მეტოქე: აბდულო ტანგრიევი მარიხუანას გადაჰყვა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინათ ვწერდით, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საიტზე გამოქვეყნებულ ძიუდოისტ ოლიმპიელთა სიაში არ ჩანდა უზბეკი მძიმეწონოსანი, მსოფლიოს ჩემპიონი აბსოლუტურში და სამგზის მესამე პრიზიორი პირადში, პეკინის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი აბდულო ტანგრიევი.

ამის შესაძლო მიზეზად დოპინგი ვივარაუდეთ, რადგან მოარული ხმებით, უზბეკი მარიხუანის დიდი მოყვარულია. ვარაუდი გამართლდა - ფრანგულ-რუსული საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ ტანგრიევს სისხლში სწორედ მარიხუანის კვალი აღმოუჩინეს და ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა. ტესტი კი წინა თვეში ჩაუტარეს.

ეტყობა, ყველაფრის მიფუჩეჩება და სირაქლემას პოზა მხოლოდ ქართველ მწვრთნელებს არ ახასიათებთ, თვალში ნაცრის შეყრაში უზბეკებიც
არანაკლებ გაწაფულები ყოფილან (ბოლო-ბოლო, ორივე საბჭოური სისტემიდან მოვდივართ) და იქაური ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა ანდრეი შტურბაბინმა განაცხადა, რომ ტანგრიევი ოლიმპიადას ფეხის თითების მოტეხილობის გამო ტოვებდა.

თუმცა მას "დაავიწყდა", რომ ტრავმის გამო ორწლიანი დისკვალიფიკაციით არავის სჯიან და ამ სასჯელის მიზეზი არც განუმარტავს.

31 წლის ტანგრიევი მსოფლიოს ჩემპიონი შარშან გახდა, როცა ტიუმენში ჩატარებული აბსოლუტური პირველობა მოიგო. ბრინჯაოს მედლები 2003, 2005 და 2009 წლებში მოიპოვა. მან სამ ოლიმპიადაზე იჭიდავა - 2000 წელს სიდნეიში, 2004 წელს - ათენში და 2008-ში - პეკინში. ყველაზე წარმატებულიც ჩინური თამაშები გამოდგა, სადაც ფინალში გავიდა, მაგრამ იაპონელ სატოში იშისთან წააგო. ლონდონის ოლიმპიადა მისთვის მეოთხე უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

ტანგრიევი ლონდონშიც ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნეოდა. ის სალიცენზიო რეიტინგში მერვე იყო. წლეულს მოიგო მოსკოვის "დიდი მუზარადი", ხოლო პარიზის იმავე რანგის შეჯიბრებაზე მესამე იყო.

წლეულს მას მეტად არც უჭიდავია, რადგან ამბობდნენ, რომ საგანგებოდ ემზადებოდა ოლიმპიადისთვის, თუმცა არაა გამორიცხული, რომ დოპინგის შიშით არ ჭიდაობდა.

მისი გამოკლება კარგი სამსახურია, რომელიც ფრანგი ტედი რინერის ან გერმანელი ანდრეას ტოლცერის მსგავსად, იქნებ ოლიმპიადის უმთავრეს ფავორიტთა შორის არაა, მაგრამ მედლის მოპოვება ნამდვილად შეუძლია.

მით უფრო - წლევანდელი პროგრესული ჭიდაობის ფონზე და ასეთ დროს ერთ-ერთი მთავარი კონკურენტის თამაშიდან გავარდნა კარგი საჩუქარია. ჩვენებური უზბეკს კარიერაში ერთხელ შეხვდა და ისიც წააგო - 2009 წელს კანოს მემორიალზე.

ტანგრიევის დისკვალიფიკაციის შემდეგ კიდევ უფრო ნათელია, ირაკლი ცირეკიძე რამდენად იოლად გადარჩა, როცა იმავე კანოს ტურნირზე სისხლში მასაც მარიხუანის კვალი აღმოაჩნდა, მაგრამ ორთვიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.

თუმცა უზბეკის მაგალითი ჩვენი სპორტსმენებისთვის უფრო სხვა კუთხით უნდა გახდეს საყურადღებო - კულუარული ხმებით, მარიხუანა არც ქართველი ათლეტებისთვისაა უცხო და ყველა ფრთხილად უნდა იყოს.

ის შედარებით მსუბუქი ტიპის დოპინგია, რომელსაც ენერგიის მასტიმულირებელი ფუნქცია არც გააჩნია, მაგრამ უშუალოდ მიღების, ანუ მოწევის მომენტში დროებით ეფექტს იძლევა, ტონუსს ამაღლებს და სწორედ ამის გამოა შეტანილი დოპინგში, როგორც არაეთიკური საქციელი, თორემ მას ხანგრძლივვადიან პერიოდში ენერგიის, ძალის მომატება არ შეუძლია.

ასევე, არ ძალუძს გავლენა იქონიოს სპორტულ შედეგზე და წარმატება განაპირობოს. ამის მიუხედავად, დოპინგი დოპინგია და მნიშვნელობა არ აქვს, ძლიერია თუ სუსტი, ანაბოლურია თუ - ჰორმონალური, სასჯელი ნებისმიერ შემთხვევაში უმკაცრესია, რასაც ტანგირევის მაგალითიც ადასტურებს.

იმასაც ამბობენ, რომ მის ამფსონთა შორის ქართველებიც იყვნენო. მათ შევახსენებ, რომ სადამსჯელო ღონისძიებები მუდმივად მკაცრდება - აქამდე თუ დოპინგზე განმეორებით ჩავარდნა ოლიმპიადაზე სამუდამო დისკვალიფიკაციას ნიშნავდა, ახლა იმაზეცაა ლაპარაკი, რომ პირველივე პრეცედენტისას სპორტსმენს აეკრძალოს მომავალ ოლიმპიადაზე გამოსვლა და თავის რიგს მომდევნო თამაშებზე დაელოდოს. ერთი სიტყვით, "ერთი მასტერკა პაპიროსისთვის" რისკი არ ღირს.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ტანგრიევი რამდენიმე წლის წინათ ძიუდოს კლუბ "საგარეჯოშიც" გამოდიოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მთელი NBA ეწვა თამაშების მერე განტვირთვის მიზნით. ყველამ იცის და არც დასდევს არავინ, თორე რო შეამოწმონ, NBA აღარ იარსებებს:)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული