საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ჩეხეთში ევროპულ კემპზე გაემგზავრა

AutoSharing Option
25 ივნისს, დილით, საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები ჩეხეთში გაფრინდა, სადაც ოლიმპიადისთვის მზადების პროგრამით 25-28 ივნისს, ქალაქ ნიმბურკში, ევროპის ძიუდოს ფედერაციის მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

ჩვენებურთა ავსტრიელმა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ ზაიზენბახერმა ჩეხეთში 8 ლიცენზირებული ძიუდოისტი იახლა: ბეთქილ შუკვანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი (66), ნუგზარ ტატალაშვილი (73), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81), ლომერ ჟორჟოლიანი, ირაკლი ცირეკიძე (ორივე - 100), ადამ ოქრუაშვილი (+100).

ამათ ჭაბუკებში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ვიცე-ჩემპიონი შალვა ჩოჩელიც (90) დაემატა.

როგორც ვხედავთ, ევროპაში არ წასულა კიდევ
ორი ლიცენზირებული ფალავანი - ვალერი ლიპარტელიანი (90) და ზვიად ხანჯალიაშვილი (+100). მიზეზი ტრავმებია, რომელიც ხანჯალიაშვილს კარგა ხანია, აწუხებს და ამიტომ თითქმის მთელი მოსამზადებელი ციკლი გამოტოვა. ლიპარტელიანის პრობლემა კი შედარებით ახალია, თუმცა არა საშიში. ის თბილისში ჩვეულებრივად გააგრძელებს ვარჯიშს.

ნაკრები ნიმბურკში 28 ივნისის ჩათვლით დარჩება, მერე კი ესპანეთში გადაინაცვლებს და 29 ივნისიდან 6 ივლისამდე კასტელდეფელსში ანალოგიურ კემპში მიიღებს მონაწილეობას.

გუნდი საქართველოში 6-ში, გვიან ღამით ჩამოფრინდება, მეორე დღეს კი ზაიზენბახერი გაორებულ წონებში ოლიმპიური გუნდის მონაწილეებს დაასახელებს - 7-ში საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში განაცხადების წარდგენის ვადა იწურება და საკითხს მეტად ვეღარ დააყოვნებს.

შეგახსენებთ, რომ გაორებული მდგომარეობა, ანუ წონაში ერთზე მეტი მონაწილე სამ კატეგორიაში გვყავს - 60, 100 და +100-ში, დანარჩენებში კი ოლიმპიადას უცილობლად ისინი იჭიდავებენ, ლიცენზიები ვინც მოიპოვეს - შავდათუაშვილი, ტატალაშვილი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი. ძალიანაც რომ გვინდოდეს, მათ ვეღარ შევცვლით.

ევროპიდან დაბრუნებული ნაკრები საოლიმპიადო მზადების ბოლო, დასკვნით შეკრებას საქართველოში გამართავს, ოღონდ არა დუშეთში, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი, არამედ - ბორჯომში.

ძიუდოისტები ერთ-ერთი პირველები ჩაებმებიან ოლიმპიადაში - თამაშები 27 ივლისს იხსნება, ესენი კი მეორე დღესვე, 28-ში იწყებენ ტურნირს.

განრიგი ამჯერადაც ოლიმპიადისთვის ტრადიციულია - იწყებენ ყველაზე მჩატე წონიდან, ანუ 60 კილოგრამიდან და მიჰყვებიან ზევით, დღეში კვლავაც მხოლოდ თითო წონა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული