ქართველ ძიუდოისტთა მწვრთნელის მოსაზრებანი

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ოქროს ორი და ვერცხლის ერთი მედალი მოიპოვა ბულგარულ სამოკოვოში დამთავრებულ თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში. ოქროს მედლები ოთარ კაიდარაშვილმა (55) და ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) ირგუნეს, ვერცხლი - გიორგი ნოზაძემ (90). გუნდურ ჩათვლაში ჩვენი ვაჟები მეორეზე გავიდნენ, საერთოში - მესამეზე.

ახალგაზრდულ ნაკრებს აშკარად ეტყობოდა ახალბედა მწვრთნელის - სოსო ლიპარტელიანის ხელი. ბიჭებმა მართლაც დამაჯერებლად და ძლიერად იჭიდავეს. რაც მთავარია, მათ კარგი ფიზიკური მომზადება გამოავლინეს და ამით დაგვანახეს, რომ თურმე ამ ყბადაღებული პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ლიპარტელიანი ამის მიზეზად ვარჯიშების ახლებურ სისტემას მიიჩნევს.
სავარაუდოდ, დღეს ძიუდოს ფედერაციის აღმასკომი ლიპარტელიანს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაამტკიცებს. ამიტომ მას ჩავლილი ტურნირის პერიპეტიების გარდა, მოსალოდნელ სამუშაოზეც დავეკითხეთ. დღესვე ლიპარტელიანი აღმასკომს ახალგაზრდული და ჭაბუკთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებსაც წარუდგენს.

- უპირველესად, გილოცავთ ახალგაზრდული ნაკრების წარმატებას, რაც სასიამოვნო სიურპრიზი იყო ამდენი უსიამოვნო ამბის ფონზე.
- ბიჭები მაქსიმალურად კარგ ფორმაში იყვნენ, საბრძოლველად განყობილნი და დაამტკიცეს კიდეც თავისი სიძლიერე. მზადების პროცესში ყველანაირი ხელშეწყობა იყო, სპორტსმენებმაც მოიწადინეს და კარგად გამოვიდნენ. საქართველოს ჩემპიონატის შემდეგ ნაკრების კანდიდატებმა სამი შეჯიბრება იჭიდავეს უცხოეთში, გაიარეს ფიზიკური მომზადებისთვის განკუთვნილი თუ ჩვეულებრივი საწვრთნელი შეკრებები და პიკზე იყვნენ. ეს ეტყობოდა მათ მომზადებას.

- ალბათ, განსაკუთრებით ჭრიკიშვილს ემადლიერებით.
- დიახ, მას მართლაც გამოვარჩევ. ძალიან კარგად იჭიდავა და ყველა გააოცა. არანაკლებად გაისარჯა კაიდარაშვილიც, რომელსაც ფეხის ტრავმა აწუხებდა - ბოლო შეკრებაზე იტკინა. ამის მიუხედავად, ძალიან კარგად გამოვიდა. ფინალში სწორედ ამიტომ გაუჭირდა ცოტა სომეხ გრიგორ ივანიანთან, მაგრამ ისიც ძალზე ძლიერი ფალავანია - რუს არამ გრიგორიანს ისე მოუგო, ხელი არ გააქანებინა. ძალზე გულდასაწყვეტი იყო შავდათუაშვილის მარცხი, რომელიც უსამართლოდ მოხსნეს ფეხში ხელით შესვლის ბრალდებით. არადა, იმ დროს გადავლებული ჰქონდა, ანუ უტევდა, მაგრამ მაინც შეაჩერეს შეხვედრა და მოხსნეს. ისიც საჩემპიონო კაცი იყო. მთლიანობაში, გუნდმა მაინც მიაღწია დაგეგმილ მიზანს. ალბათ, ახალგაზრდულ ნაკრებს დამოუკიდებლად ასპარეზობის ისტორიაში ასეთი შედეგი არ ჰქონია. საბედნიეროდ, თაობა კარგი მოდის.

- დაგეგმილი მიზანიო, ბრძანეთ, ანუ გეგმავდით ორ ოქროს? მით უფრო, რომ ევროპის ჩემპიონატზე თქვენც დებიუტი გქონდათ მწვრთნელის რანგში...
- სამაგიეროდ, შარშან მსოფლიოზე მყავდა ნაკრები გაყვანილი და ვიცნობდი ამ ბიჭებს. ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად მაქსიმუმი გავიღეთ და ორ ოქროს ნამდვილად ვგეგმავდით. გათვლაც ძირითადად ამათზე კეთდებოდა, თუმცა კანდიდატთა შორის აფრასიძეც მოიაზრებოდა. მან ჩეხეთში ისე იჭიდავა, ევროპელები გააოცა. ვერ გეტყვით, ახლა რა მოუვიდა.

- ნოზაძე ფინალში თითქოს მოდუნებული ჩანდა...
- ამას ვერ ვიტყვი. კარგადაც იყო მომზადებული და საბრძოლველადაც გავიდა, მაგრამ იმ რუსს - მაგომედ მაგომედოვს აშკარად ეტყობოდა, რომ ასაკით დიდი იყო. ეს ის მოჭიდავეა, რომელმაც წლეულს თბილისის მსოფლიოს თასი მოიგო და უფროსთა შორისაც სისტემატურად გამოდის. სამწუხაროდ, რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა წარმომადგენლები კვლავაც ხშირად გამოდიან გადაკეთებული ასაკით, რასაც ვერ ვიტყვი ევროპელებზე. მაგომედოვმაც ჯანით მოუგო ნოზაძეს.
სხვათა შორის, მისი ძმა - შამილ მაგომედოვიც ფინალში გავიდა 100 კილოგრამში, მაგრამ წააგო. ის არცაა 100 კილო, მაგრამ, ეტყობა, ძმებს განაწილებული აქვთ წონები.

- ზედა წონებზე რას იტყვით? მათ ბევრი ვერაფრით გამოიჩინეს თავი.
- სამწუხაროდ, მძიმე წონებში არ გვყავს სათანადო კადრები. მათი საკითხი ჯერ კიდევ დასაფიქრებელია. შეიძლება ისეც მოხდეს, ისინი არც წავიყვანოთ შეჯიბრებებზე, სანამ ნიჭიერი ბიჭები არ წამოვლენ. ისინი საქართველოს პირველობებს კი იგებენ, მაგრამ უცხოეთში შედეგს ვერ აჩვენებენ. ალბათ, აჯობებს, ისე გავაკეთოთ, როგორც ევროპელები იქცევიან და ტურნირებზე არასრული გუნდით წავიდეთ. ტყუილად წაყვანას ასე აჯობებს. შეიძლება თქვან, გამოცდილებას მიიღებენო, მაგრამ ეს ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ვერ მოხდება. საამისოდ საერთაშორისო ტურნირები არსებობს.

- სულ მალე - ერთ თვეში მსოფლიოს პირველობა გელოდებათ. როგორ მოემზადებით და ნაკრებში საკადრო ცვლილებები რამდენადაა მოსალოდნელი?
- იქამდე ერთი შეკრებაა დარჩენილი, რომელიც დაახლოებით ერთ კვირაში დაიწყება. ბიჭები ახლა ფორმაში არიან და ჩვენი ამოცანაა, ეს ფორმა მსოფლიომდე შეინარჩუნონ, არ დაკარგონ.

- როგორ შეიძლება ფორმის შენარჩუნება? მათ ხომ ევროპაზე მზადების პიკი გადაიარეს.
- არ უნდა დავტვირთოთ ვარჯიშებით, არ უნდა გადავღალოთ. ალბათ, უფრო სისწრაფეზე უნდა ვამუშაოთ. თან საკონტროლო შეხვედრებიც ექნებათ.

თუმცა ამას უფრო კონკრეტულად ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი მიხედავს, რომელიც მალე დაინიშნება, მაგრამ მეც მის გვერდში ვიქნები. ამ ბიჭებს კარგად ვიცნობ და არ მივატოვებ.

- ევროპის ჩემპიონატზე გუნდს ეტყობოდა კარგი ფიზიკური მომზადება. რის ხარჯზე მიაღწიეთ ამას?
- ძიუდო სწრაფად ვითარდება და მას ფეხი თუ არ აუწყვე, ვარჯიშების სისტემა თუ არ შეცვალე და ძველ სტილზე დარჩი, არაფერი გამოვა. კონკრეტულად ამათან მიმართებაში სიახლე ის იყო, რომ გადაბმულ შეხვედრებს ვაჭიდავებდი, შესვენების გარეშე, რაც კარგია სუნთქვისთვის. ხედავთ, რომ უფროსთა ნაკრებში ორი-სამი მოგების შემდეგ ვეღარ ჭიდაობენ. ეს უნდა მოაგვაროს სწორედ ამ გადაბმულმა შეხვედრებმა, ასე ვარჯიშობენ იაპონელები და ევროპელები - ისინი 7-8, ზოგჯერ 10 შეხვედრასაც ჭიდაობენ. შეიძლება, მეხუთე ორთაბრძოლა ისეთ დონეზე ვერ ჩაატარო, როგორც - პირველი, მაგრამ მაინც ჭიდაობაა და სუნთქვის პრობლემასაც ხსნის. აუცილებელია, დავაკვირდეთ იაპონელების, ფრანგების, გერმანელების და სხვათა ვარჯიშებს, გადმოვიღოთ ისინი და დავამატოთ ქართული ჭიდაობა, რაც ჩვენი კოზირია.

- სამომავლო გეგმებსაც შევეხოთ. პრაქტიკულად გადაწყვეტილია თქვენი დანიშვნა ეროვნული ნაკრების თავკაცად. ძალიან რთულ და ძნელ სიტუაციაში გიწევთ ახალ თანამდებობაზე მოსვლა.
- მართლაც ძნელ და რთულ ვითარებაში... დღეს აღმასკომი შეიკრიბება და, ალბათ, დამამტკიცებს ამ თანამდებობაზე. მეც ამის შემდეგ შევუდგები მუშაობას. უპირველესად დისციპლინას მივხედავ, მერე - ვარჯიშების სისტემას, რაც ახალგაზრდებში გავაკეთე და რამაც შედეგი გამოიღო. ვინც გაუძლებს, ნაკრებშიც ის დარჩება. ოლიმპიადამდე ცოტა დროა დარჩენილი და მოცდა აღარ შეიძლება. მართალია, მანამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებიც გველოდება, მაგრამ მთავარი სამიზნე მაინც ოლიმპიადაა. ბუნებრივია, ჯადოსნური ჯოხი არ მაქვს, ერთი აქნევით 4-5 თვეში ახალი გუნდი ჩამოვაყალიბო, მაგრამ დროის მცირე მონაკვეთში ყველაფერს გავაკეთებ, რათა საქართველოს ნაკრებმა დაიბრუნოს ძველი სახე და ღირსება.

- უპირველეს პრობლემად სავსებით სამართლიანად დისციპლინა დაასახელეთ და როგორ აპირებთ ამ მართლაც ძნელი დილემის გადაჭრას, წყალქვეშა თუ ზედაპირული დინებების ალაგმვას?
- ალბათ, ყველამ უნდა დაივიწყოს წყენა - ახლა არაა იმის გარკვევის დრო, ვინ გაბრაზებულია და ვინ - ნაწყენი. საერთო საქმისთვის ყველა ერთად უნდა დავდგეთ. თუ ვინმემ რამე იცის, მოვიდეს და გვერდში დამიდგეს - უარს არავის ვეტყვი. ოლიმპიადამდე ასე უნდა მივიდეთ, რათა იქ დიდ შედეგს მივაღწიოთ.

- ნაკრებში არის სპორტსმენთა ჯგუფი, რომელიც ყოველთვის აქტიურ როლს ასრულებდა იმ არეულობებში. მათ განეიტრალებას როგორ აპირებთ?
- წესრიგი სავალდებულო იქნება ყველასთვის. ასევე ვარჯიში და რეჟიმი. საერთოდ, სპორტსმენმა სამი აუცილებელი წესი თუ არ დაიცვა - ვარჯიში, ძილი და კვება, არაფერი გამოვა. მოჭიდავემ თუ არ დაიძინა, მანქანით ისეირნა და შუაღამემდე ტელეფონით ისაუბრა, შედეგი არ ექნება. ვინც წესებს არ დაემორჩილება, თავისთავად წავა. ოლიმპიური, მსოფლიოს თუ სხვა ტურნირის ჩემპიონი ისტორიაში წერია, სამომავლოდ კი ყველაფერი ახლიდან უნდა დავიწყოთ. ვიმეორებ - ვინც არ ივარჯიშებს, შინ წავა. ამის განხორციელებას დიდი სიმკაცრეც არ უნდა - ყველას მეგობრულად დაველაპარაკები. ძიუდოს თავისი წესები აქვს. ვინც არ დაემორჩილება, კიდეც დაგვემშვიდობება.

- სამომავლო გეგმები უკვე დასახეთ? წლეულს რამდენიმე სალიცენზიო ტურნირი ტარდება და გამოხვალთ რომელიმეში?
- 15-16 ოქტომბერს როტერდამის "დიდ პრიზზე" გამოვალთ. წლეულს მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატიც გველოდება, რომელიც ანტალიაში ტარდება. უცხოეთში სხვა ტურნირებზე წლეულს, ალბათ, არ გამოვალთ და საქართველოს ჩემპიონატამდე ასე დინებით ვივლით, იქ კი საგაისო ნაკრები გამოიკვეთება და მასზე დავიწყებთ მუშაობას. ქვეყნის ჩემპიონატში ყველა კანდიდატი გამოვა - მინდა, ყოველი მათგანი საქმეში ვნახო.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული