ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ლიპარტელიანმა დაასახელა ის შემადგენლობა, რომელიც 15-17 ოქტომბერს როტერდამში, "დიდ პრიზზე" იჭიდავებს: დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი (ორივე - 60), შალვა ქარდავა, უჩა ხუციშვილი (66), ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (73), ლევან წიკლაური, იოსებ წელაური (81), ვალერი ლიპარტელიანი (90), დავით ლორიაშვილი (100), ადამ ოქრუაშვილი (+100).

ლიპარტელიანისთვის ეს პირველი შეჯიბრებაა ახალ ამპლუაში და ბრჭყალები უკვე გამოაჩინა - ვარჯიშების გაცდენის გამო როტერდამში არ მიჰყავს ლომერ ჟორჟოლიანი (100) და ლაშა გუჯეჯიანი (+100), ხოლო მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს
თავად უთხოვია გათავისუფლება, ფოერმაში არ ვარო. მოგეხსენებათ, სექტემბერში მან დიდი სტრესი გადაიტანა - ტოკიოში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე ერთ-ერთ შეხვედრაზე გასვლა დააგვიანა და წაგება ჩაეთვალა.

ამ შემადგენლობას თუ გადავხედავთ, ლიპარტელიანი სერიოზულ საკადრო ცვლილებებს თითქოს არ გეგმავს - გუნდში ახალი არავინაა. უბრალოდ, ხუციშვილს, წელაურს და ლორიაშვილს თავის გამოჩენის შანსი ადრე ნაკლებად ეძლეოდათ. თუმცა ლიპარტელიანი საქართველოს ჩემპიონატს ელოდება - სამომავლო გუნდზე ლაპარაკი სწორედ მისი შედეგების შემდეგ გახდება შესაძლებელი, მანამდე კი მწვრთნელი იმათ ეყრდნობა, ვინც აქამდე ჩანდა ასპარეზზე.

მსოფლიოზე გოგოებიც იჭიდავებენ

21-24 ოქტომბერს მაროკოულ აგადირში გასამართ ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში ორი ქართველი გოგო ნამდვილად მიიღებს მონაწილეობას. გუნდის თავკაც გია თენაძეს იქ ნონა მერაბიშვილისა (52) და შორენა შარაძის (63) წაყვანა გადაწყვეტილი აქვს. მას ძალიან სურს, თამარ ლომიძეც (+78) აჭიდაოს, მაგრამ მისი წაყვანა ფინანსებზეა დამოკიდებული.
თუმცა ლომიძე აგადირამდე კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირში გამოვა, ოღონდ - სამშობლოში. ის მონაწილეობას მიიღებს 8-10 ოქტომბერს თბილისში გასამართ ახალგაზრდა სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატში. იმ ტურნირში შარაძეც გამოვა, ოღონდ - 65-ში. ახალგაზრდებში მესამე მონაწილეც გვეყოლება - ნინო ოძელაშვილი (72).

სამბისტთა მსოფლიოზე გოგოებს ახალგაზრდებშიც და ჭაბუკებშიც ისევ თენაძე დამოძღვრავს. მისი გადაწყვეტილებით, ჭაბუკებში დები - ცირა (48) და დარინა აბულაძეები (52), სოფო ბერიძე (60), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (მძიმე) იასპარეზებენ, თუმცა ერთი კიტხვის ნისანი აქაცაა - სესაძლოა, ცირა აბულაძემ არ იჭიდაოს და ტურნირში ზემოხსენებული მერაბიშვილი ჩართონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, ორივე გამოვიდეს ანუ ერთით მეტი მონაწილე გვეყოლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული