ლიპარტელიანი - ოფიციალურად

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - გუშინ გამართულმა ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის სხდომამ სოსო ლიპარტელიანი ოფიციალურად დაამტკიცა ამ პოსტზე. ლიპარტელიანის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდულ გუნდს გიორგი გუგავა გაწვრთნის, ჭაბუკთა ნაკრებში მუშაობას კვლავაც რამაზ ჩოჩიშვილი გააგრძელებს, ეროვნულ ნაკრებში თავის დამხმარედ ახალმა მწვრთნელმა ფედერაციის აწ უკვე ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი და მოსკოვის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი თემურ ხუბულური დაასახელა. მათ დამტკიცებაზე აღმასკომს არ უმსჯელია, რადგან სამწვრთნელო შტაბის წარდგენა მთავარი მწვრთნელის პრეროგატივაა. აქვე გეტყვით, რომ ხუბულურის დანიშვნა უცხოელი კონსულტანტის მოწვევაზე უარის თქმას არ
ნიშნავს - ამ პოსტზე კვლავაც ავსტრიელ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ პეტერ ზაიზენბახერის კანდიდატურა განიხილება.
მთავარი მწვრთნელის დამტკიცების გარდა, გუშინდელი აღმასკომის ერთ-ერთი ძირითადი თემა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა დილარ ხაბულიანმა აღმასკომს გადადგომის შესახებ წერილობითი განცხადება წარუდგინა, რაც დააკმაყოფილეს. აღმსკომმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წლის ბოლომდე გაიმართოს ვადამდელი საარჩევნო ყრილობა, თუმცა კონკრეტული თარიღი ჯერ უცნობია.

აღმასკომიდან გამოსული სხდომის მონაწილეები ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მომხდარი საკადრო ცვლილებები ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის დაპირისპირებას ქართულ ძიუდოში და მას ძველ წარმატებებს დაუბრუნებს. თავად ლიპარტელიანმა სხდომის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: "აქცენტს ძირითადად ახალგაზრდებზე გავაკეთებ. ყველამ უნდა დავივიწყოთ წყენა - ფედერაციის ხელმძღვანელებმაც და მწვრთნელებმაც, თუ გვინდა, რომ ოლიმპიადაზე შედეგი გვქონდეს. თამაშებამდე არც ისე დიდი დროა. თან თაობათა ცვლის პერიოდია, ახალგაზრდებმა უნდა შეავსონ ეროვნული გუნდი, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსასვლელად".


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული