ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი საოპერაციოა

AutoSharing Option
24-28 სექტემბერს იტალიის ზღვისპირა კურორტ ლიდო დი ოსტიაში ძიუდოს ევროპული ფედერაციის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კემპი ტარდება, რომელშიც ქვეყნიდან ორ-ორი მონაწილეა მიწვეული.

საქართველოდან ეს პატივი ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა შავდათუაშვილსა (66) და ევროპის ჩემპიონ ვალერი ლიპარტელიანს (90) ერგოთ.

მგზავრობის, სასტუმროსა თუ ყველა ხარჯს ევროპული ფედერაცია იღებს თავის თავზე, თუმცა, ამის მიუხედავად, იქ ჩვენებურთა მონაწილეობა ჯერ საბოლოოდ არაა გადაწყვეტილი.

უფრო სწორად, შავდათუაშვილი რომ არ იქნება, ეს გარკვეულია; ლიპარტელიანს კი საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ოლიმპიური ჩემპიონის წაუსვლელობის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობაა - ის დაახლოებით ერთ
კვირაში უნდა წავიდეს გერმანიაში, სადაც თიაქარის ოპერაციას გაიკეთებს და კემპამდე კონდიციების აღდგენას ვერ მოასწრებს.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, 29-30 სექტემბერს ოსტიაშივე გასამართი მსოფლიოს თასი უჩვენოდ ჩაივლის - იქ ვინმე საკუთარი ხარჯით თუ გაემგზავრება, თორემ ფედერაცია არავის გაშვებას არ გეგმავს.

საერთოდ, ფედერაციაში ახლა ისეთი მდგომარეობაა, ახალგაზრდული ნაკრების გარდა, რომელიც 21-23 სექტემბერს ხორვატულ პორეჩში თანატოლთა ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებს, უახლოეს ტურნირებში ვინმეს გაშვება ლამის გამორიცხულია.

მთავარი მიზეზი ფედერაციაში არსებული მოლოდინის რეჟიმია, რაც ახალი საარჩევნო პერიოდითაა გამოწვეული. მოგეხსენებათ, ძველმა პრეზიდენტმა გიორგი ალექსიძემ უფლებამოსილება მოიხსნა და ყველა ვარიანტში ახალი პრეზიდენტია ასარჩევი.

ასევე გასარკვევია ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის საკითხიც. მოგეხსენებათ, ავსტრიელმა პეტერ ზაიზენბახერმაც დატოვა პოსტი, ოღონდ, ალექსიძისგან განხვავებით, მას კონტრაქტის ვადა ეწურება. როგორც ფედერაციაში გვითხრეს, კონტრაქტი 30 სექტემბერს უმთავრდება. ამასობაში კი უკვე მიაღწია წინასწარ შეთანხმებას აზერბაიჯანთან.

იმედია, ჩვენი ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა სამომავლოდ მას არ შესთავაზებს ნაკრების მწვრთნელობას და ულაპარაკოდ დაუთმობს აზერბაიჯანს. ჩვენები კი ახალ მთავარ მწვრთნელს აირჩევენ. უკვე გაირკვა ყრილობის თარიღიც - 5 ოქტომბერი. საპრეზიდენტო განაცხადების მიღება კი 5 სექტემბრიდან იწყება.

სავარაუდოდ, 5 ოქტომბერსვე გაირკვევა მთავარი მწვრთნელის საკითხიც.

ეტყობა, ჩვენი ნაკრებისთვის პირველი შეჯიბრება 27-28 ოქტომბერს ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს გუნდური პირველობა იქნება. ყოველ შემთხვევაში, მონაწილეობაზე დასტური გაგზავნილია და ახლა, უარის თქმის შემთხვევაში, იმდენად სოლიდური ჯარიმა გველოდება, იმის გადახდას ისევ წასვლა და მონაწილეობა სჯობს.

თან, იმ დროისთვის ფედერაციისა თუ ნაკრების ახალი ხემძღვანელობაც გარკვეული იქნება. ცხადია, ჯერ არც იქ წასაყვანი შემადგენლობაა ცნობილი, თუმცა დიდი იმედია, შავდათუაშვილი იასპარეზებს - ოპერაციის გადადება იმიტომაც არ სურთ, რომ იმ შეჯიბრებისთვის გამოჯანმრთელება მოასწროს.

ჭიდაობის ნაცვლად - საოპერაციოდ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული