Telegraph-ი ბეთქილ შუკვანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს

AutoSharing Option
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი ქართველი ძიუდოისტის, ბეთქილ შუკვანის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს.

"კორინთოს სპორტული ღირებულებების შესახებ ამბების ნაცვლად, ერთი მონაწილე ლონდონის ოლიმპიური თამაშებიდან სახლში ხელისუფლებისადმი სატელეფონო მოსმენებისა და გატაცების ბრალდებებით დაბრუნდა.

სპორტსმენი იმასაც აცხადებს, რომ იძულებული გახდა, გადამხტარიყო ოლიმპიური სოფლის აივნის მეორე სართულიდან და ამით გამოქცეულიყო თამაშებიდან, რათა თავი დაეღწია მისი ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის მუქარით აღსავსე ჯგუფისთვის.

ახლა ბეთქილ შუკვანმა, ქართველმა ძიუდოისტმა გადადგა ნაბიჯი, დაბრუნებულიყო ლონდონში, რათა ეცა
და, საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მისი საქმე გამოეძიებინა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 23 წლის ცნობილმა და თავის ქვეყანაში პოპულარულმა ფიგურამ მიაკითხა ლონდონის იმ იურიდიულ ფირმას, რომელიც უელსის პრინცესის, დიანას ინტერესებს წარმოადგენდა უელსის უფლისწულთან გაყრის საქმეში.

იქ შუკვანმა აღწერა ამბავი, რომელიც უფრო შეესაბამებოდა ცივი ომის დროს მომხდარ ისტორიას, ვიდრე - წინა კვირას დასრულებული ლონდონის ოლიმპიური თამაშების მოასპარეზეთა ამბავს.

სპორტსმენი აცხადებდა - მისი უსიამოვნებები დაიწყო შეჯიბრებამდე, როცა მან დადო პირობა, რომ ნებისმიერ ოლიმპიურ მედალს ოპოზიციას, კოალიცია "ქართულ ოცნებას" მიუძღვნიდა.

ახალგაზრდა ძიუდოისტმა სურათიც კი გადაიღო ბიძინა ივანიშვილთან - "ქართული ოცნების" მდიდარ ლიდერთან.

ამან კი ქვეყნის სპორტის მინისტრის, ლადო ვარძელაშვილისგან მუქარა გამოიწვია. ხელისუფლებამ წინა სათამაშო წვეულებაზე ქართული ოლიმპიური გუნდის 35 წევრი მიიწვია, თუმცა ამის ნაცვლად შუკვანი ოპოზიციის შეკრებაზე წავიდა.

შუკვანი ამბობს, რომ მისი დაშინება მისი ლონდონისკენ ფრენისას დაიწყო, როცა მინისტრის ერთ-ერთი წარმომადგენელი გიორგი უდესიანი ათლეტების ეკიპაჟს უყვიროდა, რომ ისინი "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებულ ეკიპაჟის ნებისმიერ წევრს პირში დინამიტს ჩაუდებდნენ და ააფეთქებდნენ".

მოგვიანებით, შუკვანის შეჯიბრების წინა ღამეს, ბატონი უდესიანი განზრახ გამოჩნდა გუნდის ტერიტორიაზე, სტრატფორდის სოფელში და უფრო მწვავე განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდამჭერების მიმართ.

შუკვანი აცხადებს, რომ ამ დაშინებამ ცუდი გავლენა მოახდინა მის კონცენტრაციაზე. "ფსიქოლოგიურად მათ გამანადგურეს", - ამბობს სპორტსმენი.

ის მსოფლიოში მე-8 ადგილზე იყო. მოგებული ჰქონდა ევროპის ვერცხლის მედალი 60-კილოგრამიან კატეგორიაში 2011 წელს, 2012 წელს კი - მსოფლიო თასის 4 შეჯიბრი ოლიმპიურ თამაშებზე გასამგზავრებლად, რაც მას მედლის სერიოზულ კანდიდატად აქცევდა, თუმცა ლონდონის თამაშებზე დამარცხდა ფრანგ სოფიან მილოსთან, რომელიც მასზე 10 ადგილით ქვემოთ იმყოფებოდა.

მატჩის მსაჯობა იმდენად საკამათო იყო, რომ თურმე ერთ-ერთმა მონაწილემ შუკვანს უთხრა, რომ მისი დამარცხება სრულიად უსამართლო იყო.

შუკვანს სურდა, დელეგაციას გაეპროტესტებინა რეზულტატი, თუმცა აღნიშნავს, რომ მას უარი უთხრეს. როცა ამ თხოვნით მან სპორტის მინისტრ ვარძელაშვილს მიმართა, როგორც ძიუდოისტი თავად აღნიშნავს, მინისტრმა, უბრალოდ, დასცინა.

შუკვანის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ მისი მატჩი იყო ერთადერთი, რომელიც საქართველოს ნაციონალურმა ტელევიზიამ არ გააშუქა.

ყველაზე დაძაბული ეპიზოდი კი მატჩის შემდეგ, ორ დღეში მოხდა. როგორც შუკვანი ყვება, ის იმყოფებოდა ოლიმპიურ სოფელში, თავის ოთახში, როდესაც მის სანახავად მივიდა ერთ-ერთი ათლეტი და უთხრა, რომ ბატონი უდესიანი იყო ნასვამი, გაბრაზებული და ელოდებოდა მას ჰოლში 10 ადამიანთან ერთად".

ათლეტმა უთხრა შუკვანს, რომ უდესიანმა მას დაავალა, "რაც შეიძლება, სწრაფად ჩამოეყვანა ქვემოთ ეს ..."

შუკვანი აცხადებს, რომ იმდენად თავზარდაცემული იყო მორიგი დაშინებით ან უარესით, ავიდა მეორე სართულის აივანზე და გადახტა. ის გაიქცა ოლიმპიური სოფლიდან და, მეგობრისა და ოჯახის დახმარებით, სასწრაფოდ გაფრინდა საქართველოში.

სამი დღის შემდეგ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, ის გამოჩნდა პრესკონფერენციით და, როგორც თავად განაცხადა, ეს ნაბიჯი, ნაწილობრივ იმიტომ გადადგა, რომ ხელისუფლების აგენტებისთვის უფრო რთული გამხდარიყო მისი მოტაცება.

როგორც ცნობილია, შუკვანი ახლა ბატონ ივანიშვილთან ერთადაა ქალაქგარეთ, მილიარდერის პირადი დაცვის ქვეშ. ის თავს იკავებს სატელეფონო საუბრებისგან, რადგან ეშინია, რომ ტელეფონი ისმინება.

მეგობარი, რომელიც მას ლონდონში ადვოკატებთან შეხვედრის პარალელურად შეხვდა, აღნიშნავს: "ის აშკარად შეშინებულია თავისი უსაფრთხოების საკითხით. მან თქვა, რომ ათლეტების სოფლის დატოვების შემდგომი ღამე მან ფეხით ხეტიალში გაატარა. არ ჰქონდა ბრიტანული ფული, თუმცა საბოლოოდ მოახერხა, ეპოვნა გადამცვლელი პუნქტი, რომ რამდენიმე ფუნტი მიეღო. შემდეგ კი ჩაჯდა ტაქსიში და თქვა ერთადერთი ინგლისური სიტყვა, რომელიც მან იცის - "ჰითროუ".

საადვოკატო ფირმა Mishcon de Reya-ს წარმომადგენელი ლიზ ელენი ამბობს, რომ ის ითხოვს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეთიკის კომისიის მიერ იმის გამოძიებას, მოხდა თუ არა პოლიტიკური ჩარევა ქართულ ოლიმპიურ ასოციაციაში.

ოლიმპიური ქარტიის ფუნდამენტური პრინციპია, ჰქონდეთ შესაძლებლობა, იასპარეზონ პოლიტიკური ზეწოლის გარეშე და აცხადებენ, რომ ქართული ოლიმპიური ასოციაცია ამ დადგენილების საწინააღმდეგოდ მოიქცა.

ქარტიის მე-4 თავის 27-ე განყოფილებაში ხაზგასმულია, რომ "ნაციონალური ოლიმპიური კომიტეტები უნდა იცავდნენ თავიანთ ავტონომიას და წინ აღუდგნენ ნებისმიერი სახის ზეწოლას, მათ შორის - პოლიტიკურსაც".

ქალბატონი ელენი ამბობს: "ჩვენ არ გვსურს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უფლებამოსილება შეუჩეროს საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ბატონი შუკვანიც შეაჩერებს საქმიანობას, თუმცა საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა უნდა გასცეს გაფრთხილება, რაც მოემსახურება მსგავსი შემთხვევის გამეორების თავიდან აცილებას და ახსნის ბატონი შუკვანის რეპუტაციის სასარგებლოდ, რატომ ვერ იასპარეზა მან ოლიმპიურ თამაშებში სათანადოდ".

გიორგი ალექსიძე, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი უარყოფს ამ ბრალდებებს.

"უდესიანის მიერ ოლიმპიურ სოფელში 10 ადამიანის მიყვანა შეუძლებელია. ის არ ცხოვრობდა ოლიმპიურ სოფელში და თქვენ უნდა იცოდეთ იქაური უსაფრთხოების ზომები. თქვენ შეუმჩნევლად წყლის ბოთლსაც კი ვერ შეიტანდით.

აივნიდან გადმოხტომაც შეუძლებელია. ჩვენ მე-7 თუ მე-8 სართულზე ვიყავით. ის ვინმეს ოთახში შეიჭრა მეორე სართულზე?

ყველას უნდოდა, რომ მას გაემარჯვა, რაც ამისკენაც მიდიოდა ბოლო 5 წამის გარდა, მაგრამ ეს სპორტია. როდესაც მან დატოვა ხალიჩა, რეზულტატის გაპროტესტება უკვე შეუძლებელი იყო".

ბატონმა ალექსიძემ თქვა, რომ ლონდონისკენ მიმავალ თვითმფრინავში მას არ გაუგონია რამე გადაკრული და არცერთ ათლეტს მასთან არ განუცხადებია დაშინების შესახებ. შუკვანი მან ბოლოს 29 ივლისს ნახა, როგორც სპორტსმენი აცხადებს, ბატონი უდესიანისა და მისი 10 მხლებლის გამოჩენის წინა დღეს.

"მან მითხრა, რომ უნდა დაბრუნებულიყო სახლში ოჯახური სიტუაციის გამო. ეს იყო ჩემი უკანასკნელი დიალოგი მასთან ლონდონში. არ ვიცი, რის გაკეთებას ცდილობს ის ახლა. საქართველოში ყველა უსაფრთხოდ არის, თუ ისინი კრიმინალები არ არიან".

მაშინ, როდესაც შუკვანმა გადაწყვიტა, წამოსულიყო ლონდონიდან ოლიმპიური თამაშების დროს, სხვა მონაწილეებმა გადაწყვიტეს დარჩენა. თამაშების დროს რამდენიმე აფრიკელი ათლეტი, მათ შორის, გაღატაკებული და კონფლიქტური ქვეყნების წარმომადგენლები კამერონიდან, ერითრეადან, გვინეიდან და კოტ დივუარიდან, გაქრნენ ათლეტების სოფლიდან და მათი ადგილსამყოფელი დღემდე უცნობი რჩება.

საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისა და მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე, შუკვანის ბრალდებებმა ძალიან სენსიტიურ დროს წამოიწია. განსაკუთრებით - ქართული პოლიტიკის გარშემო უკვე არსებული ბნელი ბრალდებების გათვალისწინებით.

მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს პროდასავლურ პრეზიდენტს, რომლის მეორე და უკანასკნელი ვადა 2013 წელს იწურება, ოპონენტები ხმების გაყალბებასა და ავტორიტარიზმში ადანაშაულებენ.

ბატონი ივანიშვილი კი ამ დროს არის მილიარდერი, რომელმაც თავისი ქონება მეტალებისა და საბანკო საქმის საშუალებით დააგროვა.

ივნისში, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, "ქართული ოცნების" სამი აქტივისტი ხმების მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს", - ნათქვამია Telegraph-ის სტატიაში.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული