პეტერ ზაიზენბახერმა დაგვზვერა

AutoSharing Option
ამ დღეებში თბილისს ორდღიანი ვიზიტით ძიუდოში ავსტრიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი პეტერ ზაიზენბახერი ესტუმრა.

მოგეხსენებათ, ის საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელ-კონსულტანტად მოიაზრება და მოლაპარაკებებიც დაწყებულია, თუმცა მხარეები ერთმანეთს პირისპირ აქამდე არ შეხვედრიან. ავსტრიელის სტუმრობაც გაცნობითი ხასიათისა იყო - ძიუდოს აკადემიაში ეროვნული ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, შეხვდა და გაეცნო ფედერაციისა თუ ნაკრების ხელმძღვანელობას, დააკვირდა ეროვნული გუნდის კანდიდატებს... თუმცა სტუმარმა თბილისი წუხელ ისე დატოვა, ნანახზე კომენტარი არ გაუკეთებია. არსებითად, ახლანდელი ვიზიტის ფორმატი ამას არც ითვალისწინებდა. ცხადია, ლაპარაკი იყო მოსალოდნელ თანამშრომლობაზეც, მხარეებმა კონკრეტული წინადადებებიც განიხილეს, მაგრამ
საბოლოო შეთანხმებამდე და კონტრაქტზე ხელმოწერამდე ჯერ არ მისულან. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები ოქტომბრის შუა რიცხვებში დასრულდება, მერე კი ზაიზენბახერი კიდევ ერთხელ გვესტუმრება. ჯერ კიდევ განსახილველი და შესათანხმებელია როგორც ფინანსური, ასევე წმინდა სპორტული საკითხები. კერძოდ, რა კუთხით გაუწევს ის კონსულტაციებს გუნდს, თუმცა თავდაპირველი ინფორმაციით, მას ნაკრების გარდა გაცილებით დიდი ფუნქცია უნდა დაეკისროს - ასაკობრივ გუნდებსაც გაუწიოს კონსულტაციები.

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში - 15-17-ში ჩვენი ნაკრები როტერდამის დიდ პრიზზე გამოვა. სავარაუდოდ, იქ ზაიზენბახერიც ჩავა და სავარაუდო შეგირდებს საქმეში ნახავს. ალბათ, საბოლოო გადაწყვეტილებასაც იქ მიიღებს. როტერდამული ტურნირი პირველი შეჯიბრება იქნება ჩვენი ნაკრების ახალ თავკაც სოსო ლიპარტელიანისთვისაც, რომელიც ამ პოსტზე მსოფლიოს ჩემპიონატის მერე დაინიშნა.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული