვნელოვანი შეჯიბრებისთვის მთლად გამოუცდელი ნამდვილად არ ვიყავი, ჭაბუკთა შორის კონტინენტის პრიზიორიც ვარ, მაგრამ ახლა უწინდელზე გაცილებით უკეთ ვიყავი მომზადებული და ოქროს მედლის მოპოვების იმედიც მქონდა. პირველი
მოწინააღმდეგის, უკრაინელი ვალენტინ კოპილოვის იპონით დამარცხების შემდეგ სტიმული უფრო მომემატა. მერე ფიზიკურად ძლიერ აზერბაიჯანელ ელსევარ სადიგზადეს ტექნიკური არსენალით ვაჯობე _ ერთი იუკოთი ვძლიე. ჰოლანდიელ იანიკ კლაპროტთან პაექრობაშიც გავიმარჯვე და ფინალისკენ გამეხსნა გზა.

_ ფინალში კი, როგორც ვიცით, ყველაზე მეტად გაგიჭირდა გამარჯვება.
_ ფინალში მოგება არავისთვისაა იოლი. აქ ჩემმა მეტოქემ, სომეხმა გრიგორ ივანიანმა წლეულს გერმანიის საერთაშორისო ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა, ჩეხეთში კი, სადაც მე მეორე ადგილით დავკმაყოფილდი, ისიც ასპარეზობდა, მაგრამ სამეულს მიღმა დარჩა. ბულგარეთში ჩვენი უშუალო დაპირისპირება მართლაც ძალიან დაძაბული გამოდგა. ძირითადი დრო ფრედ დასრულდა, დამატებითში მე ვაჯობე. ბოლომდე ბრძოლა, ფაქტობრივად, არ გამჭირვებია.

_ შენმა ოქროს მედალმა, ბუნებრივია, თანაგუნდელებიც წაახალისა...
_ ორმაგად გამიხარდა, რომ გუნდისთვის სახარბიელო სტარტი ავიღე. ბატონი სოსო ლიპარტელიანი თავიდანვე მთხოვდა, მედალი აუცილებლად უნდა მოიპოვოო. ბედნიერი ვარ, რომ გავუმართლე. აქვე აღვნიშნავ, რომ ბატონ სოსოს და ჩემს პირად მწვრთნელებს ანზორ თენაძესა და ნიკო ბიბილაშვილს ამ ოქროს მედალში ძალიან დიდი წილი უდევთ! მიხარია, რომ გაწეული შრომა მათაც დაუფასდათ და მეც!

_ წლევანდელი სეზონი მსოფლიოს ჩემპიონატით სრულდება, იქაც ოქროს მედლისთვის იბრძოლებ?
_ ცდას არ დავაკლებ, რომ ეს შედეგი მსოფლიოზეც გავიმეორო. საბრძოლო განწყობა შენარჩუნებული მაქვს, დასახვეწს ვარჯიშებზე დავხვეწ.

_ ფიზიკურ მომზადებაზე მეტი გაქვს სამუშაო თუ ტექნიკურზე...
_ მეტ-ნაკლებად ორივეზე. წლეულს ახალგაზრდებში ჩემი ბოლო სეზონია, გაისად დიდებში მომიწევს ჭიდაობა და იქ წარმატებული ასპარეზობისთვისაც საფუძველი მაქვს ჩასაყრელი. მომავალსაც იმედით ვუყურებ.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 1 /
გორელებზე აქცენტის გადატანა ქართულ ძიუდოს არ აწყენდა. აქაური ფალავნები გორში ვარჯიშობენ და ბევრისგან განსხვავებით არ წასულან დედაქალაქში, საიდანაც რატომღაც ძალიან იოლია ნაკრებში მოხვედრა. ყველა თბილისში რომ არ გამოიქცეს, ცოტა რეგიონებსაც გაუწიეთ ანგარიში!
dachi
19:00 22-09-2010
0

სიახლეები პოპულარული