მეტოქე: კუნძულელთა უცნაური არჩევანი

AutoSharing Option
ახლოვდება ლონდონის ოლიმპიადა და გაირკვა ძიუდოისტთა ტურნირის ყველა მონაწილე, ანუ ჩვენებურთა მეტოქეები. ამ გრძელი სიიდან თქვენს ყურადღებას, ჩვენთვის, როგორც განსაკუთრებით საინტერესოზე, მხოლოდ რამდენიმე გუნდზე მივაპყრობთ.

დავიწყოთ იაპონიის ნაკრებით, რომლის შემადგენლობაც, ვფიქრობთ, ყველას გამორჩეულად აინტერესებდა.

იქაურები ხომ ნებისმიერი შეჯიბრების ფავორიტთა შორის არიან, ხოლო ახლანდელ სალიცენზიო რეიტინგში ყოველ წონაში რამდენიმე ლიცენზიანტი ჰყავთ, ანუ ლონდონში გამოსვლა წინასწარ განაღდებული არავის ჰქონდა.

თუმცა მათ მიერ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში გაგზავნილმა განაცხადმა ჩვენი ყურადღება 90 კილოგრამის, ანუ ჩვენთვის ყველაზე საინტერესო წონის გამო მიიქცია - იქ ოლიმპიადაზე არა
ვარლამ ლიპარტელიანისთვის უხერხული მეტოქე და რეიტინგსიის საუკეთესო იაპონელი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი დაიკი ნიშიამა, არამედ მისი მოგვარე, თუმცა კი მწირტიტულიანი მასაში ნიშიამა დააყენეს!

იაპონელთაგან ლონდონში სხვა წონებში აზიის ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალოსანი ჰიროაკი ჰიროაკა (60), მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები - მასაში ებინუმა (66) და რიკი ნაკაია (73), ტაკაჰირო ნაკაი (81), მსოფლიოს ექს-ჩემპიონები, ტაკამასა ანაი (100) და დაიკი კამიკავა (აბსოლუტური) გამოვლენ.

ამათგან სალიცენზიო რეიტინგებში იაპონელთაგან ყველა პირველი ნომერი იყო. მხოლოდ ჰიროაკა და მასაში ნიშიამა ჩამორჩებოდნენ თანაგუნდელებს.

ჰიროაკას მაგალითი კიდევ გასაგებია - შარშან მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, შარშანწინ - მესამეზე გავიდა, იმის წინ როტერდამშიც ფინალი იჭიდავა, ანუ კაცი ბოლო სამი წელიწადი მუდმივად კვარცხლბეკზეა, რაც იაპონელთათვისაც კი ძნელად მისაღწევი და საამაყო შედეგია. თან, კონკურენტად ახალგაზრდა ჰიროფუმი იამამოტო ჰყავდა და რა გასაკვირია, ნაკრების ხელმძღვანელობამ ფსონი გამოცდილ ფალავანზე თუ დადო.

90-ში რეიტინგში სამი იაპონელი მოხვდა - ნიშიამები და მსოფლიოს ორგზის მესამე პრიზიორი ტაკაში ონო, რომლებიც მხოლოდ ბერძენთა ქართველ მსოფლიოსა და ევროპის ორ-ორგზის, ოლიმპიურ ჩემპიონ ილიას ილიადისს ჩამორჩებოდნენ და II-IV ადგილებს ინაწილებდნენ.

როგორც ზემოთ დავწერეთ, მათგან ყველაზე უტიტულო მასაში იყო, რომელსაც დიდი ჩემპიონატებიდან მხოლოდ აზიის პირველობა მოუგია 2009-ში, თუმცა მწვრთნელთა არჩევანი მაინც მასზე შეჩერდა.

რატომ მალავდნენ ამ კაცს?
რატომ და რისთვის, რით დაიმსახურა მასაში ნიშიამამ ასეთი ნდობა, ამაზე დაზუსტებით ლაპარაკი ცოტა ძნელია, თუმცა ხმები ნაკრებში მისი დაყენების შესახებ კარგა ხნის წინათ გავრცელდა.

მხოლოდ ვარაუდის დონეზე თუ ვიტყვით, რომ ამის მიზეზი, შეიძლება... ილიადისი იყოს. უფრო სწორად, გაბერძნებულ ქართველთან იაპონელების შეხვედრების სტატისტიკა - დაიკი მას სამჯერ დაეჭიდა და სამივეჯერ დამარცხდა, მასაშიმ კი ორი ორთაბრძოლიდან ერთი მოუგო.

როგორც გითხარით, დაიკი მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონია და საინტერესოა, რომ ორივე ფინალი ილიადისთან წააგო. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მის კარიერაში მესამე წაგებული ფინალიცაა - აზიის პირველობაზე, სადაც კორეელმა მსოფლიოს ჩემპიონმა კიუ-ვონ ლეემ მოუგო.

ერთი სიტყვით, სახელოვან ტამერლან ტმენოვისა არ იყოს, დაიკი ნიშიამასაც გადამწყვეტი შეხვედრის სინდრომი აქვს, ანუ მასზე დაყრდნობა არ შეიძლება. დაახლოებით ასეთი ვითარებაა ონოსთან დაკავშირებითაც - საერთაშორისო შეჯიბრებებში კარგად გამოდის, მაგრამ პირველხარისხოვან ტურნირებში წარუმატებლად ასპარეზობს.

ბევრად უკეთესი სურათია ილიადისისა და მასაში ნიშიამას ურთიერთპაექრობაში - ისინი ერთმანეთს პირველად შარშან შეხვდნენ ბაქოში მასტერსზე და მაშინ წააგო, წლეულს კი რევანში იმავე რანგის შეჯიბრებაზე აუღო ალმათიში.

ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა - რატომ მაინცდამაინც ილიადისი? ბერძენი რეიტინგის პირველი ნომერია და, ცხადია, იაპონელები მას უმთავრეს კონკურენტად მიიჩნევენ. თუმცა, თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ფრიად საინტერესო სურათს ვნახავთ - რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ამ უტიტულო მასაშის წონის ყველა ლიდერთან დადებითი ბალანსი აქვს!

თავად განსაჯეთ: უზბეკ აზიის ჩემპიონ დილშოდ ჩორიევს ოთხივე შეხვედრა მოუგო, ბრაზილიელ მსოფლიოს ჩემპიონ ტიაგო კამილოსა და რუსთა მსოფლიოსა და ევროპის ვერცხლისმედალოსან კირილ დენისოვს - ორივე; კუბელი მსოფლიოს პრიზიორი ეშლი გონსალესი, აზერბაიჯანელი ევროპის ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ბრინჯაოსპრიზიორი ელხან მამადოვი და ბრიტანელი ევროპის მესამე პრიზიორი ვინსტონ გორდონი კი თითოჯერ გადაჰყრიან გზაზე, მაგრამ - უშედეგოდ; ზემოხსენებულ კორეელ ლეეს კი სამიდან ბოლო ორ შეხვედრაში სძლია.

ხუმრობა იქით იყოს და, თუ ყველას უგებს, აქამდეც რატომ არ აყენებდნენ ნაკრებში?!

ლიპარტელიანი VS ნიშიამები
დაიკი ნიშიამა ლიპარტელიანის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა - 2010-11 წლებში ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და ოთხივე ბრძოლა ჩვენებურმა წააგო! მათ ერთმანეთში წლეულს არ უჭიდავიათ, როცა ლიპარტელიანი ბევრად უკეთ გამოდის.

ქართველი მასაში ნიშიამას ოფიციალურ შეჯიბრებებში არ შეხვედრია, მაგრამ მაის-ივნისში, იაპონიაში შეკრებაზე ყოფნისას, ორჯერ დაეჭიდა და პირველი დათმო, მეორე - მოიგო.

როგორც საქართველოს ძიუდოს ფედერაციაში გვითხრეს, ორივე ბრძოლა დაძაბული, საკმაოდ ხისტი და უშეღავათო იყო, თუმცა მაშინ ლიპარტელიანს მუხლი ახალი ნამკურნალევი ჰქონდა და პოსტსარეაბილიტაციო პერიოდის გამო ჯერ მაინც ვერ მოძრაობდა გახსნილად, რასაც პოსტტრავმული პერიოდისთვის თანამდევი შიშიც სდევდა - გამიზეზების საფრთხის გამო მაინც უფრთხილდებოდა ფეხს და ცოტა შებოჭილი იყოო.

რამდენად მისაღებია მასაშის კანდიდატურა, ამაზე სასაუბროდ ბორჯომში შეკრებაზე მყოფი ლიპარტელიანი არ შევაწუხეთ - მიგვაჩნია, რომ მზადების ასეთ საპასუხისმგებლო ეტაპზე მსგავს თემაზე საუბრით სპორტსმენს სიმშვიდეს დავურღვევდით.

სამაგიეროდ, მისი აზრი ისევ ფედერაციის მესვეურთაგან შევიტყვეთ - მასაში უფრო მოძრავია და მასთან ჭიდაობა მიადვილდება, მეტი შანსი მაქვს; დაიკი კი დგას და ჭიდაობის საშუალებას არ გაძლევსო, უთქვამს ევროპის წლევანდელ ჩემპიონს.

ღმერთმაც ქნას! ჩვენც მიგვაჩნია, რომ მასაშის წამოწევა ლიპარტელიანისთვის ცოტა უკეთესი უნდა იყოს.

კორეული არჩევანი
კიდევ ერთი ნაკრები, რომელიც ძლიერი სკოლის გამო მუდამ იქცევს ყურადღებას, სამხრეთ კორეაა. უმეტეს წონებში მათაც რამდენიმე ლიცენზიანტი ჰყავდათ, თუმცა იაპონელებივით დიდი კონკურენცია არ აქვთ და საერთოდაც, ყველგან და ყველაფერში უმთავრეს კონკურენტ მეზობლებს გუნდის სიძლიერით ვერ მიედრებიან.

მათგან ლონდონში აზიის ჩემპიონი გვანგ-ჰიეონ ჩოი (60), მსოფლიოს პრიზიორი იუნ-ჰო ჩო (66), მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი კი-ჩუნ ვანგი (73) და ზუსტად იმავე მიღწევების მქონე კი ჯაე-ბუმ კიმი (81), დაე ნამ სონგი (90), მსოფლიოს ჩემპიონი (ოღონდ - 90-ში) ჰე-ტაე ჰვანგი (100) და მსოფლიოს პრიზიორი სუნგ-მინ კიმი (+100).

ერთი ძალზე უცნაური და ჩვენთვის საყურადღებო ამბავი აქაცაა და ისევ 90-ში - როგორც ხედავთ, კორეელებმა ზემოხსენებული ლეეს ნაცვლად სონგი დააყენეს! არადა, რეიტინგში ლეე უსწრებდა კონკურენტს და ესაა ერთადერთი შემთხვევა, როცა სპორტული პრინციპი დაარღვიეს, ანუ ქულებს ყურადღება არ მიაქციეს.

ლიპარტელიანს ლეესთან ერთხელ უჭიდავია, სონგთან - სამჯერ და ოთხივე შეხვედრაში გამარჯვებულმა დატოვა ტატამი. სონგს მან ბოლოს წლეულს მოუგო დიუსელდორფის "დიდი პრიზის" ფინალში.

სად გაქრა ტანგრიევი?
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ სიებში მძიმე წონაში არ ჩანს ერთ-ერთი ლიდერი, პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, აბსოლუტურში მსოფლიოს შარშანდელი ჩემპიონი, პირადში კი სამგზის მესამე პრიზიორი, სალიცენზიო რეიტინგის მერვე ნომერი აბდულო ტანგრიევი! მიზეზზე ვერც ჩვენს ფედერაციაში გვითხრეს და ვერც ინტერნეტში მოვიძიეთ რამე.

იქნებ ეს ტექნიკური შეცდომაც იყოს, ანუ, უბრალოდ, გამორჩათ მისი გვარი, რაც ადვილად გამოსწორებადია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, მიზეზი დოპინგი იყოს - ამბობენ, რომ ის თრიაქის დიდი ტრფიალიაო.

იაპონური უჩიმატა (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული