საქართველო იქ, ძირითადად, ბიჭების გუნდით იქნება წარმოდგენილი, თორემ გოგოებში მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება.
ბიჭების გუნდი არასრულადაა დაკომპლექტებული - მწვრთნელებმა 66 კილოგრამში მხოლოდ ერთი კვოტა გამოიყენეს, სხვა წონებში კი ორ-ორი მონაწილე გვეყოლება.
ჭაბუკთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია თენაძემ და მისმა თანაშემწე გიორგი რევაზიშვილმა ბარში ირაკლი კუპატაძე, ერეკლე არხოზაშვილი (ორივე - 50), გიორგი კაციაშვილი, ბექა ნათათრალიშვილი (55), კობა მჭედლიშვილი, ბექა უდესიანი (60), ბაჩანა ბოლქვაძე (66), თამაზ კირაკოზაშვილი, ზურაბ ლომიძე (73), ბექა
მათთვის ყველაზე მძიმე 55-ში შემადგენლობის გარკვევა იყო, რადგან იქ ზემოხსენებულ დუეტთან ერთად პრეტენზიას არხოზაშვილიც აცხადებდა - ეს სამეული შინ თუ გარეთ მუდმივად ადიოდა კვარცხლბეკზე, ადგილებს თუ შეიცვლიდნენ მხოლოდ.
საბოლოოდ მწვრთნელებმა დილემა იმით გადაჭრეს, რომ არხოზაშვილი 50-ში დასწიეს. ასევე ძნელი იყო გადაწყვეტილების მიღება 81-შიც, სადაც ადგილობრივ დუეტს - მოველიძესა და გიორგი ქურდიანს კონკურენციას ესპანეთში მცხოვრები შერაზადიშვილიც უწევდა.
ბოლო საკონტროლო შეჯიბრებაზე პოლონეთში შერაზადიშვილმა ვერცხლი მოიპოვა და კონკურენტებს გაუსწრო, მოველიძესა და ქურდიანს შორის კი მწვრთნელებს საკონტროლო შეხვედრის გამართვა დასჭირდათ. ტრავმების გამო ამჯერად გუნდში ვერ მოხვდნენ ზაზა მეგრელიშვილი (66) და ვანო ჩურჩხელაშვილი (73).
ამ გუნდმა ევროპის შარშანდელ პირველობაზე 2 ოქრო, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
ჩემპიონები ვანო მამისაშვილი (55) და ბექა ღვინიაშვილი (81) გახდნენ; ვერცხლის მედლები კირაკოზაშვილმა, შალვა ჩოჩელმა (90) და გიორგი ლაზუაშვილმა (+90) მოიპოვეს; მესამე ადგილზე კი ლევან გუგავა (73) და გურამ თუშიშვილი (90) გავიდნენ. ოღონდ შარშან კირაკოზაშვილი 60 კილოგრამში გამოდიოდა. შარშანდელი გუნდიდან შემორჩნენ კაციაშვილი და ბოლქვაძეც, ოღონდ მაშინ ისინიც სხვა წონებში ჭიდაობდნენ - პირველი - 50-ში, მეორე - 55-ში.
გოგოების ტურნირში, გია თენაძისა და კახა მოცრაძის გადაწყვეტილებით, მხოლოდ ორი მონაწილე გვეყოლება და ორივე ერთსა და იმავე წონაში - მარიამ ჯანაშვილი და გურანდა შოთაძე.
ევროპის ჩემპიონატი სამ დღეს გაგრძელდება და 24 ივნისს დასრულდება. დღეს ჩვენებიდან 50, 55 და 60-ის წარმომადგენლები იჭიდავებენ, ხვალ ბიჭებიდან 66-73-ის ფალავნები და გოგოების დუეტი იასპარეზებს, დანარჩენები კი 24-ში გამოვლენ ტატამზე.
ძიუდოისტთა არასრული გუნდი (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"